საერთაშორისო მიმოხილვა. 8 ოქტომბერი. 2023 წელი
ის, რაც ახლა ხდება ისრაელში, აბსოლუტურად უპრეცედენტოა ამ ქვეყნის მრავლისმნახველ ისტორიაშიც კი.
1973 წლის იუომ ქიფურის, ე.წ. `განკითხვის დღის` ომიდან ზუსტად 50 წლის შემდეგ, პალესტინელმა `ბოევიკებმა` ღაზას სექტორიდან შეუტიეს ისრაელის დასახლებებს უშუალოდ სექტორის მეზობლად და 5 000 რაკეტა ესროლეს თელ ავივს, ასევე იერუსალიმს.
მინიმუმ 300 ისრაელელი დაიღუპა და ეს რიცხვი იზრდება, რადგან ათასობით დაჭრილია. `რკინის გუმბათის` საზენიტო სისტემამ, რომელიც ამერიკელებმა დააინსტალირეს ისრაელში, რაკეტების 90% გაანადგურა ჰაერშივე, მაგრამ 10% ჩამოვარდა დასახლებულ პუნქტებში და აფეთქდა.
ამავე დროს, პალესტინელები ღაზას სექტორიდან შემოიჭრნენ ისრაელის ტერიტორიაზე და აიყვანეს ათეულობით მძევალი, მათ შორის ისრაელის არმიის ჯარისკაცები; მათ გაანადგურეს ერთ-ერთი სამხედრო ბაზა საზღვართან.
ამ დასახლებული პუნქტებიდან ისრაელის არმიამ ისინი მალევე გაყარა, თუმცა მძევლები ღაზაში გადაიყვანეს.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ მომხდარს `უპრეცედენტო` უწოდა და საომარი მდგომარეობა გამოაცხადა; ისრაელმა მობილიზაციაც კი დაიწყო.
სამხედრო თვალსაზრისით მომხდარის შედეგი არანაირ ეჭვს არ იწვევს. ანუ ძალთა თანაფარდობა ისეთია, თაგვმა რომ ლომს `შეუჩხიკინოს`.
ისრაელის არმიამ ღაზასთან მიიყვანა 60 000-იანი არმია, ასეულობით ტანკი, ასეულობით თვითმავალი ქვემეხი, ღაზას ბომბავენ ჰაერიდან და ზღვიდან; ნეთანიაჰუმ ღაზას მოსახლეობას მოუწოდა ტერიტორია დატოვონ, რადგან ისრაელის არმია აპირებს ქვა ქვაზე აღარ დატოვოს იქ.
ანუ (ვიმეორებ) სამხედრო თვალსაზრისით შედეგი იოტისოდენა ეჭვს არ იწვევს, თუმცა აქ უამრავი სხვა პრობლემა და საკითხი წამოიჭრება.
მათგან უმთავრესი: როგორ გამოეპარათ ისრაელის სპეცსამსახურებს მომხდარი? ეს შეტევა ხომ თვეების განმავლობაში მზადდებოდა? თანაც მზადდებოდა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე (უეჭველია) ქვეყნის გარეთ.
ქვეყნის გარეთ მუშაობს `მოსსადი` და ვერსად ვერაფერი გაიგო;
ქვეყნის შიგნით მუშაობს კონტრდაზვერვა შაბაქი და ვერაფერი გაიგო.
გარდა ამისა, ისრაელის შესანიშნავი უპილოტო თვითმფრინავები 24 საათის განმავლობაში აკვირდებიან პალესტინელებით დასახლებულ ტერიტორიებს. ანუ როგორც ღაზას სექტორს, ასევე მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროს. მათ განკარგულებაშია ამერიკული კოსმოსური თანამგზავრები და ა.შ და ა.შ.
კიდევ ერთხელ უნდა გაესვას ხაზი, რომ ისრაელის დასახლებულ პუნქტებში მტერი არ შემოსულა 1948 წლის პირველი ომის შემდეგ: ორივე შემდგომი დიდი ომის დროს (1967 და 1973) საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობდა ისრაელის დასახლებულ პუნქტებს მიღმა.
გარდა ამისა: 17 წლის წინ, როდესაც ჩრდილოეთ ისრაელში `ჰესბოლლას` ტერორისტებმა მოიტაცეს ისრაელელი ჯარისკაცი (ერთადერთი ისრაელელი ჯარისკაცი!) ისრაელმა ომი დაიწყო ლიბანის წინააღმდეგ, რადგან `ჰესბოლლა` სწორედ სამხრეთ ლიბანშია დაბანაკებული.
ახლა ლაპარაკია, რომ ტერორისტებმა ისრაელის სამხედრო ბაზაზე შეაღწიეს და ათეულობით ისრაელელი ჯარისკაცი აიყვანეს ტყვედ. ხელში ჩაიგდეს ისრაელის არმიის სამხედრო ტექნიკა
შეტევა ყველასთვის აბსოლუტურად მოულოდნელი იყო, არადა ორივე სპეცსამსახურს უნდა ჰყოლოდა აგენტურა ორგანიზაცია `ჰამასში`, რომელიც ღაზას სექტორს აკონტროლებს.
ასეთი კონსპირაციული ვერსიაც კი გაჩნდა, თითქოს ისრაელის სპეცსამსახურებმა წინასწარ ყველაფერი იცოდნენ, თუმცა ტერორისტებს მისცეს საშუალება 300 ისრაელელი მოეკლათ, რათა შემდეგ ღაზას სექტორზე შეტევის საბაბი მიეღოთ.
ეს არის სრული კონსპირაცია და სიგიჟე: ვერც ერთი ისრაელელი `გადაწყვეტილების მიმღები` ამას არათუ ვერ გაბედავს არამედ ვერც კი გაიფიქრებს.
თუმცა ფაქტია, მიიღეს იმ დონის შეტევა, რასაც უკვე ადარებენ ამერიკულ `პერლ ჰარბორზე` იაპონელების შეტევას 1941 წელს და 9/11 ტერორისტულ აქტებს ამერიკაში.
ეს ყოველივე ხდება ისრაელის სამხრეთში, ღაზას სექტორში, მაგრამ არსებობს საფრთხე, რომ ისრაელს შეუტიონ ჩრდილოეთიდანაც ანუ ლიბანის ტერიტორიიდან, სადაც, როგორც ითქვა, დისლოცირებულია `ჰესბოლლაჰ`.
განვმარტოთ: `ჰამასიც` და `ჰესბოლლაც` ორივე პალესტინური დაჯგუფებაა. მათ შორის ის განსხვავებაა, რომ` ჰამასი` სუნიტური ისლამის მიმდევარია და უფრო არაბულ ქვეყნებზეა ორიენტირებული, ხოლო `ჰესბოლლა` შიიტური ისლამის მორწმუნეებისგან შედგება და ირანზეა ორიენტირებული.
სწორედ ირანი დგას უეჭველად ამ შეტევების მიღმა. ირანი აწვდის ორივე დაჯგუფებას რაკეტებსაც და სხვა იარაღსაც.
დასაზუსტებელია აგრეთვე, რომ ღაზას სექტორს აქვს საზღვარი ეგვიპტესთან. ოღონდ ამ საზღვარს ისრაელი აკონტროლებს.
2005 წელს ისრაელი გავიდა ღაზას სექტორიდან იმ აზრით, რომ ჯარი გაიყვანა, გაიყვანა ებრაული დასახლებები ღაზადან, თუმცა ღაზა-ეგვიპტის საზღვრის კონტროლი დაიტოვა.
შესაბამისად, ღაზაში მცხოვრებ მილიონობით პალესტინელს ჰქონდა ავტონომია და იმის საშუალება, რომ გაეთხარათ უამრავი გვირაბი, მოეწყოთ მიწისქვეშა კატაკომბები, მიწისქვეშა საწყობები იარაღის, რომელთა აღმოჩენა ძნელია.
გვირაბები იმდენად დიდია, შეეძლოთ ისრაელის დასახლებულ პუნქტებამდეც კი მიეღწიათ ღაზადან.
ოფიციალურად, ამ ტერიტორიას ეწოდება `ღაზას სექტორი`.
`ღაზას სექტორიც` და `მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირის არაბული დასახლებებიც` წარმოიშვა 1948, 1967, 1973 წლების ომების შედეგად, რომლებშიც ისრაელმა გაიმარჯვა.
რა თქმა უნდა საშინელებაა რაც მოხდა, თუმცა არანაკლები უბედურებაა, რომ პირველად ისრაელის ისტორიაში, მომხდარმა გამოავლინა ისრაელის შიდაპოლიტიკური სიმყიფეც:
ბოლო რამდენიმე წელია, ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ცდილობს ისრაელში გაატაროს ე.წ. `სასამართლო რეფორმა`, რომლითაც ისრაელის უმაღლეს სასამართლოს და ზოგადად სასამართლო შტოს ჩამოერთმევა რამდენიმე მნიშვნელოვანი ფუნქცია
ნეთანიაჰუ ამ რეფორმის აუცილებლობას იმით ხსნიდა, რომ ისრაელის სახელმწიფო გაძლიერდებოდა, თუ მთავრობა მიიღებდა საშუალებას, სწრაფი რეფორმები გაეტარებინა ისე, სასამართლოს ვერდიქტებს არ დალოდებოდა, მაგრამ......რა გამოვიდა რეალურად? ფართო მასობრივი პროტესტების შედეგად, როცა ათასობით რეზერვისტმა განაცხადა, რომ ისინი აღარ წავიდოდნენ არმიაში, ხოლო ასეულობით თადარიგის ოფიცერმა, მათ შორის მფრინავებმა უარი თქვეს პროტესტის ნიშნად გამწვევ პუნქტებში გამოცხადებაზე, ისრაელის სახელმწიფო დ ა ს უ ს ტ დ ა!
პირველად ამ ქვეყნის ისტორიაში, ებრაული საზოგადოება დაიყო `მომხრეებად` და `მოწინაააღდმეგეებად `არა უბრალოდ პოლიტიკური დისკურსის, არამედ სამოქალაქო დაპირისპირების დონეზე და ამან ისრაელის სახელმწიფო დაასუსტა. ზუსტად ამით ისარგებლა `ჰამასმა` და მის ზურგს უკან მდგომმა ირანმა!
მომხდარმა შესაძლოა ისეთი გადაწყვეტილებები მიაღებინოს ისრაელს, რაც მთლიანად შეცვლის ახლო აღმოსავლეთის `რუკას`.
პირველ რიგში, ეჭვ ქვეშ დადგა ისრაელის წინა 6-7 პრემიერ-მინისტრის სტრატეგია, რომ ისრაელს უნდა დაეტოვებინა ღაზას სექტორი და მხოლოდ ეგვიპტესთან საზღვარი გაეკონტროლებინა.
უკვე ცხადია, რომ ეს `არ მუშაობს` იმ აზრით, რომ სანამ უშუალოდ ღაზას სექტორს `მიწაზე` არ გააკონტროლებს ისრაელი, მას ობიექტურად გაუჭირდება ამგვარი თავდასხმების მონიტორინგი და შეკავება.
მაგალითად, სანამ ისრაელის ჯარისკაცი არ იქნება `მიწაზე` ღაზაში, როგორ უნდა აღმოაჩინოს გვირაბების, მიწისქვეშა იარაღის საწყობების ინსტალაცია? როგორ უნდა გაანადგუროს?
ეს იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა 2005 წლის შემდეგ (მაშინ პრემიერ-მინისტრი იყო არიელ შარონი) ისრაელი დაბრუნდეს ღაზაში, შეიყვანოს ჯარები...რაც კიდევ ახალ პრობლემებს წარმოშობს.
თუ ღაზას არაბული მოსახლეობა დატოვებს სექტორს და გადასახლდება, ვთქვათ ეგვიპტეში, ეს ისრაელისთვის არანაკლები პრობლემების შექმნილი იქნება მეზობელ არაბულ სახელმწიფოებთან ურთიერთობაში. ძნელი სათქმელია, გაბედავენ თუ არა ეგვიპტე ან სამოქალაქო ომში ჩაბმული სირია, მით უმეტეს მდიდარი და ფუფუნების განცხრომაში მყოფი საუდის არაბეთი ომის დაწყებას ისრაელის წინააღმდეგ, მაგრამ არსებობს ქვეყანა, რომელიც მუდამ მზად არის ომისთვის: ი რ ა ნ ი!
ირანმა შესაძლოა გააქტიუროს ბირთვული პროგრამა, რაც აიძულებს ისრაელს, დაარტყას ირანს.
ბუნებრივია, ეს ყოველივე ძალიან ხელსაყრელია პუტინისთვის, რომელიც აგრძელებს აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ. რადგან დასავლეთის რესურსები (პოლიტიკური რესურსები მაქვს მხედველობაში) ამოუწურავი არ არის.
ნეთანიაჰუს ისრაელის პოლიტიკური ელიტა ახლა აცდის პრობლემის გადაჭრას, ტერორისტების განადგურებას მაგრამ შემდეგ.....ეს პრემიერ-მინისტრი ალბათ წავა პოლიტიკური ასპარეზიდან სამუდამოდ, რადგან სწორედ მის დროს და გარკვეული აზრით მისი ქმედების შედეგად მოხდა ებრაული საზოგადოების მთავარი `სიმაგრის`- შიდა კონსოლიდაციის შერყევა, რითაც ისარგებლეს ისრაელის მოსისხლე მტრებმა და მიაყენეს უდიდესი დარტყმა, რაც კი ამ სახელმწიფოს განუცდია დაფუძნების დროიდან, ესე იგი 1948 წლიდან.
ამ აზრით, ის რაც მოხდა, ბევრად უარესია, ვიდრე პირველი (1948) მეორე (1967) და მესამე (1973წ) ომები; მით უმეტეს ომები ლიბანთან, რადგან `ბზარი` გაჩნდა ისრაელის არმიის, ისრაელის სპეცსამსახურთა და ზოგადად ისრაელის სახელმწიფოს უნარში, უპასუხოს ეგზისტენციალურ (ყოფნა-არყოფნის) გამოწვევებს.