საერთაშორისო მიმოხილვა. 30 იანვარი 2022 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 30 იანვარი 2022 წელი

აფხაზეთის ხელისუფლებამ 2 მილიონი რუბლი (დაახლოებით 27 000 დოლარი) კომპენსაცია გადაუხადა ორ რუს ტურისტს, რომლებიც ბიჭვინთის პანსიონატში შარშან დაჭრეს აფხაზმა ბანდიტებმა.

ერთ-ერთი ბანდიტი მივიდა ტურისტებთან და მათი ოჯახის წევრებს დაუწყო თავხედობა. მამაკაცებმა რა თქმა უნდა ეს შეურაცხყოფად მიიღეს, ატყდა შეხლა-შემოხლა და იმ ბანდიტმა ფეხებში დაჭრა რუსი ტურისტები. როგორც სჩანს ამ ამბავმა მოსკოვში ისეთი გაბრაზება გამოიწვია, სოხუმს ფინანსური დახმარების შეწყვეტით დაემუქრენ, რაც არა $27 000 არამედ ათეულობით მილიონი დოლარია.

ამავე დროს, სოხუმში რუსეთის საელჩომ შეწყვიტა აფხაზების მიღება და/ანუ მათთვის განახლებული რუსული პასპორტების გაცემა. აქ უნდა დავაზუსტოთ: 2 000 წლიდან რუსეთი აფხაზებს აძლევს შიდა რუსულ პასპორტებს. განსხვავებით საქართველოსგან, სადაც გვაქვს პასპორტი და პირადობის მოწმობა, რუსეთში ორი პასპორტი აქვთ: შიდა პასპორტი და საზღვარგარეთის პასპორტი. იმ პასპორტებით, რასაც მათ რუსეთი აძლევდა, მხოლოდ რუსეთის ტერიტორიაზე შეეძლოთ გადაადგილება, მაგრამ არა ევროპაში. ახლა მოსკოვმა ამ პასპორტების განახლებაც შეზღუდა. მათ ვადა 5 წელი აქვთ და არა 10 წელი, როგორც ჩვენთან

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

სოხუმში ჩატარდა ე.წ. `აფხაზეთის ხალხთა კონგრესი`, რომელზეც აფხაზეთის ე.წ. `პარლამენტის დეპუტატებმა` განაცხადეს, რომ გალის რაიონში, ანუ სამურზაყანოში მცხოვრებ ქართველებს აფხაზეთის პასპორტები უნდა მივცეთო.

ეს მრავალწლიანი თემაა აფხაზეთში: მოვა ახალი ხელისუფლება, ჩამოართმევს გალელ ქართველებს პასპორტებს, მერე მოვა სხვა ხელისუფლება, დაიწყებს ლაპარაკს, რომ თურმე გალის ქართველი ახალგაზრდობა უპასპორტობის გამო ქართველდება(?),   საქართველოში მიდის, საქართველოს სამხედრო სასწავლებლებში სწავლობს, ჯარის ოფიცრები ხდებიან და ვაითუ მერე აქეთ მოგვიბრუნდნენ იარაღითო.

გალის ქართველების ასიმილაცია, გვარების გადაკეთება და გააფხაზება სეპარატისტებმა დღემდე ვერ შეძლეს.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

დასავლეთი, როგორც იქნა,  აქტიურად აიარაღებს  უკრაინას.

დღეში რამდენიმე უზარმაზარი სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი იტვირთება და იგზავნება ამერიკიდან და ინგლისიდან.......სულ უახლესი, საუკეთესო იარაღით, რაც უკრაინას არასდროს ჰქონია.

მათ შორისაა `კონტრ-ზალპური ცეცხლის დანადგარები`. დიდი ხანია კიევი იხვეწებოდა, მაგრამ არ აძლევდნენ. ახლა მისცეს.

ეს იარაღი უკრაინისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. იმაზე მნიშვნელოვანიც კი, ვიდრე ტანკსაწინააღდმეგო `ჯაველინები`

2014 წელს რუსეთის არმიამ აქტიურად გამოიყენა ზალპური ცეცხლის დანადგარები - მეორე მსოფლიო ომის დროინდელი `კატიუშას` შოოოოოოორეული შვილთა-შვილთა-შვილები.

სწორედ მათი გამოყენებით მოიგო მაშინ მოსკოვმა ომის ის ეტაპი: მიაყენებდნენ ათეულობით РСЗО-ს `Град`, `Смерчь`, `Ураган` უკრაინის საზღვრებს და კოსმიური ლოკალიზაციის მონაცემებით ბომბავდნენ უკრაინულ არმიას დებალცევოს თუ ილოვაისკის ალყებში.

`კონტრ-ზალპური სისტემები` იმისთვისაა, რომ მათი ჭურვები რუსული რეაქტიული ჭურვების `კვალს` გაჰყვება უკან და სანამ ბოლო ჭურვს გამოისვრიან, სანამ ადგილმდებარეობას შეიცვლიან, იქაურობას გაანადგურებს.

ამ ვითარებაში თუ ახლა პუტინმა ომი არ დაიწყო, მისი დამარცხება და კრახი ყველასთვის ცხადი გახდება. მათ შორის რუსებისთვის.

იმიტომ, რომ უკრაინა დღეს რომ არის შეიარაღებული და ძლიერი, ასეთი არასდროს ყოფილა და მაშინ ეს `დაიდება` მთელი მისი `ულტიმატუმის` შედეგად - უკრაინის უპრეცედენტოდ გაძლიერება. მაშასადამე ისტორიულად კომიკურ ფიგურადაც კი იქცევა პუტინი.

ანუ ომის ალბათობა ნამდვილად მაღალია. პუტინი საკუთარ ისტორიულ როლზე ძრწის, ოღონდ.......ამ როლზე უფრო მნიშვნელოვანი ისტორიული ფიგურებიც ძრწოდნენ, თუმცა ხელი მოეცარათ.

აშკარად ყოყმანი დაეტყო პუტინს - ეს უკვე თვალსაჩინოა.

უახლოესი დღეების ინტრიგაა, შედგება თუ არა შეთანხმება Minsk-3 უკვე არა მხოლოდ გერმანია-საფრანგეთის, არამედ აშშ მონაწილეობით.

პუტინი და ლავროვი ცდილობენ მიაღწიონ დიდი ხნის ჩანაფიქრს: მათი საბოლოო მიზანი დონბასის უკრაინისგან მოგლეჯა კი არ იყო (განსხვავებით ყირიმისაგან), არამედ დონბასის განსაკუთრებული სტატუსი და უკრაინის ფედერალიზაცია ისე, რომ დონბასს ჰქონოდა `ვეტო`-ს უფლება უკრაინის შესვლაზე NATO-ში.

კიევი Minsk-1 და Minsk-2-ით იმაზეა თანახმა მხოლოდ, რომ დონბასში თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდეს, ოღონდ....... მხოლოდ მას შემდეგ, რაც რუსული ფორმირებები დონბასიდან გავლენ ან დაიშლებიან, საზღვარს უკრაინული არმია გააკონტროლებს ხოლო დონბასში ეუთოს დამკვირვებლები შევლენ.

პუტინი და ლავროვი ამის წინააღმდეგნი არიან და ყველაზე საინტერესო სწორედ ამ წინააღმდეგობის მიზეზია: მათ ძალიან კარგად იციან, რომ თუ დონბასში არჩევნები იმ სიტუაციაში ჩატარდება, რასაც უკრაინა მოითხოვს, მაშინ ადგილობრივი მოსახლეობა `პუტინის პრორუსულ ძალებს` სულაც აღარ მისცემს ხმას, რაკი ძაააალიან გაბრაზებული იქნება: `ამდენი წელი გვაწვალა, დაგვპირდა რუსეთში შევიდოდით ყირიმივით, ახლა კი მიგვატოვაო`.

ერთი სიტყვით, თუ `Minsk-3` ისე არ `დალაგდა`, როგორც პუტინს უნდა, ომის ალბათობა 90%-მდე გაიზრდება.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

საოცარი რამ ხდება: რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ `კეთილი ნების ჟესტის` (თურმე) სახით, რუსეთმა გადადო დიდი სამხედრო-საზღვაო წვრთნები, რაც რუსეთის ბალტიის ფლოტს უნდა ჩაეტარებინა ირლანდიის სანაპიროსთან. ოღონდ ნეიტრალურ წყლებში.

ირლანდიის მთავრობა შეეხვეწა: `მანდ ირლანდიური თევზმჭერი გემები არიან და ნუ დააწიოკებთ, ეგება წვრთნები გადადოთო`.

ჰოდა `თურმე მოსკოვმა `კეთილი ნება` გამოიჩინა და გადადო `გაურკვეველი` ვადით. უფრო ზუსტად, გარკვეულია რა ვადით გადადო ეს წვრთნები: თუ დასავლეთი აქტიურად დაეხმარება უკრაინას ომში, წვრთნები განახლდება.

ზოგადად, ახლა მოსკოვი ისე გეგმავს თავის აგრესიას, რომ დასავლეთში, მათ შორის,  საზოგადოებრივი აზრი კრემლის ქმედებებს აღიქვამდეს (ვითომ) პასუხად უკრაინის დახმარებისთვის.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

გერმანელი ქრისტიან-დემოკრატების (ანუ მმართველი პარტიის) ლიდერმა ფრიდრიხ მერცმა გუშინ განაცხადა, რომ თუ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის პასუხად ევროპა რუსეთს გაუთიშავს საბანკო გადარიცხვათა სისტემა SWIFT-ს, მაშინ ეს სისტემა განადგურდება და ევროპა, თურმე........იძულებული გახდება ჩინურ საბანკო გადარიცხვათა სისტემაზე გადავიდესო.

როგორც იტყვიან.......`რას მოესწრო ევროპა!`-  თურმე ჩინეთის სატრანზაქციო სისტემის გარდა, ევროპას სხვა ალტერნატივა აღარ დარჩა.

თუმცა ეს რა თქმა უნდა ასე არ არის, მაგრამ გერმანიის მმართველი პარტიის  განწყობა თვალსაჩინოა.

და ისიც ცხადია, რომ ჩინეთი, მისი საკომუნიკაციო შესაძლებლობები, მისი ტექნოლოგიები და გავლენა ყველა სფეროში ყოველწლიურად იზრდება.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

დასავლეთში ვრცელდება საფუძვლიანი ინფორმაცია, რომ უკრაინა ემზადება ტერიტორიული თავდაცვისთვის, თან ყველაზე უარესი სცენარისთვისაც კი, რაც შეიძლება მოხდეს, ანუ კიევის დაპყრობისთვის.

შესაბამისად, დასავლეთ უკრაინაში, ლვოვის მიდამოებში ეწყობა `საევაკუაციო ცენტრი`, სადაც ოკუპაციის პერიოდისთვის გადავა პრეზიდენტი, მთავრობა, უმაღლესი რადა.......იქ გადააქვთ მნიშვნელოვანი დოკუმენტაცია და ა.შ.

აქ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გამოჟონილი ინფორმაციით, პოლონეთსა და უკრაინის ხელისუფლებას შორის არსებობს საიდუმლო შეთანხმება: თუ პუტინი შემოიჭრება უკრაინაში და კიევამდე მივა, მაშინ პოლონეთი შეიყვანს ჯარებს დასავლეთ უკრაინაში, ლვოვის ოლქში მთლიანად.

სულ რომ სხვამ არავინ შეიყვანოს იქ ჯარები, სულ რამ ჩაურევლობა არჩიოს საბოლოოდ NATO-მ და ამერიკამ, გერმანიამ და ინგლისმა, პოლონეთი აუცილებლად შეიყვანს ლვოვის ოლქში ჯარს თუ პუტინი კიევს  აიღებს.

ეს ტერიტორია პოლონეთსა და რუსეთს შორის XVII საუკუნიდან სადავოა.

ლვოვი სტალინმა გადასცა უკრაინას, სამაგიეროდ პოლონეთს გადასცა გერმანიის ყოფილი ტერიტორიები მათ შორის დანციგი და კიონოგსბერგის ნაწილი.

პოლონეთის ფაქტორი მომავალ ოლქში ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. აღმოსავლეთ უკრაინაში პოლონეთი `ვოისკო პოლსკოგო`-ს არ გააგზავნის, მაგრამ ლვოვს დაიბრუნებს ასე თუ ისე.

საეჭვოა პუტინი ლვოვამდე მივიდეს, რადგან იქ მკაფიო უკრაინული ანტირუსული იდენტობის ხალხი ცხოვრობს და ფანატიკური პარტიზანული მოძრაობა გარდაუვალი იქნება.