საერთაშორისო მიმოხილვა. 30 ივნისი. 2022 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 30 ივნისი. 2022 წელი

შემოდგომაზე ჩინეთში ჩატარდება კომუნისტური პარტიის მორიგი ყრილობა, რომლის მთავარი ინტრიგა იქნება ამჟამინდელი ლიდერის, სი ზინპინის ხელახალი არჩევა/გადარჩევა უმაღლეს თანამდებობაზე.

სი ზინპინის ამჟამინდელ თანამდებობას უცნაური სახელი აქვს: `ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარე`. ინგლისურად კი ჟღერს როგორც President, მაგრამ რეალურად არავინ ირჩევს - `თავმჯდომარე` მხოლოდ იმიტომაა, რომ იმავდროულად არის ჩინეთის კომპარტიის ხელმძღვანელი.

სწორედ ამ ხელმძღვანელ თანამდებობაზე არჩევა-არარჩევა უნდა გადაწყვიტოს შემოდგომის ყრილობამ, რომლის ზუსტი თარიღი ჯერ საბოლოოდ დადგენილი არ არის.

საქართველოში ჩინეთის საკითხთა ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტია პაატა ჩეკურიშვილი.

ზღვა ინფორმაცია აქვს შესწავლილი და დამუშავებული ჩინეთში მიმდინარე პროცესების შესახებ.

პაატა ჩეკურიშვილი თვლის, რომ ჩინეთი დგას `დიდი შემობრუნების` და ისტორიული გარდატეხის ზღურბლთან ხოლო მომავალ ყრილობას შესაძლოა გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს.

 

თუმცა ჯერ ორიოდე სიტყვა, ძალიან მოკლედ, ჩინეთში არსებული სახელისუფლებო სისტემის შესახებ: ფორმალურად, ჩინეთი კომუნისტური ქვეყანაა. მაგრამ რეალურად, დიდი რეფორმატორის, დენ სიაოპინის შემდეგ ჩინეთში რეგულირებადი საბაზრო/`კაპიტალისტური` (პირობითად) ეკონომიკა ვითარდება, სრული ლიბერალიზმის ელემენტებითაც კი. იგულისხმება ეკონომიკური ლიბერალიზმი.

ყველაზე ზუსტი დეფინიცია იქნებოდა `სახელმწიფო კაპიტალიზმი`.

დენ სიაოპინმა და მისმა მიმდევრებმა კომუნიზმიდან აიღეს ის, რაც სჭირდებოდათ (არადემოკრატიულობა, ხელისუფლების არარჩევითობა, ერთპარტიულობა, ხელისუფლების კონცენტრაცია, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა) და უკვე 30 წელია ავითარებენ `სახელმწიფო კაპიტალიზმის` სისტემას.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს (რაზეც ცოტა ლაპარაკობს ჩვენში), რომ დენ სიაოპინისა და მისი მიმდევრების `შთაგონების წყარო` გახდა სინგაპური, სადაც 1950-იანი წლებიდან დიდმა რეფორმატორმა  ლი  ქუან იუმ დაამყარა უსასტიკესი დიქტატურა, იმავდროულად სრული ეკონომიკური თავისუფლება და ამ პატარა სახელმწიფომ მიაღწია ბრწყინვალე შედეგებს ეკონომიკის განვითარებასა და მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლებაში.

თუმცა 6 მილიონიან სინგაპურში და 1,5 მილიარდიან ჩინეთში ყველაფერი ერთნაირად ვერ განვითარდებოდა. ამიტომ, ბუნებრივია, სახელმწიფო კაპიტალიზმის კონსოლიდაციის პროცესი ჩინეთში ბევრად უფრო ნელა და რთულად მიმდინარეობს. თუმცა წარმატებები იქაც არის. თანაც ძალიან მნიშვნელოვანი წარმატებები. იმდენად, რომ ჩინეთი უკვე ნამდვილად იქცა წყნარი ოკეანის რეგიონულ ზესახელმწიფოდ, სადაც მძაფრ კონკურენციას უწევს ამერიკის შეერთებულ შტატებს და უკვე აქვს საფუძვლიანი პრეტენზია იქცეს გლობალურ ზესახელმწიფოდაც, ანუ ამერიკას კონკურენცია გაუწიოს მთელს მსოფლიოში, უპირველესად ევრაზიის სივრცეზე, რომელსაც ამერიკელმა პოლიტოლოგმა, ზბიგნევ ბჟეზინსკიმ `დიდი საჭადრაკო დაფა` (The Grand Chessboard)  უწოდა.

 

სი ზინპინს აღარ აქვს იურიდიული წინაღობა, რათა ზედიზედ მესამედ აირჩიონ კომპარტიის ლიდერად და, შესაბამისად, გახდეს ჩინეთის სახელმწიფოს მეთაურიც (ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარე) იმიტომ, რომ 2018 წელს კომპარტიამ შეიტანა ცვლილება კონსტიტუციაში და მოხსნა ყოველგვარი შეზღუდვა.

ანუ სი ზინპინს თეორიულად შეუძლია სიკვდილამდე იყოს ჩინეთის ხელმძღვანელი, თუ ამ და მომდევნო ყრილობებზე კულუარულ-ფრაქციულ ბრძოლებში გაიმარჯვებს.

სი-ს (ასე უწოდებენ ხოლმე მსოფლიოში - Si) სასარგებლოდ მუშაობს ჯერ ერთი, კოვიდ-პანდემიის მთლიანობაში წარმატებულად მართვა,  ასევე წარმატება იმგვარი PR ღონისძიებებისა, როგორიც იყო მაგალითად, ზამთრის ოლიმპიური თამაშების ბწრყინვალედ ორგანიზება და სხვა.

მაგრამ სი-ს საწინააღმდეგო ფრაქციები და არგუმენტებიც არსებობს. კოვიდმა ჩინეთის ეკონომიკა შეაფერხა, სამუშაო ადგილები შეამცირა, ჩინეთის  გლობალური ექსპანსიაც შეფერხდა, დასავლეთის კონკურენციაც იზრდება (ამის შესახებ მომდევნო თავებში).... ამდენად სი ზინპინის ხელახალი არჩევა შემოდგომაზე გადაწყვეტილი არაა,

 

პაატა ჩეკურიშვილის მოსაზრებით,  რასაც მრავალი მკვლევარი უმყარებს ზურგს, სი ზინპინის ბედი მაღალი ალბათობით შესაძლოა გადაწყვიტოს ტაივანის საკითხმა!

ეს ჩინელებისთვის დაახლოებით იგივეა, რაც აფხაზეთი და სამაჩაბლო - საქართველოსთვის.

ბევრად მეტად, ვიდრე ჰონკონგი.

ტაივანი ჩინეთს დე-ფაქტო გამოეყო 1945 წელს. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როდესაც კონტინენტურ ჩინეთში კომუნისტურმა რეჟიმმა გაიმარჯვა.

ტაივანი თვლის, რომ სწორედ ისაა ნამდვილი, დემოკრატიული ჩინეთი.

სი ზინპინი ბოლო დროს სულ უფრო ზემოთ სწევდა ფსონს ტაივანის გარშემო, - პროვოკაციებს აწყობდა ტაივანის საზღვაო წყლებში, საჰაერო სივრცეში, ამით აიძულებდა ამერიკის ზემძლავრ წყნარი ოკეანის ფლოტს ერეაგირა რადგან ამერიკა ტაივანის დამოუკდიებლობის გარანტია (თუმცა მის დამოუკიდებლობას დე-იურე არ სცნობს) და ასე შემდეგ.

 

პაატა ჩეკურიშვილი დარწმუნებულია, რომ თუ ტაივანის გარშემო სერიოზული სამხედრო კონფლიქტი გაჩაღდა, მაშინ ამ კონფლიქტში არათუ აშკარა დამარცხება, არამედ თუნდაც ნაწილობრივი წარუმატებლობა შესაძლოა საბედისწეროი აღმოჩნდეს სი ზინპინისთვის და იგი შემოდგომაზე აღარ აირჩიონ.

მაგრამ - როგორც ამბობს ჩეკურიშვილი - თუ სი ზინპინმა გაიმარჯვა ამ კონფლიქტში, თვალსაჩინო წარმატებას მიაღწია, მით უმეტეს მთლიანად დაიბრუნა ტაიოვანი, მაშინ....ეს იგივე იქნება, რომელიმე ქართველმა პოლიტიკოსმა რომ აფხაზეთი დაიბრუნოს. ანუ სი ზინპინს ამით გარანტირებული ექნება განუსაზღვრელი ძალაუფლება.

დღევანდელ სიტუაციაში კი, შემოდგომის ყრილობაზე მისი არჩევა გარანტირებული არ არის. მის ფარულ კონკურენტად სახელდება პრემიერ მინისტრი (მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე) ლი კეციანი.

 

პაატა ჩეკურიშვილი თავის ნაშრომებში ყველას ურჩევს მოიშორონ შთაბეჭდილება, თითქოს ჩინეთის ხელისუფლება მონუმენტურად ერთიანია და მასში ფრაქციები არ არსებობენ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებზე, მათ შორის საგრეო პოლიტიკის თემატიკაზე:

 

საქართველოს საგარეო-პოლიტიკური დისკურსის ერთ-ერთი სერიოზული ნაკლი მართლაც ისაა, რომ ჩინეთი, ზოგადად, აღიქმება როგორც ერთგვაროვანი, ჰომოგენური პოლიტიკური ფენომენი.

ეს ფუნდამენტურად მცდარი წარმოდგენაა: ბუნებრივია, ჩინეთს, უკვე მრავალი წელია,  `მკაცრი ხელით` მართავს

კომუნისტური პარტია, თუმცა ჯერ კიდევ დიდი რეფორმატორის, დენ სიაპონის ეპოქიდან, ჩინეთის კომპარტიაში ჩამოყალიბდა რამდენიმე მნიშვნელოვანი მიმდინარეობა, დაჯგუფება, ერთობა, რომელთა ურთიერთქმედება, ხშირად დაპირისპირება (ფარული თუმცა ზოგჯერ ღიაც კი) ძალიან მნიშვნელოვნად ზემოქმედებს ამ ქვეყნის არა მხოლოდ საშინაო, არამედ საგარეო პოლიტიკაზე.

ამ ჯგუფებს, მიმდინარეობებს, გნებავთ კლანებს, თემებს ხშირ შემთხვევაში რეგიონული, სუბ-ეთნოსური საფუძველი და საყრდენი აქვთ.

ჩინელი ერი შედგება მრავალი სუბეთნოსისგან, რომლებსაც ზოგჯერ ერთმანეთის ენა არ ესმით. ყველა ჩინელი, რასაკვირველია, ფლობს ლიტერატურულ (ხანის) ენას, თუმცა დიალექტური სხვაობები ძალიან დიდი და სერიოზულია.

ამიტომაც, ნებისმიერი კვლევისას ჩინეთის მრავალფეროვნების გაუთვალისწინებლობა სერიოზული სისტემური შეცდომაა.

 

კიდევ ერთი ისტორიული წინაპირობა ჩინურ ელიტებში ამ მიმდინარეობათა და დაჯგუფებათა ჩამოყალიბებისა უდავოდ გახდა XIX საუკუნის ტაიპინთა აჯანყება (1850 – 1864). ტაიპინთა ჩინური  სუბეთნოსი მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა `ცინთა იმპერიის` დომინანტური (მანჯურთა)  ჩინური ეთნოსისგან.

 

ჩინეთის თავისებურება კიდევ ისიცაა, რომ სუბეთნოსთა საზღვრები უმრავლეს შემთხვევაში საკმაოდ მკაცრად და ზუსტად ასახავენ დიდ რეგიონთა საზღვრებს, რომელთაგან ზოგი ასეულობით მილიონი ადამიანის საცხოვრისი არეალია.

სუბეთნოსთა და რეგიონულ საფუძველზე, ასევე  ისტორიულ წინაპირობათა სინერგიითაც,   ჩინეთის კომპარტიაში, ესე იგი  სახელისუფლებო ჰორიზონტალში და ვერტიკალში,  ჩამოყალიბდა რამდენიმე უძლიერესი დაჯგუფება:

ა) ჩინეთის ამჟამინდელი მმართველი, სი ზინპინი წარმოადგენს სანშენის სამხედრო-პოლიტიკურ ჯგუფს. ეს ყველაზე ძლიერი ჯგუფია: სამხედრო საბჭოს 7 წევრიდან სამი სწორედ ამ სუბეთნოსური, თემური  და რეგიონული ჯგუფის წარმომადგენელია.

შეგახსენებთ, რომ ჩინურ არმიას განსაკუთრებული როლი აქვს ჩინურ სახელმწიფოში. როდესაც თანამედროვე ჩინეთის უპირობო ლიდერი, დენ სიაპინი ყველა თანამდებობიდან გადადგა, მან სწორედ სამხედრო საბჭოს თავმჯდომარეობა შეინარჩუნა.

ამავე დროს, ჩინური სამხედრო და პოლიტიკური ელიტა, ყველა რგოლში, ასახავს გარკვეულ ბალანსს სუბეთნოსებსა და რეგიონულ თემებს შორის.

სი ზინპინის მამა სი ჩჟუნსუნი მოსკოვთან მჭიდროდ დაკავშირებული მოღვაწე იყო. თვით სი ზინპინიც ცნობილია, როგორც რუსეთთან აქტიური  ურთიერთობის მომხრე

 

ბ) კიდევ ერთი გავლენიანი თემია დაჯგუფება `ახალგაზრდა დემოკრატთა კავშირი`. (პირობითად `კომკავშირელები`). ისინი გამოირჩევიან მჭიდრო კავშირებით ამერიკელ `დემოკარტებთან`; არიან შედარებით პროგრესულები, პროდასავლურები და სკეპტიკურად განწყობილნი სი ზინპინის `პრორუსული` მიმდინარეობის მიმართ.

 

გ) `შანხაის` უძლიერესი ფინანსურ-ეკონომიკური და პოლიტიკური კლანი. ისინი მხარს უჭერენ დასავლეთთან კიდევ უფრო ღრმა კავშირს, ეკონომიკის განვითარებას საბაზრო პრინციპებზე, ამერიკასთან და განსაკუთრებით ევროპასთან აქტიურ  თანამშრომლობას ყველა სფეროში.

`შანხაის` ჯგუფის პარტნიორი ამერიკაში `რესპუბლიკური პარტიაა`.

ეს თემი უფრო ახლოსაა `ახალგაზრდა დემოკრატებთან`, ვიდრე სი ზინპინის ჯგუფთან; ანუ ზოგიერთ კონკრეტულ გეოპოლიტიკურ სიტუაციაში, `შანხაის` ჯგუფი`, `ახალგაზრდა დემოკრატებთან` ერთად გამოდის სანშენის თემის წინააღმდეგ.

 

კლასიკური მაგალითია ფარული ბრძოლა, რომელიც გაიმართა ჩინურ ელიტებში მას შემდეგ, რაც პუტინმა ჯარი შეიყვანა ჩინეთის მეზობელ ყაზახეთში, სადაც ჩინეთის გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური პოზიციები წლიდან წლამდე ძლიერდება.

ბევრი დამკვირვებელი, ვინც იცნობს სიტუაციას ჩინეთის ხელმძღვანელობაში, დარწმუნებით ამბობს: თუ სი ზინპინი ვერ მიაღწევდა იმას, რომ პუტინს დაუყოვნებლივ გაეყვანა ჯარი ყაზახეთიდან, `სი` აუცილებლად იქნებოდა დამხობილი. ყოველ შემთხვევაში, ვერც კი მიაღწევდა შემოდგომაზე დაგეგმილ ჩინეთის კომპარტიის  ყრილობამდე, რომელმაც მისი უფლებამოსილება უნდა დაადასტუროს ან შეწყვიტოს.

მკაცრი გაფრთხილება იყო ასევე ჩინურ ოფიციოზში გამოქვეყნებული რამდენიმე მკაცრი ტონალობის წერილი, რომლითაც `ახალგაზრდა დემოკრატებმა` და `შანხაის ჯგუფმა` სი ზინპინი გააფრთხილეს, შეეწყვიტა ყაზახეთის თემაზე პუტინთან ფლირტი.

სი ზინპინმა ეს გაფრთხილება ყურად იღო და პუტინი აიძულა ყაზახეთიდან ჯარი გაეყვანა.

 

თუმცა შემოდგომის ყრილობამდე სი ზინპინს სხვა მძიმე პრობლემებიც დაუგროვდა: ესაა პირველ რიგში კატასტროფული იპოთეკური კრიზისის მოახლოება ჩინეთში და ამერიკასთან ურთიერთობის მკვეთრი დაძაბვა, რაც `შანხაის კლანისა` და `ახალგაზრდა დემოკრატების` უკმაყოფილებას იწვევს. ასევე ჰონ კონგის პრობელმა, რაც `სი`-მ ვერაფრით მოაგვარა და  იგივე გაურკვევლობა  ტაივანის საკითხში.

აღსანიშნავია, რომ ჩინეთის ამჟამინდელი ელჩი ამერიკაში ცინ განი, რომელიც `შანხაის ჯგუფს` წარმოადგენს, რადიკალურად პროამერიკული განცხადებებით გამოირჩევა, რაც დღევანდელ პირობებში ირიბად სი ზინპინისა და მისი კლანის კრიტიკას ნიშნავს.

 

ეს მრავალფეროვნება და ელიტათა ბრძოლა, მათ შორის საგარეო პოლიტიკურ საკითხებში, უდავოდ იმას ნიშნავს, რომ მთელს მსოფლიოს, მათ შორის დასავლეთს და საქართველოსაც უკვე აქვთ საშუალება, მოიპოვონ რესურსები საკუთარი სტრატეგიის განხორციელებისა ჩინეთის გლობალური სტრატეგიის საფუძველზე და პროგრესულ ძალებთან  მოკავშირეობით.

თუმცა სამწუხაროდ ბევრს არ ესმის საქართველოში, ვინც  რჩება ძველის-ძველი ანტიკომუნისტური სტერეოტიპების ტყვეობაში.

არადა რეალობა ჩინეთში, მაო ძედუნის ეპოქიდან დღემდე,  რადიკალურად შეიცვალა არა მხოლოდ ეკონომიკაში, არამედ მმართველობით სისტემასა  და სამხედრო-პოლიტიკურ ელიტებშიც.

დასავლეთისა და საქართველოსთვის თანაბრად მნიშვნელოვანია, ან შესუსტდეს ან სულაც შეიცვალოს სი ზინპინის დრომოჭმული, ყავლგასული სტრატეგია რუსეთთან მოკავშირეობისა, თუნდაც ჩინეთი ითვლებოდეს `უფროს ძმად , ხოლო პუტინის რუსეთი `უმცროს ძმად` ამ უთანაბრო მოკავშირეობაში. ახლა პუტინი `უმცროსი ძმაა`, ხოლო სი - უფროსი.  

შესაბამისად, საქართველოსა და მთელი დასავლეთის გრძელვადიან ინტერესებს შეესაბამება ჩინური `ერთი გზა ერთი საყრდენი` (Belt and road) გეოპოლიტიკური კონცეპტის იმგვარი მოდიფიკაცია, რაც შეამცირებს მოსკოვის გავლენას და პირიქით, ამ სარტყელზე შექმნის ჩინურ-ევროპuლი ხიდის მნიშვნელოვან და ფასეულ საყრდენებს პირველ რიგში საქართველოს სახით, როგორც რეგიონის საკვანძო ჰაბისა.

 

დასავლეთისა და საქართველოსათვის ძალზე ხელსაყრელია ჩინეთის ელიტურ დაპირისპირებაში სწორედ იმ ძალთა უოპირატესობა და საბოლოოდ ხელისუფლებაში მოსვლა, ვისაც ისევე ესმის დასავლეთთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ევროპასთან თანამშრომლობის სარგებლიანობა დიდი ჩინეთისთვის, როგორც ფარიდ ზაქარიასა და მრავალ გონიერ მოღვაწეს იმავე დასავლეთში - ჩინეთთან ურთიერთქმედების სიკეთე მთელი პლანეტისთვის.

მით უმეტეს, რომ ადრე თუ გვიან ამ ძალთა გამარჯვება ორივე მხარეს ისტორიულად გარდაუვალია, ხოლო ჩვენი ამოცანაა  საქართველო ამ პროცესის ავანგარდში  იყოს