სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება - თავკერძა ქალბატონი.

სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება - თავკერძა ქალბატონი.

ჩემი მეგობრებისთვის, რომლებიც რთულად აზროვნებენ.

რომც არ მეთანხმებოდნენ, მაინც რთულად აზროვნებენ და ჩემზე ჭკვიანებიც არიან.

სწორედ მათ მინდა განსაჯონ.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ვიღაც მანიაკებსა და იდიოტებს ხვიჩას ფოტო გამოუსახავთ პრეზერვატივზე - პატრიარქს რატომ მიულოცა, ამიტომაც ახიაო!

საქმე რაშია იცით.......არა, არასწორი ფორმულირებაა: უ ბ ე დ უ რ ე ბ ა რაშია იცით.........

ხვიჩა ამ საბრალო, მრავალგზის მწარედ დამარცხებული ერისთვის, რომელმაც 1990-იანი წლებიდან სწორედაც იმ მწარე დამარცხებათა მორალური კომპენსაციის `აუწევადი ამოცანა` საწყალ ფეხბურთელებს დააკისრა, დიდი იმედის ნაპერწკალი გახდა!

დიახ, იმედის კაშკაშა ნაპერწკალი, რომ ის დიდი გამარჯვებები, რაც ქართულმა ფეხბურთმა მოიპოვა იმპერიის შემადგენლობაში, მონობისა და დაპყრობილი მდგომარეობის `სიკეთე` კი არ იყო, არამედ პირიქით, - ამ მონობისადმი ამბოხებული ნიჭის გამოვლინება.

ამიტომაც იფეთქა იმედმა სახელად `ხვიჩა`!

. . . . . . . . . . . . . . . . . . . .

კი...... ახლა, რასაკვირველია, მავანთა უნდა `ჩააფურთხონ `ჯინაზე.

მე ველოდი, რომ ასე იქნებოდა.

არ ვიცი, ავტორი იგივე აშკარად ავადმყოფი გოგოშკაა თუ სხვა, მაგრამ ადრე თუ გვიან ეს მოხდებოდა.

არა მხოლოდ ფსიქიატრიაში, არამედ სოციოფსიქოლოგიაშიც შესწავლილი ფენომენია, რამაც აღძრა ჰეროსტრატე დაეწვა ტაძარი.....

აქ არტემიდა ეფოსელს კი არ ვადარებ ხვიჩას, არამედ ჰეროსტრატეს ვადარებ იმ თავხედ გოგოშკას, - წმინდანი ქალი რომ გამოსახა პრეზერვატივზე, - მისი აშკარა სოციოპათიიდან გამომდინარე

. . . . . . . . . . . . . . . . . . . .

მაგრამ.....მაგრამ.....`უბედურება` ის არის მეთქი, რომ......ჩვენში არასწორად ესმით რას ნიშნავს ფენომენი სახელად `სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება`.

ნაგულისხმევ უტვინო გოგოშკას კი არა მხოლოდ, არამედ ყველას.

აკი მოგახსენეთ: იმ ჩემზე ჭკვიანი მკითხველებისთვის ვწერ, ვისაც აქვს `რთულად`, ესე იგი პარადოქსულად აზროვნების უნარი:

მათთვის ვამბობ:

სიტყვის თავისუფლება არ არის სიკეთე!

სიტყვის თავისუფლება არ არის ბოროტება!

აბა რა არის?

არის `თავისთავადი საგანი`.

არც სიკეთე, არც ბოროტება..... უბრალოდ არის! - კანტისეული «Ding an sich» (საგანი საკუთარ თავში`, `რაღაცა საკუთარ თავში` `რაიმე თავისთავად`) რომელიც უბრალოდ არსებობს და მორჩა! არც კარგია, არც ცუდია, არც ბოროტია, არც კეთილია - არის (წერტილი)

ოღონდ......რომ `არის` და `წერტილი`, ამ საგანს აქვს ერთი განუშორებელი ფუნქცია რეალურ სამყაროში: დემოკრატიის ქვაკუთხედია.....ს ა უ ბ ე დ უ რ ო დ.

იმ დათქმით, რომ დემოკრატია, მისგან განსხვავებით, თავისთავადი სიკეთეა.

ესეც ხომ პარადოქსია არა? `სიკეთისა და ბოროტის მიღმა` (ნიცშე) არსებული ფენომენი ისეთი აბსოლუტური და ყველა თავისუფლებისმოყვარე ადამიანისთვის ეჭვმიუტანელი სიკეთის ქვაკუთხედია, რასაც დემოკრატია და თავისუფლება ქვია.

ჰოდა იმ `ბოროტისა და კეთილის` მიღმა ფენომენის აბსოლუტურად განუშორებელი, იმმანენტური თვისებაა, რომ......ან `აბსოლუტურად` არის, ესე იგი სრულქმნილად არსებობს, ან საერთოდ არ არის!

ან არსებობს, ან საერთოდ არ არსებობს.

არ დაიჯეროთ, თუ ვინმე გეტყვით, რომ შესაძლოა არსებობდეს მეათედით, სანახევროდ, მესამედით, მეოთხედით, `აქ და ამაში არსებოდეს`, `იქ და იმაში არ არსებობდეს`, `ამ საკითხში არსებობდეს`, `იმ საკითხში არ არსებობდეს`; `უმრავლესობისთვის არსებობდეს`, `უმცირესობისთვის სანახევროდ არსებობდეს`, `ჯანმრთელი ადამიანებისთვის არსებობდეს`, `გიჟებისთვის და მანიაკებისთვის არ არსებობდეს`.....

არა, ასე ა რ გ ა მ ო ვ ა!

სანახევროდ ვერ იარსებებს ისევე, როგორც ქალი ვერ იქნება `ნაწილობრივ ორსული`.

ან არის ან არა.

ესაა მეთქი მისი თვისება: ან სრულყოფილად არსებობს, ან საერთოდ არ არსებობს!

როგორც კი.....როგორც კი..... ცდილობ მის `მართვას`, რაიმე ჩარჩოში მოქცევას, `ქცევის` დაწესებას, რეგლამენტირებას, მაშინვე კარგავს თვისებრიობასა და თავისთავადობას!

და ამ მცდელობაში, თვითონაც თანდათანობით იქცევი ურჩხულად, რომელსაც...... კეთილი მიზნები ჰქონდა.

ასეც ხდება ხოლმე.

მაგალითები უამრავია.

ამიტომ, ერთადერთი მიზანშეწონილი დამოკიდებულება ამ ცელქი და თავხედი `ქალბატონისადმი` შეიმუშავა გენიალურმა ევროპულმა ცივილიზაციამ:

სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებას უნდა შ ე უ რ ი გ დ ე!

შეურიგდე მის არსებობას...... ზოგჯერ კბილების ღრჭიალით, სიმწრით, ბრაზით, ბოღმით, თუნდაც სასოწარკვეთით, თუნდაც სიძულვილით (თუნდაც სიძულვილით მეთქი!!! - იმ თავხედ და მშვენიერ ქალბატონს სულაც არ აღელვებს, გიყვარს იგი თუ გძულს) მაგრამ ხელი არ უნდა ახლო.

იმიტომ, რომ....... როგორც კი ხელს ახლებ, როგორც კი შეეცდები `წელზე ხელი მოჰხვიო`, როგორც კი მისხალით აღიძვრები, როგორც კი .....როგორც კი.....როგორც კი.......მაშინვე გამოჩნდება იქვე, ამ ქალბატონის დიდებულ ჩრდილში ჩამალული პირსისხლიანი ურჩხული, რომელიც სინამდვილეში შენი ალტერ-ეგოა და მისი ძალიან ეშინია და ვისაც მხოლოდ ის `თავხედი ქალბატონი` აკავებს და თუ აღარ შეაკავებს...... უმალვე ყველაფერს დაკარგავ: სულ მალე აღმოჩნდები სიბნელეში, სადაც ნაცვლად თუნდაც ას სიცრუეში და თავხედობაში მოკაშკაშე იმ ერთი ძვირფასი სიმართლისა, ერთი მართლა სიკეთისა, ერთი გამარჯვებისა, უკეთურობის ერთი ნამდვილი მხილებისა, რასაც ის ქალბატონი გჩუქნის, პირსისხლიანი ურჩხულის მიერ ამონთხეული მხოლოდ და მხოლოდ ასი სიცრუე დაგრჩება.

დათო

Radio free Europe/Radio liberty