საერთაშორისო მიმოხილვა. 29 სექტემბერი. 2023 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 29 სექტემბერი. 2023 წელი

გუშინ, არიზონას შტატში სენსაციური სპიჩით გამოვიდა აშშ პრეზიდენტი ჯო ბაიდენი.

მან განაცხადა, რომ `ტრამპის მოძრაობა` ეგზისტენციალურ ესე იგი ყოფნა-არყოფნის საფრთხეს უქმნის ამერიკულ დემოკრატიას!

ჯერ ამ ტერმინს დავაკვირდეთ: Trump’s movement.  ეს უკვე სისტემური ტერმინია; დონალდ ტრამპის მხარდამჭერთა მოძრაობას ჰქვია MAGA და მასში შედიან (უმრავლესობაა) კონსერვატორები, `უკიდურესი რესპუბლიკელები`, თუმცა შედიან აგრეთვე შეურაცხადი ფანატიკოსები(ც)

ბაიდენი აცხადებს, რომ Trump’s movement ანგრევს ამერიკულ ინსტიტუტებს.

ამერიკა არ არის ის ქვეყანა, სადაც პრეზიდენტის გამოსვლა რაიმე ზეგავლენას იქონიებს იუსტიციის გადაწყვეტილებებზე, თუმცა დამკვირვებელები აღნიშნავენ, რომ ამ გამოსვლის შემდეგ დონალდ ტრამპის სასამართლო პროცესების დაჩქარებაც იგულისხმება: ეს `ისმინებოდა` ბაიდენის ფრაზეოლოგიაში: აბა თუ ადამიანი ეგზისტენციალურ საფრთხეს უქმნის ამერიკულ დემოკრატიას და ის პრეზიდენტი გახდა, ხომ დაღუპულა დემოკრატია? განა ასე არ არის?

ამერიკის ყველა გულშემატკივრისთვის სამწუხაროა ეს ვითარება: `ამერიკული დემოკრატიის ყოფნა-არყოფნაზე` ამერიკელი პრეზიდენტები არასდროს ლაპარაკობდნენ: 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის დროს პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა იპოვა სწორი ფრაზა: `ტერორისტებს შეუძლიათ დაანგრიონ ჩვენი ყველაზე დიდი შენობები, თუმცა არ ძალუძთ დაანგრიონ ჩვენი დემოკრატია`.

გამოდის, ახლა ბაიდენი გვეუბნება, რომ გაჩნდა საფრთხე და გაჩნდა პერსონა, ვისაც შეუძლია დაანგრიოს ამერიკული დემოკრატია?!

თუმცა აქ ბევრი კითხვაა თვით ბაიდენთან: მისი შვილი ჰანტერის კორუფციული სკანდალების გამო; აგრეთვე კითხვები ჩნდება ზოგადად `დემოკრატიული პარტიის ისტებლიშმენტისადმი`; რატომ ვერ ახერხებენ უამრავ შესანიშნავ `დემოკრატ` მოღვაწეთა შორის (კონგრესმენები, გუბერნატორები, სენატორები) ისეთი კანდიდატის შერჩევას 2024 წლის პრაიმერიზისთვის, ვინც მერე წინააღმდეგობას გაუწევს ტრამპს არჩევნებზე?

უკაცრავად, მაგრამ ბაიდენს პირადი პრობლემებიც აქვს უკვე: ძლივს დადის და ხშირად მოსდის კონფუზები როგორც ვერბალური ასევე ფიზიკური; მის ფონზე ტრამპი 30 წლის ახალგაზრდად გამოიყურება;

ერთი ცხადია: გუშინ ბაიდენმა დაიწყო `დემოკრატების` საარჩევნო კამპანია, რომელიც იქნება......ომი!

იმედია სროლაში არ გადაიზრდება.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

როგორც გატყობინებდით, ტრამპს ქონების წართმევას და ნიუ იორკში ბიზნესის აკრძალვას უპირებს ნიუ იორკის პროკურატურა იმ საბაბით, რომ მან საკუთარი ქონება გადააფასა (ხელოვნურად გააძვირა) ფინანსური მანიპულირების მიზნით

გუშინ ნიუ იორკის პროკურატურამ პრესაში `გაჟონა`, თუ რა ქონების წართმევას უპირებენ ტრამპს ჯარიმის სახით. ესაა

ტრიპლექსი Tramp tower-ში სადაც თავის დროზე მიშაც არის ნამყოფი ტრამპთან შეხვედრის შემდეგ; როცა ნიუ იორკში იყო, ტრამპი სწორედ ამ ბინაში ცხოვრობდა ოჯახთან ერთად;

ცათამბჯენი პარკ ავენიუზე;

ცათამბჯენი Radio city music holl-თან

გოლფკლუბი ნიუ იორკის მახლობლად

ცათამბჯენი Wall street-ზე.

 

და კიდევ რამდენიმე Real estate

აქ არ დაგვავიწყდეს არსებითი გარემოება, რომ დონალდ ტრამპი არ არის ნავთობმაგნატი ან სამრეწველო მაგნატი; სინამდვილეში მისი ცხოვრებაც და ბიზნესიც (ისევე როგორც მამამისისა) თავიდან ბოლომდე უკავშირდება უძრავი ქონების ბიზნესს;

შესაბამისად, ამ ცათამბჯენების ჩამორთმევა მისთვის ძალიან მტკივნეული დარტყმა იქნება: დარტყმა მთელს მის ცხოვრებისეულ საქმეზე;

ამერიკელებმა იციან, რომ მაგალითად Trump tower როცა შენდებოდა, დონალდი ყოველ დღე მიდიოდა, ათვალიერებდა, არქიტექტორებს ეკამათებოდა და ასე შემდეგ

ნიუ იორკი მას `სამშობლოდ` და `Love of all his life` მიაჩნია: როცა NYC მსჯელობდნენ, რა აეშენებინათ ტერორისტების მიერ დანგრეული Twin  tower ნაცვლად, დონალდი პირდაპირ ეთერში გამოვიდა და ახალი შენობის არქიტექტორს, ასევე ნიუ იორკის იმდროინდელ მერს `იდიოტები` ეძახა - მას მიაჩნდა, რომ დანგრეული  Twin  tower ნაცვლად ზუსტად ისეთივე შენობები უნდა აგებულიყო, თითქოს ტერაქტი არც ყოფილა

თუმცა ნიუ იორკის გემოვნებიანმა საზოგადოებამ ასეთი გადაწყვეტა `მოვე ტონად` ჩათვალა; რას ჰქვია `არ ყოფილა`, როცა ათასობით ადამიანი დაიღუპა?

. . . . . . . . . . . . . . . . .

 მთიანი ყარაბაღის ე.წ. `პრეზიდენტმა` ხელი მოაწერა ბრძანებულებას `მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის` ლიკვიდაციის შესახებ 2024 წლის 1 იანვრამდე.

ასე დამთავრდა სომხური სეპარატიზმის ისტორია აზერბაიჯანში, რომელიც დაიწყო 1988 წელს. უფრო ზუსტად, გამწვავდა 1988 წლიდან, თორემ უფრო ხანდაზმულია რასაკვირველია.

სომხური წარმომავლობის რუსი მილიარდერი ვარდანიანი რუს ე.წ. `მშვიდობისმყოფელებთან` ერთად, მათ ჯავშანმანქანაში დამალული ცდილობდა სომხეთში გადაპარვას. მაგრამ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარს გაზაფხულიდან აზერბაიჯანელები აკონტროლებენ. 

ვარდანიანს რატომღაც ეგონა აზერები რუსულ მანქანას ვერ გაუბედავდნენ გაჩერებას და მით უმეტეს ვერ გაუბედავდნენ დაპატიმრებას, რაკი რუსებთან ერთად მოძრაობდა.

გაუბედეს კი არა,  საშინლად ხელებგადაგრეხილი შეიყვანეს ბაქოს იზოლატორში და სისხლის სამართლის საქმე აღუძრეს `ტერორიზმის დაფინანსების` მუხლით, ანუ 20 წლიანი ან სამუდამო პატიმრობა ელის.

ამასობაში სომხები მთიან ყარაბაღს ტოვებენ. უკვე 80 ათასმა სომეხმა დატოვა ყარაბაღი ესე იგი ნახევარზე მეტმა და ეს პროცესი გრძელდება;

არ არის გამორიცხული, მთიანი ყარაბაღი, სადაც სომხები ნამდვილად    ცხოვრობდნენ ათასწლეულთა განმავლობაში, საერთოდ დაიცალოს სომხებისაგან უახლოესი დღეების და კვირების განმავლობაში.

ალიევი ამბობს, რომ 150 000 აზერბაიჯანელს დაასახლებს ყარაბაღში, თუმცა არ არის მომხრე სომხები საერთოდ წავიდნენ ოღონდ..... `ხომ არ დავაკავებთ ძალითო`.

მე (უკაცრავად) ყველაზე მეტად რაც მაშფოთებს ამ ტრაგიკულ ისტორიაში არის დასავლეთის სრული `ჩაურევლობა`  პროცესში და მისი `გამიჯნულობა` მათგან; არადა სომხებს თუ რუსეთის არა, დასავლეთის პოლიტიკური (!-თუნდაც პოლიტიკური) ჩარევის იმედი მაინც ჰქონდათ.

ჯერ ჯერობით კი...... `შეშფოთების` გარდა, არაფერი!

 . . . . . . . . . . . . . . . .

 პუტინი შეცდომას შეცდომაზე უშვებს. თანაც საკუთარი ინტერესების წინააღმდეგაც კი:

ჩეჩნებს საწამებლად გადასცეს რუსი ვინმე  გვარად ჟურაველი, რომელმაც ყურანი დაწვა......ვოლგოგრადში.

სად ვოლგოგრადი, სად ჩეჩნეთი? არადა მისი ექსტრადირება (აშკარად პუტინის ბრძანებით) მოხდა ჩეჩნეთში.

იქ ამ რუსთან შევიდა რამზან კადიროვის ლაწირაკი, 17 წლის შვილი, სცემა უმწეო მდგომარეობაში და გაავრცელა მერე ეს ვიდეო Tik-tok-ში.

ამან პუტინისტი რუსების აღშფოთებაც კი გამოიწვია: რუსი ჩეჩნებს რატომ აწამებინეთო.

როგორც ჩანს, რამზან კადიროვი და მისი შეიარაღებული ბანდები იმდენად სჭირდება კრემლის დიქტატორს, რომ ასეთ სიმდაბლეზეც კი მიდის უკვე.

 . . . . . . . . . . . . . . . . .  

კვლავ შეგვახსენა თავი (უფრო ზუსტად, პუტინს შეახსენა თავი) შეიარაღებულმა ფორმირებამ «Свобода России»,  რომელიც უკრაინის მხარეს მებრძოლი ეთნიკური რუსებისგან და რუსეთის მოქალაქეებისგან შედგება: გუშინ მორიგი წარმატებული შეტევა განახორციელეს რუსეთის ბელგოროდის მხარეში და შემდეგ უკან დაბრუნდნენ უკრაინის ტერიტორიაზე;

ასეთი `ჩხვლეტები` თითქოს სამხედრო თვალსაზრისით ბევრს არაფერს წყვეტს, თუმცა აქ არის ორი არსებითი მომენტი

 

ა) `თავისუფალი რუსეთის` დივერსიული აქტები აიძულებს რუსეთს მნიშვნელოვანი ძალები დააკავოს უკრაინა-რუსეთის საზღვარზე და ანერვიულებს რუსეთის ხელისუფლებას; ასევე იწვევს ნევროზულობას რუსულ საზოგადოებაში, რადგან ეს არ დაიმალება სოციალური ქსელების ეპოქაში:

ტელევიზიამ (რაც პუტინმა `ტვინის სამრეცხაოდ` გადააქცია) რომც მიჩქმალოს, მაინც მოვლენად იქცევა სოციალური ქსელების მეშვეობით;

სხვათა შორის ჩვენში ხშირად ამბობენ, რომ სოციალურ ქსელებს არ აქვთ ის გავლენა რაც ტელევიზიას; დიახ ასეა; ოღონდ `ასეა` მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა არსებობენ ოპოზიციური ტელეარხები; ხოლო იმ ქვეყანაში და რეჟიმებში, სადაც ოპოზიციური ტელეარხები არ არსებობენ ან თითქმის არ არსებობენ, სოციალურ ქსელებს რეალურად დიდი გავლენა აქვთ. მაგალითად რუსეთი, ირანი.....

 

) `თავისუფალი რუსეთის` დაჯგუფების მეშვეობით უკრაინა უგზავნის `მესიჯს` დასავლეთს, რომ რამდენჯერაც არ უნდა გააფრთხილონ `ნუ გადაიტანთ ომს რუსეთის ტერიტორიაზე თორემ......` უკრაინას დიახაც აქვს ამის რესურსი, თუნდაც ეთნიკური რუსების გამოყენებით;

და თუ გაუჭირდა, ამ რესურსს უფრო აქტიურად გამოიყენებს