საერთაშორისო მიმოხილვა. 28 მაისი. 2023 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 28 მაისი. 2023 წელი

მთელი მსოფლიოს და საქართველოს საბედნიეროდ, ამერიკამ ერთი ნაბიჯი გადადგა უკან უფსკრულისგან, რომელსაც მიუახლოვდა `დემოკრატებსა` დეა `რესპუბლიკელებს` შორის სახელმწიფო ვალის `ჭერის` ამაღლების თაობაზე უთანხმოების გამო.

შაბათს პრეზიდენტმა ბაიდენმა და კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის რესპუბლიკური უმრავლესობის ლიდერმა, კევინ მაკკარტიმ ტელეფონით ისაუბრეს და თითქოს მიღწეულია პრინციპული შეთანხმება, რომ თეთრი სახლი შეამცირებს სოციალურ ხარჯებს, ასევე გაადვილებს ენერგეტიკული კომპანიების ლიცენზირებას მიუხედავად `მწვანეთა` წინააღდმეგობისა, რის შემდეგაც `რესპუბლიკური` უმრავლესობა დაეთანხმება სახელმწიფო ვალის `ჭერის` გაზრდას და ამერიკა 5 ივნისის შემდეგაც (ეს აბსოლუტური Deadline-ია) გააგრძელებს შიდა და სუვერენული (ანუ საგარეო) ვალების მომსახურებას, ასევე მათ დაფარვას.

თუმცა......ეს ჯერ მხოლოდ ერთი, პირველი ნაბიჯია უკან უფსკრულის პირისგან, რადგან რესპუბლიკელებსაც მოუწიათ გარკვეულ კომპრომისებზე წასვლა და ყველა რესპოუბლიკელი არ დაეთანხმება ზოგიერთი ხარჯის შენარჩუნებას. ასევე, ბევრი დემოკრატისთვის მიუღებელია `მწვანე ენერგეტიკის` ფილოსოფიის წინააღმდეგ ხმის მიცემა და სოციალური ხარჯების შემცირება. მათ შორის საკვები ტალონების გაუქმება.

საოცრებაა, რომ 2023 წელს ამერიკაში შენარჩუნებელია `კვების ტალონები`. როგორც ლენინგრადის ბლოკადისას მეორე მსოფლიო ომის დროს.

მაგრამ ასეა თუ ისე, იმედი გაჩნდა, რომ ამერიკა მსოფლიოს ააცილებს დეფოლტს, რაც გლობალური კატასტროფა იქნებოდა: ყველა ბანკის გაკოტრება, ბირჟების ჩამოქცევა, ეკონომიკური რეცესია და ასეულობით  მილიონობით ადამიანის უმუშევრად დატოვება არა მხოლოდ ამერიკაში, არამედ მთელს მსოფლიოში.

. . . . . . . . . . . . . . .

უკრაინამ წარმატებით შექმნა მთელს მსოფლიოში მისი გარდაუვალი შეტევის მოლოდინი.

ყველა ელის უკრაინის `დიდ შეტევას` ოკუპირებული ტერიტორიების დასაბრუნებლად.

უკრაინელებმა შესანიშნავად აითვისეს საინფორმაციო ომის მეთოდები. მაგალითად, მთელი მსოფლიო ელის `კონტრშეტევას`,  ლაპარაკობს უკრაინის `კონტრშეტევაზე` და არა უბრალოდ შეტევაზე.

ეს იმას ნიშნავს, რომ თუ უკრაინელები შეუტევენ უშუალოდ რუსეთის ტერიტორიას, ამ შემთხვევაშიც კი მსოფლიოში ეს აღქმული იქნება, როგორც `კონტრშეტევის` ნაწილი და არა თავდასხმა რუსეთის ტერიტორიაზე!

ამავე დროს, როგორც დასავლეთის სამხედრო ანალიტიკოსები აღნიშნავენ, სულაც არ არის აუცილებელი ერთ კონკრეტულ დღეს, საათსა და წამს გამოცხადდეს: `აი ახლა ვიწყებთ კონტრშეტევას`. შესაძლოა დიდი შეტევა დაიწყოს ლოკალური შეტევითი ოპერაციების შედეგად ანუ თანდათანობით გადაიზარდოს დიდ შეტევით მეგა-ოპერაციაში.

სწორედ მტრის (რუსეთის) დაბნევისა და დეზორიენტაციის ნაწილია ამგვარი ლოკალური შეტევითი ოპერაციები რუსეთის ბელგოროდის რაიონშიც და ბერდიანსკზე სარაკეტო შეტევაც. ასევე დარტყმები ოკუპირებული ტერიტორიების სიღრმეში.

უკრაინის არმია მუდმივად მანევრირებს ფრონტის ხაზთან, რათა მტერი დააბნიოს თუ სად იქნება გენერალური შეტევა. იგი ხომ ვერ განხორციელდება თანაბარი ძალით მთელს ფრონტზე: ელემენტარული სამხედრო აუცილებლობაა: ძალთა კონცენტრაცია მოხდეს ერთი რომელიმე მიმართულებით, ხოლო სხვა მიმართულებებზე იყოს პარალელური დარტყმები.

 

იაპონიაში ყოფნისას პერზიდენტ ჯო ბაიდენს კითხეს პრეს-კონფერენციაზე: `ზელენსკის რომ შეხვდი აქ, გითხრა თუ არა, როდის დაიწყებს შეტევასო`. `

`კი მითხრა, ვიცი როდის და სად დაიწყებს, მაგრამ თქვენ კი არ გეტყვითო` - უპასუხა ბაიდენმა.\

 არ არის გამორიცხული არც არაფერი კონკრეტული არ ეთქვა მისთვის ზელენსკის; მაგრამ ამერიკის პრეზიდენტს ეუხერხულა იმის აღიარება, რომ რაიმე შეიძლება არ იცოდეს.

ანალიტიკოსთა აზრით, დიდი შეტევის ზუსტი თარიღი ან ის, თუ როდის და როგორ გადაიზრდება ლოკალური შეტევითი ოპერაციები დიდ გენერალურ შეტევად, იცის მხოლოდ ორმა ადამიანმა: პრეზიდენტმა ზელენსკიმ და უკრაინული არმიის მთავარსარდალმა გენერალმა ზალუჟნიმ.

სხვა არავინ.

და არც არის საჭირო.

ამ თემის აქტუალიზება გამოიწვია იმან, რომ გუშინ ზალუჟნიმ საკუთარ Телеграм-არხზე დადო ვიდეო, რომელზეც უკრაინელები ლოცულობენ ოკუპირებული მიწების დაბრუნებისთვის და სლოგანია `უფალო დალოცე ჩვენი დიდი შეტევა` - `დადგა დრო დაკარგულის დაბრუნებისა`.

 

გუშინ რუსეთის ბელგოროდის ოლქი კვლავ დაიბომბა.

გუბერნატორი ვიაჩესლავ გლადკოვი, რომელიც საზღვართან ახლოს მდებარე პატარა ქალაქს სტუმრობდა, ბეწვზე გადაურჩა სიკვდილს.

არ არის გამორიცხული, სწორედ გლადკოვი ყოფილიყო უკრაინელი არტილერისტებისა და მერაკეტეების სამიზნე. მათ, როგორც ჩანს მიიღეს ინფორმაცია გლადკოვის გადაადგილების შესახებ ამერიკული კოსმოსური თანამგზავრებიდან და სწორედ მას უმიზნებდნენ.

ვიაჩესლავ გლადკოვი ლეგიტიმური სამხედრო სამიზნეა, რადგან სწორედ ბელგოროდის ოლქიდან ესვრიან რუსები `გრადებს` და `ისკანდერებს` უკრაინულ ქალაქებს.

. . . . . . . . . . . . . . .

ბრიუსელში გრძელდება ფარული ბრძოლა რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციათა 11-ე პაკეტის ირგვლივ.

უნგრეთს, რომელსაც მუდამ სკეპტიკური და პრომოსკოვური პოზიცია ჰქონდა, ამჯერად დაემატა საბერძნეთიც.

ორივე ქვეყანა მოითხოვს დასასანქცირებელი კომპანიების სიიდან ამოიღონ ბერძნული და უნგრული კომპანიები.

გარდა ამისა, უნგრეთი და საბერძნეთი წინააღდმეგი არიან ევროკავშირში არშემავალი ქვეყნების ხელისუფლებათა ან კომპანიათა დასანქცირებისა ``რუსეთის დახმარებისთვის``.

. . . . . . . . . . . . . . .

უკრაინულმა კიბერ-ჯგუფმა IT Army of Ukraine ჩამოშალა ე.წ. `აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს` საიტი მას შემდეგ რაც აფხაზეთის თვითმარქვია საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი რუსეთის აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ.

. . . . . . . . . . . . . . .

აშშ ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰენრი კისინჯერი მოულოდნელად გამოვიდა ინიციატივით, მიიღონ უკრაინა NATO-ში.

ეს ინიციატივა `მოულოდნელია` იმიტომ, რომ მცირე ხნის წინ დასავლეთს მოუწოდებდა, რუსეთის ინტერესები გაითვალისწინეთ ამ ომშიო.

კისინჯერი თითქმის 100 წლისაა და ეს პრობლემაა რასაკვირველია.

ამჟამად სახეცვლილების მიზეზი შესაძლოა ის იყოს, რომ ჯერ კიდევ 1970-იანი წლებიდან მისი `მეგა-იდეაა` რუსეთისა და ჩინეთის შეკავშირების არდაშვება.

ახლა, როცა ხედავს, ჩინეთი რუსეთს ეხმარება და `მოსკოვ-პეკინის` კავშირი თანდათან იკვრება (დასავლეთის წინააღმდეგ) ცდილობს ამ კავშირს NATO-ში უკრაინის შესვლის იდეა დაუპირისპიროს.

კისინჯერის განცხადებას მაშინვე უპასუხა პუტინის მემკვიდრედ და `მოადგილედ` წოდებულმა ექს-პრეზიდენტმა მედვედევმა.

მისი თქმით, რუსეთისათვის ოპტიმალური ვარიანტი იქნება დასავლეთ უკრაინის შესვლა პოლონეთის და უნგრეთის შემადგენლობაში, ხოლო დანარჩენი (ანუ ცენტრალური და აღმოსავლეთ) უკრაინის შესვლა რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში. კიევის ჩათვლით რასაკვირველია.

ცნობილია, რომ მედევდევი არის ღრმა ალკოჰოლ-დამოკიდებული ანუ რუსულად Алкоголик.

ეს გარემოება მის პოსტებში იგრძნობა.

. . . . . . . . . . . . . . .

30 მაისს, სოხუმში, თეატრალურ მოედანზე იგეგმება ოპოზიციის დიდი მიტინგი აფხაზეთის მთავრობის გადადგომის მოთხოვნით.

დავაკვირდეთ, რომ ამჯერად პრეზიდენტის გადადგომას კი არ ითხოვენ, არამედ ალექსანდრე ანქვაბის მთავრობის გადადგომას.

ოპოზიციურმა ძალებმა უკვე გამოხატეს პროტესტი იმის გამო, რომ `პრეზიდენტმა ბჟანიამ` ანქვაბი დააჯილდოვა ორდენით დაბადების დღეზე.

საინტერესოა ოპოზიციური ნარატივი ანქვაბის მიმართ: 1992-1993 წლების ომის დროს ქართველებს იარაღი მიჰყიდაო, რაც რასაკვირველია მტკნარი სისულელე და ტყუილია.

სინამდვილეში ანქვაბი აფხაზური სეპარატიზმის ერთ-ერთი ისტორიული ლიდერია. დიდი კავშირებით მოსკოვში, რის გამოც დაინიშნა პრემიერ-მინისტრად.

რამდენიმე წლის წინ ანქვაბი აფხაზეთის `პრეზიდენტიც` იყო, მაგრამ  სწორედ ამგვარი `დიდი მიტინგით` გააგდეს. გაიქცა რუსულ ბაზაზე და იქ დაიმალა.

ბჟანია ანქვაბს ვერ გაწირავს და ვერ `გადაუგდებს` მის თავს ოპოზიციას, რადგან ამით კიდევ უფრო განარისხებს მოსკოვს, ვისი კრეატურაცაა აფხაზეთის `პრეზიდენტის` და `პრემიერის` პოსტი.

ცნობილია რამდენად მწვავედ რეაგირებს ხოლმე პუტინი, როცა `მის კაცს` შეეხებიან სადმე პოსტსაბჭოურ სივრცეზე.

ანქვაბის გადადგომა იმას ნიშნავს, რომ `პრეზიდენტ ბჟანიას` ძალაუფლებაც მთლიანად ჩამოიშლება და ისიც იძულებული გახდება გადადგეს.

სოხუმში ახლა დიდი მზადებაა ამ მიტინგისთვის. ხელისუფლება ამზადებს წყალსატყორცნ მანქანებს (სინამდვილეში ჩვეულებრივ სახანძრო მანქანებს) და ემზადება წინააღდმეგობისთვის, თუ ოპოზიცია შეეცდება შტურმით აიღოს პრეზიდენტის რეზიდენცია ან პარლამენტი.

ასეთი რამ სოხუმში ადრეც ბევრჯერ მომხდარა: გააგდებენ ბჟანიას, გააგდებენ ანქვაბს (როგორც ადრე გააგდეს იგივე ანქვაბი და როგორც გააგდეს ჰაჯიმბა). მაგრამ მაშინვე  მოიყვანენ სხვას.

საქართველოსთვის ამით არაფერი შეიცვლება - აფხაზეთი რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიაა.

რეალურად, აფხაზების უკმაყოფილების მთავარი მიზეზი ის არის, რომ ხელისუფლება ხელს უწყობს ე.წ. `აპარტ-სასტუმროების` მშენებლობას, რის შედეგადაც, როგორც აფხაზებს ეშინიათ `რუსები ჩამოვლენ, იყიდიან ყველაფერს და აფხაზეთში ბევრად იმაზე მეტი რუსი იცხოვრებს, ვიდრე აფხაზი`.