რუსეთის სული დღეს ჩეჩნებს უჭირავთ ხელში

რუსეთის სული დღეს ჩეჩნებს უჭირავთ ხელში

რამდენი უფროსი ჰყავს პუტინს?

        ბორის ელცინის სენსაციურმა განცხადებამ გადადგომის შესახებ მსოფლიო შოკში ჩააგდო. ხელისუფლების ლაქია ზოგიერთი რუსი ჟურნალისტი აცხადებს, რომ თურმე «რუსეთმა მაგალითი მისცა მსოფლიოს, ხელისუფლების ცივილური ცვლისა». თითქოს «დანარჩენ მსოფლიოს» ამ მაგალითისა არაფერი გაეგებოდეს. არადა, ეს თუ «ცივილური მეთოდია» - «არაცივილური» ხომ წარმოგიდგენიათ რაღა იქნება?
        თუ გაგიგიათ რომელიმე დიდ სახელმწიფოში (ცივილურობის პრეტენზიის მქონე ქვეყანაში) პრეზიდენტი მორიგ არჩევნებამდე 6 თვით ადრე გაადგეს პოსტიდან და წინასწარ «მემკვიდრეც» დანიშნოს? ახლა ამბობენ «ავად იყოო» - სწორედ ამაშია საქმე: ჭეშმარიტად დემოკრატიულ ქვეყანაში ავადმყოფსა და დავრდომილს არავინ აირჩევს პრეზიდენტად.
        მით უმეტეს, არავინ მისცემს უფლებას, «მემკვიდრე» დანიშნოს და მისი რეიტინგის ასამაღლებლად სისხლისმღვრელი ომი გააჩაღოს. თუმცა, ელცინის გადადგომის ერთადერთი მიზეზი ავადმყოფობა არ ყოფილა.
        საბჭოთა კავშირის პირველმა და უკანასკნელმა პრეზიდენტმა, მიხეილ გორბაჩოვმა განაცხადა კიდეც ნტვ-სთვის მიცემულ ინტერვიუში, რომ ელცინის მოსალოდნელი გადადგომის შესახებ ხმებმა «გორბაჩოვ-ფონდამდე» ჯერ კიდევ 27-28 დეკემბერს მიაღწია. «უგოვორილი» - დაცინვით გამოსცრა «სსრკ»-ს ექსპრეზიდენტმა.
        რასაკვირველია, მას მთელი ამ წლების განმავლობაში ელცინის ბოღმა ახრჩობდა, რომელმაც იგი 1991 წლის 21 დეკემბერს კრემლიდან გამოაპანღურა. ეს მოვლენა ქართული საზოგადოების ყურადღების მიღმა დარჩა, ვინაიდან იმ დღეს რუსთაველის გამზირზე ომი მძვინვარებდა და ტელევიზია გათიშული იყო.
        ასეა თუ ისე, ბორის ელცინი გადადგა და ამ დემარშის მთავარი მიზეზი ისევ და ისევ რუსეთში შექმნილი პოლიტიკური ვითარება გახდა.
        საქმე ის გახლავთ, რომ მორიგი არჩევნები 2000 წლის ივნისში უნდა გამართულიყო. აშკარაა, რომ იმ თარიღამდე პუტინის რეიტინგს შეიძლებოდა ვერც მიეღწია, ვინაიდან მისი რეიტინგის მთავარი კატალიზატორი – ჩეჩნეთის კამპანია, - უსაშველოდ გაჭიანურდა და უკვე მეტისმეტად დიდი მსხვერპლი მოჰყვა: «დიდი მსხვერპლი», რასაკვირველია რუსების მხრიდან, თორემ ჩეჩნებს ვინ თვლის იმ «ჰუმანისტურ რუსულ საზოგადოებაში», რომელიც 1988-90 წლებში «მცირერიცხოვანი ოსი, აფხაზი და «თურქი-მესხი»(?) ხალხის უბედურებით გულდათუთქული საქართველოს «მცირეიმპერიულ შოვინიზმში» ადანაშაულებდა.
        რაც უფრო დიდხანს გაჭიანურდება ჩეჩნეთის ომი, მით უფრო გაძლიერდება და გაიზრდება უკმაყოფილება პუტინის მიმართ, ვინაიდან იგი ხალხს დაჰპირდა, რომ ამ ომს «სამიოდე თვეში» დაამთავრებდა და «ჩეჩენ სეპარატისტებს» ამოწყვეტდა.
        თანამედროვე რუსული სინამდვილე კი ცხადყოფს, რომ რუსი ერის აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერს ჩეჩენი ერის ამოწყვეტას. ამ ფაქტს ადასტურებს ყველა გამოკითხვა. მიუხედავად ამისა, ჩეჩნეთის დაშინება და ჩეჩენი ხალხის გაჟლეტა არც ისე ადვილი აღმოჩნდა, როგორც გაიძვერა ბერეზოვსკის, აბრამოვიჩს, ვოლოშინს და მთელს იმ ხროვას ეგონა (მათი «რძლის» - ტატიანა დიაჩენკოს ჩათვლით) ვინც ჯერ ხატაბისა და რადუევის ექსტრემისტები შეიტყუა ჩეჩნეთიდან – დაღესტანში (მათი აბსოლუტური უმრავლესობა დაღესტნელი იყო), შემდეგ მოსკოვსა და ვოლგოდონსკში თვითონ ააფეთქა სახლები (რიაზანშიც აფეთქდნენ, მაგრამ როდესაც ადგილობრივმა პოლიციამ «ხელი ჩაევლო» - «სწავლებად და მანევრებად» გამოაცხადეს, არადა «სწავლებისას» რა საჭიროა ნამდვილიო ჰექსოგენის გამოყენება – ავტ.) და ჩეჩნეთში ომი გააჩაღა, რათა რუსულ-შოვინისტურ ტალღაზე პუტინის «გაპრეზიდენტება» უზრუნველეყო;
        დაუძლურებულ, ლოთობით საბოლოოდ გამოთაყვანებულ ბორის ელცინს არავინ არაფერს ეკითხებოდა. საკითხებს წყვეტდა მისი «ოჯახი» ანუ იგივე ბერეზოვსკი, აბრამოვიჩი, ვოლოშინი, ჩუბაისი, დიაჩენკო და ა.შ.
        როდესაც «ოჯახი» დარწმუნდა, რომ ივნისამდე პუტინის რეიტინგი ვეღარ «მიაწევდა», კატეგორიულად მოსთხოვა ელცინს გადადგომა, რათა საპრეზიდენტო არჩევნები მარტის ბოლოს ჩატარებულიყო.
        ელცინს არ უნდოდა, ტიროდა, იხვეწებოდა, მაგრამ «უგოვორილი» - ანუ ერთი-ორი დღე (ავადმყოფობის საბაბით) არაყი დაუმალეს და ისიც «გატყდა» - მას ხომ სხვა უკვე აღარაფერი აინტერესებს.
        ძალაუნებურად შეგეცოდება რუსეთი - ეს მართლაც დიდი კულტურისა და ისტორიის ქვეყანა, რომელიც ისტორიის მიწურულს ბერეზოვსკის, აბრამოვიჩის და სხვა გაიძვერათა ხელში აღმოჩნდა.
        პუტინი, რასაკვირველია, მათი მონაა. თუ მიაქციეთ ყურადღება, პირველივე გამოსვლაში მან «საკუთრების ხელშეუხებლობას» გაუსვა ხაზი, როგორც «ცივილური საზოგადოების» უმთავრეს ნიშან - თვისებას.
        ბერეზოვსკისა და აბრამოვიჩს სწორედ მათი საკუთრების ხელშეუხებლობა აღელვებთ ანუ იმ ქონებისა, რაც ჯერ კიდევ «პერესტროიკის» ეპოქაში მოიპოვეს ქრთამითა და ძარცვა-გლეჯით.
        ისინი ფლობენ უზარმაზარ მედია-იმპერიებს და რუსი ხალხი ისეთ მდგომარეობამდე მიიყვანეს, როდესაც, ფაქტობრივად გააკეთებინებენ (აარჩევინებენ) ყველაფერს, რაც სურთ.
        ბერეზოვსკის მედია-იმპერიის ამოქმედებამდე ევგენი პრიმაკოვის რეიტინგი 60(!) პროცენტი იყო, პუტინის კი 20 (!) პროცენტი. დღეს პუტინის რეიტინგმა 50 პროცენტს გადააჭარბა, პრიმაკოვისა კი თითქმის ნოლზე დავიდა.
        რუსებს კვლავ სჯერათ იმისა, რასაც ტელევიზიით გადმოსცემენ. თუმცა, «მცირე მედია იმპერია», ანუ გუსინსკის ნტვ ყოველნაირად ცდილობდა და ცდილობს, ეს გეგმები ჩაშალოს.
        მთავარი კატალიზატორი ისევ და ისევ ჩეჩნეთია. შეიძლება ითქვას, ჩეჩნებს დღეს რუსეთის «სული ხელში უჭირავთ». თუ არ ამოწყდებიან და ბრძოლის გაგრძელებას შესძლებენ, პუტინს ძალიან გაუჭირდება და «ხელდამსმელთა» ბრძანების შესრულებას ვერ შეძლებს.
        ძნელი გასათვლელი არ არის, რომ ჩეჩნები ამ ერთადერთ კოზირს აქტიურად გამოიყენებენ. ისინი ყოველნაირად შეეცდებიან, გააჭიანურონ ომი სადღაც თებერვლის ბოლომდე. შემდეგ კი ერთბაშად გადავიდნენ მძლავრ კონტრშეტევაზე – ნებისმიერ შემთხვევაში ეს დასცემს პუტინის რეიტინგს.
        პუტინი რა თქმა უნდა, ვეღარ შესძლებს «ხასავიურტის» განმეორებას ანუ კაპიტულაციაზე ხელის მოწერას, ამოქმედდება დასავლეთის ბოიკოტიც – ერთი სიტყვით, რუსეთი «უკანასკნელი» სამოქალაქო ომის მიჯნაზე დგას.

7 დღე, 10 იანვარი, 2000 წელი