საერთაშორისო მიმოხილვა. 3 მაისი 2023 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 3 მაისი 2023 წელი

გუშინ ვწერდი, რომ ამერიკასა და ფინეთს შორის უახლოეს მომავალში გაფორმდება სტრატეგიული ხელშეკრულება ფინეთის ტერიტორიაზე ამერიკის ბაზების დაფუძნების შესახებ.

ჩვენთვის, საქართველოსთვის, ფინეთის  ისტორიული მიღწევა იმითაა ნიშანდობლივი, რომ ამერიკამ ეს ნაბიჯი გადადგა მხოლოდ და მხოლოდ მას შემდეგ, რაც ფინეთმა დაასრულა NATO-ში გაწევრების პროცედურები.

ანუ ამერიკა-ფინეთის ხელშეკრულება სამხედრო თანამშრომლობასა და ბაზების განლაგებაზე ფორმდება მხოლოდ  NATO-ს კონტექსტში.

ბევრჯერ გვითქვამს: ფორმალურად, ამერიკას არ სჭირდება ალიანსის სხვა წევრების თანხმობა, რათა ორმხრივი ხელშეკრულების საფუძველზე განალაგოს ბაზები მაგალითად საქართველოში - ანუ ფორმალურად აქვს უფლება არ დაელოდოს საქართველოს გაწევრებას ჩრდილო ატლანტიკურ კავშირში.

მაგრამ ვაშინგტონის 1949 წლის ხელშეკრულების სულისკვეთება (!-არა ბუკვალურად, თუმცა სულისკვეთება) მოითხოვს, ამერიკამ ევროპის გეოგრაფიულ სამეზობლოში ამგვარი ნაბიჯი ალიანსის წევრ სხვა სახელმწიფოებთან შეათანხმოს.

მიზეზიც გასაგებია: NATO-ს წესდება იმპერატიულად აღნიშნავს, რომ ალიანსის ერთ რომელიმე წევრზე თავდასხმა ითვლება ყველა წევრ სახელმწიფოზე თავდასხმად.

თუ, მაგალითად, საქართველოში დისლოცირებულ ამერიკულ ბაზებს რუსეთი დაბომბავს,  ჩაითვლება ამერიკაზე თავდასხმად, ანუ ალიანსის ყველა წევრზე თავდასხმად.

ეს გარემოება საქართველოსთვის არ არის კარგი, რადგან გერმანიასა და საფრანგეთში, მაგალითად, ჯერ კიდევ ძლიერია სკეპტიციზმი NATO-ში საქართველოს მიღებასთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, ამერიკა-საქართველოს ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობა შეზღუდულია იმ რეალობით, რომ საქართველო არ არის ალიანსის წევრი

. . . . . . . . . . . . . . . . .

 

19-მა ამერიკელმა კონგრესმენმა-რესპუბლიკელმა წერილით მიმართა პრეზიდენტ ბაიდენს, შეწყვიტოს უკრაინისათვის იარაღის გადაცემა რადგან ეს თურმე `ახანგრძლივებს ომს`.

ამერიკელმა ანალიტიკოსებმა საინტერესო ტენდენცია შენიშნეს ამასთან დაკავშირებით; როდესაც ამერიკა იბრძოდა ვიეტნამში (გასული საუკუნის 60-იან წლებში), ომის წინააღმდეგ ძირითადად ამერიკელი `მემარცხენეები` გამოდიოდნენ. ახლა, რაც უფრო `მემარჯვენეა` პოლიტიკოსი, მით უფრო აქტიურად მოითხოვს ომის შეწყვეტას უკრაინის ტერიტორიათა ხარჯზე.

ამ უცნაურობას იმით ხსნიან, რომ ამერიკაში მემარჯვენე პოპულიზმის (!) ტრენდია, რომლის განსახიერებადაც მიაჩნიათ დონალდ ტრამპი და FoxNews ყოფილი წამყვანი, ტაკერ კარლსონი.

ორივე უკრაინისთვის იარაღის მიწოდების სასტიკი წინააღდმეგია.

თუმცა ტრამპის შემთხვევაში არ დაგვავიწყდეს, რომ პოლიტიკოსები ხშირად იცვლიან პოზიციას მას შემდეგ, რაც ხელისუფელბაში მოვლენ: ერთია რას ამბობს დონალდ ტრამპი, როცა თეთრ სახლში დაბრუნებისთვის იბრძვის და სულ სხვა იქნება პრეზიდენტ ტრამპის პოზიცია, როცა უკვე პასუხისმგებლობა მას დაეკისრება, როგორც ხელისუფალს.

აი ტაკერ კარლსონს კი, ვინც ზელენსკის ლანძღავდა ყველა გადაცემაში, ასევე მისნაირებს, უკვე მართლა აღარაფერი ეშველებათ.

. . . . . . . . . . . . . . . . .

აშშ სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ უკრაინა უახლოესი რამდენიმე კვირის განმავლობაში დაიწყებს შეტევას ოკუპირებული ტერიტორიების განსათავისუფლებლად. `ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები` - აღნიშნა ბლინკენმა.

ეს განცხადება გამოქვეყნებულია სახელმწიფო დეპარტამენტის საიტზე.

დასავლურ მედიაში  სულ უფრო მეტი კოსმოსური ფოტოა მრავალკილომეტრიანი სანგრებისა, რომელსაც რუსული არმია თხრის მოსალოდნელი უკრაინული კონტრშეტევის მოსაგერიებლად. უფრო ზუსტად, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ რუსებს ამუშავებენ იქ - ნიჩბებით.

თავისთავად `სანგრების თხრა` თანამედროვე სამხედრო ხელოვნების სპეციალისტებს აბსურდად მიაჩნიათ. დღეს ხომ 1943 წელი არ არის? სანგრები დიდწილად უსარგებლოა ზუსტი რაკეტების და არანაკლებ ზუსტი `ჭკვიანი` საარტილერიო ჭურვების ეპოქაში.

. . . . . . . . . . . . . . . . .

თურქეთის საზღვაო ფლოტის გადამდგარი ადმირალი, ჯემ გიურდენიზი აცხადებს, რომ თურქეთმა უნდა დატოვოს NATO და ჩინეთ-რუსეთის ალიანსს შეუერთდეს.

ეს განცხადება ადასტურებს, რომ თურქულ ისტებლიშმენტში ძლიერდება ანტიდასავლური განწყობები, რაკი თურქეთი ევროკავშირში არ მიიღეს და ამერიკასთანაც დაეძაბათ ურთიერთობა ბოლო დროს.

თუმცა, საეჭვოა თურქეთის ნებისმიერმა ხელისუფლებამ, მათ შორის ერდოღანმა, ამ ნაბიჯის გადადგმა გაბედოს, რადგან ამით საბოლოოდ გადაიკიდებს მტრად თურქულ არმიას, რომელიც გასული საუკუნის 20-იანი წლებიდან, თანამედროვე თურქული სახელმწიფოს დამფუძნებელმა, ქემალ ათათურქმა `მომართა` და `დააინსტალირა`, როგორც პროდასავლური პოლიტიკის ინსტრუმენტი.

თურქული გენერალიტეტი მთლიანობაში პროდასავლურია.

თურქულმა არმიამ 2016 წელს  სამხედრო გადატრიალებაც კი სცადა და ერდოღანის მკვლელობა ჰქონდათ დაგეგმილი (5 წუთით გაასწრო პირადი დაცვის პროფესიონალიზმისა და გმირობის შედეგად).

ამ მცდელობის მოტივი იყო ერდოღანის `ანტიდასავლური` პოლიტიკა, რაც ბევრი თურქი სამხედროს აზრით, ათათურქის სტარტეგიას ეწინააღმდეგება.

გასაკვირი არ არის, თუ პუტინი ყველანაირად შეეცდება თურქულ არმიაში ნაწილობრივ არსებულ ანტიდასავლურ განწყობათა გამოყენებას და შეძლებისდაგვარად გაძლიერებას: მოსკოვმა თურქეთს მიჰყიდა საზენიტო სისტემა С-400. თურქულმა არმიამ ეს დანადგარები იყიდა მიუხედავად იმისა, რომ NATO-ში არშემავალი სახელმწიფოსგან სერიოზული იარაღის შეძენა ეწინააღდმეგება ალიანსის წესებს.  

. . . . . . . . . . . . . . . . .

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ გერმანიის ხელისუფლება ყურადღებით დააკვირდება: უკრაინისთვის გერმანიიდან მიწოდებული იარაღი არ იყოს გამოყენებული (ციტატა) `რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმისათვის`.

ანუ..... რუსეთზე თავდასხმისათვის უკრაინის მხრიდან?!

შოლცს პირველ რიგში მხედველობაში ჰქონდა გერმანული ტანკები Leopard-2, რომლებიც უკვე ჩავიდა ფრონტზე. რუსეთშიც უკვე წუწუნებენ: `რუსულ მიწაზე კვლავ გამოჩნდნენ Leopard-ები`......

საქმე ისაა, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს, გერმანელების ერთ-ერთ ტანკს იგივე სახელი ჰქონდა. დღევანდელი გერმანული ელიტები კი ყველანაირად ერიდებიან უკრაინის ომის დროს ნებისმიერ ალუზიას მეორე მსოფლიო ომთან.

. . . . . . . . . . . . . . . . .

ლეგენდარული გერმანული ბრენდი Adidas გეგმავს სავაჭრო ფართობების გაყიდვას რუსეთში.

ამ კომპანიამ რუსეთი ჯერ კიდევ ოქტომბერში დატოვა; ისევე, როგორც კომპანიებმა Reebok და Nike თუმცა სავაჭრო სივრცეები (მაღაზიები) შეინარჩუნა.

თავისთავად ის ფაქტი, რომ Adidas ინარჩუნებდა სავაჭრო სივრცეებს რუსეთში იმაზე მეტყველებს, რომ გერმანულ ელიტათა ნაწილს იმედი ჰქონდა უკრაინის ომის დამთავრების შემდეგ რუსეთში სრულფასოვნად დაბრუნებისა.

თუმცა ახლა, როგორც ჩანს, ეს იმედი ქრება.

Adidas არ არის უბრალოდ სპორტული ტანსაცმელი, არამედ  გერმანული ბიზნესის გენიალური სიმბოლოა. ისევე როგორც BMW ან ამერიკელებისთვის Coca cola.

. . . . . . . . . . . . . . . . .

პრეზიდენტმა ბაიდენმა დამატებით 1500 ჯარისკაცი გააგზავნა მექსიკასთან საზღვრის დასაცავად, სადაც უკვე განლაგებულია 2 500 სამხედრო.

საზღვრის გაძლიერება აუცილებელი გახდა მას შემდეგ, რაც ამერიკაში გააუქმეს კოვიდ-პანდემიის დროს მიღებული წესი, რომლითაც შეჩერებული იყო თავშესაფრის მიცემა უცხოელებისთვის.

აქ საინტერესო ისაა, რომ ამერიკელი დემოკრატები, მათ შორის ბაიდენი, მკაცრად აკრიტიკებდნენ ტრამპს მისი იდეისათვის მექსიკასთან საზღვარზე უდიდესი კედლის მშენებლობის თაობაზე.

კონგრესის იმდროინდელი სპიკერი, ნენსი პელოსი ამბობდა, რომ ამერიკის სიმბოლო ნიუ იორკის `თავისუფლების ქანდაკება` უნდა იყოს და არა დიდი კედელიო.

თუმცა ბაიდენი ახლა უკვე სხვაგვარად აძლიერებს საზღვარს მექსიკასთან: შეიარაღებული ძალებისთვის სასაზღვრო  ფუნქციის დაკისრებით.

ოღონდ  პენტაგონმა განაცხადა, რომ ჯარისკაცები მხოლოდ დააკავებენ საზღვრის დამრღვევებს (მათ  შორის ალბათ ქართველებს), ხოლო გამოძიება მათი საქმე არ იქნებაო.

. . . . . . . . . . . . . . . . .

2024 წლის ბოლოს იწურება იმ ხელშეკრულების ვადა, რომლითაც რუსეთი აფინანსებს აფხაზეთს ბიუჯეტიდან.

ამჟამად რუსეთი უხდის ხელფასს აფხაზ მილიციონერს, მასწავლებელს; ასევე უხდის პენსიებს მოხუცებს და ა.შ.

აფხაზები შიშობენ, რომ 2025 წლიდან რუსეთმა შესაძლოა აღარ გააგრძელოს ეს ხელშეკრულება და შეწყვიტოს აფხაზეთის დაფინანსება, რაკი პუტინი გაბრაზებულია აფხაზებზე: არ გადასცეს ბიჭვინთის აგარაკი, არ დაუშვეს ბინების ყიდვა-გაყიდვა რუსებზე, არ გააუქმეს კანონი, რომლითაც ნებისმიერი თანამდებობის დაკავება აფხაზეთში მხოლოდ მათ შეუძლიათ, ვინც ფლობს აფხაზურ ენას (ანუ აფხაზებს) და ასე შემდეგ.

თუმცა აფხაზები წერენ, რომ პუტინი ვერ გაბედავს არ გააგრძელოს ხელშეკრულება დაფინანსების შესახებ, რაკი.......(ციტატა ერთ-ერთი ბლოგერის პოსტიდან) ``მაშინ რუსული ბაზების გაყვანას მოვითხოვთ აფხაზეთიდან, ხოლო ქართველები მაინც ვერაფერს გაგვიბედავენ - მათ რუსების გარეშეც დავამარცხებთო``.

გავლენიანი აფხაზი ბლოგერების აზრით, პუტინს შეეშინდება გეოპოლიტიკურად არ წააგოს აფხაზეთიდან რუსული ჯარების გაყვანით (რატომღაც დარწმუნებულნი არიან, - როგორც კი მოსთხოვენ, პუტინი მაშინვე წავა) და, ამიტომ, 2025 წლიდან აფხაზეთის დაფინანსების შეწყვეტას ვერ გაბედავსო.