საერთაშორისო მიმოხილვა. 30 ნოემბერი. 2023 წელი
რთული თამაში გაიმართა NATO-საბჭოს სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე, - ბრიუსელში.
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა` სიიარტომ განაცხადა, რომ ამ სამიტზე `ომის სულისკვეთება სუფევდა`
ეს ძალიან კარგია, რადგან მეტყველებს, რომ ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის წევრი სახელმწიფოების უმრავლესობა კვლავინდებურად განწყობილია დაეხმაროს უკრაინას ბოლომდე.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი ამბობს, რომ მისი ქვეყანა უკრაინას უახლოეს მომავალში 10 მილიარდი ევროს სამხედრო დახმარებას აღმოუჩენს;
პირველ რიგში იგულისხმება ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების მიწოდება, რაკი NATO-ს სახელმწიფოთა სადაზვერვო სამსახურებს აქვთ ინფორმაცია, რომ ამ ზამთარს რუსეთის არმია აპირებს მთლიანად დაანგრიოს უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა.
ალიანსის ყოფილმა გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა კვლავ გააჟღერა იდეა უკრაინის NATO-ში მიღებისა იმ ტერიტორიების გარეშე, რაც მოსკოვმა უკვე დაიპყრო, ანუ ყირიმის და დონბასის გარეშე.
ეს იდეა კატეგორიულად არ მოსწონს კიევს. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი კულებამ საპასუხოდ თქვა, რომ უკრაინა ტერიტორიების სანაცვლოდ ალიანსის წევრობის გარიგებას არასდროს დათანხმდება.
ბუნებრივია, ანდერს ფოგ რასმუსენი შემთხვევით არ აჟღერებს ამ წინადადებას. ზოგადად, NATO-ს ყოფილი გენერალური მდივნები ხშირად ამბობენ იმას, რასაც მოქმედი გენერალური მდივანი ან მოქმედი პოლიტიკოსი არ იტყვის და ვერც იტყვის. ესეც ერთგვარი დიპლომატიური ტექნოლოგიაა
აქედან უეჭველად გამომდინარეობს დასკვნა, რომ დასავლურ დედაქალაქებში მართლაც არსებობს ეს მოარული იდეა: `გაიყინოს` ამჟამინდელი ფრონტის ხაზი ისე, რომ რუსეთმა მისი ხელმეორე გადმოლახვა უკვე ვეღარ შეძლოს, ხოლო უკრაინის `გადარჩენილ` ტერიტორიაზე განლაგდნენ NATO-ს ჯარები.
თუმცა ეს ინიციატივა და საკითხის ასე გადაწყვეტა პუტინისთვისაც მიუღებელია. მას უკრაინა სჭირდება მინიმუმ კიევამდე. დასავლეთ უკრაინაზე კიდევ შეიძლება უარი თქვას.
. . . . . . . . . . . . . . . . . .
ხუთშაბათს დილის მდგომარეობით, ისრაელმა გამოუშვა ციხეებიდან 180 პალესტინელი, ხოლო `ჰამასმა` გაათავისუფლა 80 ისრაელელი მძევალი.
დამკვირვებლები აღნიშნავენ, რომ თანაფარდობა ისეთი არ არის, როგორც 2006 წელს, როცა ისრაელის ერთი კაპრალის, გილად შალიტის გასათავისუფლებლად ისრაელმა 1000 პალესტინელი ტერორისტი ან ტერორიზმის მხარდამჭერი გამოუშვა ციხეებიდან.
სულ ჰამასს მაქსიმუმ 230-240 მძევალი ჰყავს ამჟამად.
ეს სხვაობა მიდგომებში იმითაა განპირობებული, რომ 7 ოქტომბრის თავდასხმა ისრაელზე უპრეცედენტო იყო ეგზისტენციალური (ყოფნა-არყოფნის) საფრთხით ქვეყნის არსებობისთვის.
ალბათ ყველაზე მეტად 1973 წლის `იომ ქიფურის` (განკითხვის დღის) ომის შემდეგ, როცა ისრაელი კინაღამ დამარცხდა ეგვიპტესთან და სირიასთან - რომ არა ისრაელის იმდროინდელი პრემიერ-მინისტრი ქალბატონი გოლდა მეერი და აშშ სახელმწიფოს მდივანი (ეთნიკური წარმომავლობით გერმანელი ებრაელი) ჰენრი კისინჯერი.
. . . . . . . . . . . . . . . . . .
ირკვევა, რომ პოლონეთმა გადაკეტა გაზსადენი იამალ - ევროპა, რომელიც ბუნებრივ აირს აწვდიდა გერმანიას; ამავე დროს, უკრაინამ გადაკეტა ორიდან ერთი გაზსადენი, რითაც რუსული ბუნებრივი აირი აღმოსავლეთ ევროპას, ასევე იმავე გერმანიას მიეწოდებოდა.
ბალტიის ზღვაზე კი, ორი წყალქვეშა გაზსადენიდან, როგორც ცნობილია, ერთი აფეთქებულია.
გიგზავნით გაზსადენთა სქემას, რომელიც გუშინ რუსულმა ბიზნეს-გამოცემამ RBC.RU გამოაქვეყნა.
წითლად აღნიშნულია ის გაზსადენები, რომლებიც არ ფუნქციონირებენ ამჟამად; ლურჯად - მოქმედი გაზსადენები; ხოლო წითელი პუნქტირით, - ბალტიის ზღვაში აფეთქებული გაზსადენი.
მეორე წყალქვეშა გაზსადენი არ აუფეთქებიათ ჯერ, თუმცა არ ფუნქციონირებს;
ცხადია, რომ ერთადერთი გაზსადენი, რითაც გერმანია იღებს რუსულ გაზს, კვლავ უკრაინაზე გადის;
გუშინ პუტინმა გერმანიის მთავრობა გააკრიტიკა ბოღმიანად: `პოლონეთის და უკრაინის წინააღმდეგ რატომ ხმას არ იღებს - ამ ზამთარს ბუნებრივი აირის გარეშე რომ დატოვესო`.
საბედნიეროდ, გერმანიის თხევადი გაზის გადამამუშავებელი საწარმოები ამ ერთი წლის განმავლობაში უკვე ისეთ სიმძლავრეებზე გავიდნენ, სრულიად შესაძლებელია გერმანიამ ამერიკული და კატარული თხევადი გაზის (მათ შორის ფიქალის გაზის) გადამუშავებით იცხოვროს მომავალში.
რუსულ `გაზის მონოპოლიას` წერტილი ესმება ერთხელ და სამუდამოდ! ჩინეთი კი რუსეთს იმდენს არასდროს გადაუხდის, რასაც გერმანია უხდიდა.
ამრიგად, მთელი ის 20 წლიანი პოლიტიკა, (და 60 წლიანი პოლიტიკაც, თუ სსრკ პერიოდს გავიხსენებთ) რასაც მოსკოვი ატარებდა ევროპის, პირველ რიგში გერმანიის `მოსკოვზე ნერგეტიკული დამოკიდებულების` მოცემულობათა შესაქმნელად, ისტორიის სანაგვეზეა გადაყრილი.
და ეს უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ისტორიული შედეგია.
. . . . . . . . . . . . . . . . . .
დიდი ბრიტანეთის ახალმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ექს-პრემიერმა დევიდ კემერონმა NATO-ს `საგარეოთა` სამიტზე ევროპის ქვეყნებს მოუწოდა, გაზარდონ სამხედრო - სამრეწველო კომპლექსის (სსკ) წარმადობა, რათა შეასრულონ დაპირება და უკრაინას 1 მილიონი საარტილერიო ჭურვი მიაწოდონ.
`ჯერ ჯერობით უკრაინამ მხოლოდ 300 000 ჭურვი მიიღოო` - აცხადებს კემერონი.
იმ ვითარებაში, როცა ამერიკა გადართულია ახლო აღმოსავლეთის `ცხელ`, ასევე ტაივანის პოტენციურ კონფლიქტზე, კემერონის მოწოდება ძალიან მნიშვნელოვანია.
ევროპას აქვს სსკ-ს წარმოების ზრდის პოტენციალი, თუმცა საამისოდ ზოგიერთი სოციალურ პროგრამაზე უარის თქმა მოუწევს.
დევიდ კემერონის განცხადებით, ეს `ნაკლები ბოროტება` იქნება ვიდრე პუტინის გამარჯვება `ამ საზარელ ომში` - როგორც ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა თქვა.
კემერონის დაბრუნება დიდი ბრიტანეთის მთავრობაში ბევრს არ მოეწონა ლონდონში.
ზოგადად ბრიტანული ტრადიცია თითქმის არ იცნობს ამგვარ ტრადიციას, როდესაც ყოფილი პრემიერ-მინისტრები ბრუნდებიან არა პრემიერად არამედ ჩვეულებრივ მინისტრად. თუნდაც ისეთ მნიშვნელოვან პოსტზე, როგორიც საგარეო საქმეთა და თანამეგობრობის მინისტრია.
თუმცა ევროპა, დასავლეთი და მსოფლიო ისეთი ეპოქალური, გლობალური ტურბულენტობის ზონაში შევიდა, ზოგიერთ ტრადიციაზე ბრიტანელებიც კი უარს ამბობენ - ახალი დროა, ახალი გამოწვევებით.
დევიდ კემერონი რომ პუტინის რადიკალური და პრინციპული მოწინააღმდეგე იქნებოდა, ამას ისედაც ბევრი ვარაუდობდა.
. . . . . . . . . . . . . . . . . .
როგორც ვწერდით, რუსეთი ვეტოს ადებდა ესტონეთის თავმჯდომარეობას ეუთოში (OSCE) სკოპიეს ახლადგახსნილ სამიტზე, რომელზეც სერგეი ლავროვი მაინც შეუშვეს.
სამწუხაროდ, მოსკოვმა ამ საკითხში თავისი გაიტანა და ე.წ. `კომპრომისის` შედეგად ეუთოს ახალი თავმჯდომარე-ქვეყანა არა ესტონეთი, არამედ მალტა იქნება.
ასეთია წინასწარი შეთანხმება, რომელიც `ძველმა ევროპამ` შეიმუშავა ლავროვთან.
ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე შალენბერგმა კი განაცხადა, რომ ევროპას, თურმე `არ უნდა ეშინოდეს რუსებთან მოლაპარაკების და კომპრომისების ძიებისა`.
ამათ არაფერი ეშველებათ.
ანეკდოტური სიტუაცია შეიქმნა სერგეი ლავროვის თვითმფრინავის მარშრუტთან დაკავშირებით (გატყობინებდით): ბულგარეთი უარს აცხადებდა `გაეხსნა ცა` ლავროვის თვითმფრინავისთვის, თუ მასთან ერთად ბორტზე იქნებოდა......რუსული` საგარეოს` სფოუქსპერსონი მარია ზახაროვა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ბულგარეთი და ბულგარელები გალანძღა.
მაგრამ ლავროვს ზახაროვა იმდენად `ეძვირფასება`, ბულგარეთის მარშრუტზე საერთოდ უარი თქვა და თურქეთ-საბერძნეთის მარშრუტით ჩაფრინდა ჩრდილო მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში, სადაც ეუთოს სამიტი გაიხსნა.
სკოპიეს სამიტზე კიდევ ერთი ინტრიგაა, რომელიც პირდაპირ უკავშირდება საქართველოს და ქმნის მნიშვნელოვან პრეცედენტს: მოლდავეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნიკი პოპესკუმ, მანამდე კი მოლდავეთის პრეზიდენტმა მაია სანდუმ განაცხადეს, რომ დნესტრისპირეთის ტერიტორიული კონფლიქტის გადაუწყვეტლობა არანაირად არ შეუშლის ხელს მოლაპარაკებების დაწყებას ევროკავშირის წევრობაზე და თვით წევრობასაც მომავალში.
კიშინიოვი ამ შემთხვევაში ნამდვილად აჟღერებს ბრიუსელის და ევროპულ დედაქალაქთა დიდი ნაწილის პოზიციას: მოლდოვას მიიღებენ ევროკავშირში იმის მიუხედავად, აკონტროლებს თუ არა იგი დნესტრისპირეთს.
და არავინ მოითხოვს მოლდოვასგან, რომ ცნოს დნესტრისპირეთის დამოუკიდებლობა ანუ `გაარკვიოს სად გადის მისი საზღვრები`.
ამით შეიქმნება საქართველოსთვის მნიშვნელოვანი პრეცედენტი.
უკრაინის წინააღმდეგ რუსულმა აგრესიამ მოიტანა ფუნდამენტური ცვლილებები ევროპის მიდგომებში: მანამდე ევროპა ყველა პოსტკომუნისტური და პოსტსაბჭოთა ქვეყნისგან მოითხოვდა, ჯერ შესულიყვნენ NATO-ში ანუ გაერკვიათ სად გადის მათი საზღვრები, რომელიც ალიანსს უნდა დაეცვა (არადა გაურკვეველი საზღვრებით ალიანსი ახალ წევრებს არ იღებდა) და მხოლოდ ამის შემდეგ ეზრუნათ ევროკავშირში შესვლაზე.
ამ პრინციპით მიიღეს ევროკავშირში აღმოსაველთ ევროპის და ბალტიის სახელმწიფოები
ვიმეორებ: ახლა ეს მიდგომა ფუნდამენტურად შეიცვალა, ოღონდ აქ კიდევ ერთხელ აუცილებლად უნდა გაესვას ხაზი, რომ არც ევროკავშირი, არც NATO წინაპირობად არ აყენებს მოლდავეთის მიერ დნესტრისპირეთის, ხოლო საქართველოს მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის დამოუკიდებლობის აღიარებას.
. . . . . . . . . . . . . . . . . .
მოსკოვში დააპატიმრეს და ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯეს ინვალიდს, რომელმაც თოვლზე (!) დაწერა თითით: `Нет войне` ანუ «არა ომს»
. . . . . . . . . . . . . . . . . .
უკრაინელებმა უკვე მეთორმეტე (!) რუსი გენერალი მოკლეს - ვლადიმირ ზავადსკი.
გვარი აშკარად უკრაინულია. შეგნება - რუსულ/დერჟავულ/იმპერიული!