საერთაშორისო მიმოხილვა. 28 ოქტომბერი. 2022 წელი
გენიალური ამერიკელი ინდუსტრიული ნოვატორი და მაღალტექნოლოგიური სამყაროს კანონმდებელი ილონ მასკი PR-ის და პოლიტტექნოლოგიების სფეროშიც ძალიან დახვეწილი და ნიჭიერი აღმოჩნდა.
დღეს (პარასკევს), თბილისის დროით სისხამ დილით კალიფორნიიდან გავრცელდა ცნობა, რომ მან მაინც იყიდა სოციალური ქსელი `Twitter` და deal `დახურა` სულ რამდენიმე დღით ადრე კონგრესის უმნიშვნელოვანეს შუალედურ არჩევნებამდე.
ადრე თვითონ ილონ მასკი ქმნიდა ისეთ შთაბეჭდილებას, თითქოს გადაიფიქრა ამ უდიდესი სოციალური ქსელის შეძენა (ამერიკაში, საქართველოსგან განსხვავებით Twitter ბევრად მნიშვნელოვანია პოლიტიკურ სივრცეში `მესიჯების` გავრცელების მხრივ ვიდრე Facebook) მაგრამ ბოლო მომენტში შეიძინა და ამით კიდევ უფრო `ააფეთქა` ინტერესი ამ გარიგებისა და თვით სოციალური ქსელისადმი.
თუ ახლა ილონ მასკი სრულყოფილად დააბრუნებს Twitter-ზე დონალდ ტრამპს (აშშ ყოფილი პრეზიდენტი წინა მფლობელმა გააძევა სკანდალური განცხადებებისა და კონგრესის შენობაზე შტურმის გამო) ამით როგორც პირადად ტრამპს, ასევე რესპუბლიკელებს მეტი შანსი ექნებათ მოიგონ პირველ რიგში სენატი, შემდეგ, როგორც ადრე მოგახსენეთ, შექმნან უმრავლესობა სენატში (ახლა 1 ხმა აკლიათ) მაშინვე ჩამოაყალიბონ საგამოძიებო კომისიები ბაიდენისა და მისი შვილის კორუფციული საქმიანობის შესახებ უკრაინაში(!), ამით `გააშავონ` დემოკარტები, თვით პრეზიდენტი ბაიდენიც, მისი ოჯახი და მოიგონ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებიც.
ჯერ ჯერობით დონალდ ტრამპი ლიდერობს ყველა გამოკითხვით `რესპუბლიკელ` კანდიდატებს შორის და მაღალი ალბათობით ის მოიგებს პრაიმერიზს პარტიაში.
ილონ მასკის ინტერესი, აქ, რაოდენ ტრივიალურიც არ უნდა იყოს, ისაა, რომ რესპუბლიკელები, დემოკრატებისგან განსხვავებით, მისი გათვლით უფრო დაუჭერენ მხარს მის გეგმებს მარსზე ექსპედიციის გაგზავნის შესახებ, რაზეც ეს გენიოსი ბევრად უფრო ვნებიანად ოცნებობს, ვიდრე მისი ისედაც მრავალიმილიარდიანი ქონების გაზრდაზე.
ილონ მასკი იმ ადამიანთა რიცხვს განეკუთვნება, ვისთვისაც ფული მართლა არ არის მთავარი ცხოვრებაში.
ამერიკულმა ცივილიზაციამ შვა ასეთი ადამიანი. რუსულმა ცივილიზაციამ და მახინჯმა `რუსულმა კაპიტალიზმმა` კი შვა მხოლოდ აბრამოვიჩები, დერიპასკები და სხვა ნავთობსპეკულანტები თუ ლითონსპეკულანტები.
გარიგების ფასი კვლავინდებურად 44 მილიარდი დოლარია. არც ერთი ცენტით მეტი და არც ერთი ცენტით ნაკლები. ეს ფასი თავიდანვე გამოცხადდა, რაც ნამდვილად ადასტურებს, რომ მასკის მიზანი უფრო პრომოუშენი იყო ამ შემთხვევაში (ანუ ბოლო წამს ინტერესის აფეთქება) ვიდრე ფასის დაკლება და ვაჭრობა.
პირველი, რაც მასკმა გააკეთა: Twitter-დან დაითხოვა ოთხი CEO (ანუ ტოპ-მენეჯერი), რომლებიც განსაზღვრავდნენ კომპანიის პოლიტიკას. მათ შორის გენერალური დირექტორი, საფინანსო დირექტორი და იურიდიული დირექტორი; ასევე კომპანიის მთავარი იურისტ-კონსულტანტი. ეს ადასტურებს, რომ მასკი აპირებს მთლიანად შეცვალოს Twitter-ის პოლიტიკა.
სენსაცია იყო ისიც, თუ რა ფორმით დაითხოვა მასკმა ეს სამი CEO: უბრძანა კომპანიის უსაფრთხოების სამსახურს, დაუყოვნებლივ დაებლოკათ მათი კორპორატიული მობილურები, დაებლოკათ მათი კორპორატიული მეილები, გაეუქმებინათ ელექტრონული საშვი და პირდაპირ, დაუყოვნებლივ გაეძევებინათ Twitter-ის სათავო ოფისიდან.
რაც რასაკვირველია არ ნიშნავს, რომ ამ ტოპ-მენეჯერებმა არ მიიღეს კომპანიის `ფინანსური პარაშუტი` ანუ მრავალმილიონიანი კომპენსაცია.
ფინანსური `პარაშუტი` სამსახურიდან დათხოვნისას და ჯანმრთელობის `პლატინის` დაზღვევის ცხოვრების ბოლომდე შენარჩუნება არის ამერიკის დაუწერელი კანონი, - მორალური ვალდებულება, რასაც ვერც ერთი მფლობელი ვერ დაარღვევს, რადგან ეს, ქართულად თუ ვიტყვით `არაკაცურ` საქციელად ჩაითვლება ამერიკის მაღალ ბიზნეს-წრეებში და ამ ვალდებულებას ვერც მასკი აუვლიდა გვერდს.
ამასთან დაკაშირებით მასკმა მხოლოდ ის თქვა, რომ ყოფილი ტოპმენეჯერები `არასწორ მოდერაციას` ახორციელებდნენ, ოღონდ ეს კორპორატიული პოლიტიკაა და არა კრიმინალი ან კომპანიის დაზიანება ტოპ-მენეჯერების მხრიდან.
ეს ეპიზოდი ამერიკის შიდა პოლიტიკიდან რეალურად იმას მეტყველებს, თუ რა მძვინვარე საარჩევნო ციკლი გველის მთელს მსოფლიოს დაწყებული 8 ნოემბრის კონგრესის (პირველ რიგში სენატის) არჩევნებიდან, დასრულებული 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებით.
საპრეზიდენტო არჩევნებიც, ისევე როგორც ნებისმიერი საერთონაციონალური არჩევნები ამერიკაში, გაიმართება ნოემბრის პირველი ორშაბათის მომდევნო სამშაბათს. ამას მოითხოვს ამერიკის კონსტიტუცია და კანონი.
2022 წლის 8 ნოემბერი არის `ნოემბრის პირველი ორშაბათის მომდევნო სამშაბათი`. ხოლო 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება 5 ნოემბერს, რადგან ის იქნება `ნოემბრის პირველი ორშაბათის მომდევნო სამშაბათი`
საქმეც ისაა, რომ ამერიკის ნებისმიერი `შიდა პოლიტიკა` იმავე დროს გლობალური პოლიტიკაცაა. ანუ ჩვენ უნდა გვაინტერესებდეს, რაკი დიდწილად ამაზეა დამოკიდებული ჩვენი და უკრაინის ბედი.
ამ კონტექსტშივე მივაქციოთ ყურადღება ძალიან მზაკვრულ მესიჯებს, რომლებიც პრეზიდენტმა პუტინმა გააჟღერა გუშინ სიტყვით გამოსვლისას.
კრემლის ბინადარმა თქვა: რუსეთი ებრძვის არა დასავლეთს, არამედ ამჟამინდელ დასავლურ ელიტებსო.
ეს მესიჯი დასვლური ელიტების ოპოზიციური ნაწილისთვის (მათ შორის ტრამპისთვის) გაჟღერდა, რათა ისინი დაუპირისპირდნენ დღევანდელ ხელისუფლებებს, რომლებიც ყოველნაირად ეხმარებიან უკრაინას; აგრეთვე იმ მიზნით, რომ ამ ალტერნატიულმა ელიტებმა ეს თემა აქციონ მოქმედ ხელისუფლებებთან ბრძოლის მთავარ თეზისად, ისარგებლონ დასავლურ საზოგადოებათა გადაღლილობით, ასევე ბირთვული ომის შიშით და შეცვალონ პოლიტიკა უკრაინის მიმართ ანუ აიძულონ ზელენსკი თუნდაც არა მხოლოდ და არა იმდენად კაპიტულაციას მოაწეროს ხელი, არამედ (დღევანდელ პირობებში უკვე) შეარჩინოს პუტინს ის ტერიტორიები (მაინც) რაც უკვე დაიპყრო. ანუ დონბასი და ყირიმზე სახმელეთო გასასვლელი.
პუტინმა რუსი `პრავასლავნების` საყვარელი თეზისებიც განავრცო, რომ თურმე არის `ორი დასავლეთი` (აი ჩვენ რომ ოდესღაც ვლაპარაკობდით `ორ რუსეთზე`) - ერთია ქრისტიანული, კონსერვატიული, ოჯახური ღირებულებების მცველი, ხოლო მეორე დასავლეთი არის აგრესიული, რუსეთისადმი მტრული, ნეოკოლონიური, `ნეოლიბერალური` რომელიც ცდილობს ოჯახის ინსტიტუტის დანგრევას, ცდილობს LGBTQ+ დაკანონებას და ასე შემდეგ და ასე შემდეგ - რუსეთის პატრიარქ კირილეს `მესიჯბოქსი`: `გეიაღლუმებიო`, `ათეულობით გენდერიო`.......და სხვა ამგვარი.
ეს პრიმიტიული პროპაგანდა, რა თქმა უნდა, სერიოზულ ხალხს დასავლეთში სასაცილოდ არ ჰყოფნის, თუმცა იგი `ჯდება` ამერიკელ და ევროპელ კონსერვატორთა `მარტივი ამომრჩევლის` იმ `ტრენდზე`, რომელიც ბოლო დროს გამჟღავნდა ევროპაში, სადაც მძლავრობენ მემარჯვენე და რადიკალურად მემერჯვენე ძალები.
ეს ძალები სულაც არ არიან პუტინის მეგობრები, დონალდ ტრამპი სულაც არ არის და არც იქნება პუტინის მეგობარი, თუმცა კრემლის ცბიერი მეპატრონე ამით ცდილობს ღირებულებითი განხეთქილება გააძლიეროს დასაველთში.
და გამოიყენოს ამ მიზნით ისეთი გლობალური კატაკლიზმი, როგორიცაა ევროპაში ყველაზე დიდი და სახიფათო ომი მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ.
იმავე სფიჩში პუტინმა თქვა: `არანაირი აუცილებლობა არა გვაქვს ბირთვული იარაღი გამოვიყენოთო`; თუმცა მისი აღარავის სჯერა. იმიტომ, რომ უკრაინაში შეჭრამდე 2 დღით ადრე (!!!) პუტინი ამბობდა: `არანაირი საჭიროება და გეგმები არა გვაქვს უკრაინის წინააღმდეგ ომი დავიწყოთო`.
აშშ თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა გუშინ ამის პასუხად კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ თუ რუსეთი გამოიყენებს ბირთვულ იარაღს, `მიიღებს ძალიან მნიშვნელოვან საერთაშორისო პასუხს`. მას უდავოდ მხედველობაში ჰქონდა NATO-ს ანუ ამერიკისა და მისი მოკავშირეების რეაქცია.
აქვე ერთი ზოგადი მოსაზრება: რატომ არ არის თანამედროვე რუსეთი ზესახელმწიფო იმის მიუხედავად, რომ (ბოდიში ჟარგონისთვის) სულ `იქაჩება და იბრიქება`, რათა ამერიკის ტოლფას ზესახელმწიფოდ ჩათვალონ? იმიტომ, რომ ნამდვილი ზესახელმწიფო ისაა, ვისაც ჰყავს მოკავშირეები და `ხელისშემშველებლები` რთული საერთაშორისო გამოწვევებისას და მოქმედებისას მსოფლიოს ნებისმიერ რეგიონში.
1990 წელს, როცა ამერიკამ სადამ ჰუსეინის ერაყს დაარტყა ქუვეიტის გასანთავისუფელბაად, მის კოალიციაში 50 სახელმწიფო შედიოდა. სამხედრო თვალსაზრისით ამერიკას ეს სულაც არ სჭირდებოდა, მაგრამ მაინც.
1999 წელს, როცა ამერიკამ მილოშევიჩის იუგოსლავაის დაარტყა, სინამდვილეში ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსთან ერთად იმ ოპერაციაში კიდევ უამრავი სახელმწიფო მონაწილეობდა. ასევე 2003 წლის დარტყმისას მეორე ერაყის ომის დროს
რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ რა კოალიცია ჰყავს? ან/და 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ ომის დროს რა კოალიცია ჰყავდა, ვინ უჭერდა მხარს?
დღეს ყაზახეთი და სომხეთიც კი არ უჭერენ მხარს. ერთადერთია კომიკური ლუკაშენკოს ბელორუსი, და ისიც სამხედრო მხრივ არ მონაწილეობს უშუალოდ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიაში.
აქედან გამომდინარე, ზბიგნევ ბჟეზინსკის ცნობილ თეორიას, რომ ზესახელმწიფოებრიობას მხოლოდ 3 ნიშან-თვისება აქვს (სამხედრო ძლევამოსილება, ეკონომიკური და ტექნოლოგიური ინოვაციურობა, კულტურული მიმზიდველობა) ალბათ მოვიდა დრო დაემატოს მეოთხე: რთული საგარეო გამოწვევებისა და აქციებისას უშუალოდ სამხედრო ძალით მონაწილე დიდი კოალიციის შეკვრის უნარი.
ასეთია ამერიკისთვის NATO. ამიტომაც ხშირად იყენებენ ამერიკელები ევფემიზმს Allies ანუ მოკავშირეები.
ჩემი აზრით (მით უმეტეს დღეს), ხსენებული მეოთხე ნიშანი უკვე არანაკლებ მნიშვნელოვანია ზესახელმწიფოებრიობის განსაზღვრისთვის, ვიდრე დიდი ზბიგნევ ბჟეზინსკის ჩამოყალიბებული `ტრიადა`.