ჯგუშია და განაწყენებული კაცის სინდრომი

ჯგუშია და განაწყენებული კაცის სინდრომი


   

    მოქალაქეთა კავშირისა და მისი ყოფილი წევრის თენგიზ ჯგუშიას დაპირისპირება ახალ სტადიაში გადადის. ტელეკომპანია «ოდიშის» ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ არავითარ ზეწოლას მმართველი პარტიისაგან არ განიცდიდა, სამაგიეროდ თვით «პარტიული დისიდენტი» ჯგუშია ცდილობდა მის გამოყენებას საკუთარი მიზნებისათვის.
    ეს მიზნები კი სავსებით ცხადია: ჯგუშია სამეგრელოს მმართველ დაჯგუფებაში მომხდარი განხეთქილების პირველი სერიოზული სიმპტომია. ამდენად, იგი ცდილობს მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა ხელში ჩაგდებას, ანუ სამეგრელოში სოციალური ბაზის განსამტკიცებლად საჭირო პროპაგანდისტული წინამძღვრების შექმნას, მაგრამ ტელეკომპანიის პრეზიდენტი «ადგილობრივი ოლიგარქიის» გარკვეული ნაწილის ერთგული აღმოჩნდა.
    მიუხედავად ამისა, იგი, როგორც ჩანს, დანებებას არ აპირებს და სწორედ ამ შეუვალ პრინციპულობაში მჟღავნდება პიროვნული მოტივაცია. ჯგუშია აშკარად ნაწყენია საკუთარ პარტიაზე და ახლა ცდილობს მას სამაგიერო გადაუხადოს იმით, რომ მშობლიურ კუთხეში შეასუსტოს მისი პოზიციები. გიორგი ბარამიძეზე განაწყენების მთავარი მიზეზი კვლავ იმ «ცივ ომში» უნდა ვეძიოთ, რომელიც პარლამენტსა და ეროვნულ ბანკს შორის მიმდინარეობს.: ნოდარ ჯავახიშვილმა ამ ომის ახალი ეტაპი დაიწყო კატეგორიული უარით, გამოსულიყო საკანონმდებლო ორგანოში და მოეხსენებინა დეპუტატებისათვის 1998 წლის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებზე საკუთარი მოსაზრება.
    ჯავახიშვილის ამგვარი «სითამამე» აშკარად ჯგუშიას ფაქტორმა განაპირობა. რაც მთავარია, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა თვით «მოქალაქეთა კავშირი» კონფლიქტის შერბილებას დუმილით ამჯობინებს. ამგვარი ტაქტიკა მხოლოდ გარკვეულ ზღვრამდე შეიძლება იყოს წარმატებული. როგორც ჩანს, «მოქალაქეებს» ურყევად სჯერათ თავისი პოტენციალისა და რუბიკონი გადალახულად არ მიაჩნიათ.
    რაც შეეხება ჯგუშიას პიროვნულ მოტივაციას, იგი საკუთარი პარტიის თითქმის ყველა შეხვედრისა თუ ფრაქციის სხდომაზე, აგრეთვე პარლამენტის სესიებზეც აშკარად ლობირებდა ფინანსურ ჯგუფებს, რომელთაც ეროვნული ბანკიდან კრედიტების მიღება სურდათ.
    ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს (ყოველ შემთხვევაში, ამის არავითარი საბუთი არ არსებობს), რომ მას რაიმე მერკანტილური ინტერესი ჰქონდა. ერთი რამ ფაქტია: ჯგუშიას «აფეთქება» მოჰყვა «მოქალაქეთა» საბოლოო გადაწყვეტილებას - არ დაეშვათ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პოსტზე ჯავახიშვილის დამტკიცება.
    ამავე დროს, ფრაქციამ უარყო ჯგუშიას წინადადებები «მცირე ბიზნესის ხელშეწყობის» შესახებ, რაც ისევ და ისევ კრედიტებს გულისხმობდა.
    შესაძლოა, ჯგუშიას განაწყენება კონკრეტულ მატერიალურ დაინტერესებაზე არც ყოფილიყო დაკავშირებული, მაგრამ დეპუტატ-ეკონომისტის ამბიცია, როგორც ჩანს, მატერიალურ დაინტერესებაზე არანაკლებ «მწველი ვნებაა».
    ამდენად, მისი «ეკონომიკური კონცეფციის» უარყოფა (ყველა ეკონომისტი, რა თქმა უნდა, დარწმუნებულია თავისი პროგრამის გენიალურობაში) ჯგუშიასათვის ძალზე მტკივნეული იქნებოდა და ძალიანაც გაანაწყენებდა.
    მიუხედავად ამისა, მან საკმაოდ ოსტატურად შეარჩია დრო «აფეთქებისათვის» - ჯერ მოითმინა, ხოლო შემდეგ, როცა «მოქალაქეთა კავშირმა» ახალი ფრაქციის («მამულის») შემოერთებით გაძლიერება დაიწყო, განცხადება გააკეთა ფრაქციიდან გასვლის თაობაზე, რითაც სხვა პარტიათა ყურადღება მიიპყრო.
    როგორ დამთავრდება დისიდენტი პარლამენტარის «დრეიფი», ძნელი სათქმელია. შესაძლოა, «წვრილი ბიზნესის» მხარდაჭერამ იგი სოციალისტებთან მიიყვანოს.

მერიდიანი, 5 ნოემბერი, 1997 წ.