საერთაშორისო მიმოხილვა. 21 იანვარი. 2025 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 21 იანვარი. 2025 წელი

ისრაელმა 90 პალესტინელი მტერი გაათავისუფლა ციხიდან მხოლოდ და მხოლოდ  3 ისრაელელი მძევალის სანაცვლოდ.

ასეთი თანაფარდობა იმას ნიშნავს, რომ ეს „დაზავება“ ჰამასის გამარჯვება უფროა, ვიდრე ისრაელისა.

თუ ნეთანიაჰუმ ყველა ასამდე გადარჩენილი მძევლის გათავისუფლება ვერ მოახერხა ახლა, ეს „გაცვლა“ შესაძლო ძალიან ძვირად, კაბინეტის დაშლად და მომავალში ციხედ დაუჯდეს. ისედაც ემუქრებიან ციხით, რაკი სწორედ მისმა ადმინისტრაციამ „გაატარა“ 7 ოქტომბრის ტერაქტი.

. . . . . . . . . . . . . . . . . . .

უკრაინის ფრონტზე, სამწუხაროდ, რუსული საოკუპაციო ძალები კვლავ აღწევენ ნაწილობრივ, ტაქტიკურ, მცირე.... თუმცა მაინც წარმატებას: ცდილობენ სამხრეთ-დასავლეთიდან შემოუარონ ქალაქ პოკროვსკს, რათა გადაჭრან ტრასა, რომელიც პოკროვსკიდან მიემართება ქალაქ დნეპრისკენ.

ეს ტრასა ნაწილობრივ უკვე ხვდება რუსული არტილერიის „წვდომის“ არეალში, რაც ძალიან სახიფათოა.

ბევრად მეტად, ვიდრე რუსული დრონების მოქმედება, რაც შედარებით ნაკლებ ხიფათს უქმნის ლოგისტიკას.

ისევ და ისევ, რაც ბევრჯერ ითქვა: გმირულად მეომარი უკრაინული არმიის მთავარი პრობლემა არა იმდენად საარტილერიო ჭურვების დეფიციტი, რამდენადაც ცოცხალი ძალის რაოდენობრივი და „ხარისხობრივი“ (!) ნაკლებობაა.

შინაარსობრივად ეს იმას ნიშნავს, რომ ახლად გაწვეული უკრაინელები ნამდვილად თავგანწირული პატრიოტები არიან, მაგრამ ნაკლებად პროფესიონალები, ვიდრე ისინი, ვინც 2022-2023 წლებში დაიღუპნენ.

 აქვე კვლავ შევნიშნოთ, რომ ყველაზე ბრძოლისუნარიანი ორი ბრიგადა, რომელიც საფრანგეთში და პოლონეთში გაიწვრთნა NATO-ს სპეციალისტების მეშვეობით, კურსკშია გადასროლილი და დონბასზე ბრძოლებში ვერ მონაწილეობს.

 

სამაგიეროდ, გუშინ უკრაინამ 30 „უპილოტოთი“ წარმატებით დაარტყა ნავთობბაზას რუსეთის ვორონეჟის ოლქში და დიდი ხანძარიც გამოიწვია.

30-დან, რუსულმა „საზენიტომ“, 27 ჩამოაგდო, მაგრამ სამმა ხომ მიაღწია მიზანს? ესეც საკმარისი აღმოჩნდა ხანძრის გასაჩენად.

თანაც ეს მეორე შეტევა იყო სამი დღის განმავლობაში.

მაშასადამე, „განმეორებითობის“ ტაქტიკას იყენებს „სპეციალურ ოპერაციათა ძალების“ უკრაინული ქვედანაყოფი, რომელიც უკრაინულ არმიაში სწორედ ამ მიზნით შეიქმნა და კურირებს, ახორციელებს არა მხოლოდ ამგვარ შეტევებს, არამედ საზღვაო დრონთა შეტევებს შავ ზღვაზე რუსული გემების წინააღმდეგ.

ამ საზღვაო დრონების წყალობით, უკრაინამ ზღვაზე ომი ფაქტობრივად მოუგო რუსეთს: რუსული ფლოტი სევასტოპოლიდან გარეკა!

ასევე, ბოლო ორი დღის განმავლობაში, უკრაინამ დრონებით შეუტია თათრეთის დედაქალაქ ყაზანს.

სამიზნე იყო უდიდესი საავიაციო ქარხანა, სადაც აშენებენ სტრატეგიულ ბომბდამშენებს Ту-160, Ту-22М3М/Ту-22М3.

ვერ დაანგრია სამწუხაროდ.

თუმცა აქვე უნდა ითქვას აუცილებლად, რომ დრონებით შეტევას დიდ ინდუსტრიულ კომპლექსებზე „შემაწუხებელი“ ხასიათი აქვს მუდამ.

დრონებით შესაძლებელია ნავთობბაზებზე ხანძრის გამოწვევა, მაგრამ დრონებით ამ მასშტაბის ქარხნების დანგრევა შეუძლებელია.

ამისთვის აუცილებელია არათუ რაკეტებით, არამედ მძიმე საავიაციო ბომბებით მასირებული დაბომბვა რისი საშუალებაც უკრაინას არ გააჩნია.

თუმცა არც რუსეთს გააჩნია იმის უნარი, ამგვარად დაბომბოს უკრაინული დიდი ინდუსტრიული კომპლექსები.

ორივე მხარეს უძლიერესი „საზენიტო“ მუშაობს.

ამიტომ რუსეთიც დრონებს და რაკეტებს იყენებს, რის შემდეგაც უკრაინელები მუდამ ახერხებენ ქარხნების აღდგენას.

პუტინმა სტრატეგიული ბალისტიკური რაკეტა Орешник გამოიყენა დნეპრში უკრაინული ინდუსტრიის გასანადგურებლად, თუმცა ვერ შეძლო.

 

დეკემბერში აშშ „თავდაცვის დეპარტამენტმა“ ანუ თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა მონაცემები, რომლითაც რუსეთის არმიის დანაკარგი 2022 წლიდან, რუსული აგრესიის დაწყებიდან 700 000 მეომარია.

ოღონდ აქ იგულისხმება არა მხოლოდ მოკლულები, არამედ დაჭრილები ანუ „მწყობრიდან გამოსულები“.

გამომძიებელი ჟურნალისტები ამტკიცებენ, რომ მოკლულების სახით რუსეთმა 90 000 ჯარისკაცი და ოფიცერი დაკარგა.

სრულიად რეალისტური ციფრებია: ომების ისტორია და თანამედროვეობაც გვასწავლის, რომ დაჭრილთა რაოდენობა ომში დაახლოებით რვაჯერ ან ათჯერ აღემატება ხოლმე მოკლულთა რაოდენობას.

. . . . . . . . . . . . . . . . .

დონალდ ტრამპის ხელმეორე გაპრეზიდენტებისა და ინაუგურაციის შემდეგ, მეინსტრიმულ დასავლურ პრესაში ბევრს მსჯელობენ ე.წ. „იალტა-2“-ის შესახებ.

შეგახსენებთ, რომ „იალტის კონფერენციამ“, 1945 წელს, - ჰიტლერული გერმანიის დამარცხებამდე რამდენიმე თვით ადრე, - განსაზღვრა მსოფლიოს მომავალი.

უპირველესად ევროპისა, იმ დათქმით, რომ მსოფლიოს ბედი სწორედ იმ სივრცეში წყდებოდა.

აშშ პრეზიდენტმა ფრანკლინ რუზველტმა, დიდი ბრიტანეთის პრემიერმა უინსტონ ჩერჩილმა და საბჭოთა დიქტატორმა იოსებ სტალინმა იალტაში თითქოს მოილაპარაკეს ომისშემდგომი მსოფლიოს წესრიგზე და გერმანიის მომავალზე.

თუმცა სულ მალე აღმოჩნდა, რომ სინამდვილეში ვერც ვერაფერზე  მოილაპარაკეს.

გერმანიის განადგურებას მოჰყვა უინსტონ ჩერჩილის „ფულტონის“ სიტყვა ამერიკაში (1946წ), რითაც დაიწყო „ცივი ომი“.

ახლა პუტინი აშკარად ცდილობს დააორგანიზოს „იალტა-2“ ტრამპის და სი ძინპინის მონაწილეობით. რაც ფუჭი მცდელობაა. არც ჩინელი და არც ამერიკელი ამ ფორმატში მასთან მაგიდაზე დაჯდომას არ დათანხმდებიან პუტინი სტალინი არ არის.

. . . . . . . . . . . . . . . . .

დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში გეგმავს სატელეფონო საუბარს პუტინთან, რათა „უახლოეს თვეებში“ დაიგეგმოს შეხვედრა უკრაინის ომის თაობაზე.

საარჩევნო პერიოდში ამბობდა, რომ უკრაინის ომს „ერთ დღეში“ დაასრულებდა და ახლა შეხვედრა უახლოეს თვეებშიო“.....

ვაშინგტონში, ინაუგურაციის შემდეგ, „საპრეზიდენტო აღლუმზე“ მასკმა განაცხადა, რომ ამერიკელი ასტრონავტები მარსზე აღმართავენ ამერიკის დროშას და..... მასკი ნაცისტური ჟესტით მიესალმა შეკრებილებს!!!

 ამან გაოგნება გამოიწვია. განსაკუთრებით ებრაული თემისა.

მოგვიანებით მასკმა ახსნა, რომ ეს, თურმე  „რომაული მისალემის ჟესტიაო“.

საოცარი ახსნაა

 ყველამ მუდამ იცოდა, რომ ეს ჟესტი, რომელიც ჰიტლერმა დაამკვიდრა, სწორედ ძველ-რომაული ჟესტია: ლათინთა სამხედრო მსვლელობებიდან.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . .

 

შავ ზღვაში ორი უდიდესი რუსული ნავთობ-ტანკერის შეჯახებამ, რის შედეგადაც დაღუპულ ფრინველთა და თევზთა გვამები საქართველოს ნაპირებთანაც კი გამოჩნდნენ, კვლავ გამოიწვია ინტერესის ზრდა რუსული ე.წ. „ჩრდილოვანი ფლოტისადმი“, რომლითაც პუტინი გვერდს უვლის დასავლურ სანქციებს.

უფრო ზუსტად, იმ სანქციას, რის თანახმადაც რუსეთი 1 ბარელს 60 დოლარზე ძვირად ვერ უნდა ყიდდეს.

RFERL იტყობინება, რომ პუტინის „ჩრდილოვანი ფლოტი“ შედგება 600 ტანკერისგან, რაც ძალიან ბევრია სინამდვილეში.

ამ ტანკერებს გადააქვთ რუსული ნავთობი, რათა შემდეგ, ღია ზღვაში, ნეიტრალურ წყლებში, შეურიონ ამ ნავთობს ვენესუელას ან სხვა ქვეყნების ნავთობი და გაყიდონ საბაზრო ფასად ანუ დაახლოებით $80.

დასავლეთმა კი ნამდვილად შემოიღო სანქცია რუსული ნავთობმრეწვის მიმართ, მაგრამ ამ „ჩრდილოვანი ფლოტის“ წინააღმდეგ ქმედით ზომებს ვერ ბედავს.

იმიტომ, რომ აბსოლუტურად ყველაფერი იციან: კოსმოსური თთანამგზავრებით თვალს ადევნებენ მათ გადაადგილებას, თუმცა „ქმედითი ზომა“ იქნებოდა მაგალითად ღია ზღვაში, ნეიტრალურ წყლებში სამხედრო გემების მეშვეობით მათი დაპატიმრება და.....ეს ომია!

დასავლეთი ამ დროს იყენებდა თავის სისტემურ უპირატესობებს. მაგალითად იმას, რომ ნებისმიერი ტვირთის დაზღვევას ახორციელებენ ზღვაოსნობისას დასავლური სადაზღვევო კომპანიები. დაზღვევის გარეშე კი ტანკერი ვერც ერთ პორტში ვერ უნდა შედიოდეს წესით. მათ შორის ინდოეთისა და ჩინეთის პორტებშიც კი. სხვა შემთხვევაში მათ მეორადი სანქციები დაემუქრებათ.

თუმცა  ამგვარი „გადასხმა- გადმოსხმა-შერევებით“ პუტინი და მისი ამფსონები ახერხებენ მაინც დასავლურ აკრძალვებს გვერდი აუარონ.

ჯერ ჯერობით გაურკვეველია, რა ზომებს მიმართავს ტრამპი პუტინის „ჩრდილოვანი ფლოტის“ წინააღმდეგ. ალბათ ბევრი რამ დამოკიდებული იქნება უკრაინის გარშემო მოვლენათა განვითარებაზე. საინაუგურაციო სიტყვაში დონალდ ტრამპს არც უკრაინა, არც რუსეთი არ უხსენებია.

ასე ურჩიეს.

იმიტომ, რომ რეალურად უკრაინის ომის დასრულება და პუტინის „დამუხრუჭება“ ბევრად რთულია, ვიდრე მექსიკის საზღვარზე საგანგებო მდგომარეობის შემოღება.

რეალურად კი, ყველაზე მთავარი დაპირება, რაც President elect სტატუსით ტრამპმა გასცა, ნავთობმოპოვების ზრდაა.

გაიმეორა საინაუგურაციო სფიჩშიც.

ეს აუცილებლად გამოიწვევს მსოფლიო ბაზრებზე ნავთობის გაიაფებას. ოღონდ ასეთი იოლი გასაკეთებელი არაა: ბაიდენის ადმინისტრაციამ, ეკოლოგთა ზეწოლით, უამრავი შეზღუდვა შემოიღო. მათი გაუქმება კი ხანგრძლივი იურიდიული პროცედურაა და საეჭვოა კონგრესში ტრამპს აქ წინააღმდეგობა არ შეხვდეს საკუთარი პარტიის ზოგი წარმომადგენლისგანაც კი, მიუხედავად იმისა, რომ „რესპუბლიკელებს“ ამჟამად უმრავლესობა აქვთ.

მაგრამ თუ მოახერხა ტრამპმა ნავთობმოპოვების ზრდა (რეალურად ამერიკას ნავთობისა და გაზის, მათ შორის ფიქლის ნავთობისა და გაზის უდიდესი მარაგები აქვს - არანაკლები ვიდრე რუსეთს-დ.) ეს უძლიერესი დარტყმა იქნება პუტინის რეჟიმზე.

როგორც RFERL მართებულად აღნიშნავს, ნავთობდოლარები თუ შემოაკლდა და ევროპის ბუნებრივი აირის ბაზარი საბოლოოდ დაკარგა უკრაინული ტრანზიტის შეწყვეტით, პუტინი იძულებული გახდება გააძვიროს ბუნებრივი აირის და ბენზინის ფასი ქვეყნის შიგნით.

ამ დროს კი, რუსული ოდესღაც გიგანტის, Газпром-ის CEO მილერი მიდის პუტინთან კაბინეტში და ტელეკამერების წინ ჰპირდება, რომ პეტერბურგში, ანუ პუტინის მშობლიურ ქალაქში, ააშენებს 320 მეტრი სიმაღლის ცათამბჯენს, წვეროზე პეტრე პირველის ძეგლს დაადგამს, რომელიც პუტინს ემგვანება შორიდან ანუ მიწიდან.

ამითაც ჩანს, რომ ვერ აქვთ კარგად საქმე.