საერთაშორისო მიმოხილვა. 28 ივნისი 2022 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 28 ივნისი 2022 წელი

საბოლოოდ დადასტურდა, რომ ე.წ. `ჟენევის დისკუსიები` ანუ მოლაპარაკებები ქართველების, აფხაზების, ოსების მონაწილეობით, აშშ და რუსეთის დამკვირვებლობით და ეუთო, გაეროს, ევროკავშირის თანათავჯდომარეობით გადაიდო მანამ, სანამ  არ დასრულდება ომი უკრაინაში.

ფაქტიურად, ისტორიის ამ ეტაპზე, ეს ფორმატი გაუქმდა, რადგან აშშ და ევროკავშირი არ დაჯდებიან რუსეთთან უკრაინის ომის ფონზე ან თუნდაც ამ ომის შემდეგ, ხოლო აფხაზები და ოსები არ დაჯდებიან მოლაპარაკების მაგიდასთან  რუსეთის გარეშე.

. . . . . . . . . . 

აფხაზეთის ე.წ. `პარლამენტმა` ზეპარტიული ულტიმატუმი წაუყენა აფხაზეთის ე.წ. `მინისტრთა კაბინეტს`: თუ ალექსნადრე ანქვაბის მთავრობა 7 ივლისამდე არ უზრუნველყოფს ბენზინის გაიაფებას აფხაზეთში ისე, რომ ბენზინი იმდენივე ღირდეს აფხაზეთში, რამდენიც სოჭში ღირს, მაშინ მთავრობას გადააყენებენ.

შესაძლოა სახალხო მღელვარების ფონზე პრეზიდენტი ასლან ბჟანიაც ზედ მიაყოლონ, რაკი ეს ერთი გუნდია.

მმართველი პარტიის დეპუტატებიც კი აღშფოთებულნი არიან და ოპოზიციის მხარეს გადასვლით იმუქრებიან.

რატომღაც არავინ სვამს კითხვას: საიდან და როგორ უნდა გააჩინოს აფხაზეთის მთავრობამ იაფი ბენზინი, თუკი 100% მომწოდებელი რუსეთია და რუსეთმა კი `დამოუკიდებელ აფხაზეთს` იმაზე დიდი ფასი დაუწესა რაც საკუთარ რეგიონს - სოჭს? რუსები გამუდმებით ეუბნებიან: შემოდით რუსეთის შემადგენლობაში და ბენზინი ზუსტად ისეთი ფასი იქნება როგორც სოჭშიო.

სამწუხაროდ, თბილისში მრავლად არიან `სასარგებლო იდიოტები`, რომლებიც ყველა ასეთი კონფლიქტის დროს ეხმარებიან აფხაზ სეპარატისტებს ითამაშონ `საქართველოსთან დიალოგი`რათა სოხუმმა ამით `რბილად დააშანტაჟოს` მოსკოვი: აი ხომ ხედავთ ქართველები მოდიან და ნატო-ს მოიყვანენ ფსოუსთანო.

ეს თამაშია, როცა აფხაზები უკვე  წერენ რუსულ საიტებზე: თუ რუსეთი არ მოგვაწვდის იაფად ბენზინს, საქართველო მზად არის მოგვაწოდოსო.

თანაც უპირობოდ: თუნდაც გალის რაიონში ქართველი ბავშვების ქართულ ენაზე სწავლების სანაცვლოდ კი არა, არაფრის სანაცვლოდ.... ისე......რატომ - გაუგებარია. თვითონ საქართველოსთან არანაირ კომპრომისზე არც ერთ საკითხში არ უნდათ წამოსვლა.

. . . . . . . . . . 

`ევროპა კვლავ ერთიანდება რუსეთის წინააღმდეგ` - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა იმ გადაწყვეტილების კომენტირებისას, რომ უკრაინას და მოლდოვას ევროკავშირმა `კანდიდატის` სტატუსი დაუმტკიცა. მერე ლავროვმა ამაზე ბევრად უარესი რამ დაამატა: `...როგორც ჰიტლერმა გააერთიანა მთელი ევროპა სსრკ წინააღდმეგ მეორე მსოფლიო ომის დროსო`. ანუ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დღევანდელ ევროპას ნაცისტურ გერმანიას უტოლებს და ამსთანავე ამბობს: ევროპასთან დიალოგისთვის მზად ვართო.

G7 ლიდერებმა გუშინ განაცხადეს, რომ რუსული რაკეტებით უკრაინაში სავაჭრო ცენტრის დაბომბვა `ომის დანაშაულია, რომლის ჩამდენნი აუცილებლად აგებენ პასუხს`.

. . . . . . . . . . 

NATO-ს გენერალურმა მდივანმა სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ალიანსი უახლოეს მომავალში 40 000 დან 300 000 სამხედრომდე გაზრდის თავის ძალებს აღმოსავლეთ ევროპაში. უპირველესად, რასაკვირველია, იგულისხმება პოლონეთი, რუმინეთი და ბალტიის სამი ქვეყანა.

ეს ძალიან მნიშვნელოვანი განაცხადია, რადგან სრულებით ნათელია, რომ ამ ცოცხალ ძალას თან მისდევს ანტისარაკეტო სისტემები, საბრძოლო ტექნიკა, საბრძოლო თვითმფრინავები, ფლოტი და ა.შ.

ამით საბოლოოდ გადააგდო NATO-მ - ურნაში პრიმაკოვ-ოლბრაიტის 1997 წლის შეთანხმება, რომლის მიხედვით NATO და აშშ არ განალაგებდნენ აღმოსავლეთ ევროპაში არსებით (Substantial) სამხედრო ძალებს. თუმცა იქვე ეწერა `....სანამ ამის რეზონი (reason) არ ექნებაო.

ახლა აქვს რასაკვირველია და NATO-რუსეთის `ფუძემდებლური აქტი, რომელიც პარიზში დიდი ზარ-ზეიმით გააფორმეს, კლინტონმა მოაწერა ხელი, მას შემნდეგ რაც რუს ერს `დიადი ნაცია` უწოდა ....ისტორი ის სანაგვეშია მოსროლილი რუსული აგრესიის შედეგად.

. . . . . . . . . . 

თურქეთმა უფასოდ მიაწოდა უკრაინას 3 ცალი `ბაირაქტარის` უპილოტო საბრძოლო თვითმფრინავი მას შემდეგ, რაც უკრაინელებმა საკუთარი სახსრებით შეაგროვეს ამ სამი ბაირაქტარის საფასური. ეს რომ შეიტყო, თურქეთის პერზიდენტმა ერდოღანმა ბრძანა: უფასოდ მიაწოდეთო.

თანამედროვეობის ერთ-ერთი საინტერესო კითხვაა, როგორ და `რანაირად` ახერხებს პრეზიდენტი ერდოღანი ასე ბალანსირებას, რომ იმავდროულად პუტინთანაც ინარჩუნებს კარგ ურთიერთიერთობას?

ამ კითხვაზე ერთადერთი პასუხი არსებობს: თვით ერდოღანი ჭკვიანი პოლიტიკოსია და რაც მთავარია, თურქეთი არის დღეს უძლიერესი სახელმწიფო, რომელსაც უამრავი `გეოპოლიტიკური კოზირი` აქვს და ყველას სჭირდება ეს მისი `კოზირები: ამერიკასაც, რუსეთსაც, ევროპასაც და ისრაელსაც.

. . . . . . . . . . 

საზარელი ტრაგედია, რაც გუშინ დილით მოხდა უკრაინაში, - სავაჭრო ცენტრის დაბომბვა და უდანაშაულო ადამიანთა მხეცური მკვლელობა - აიძულებს ამერიკასა და დასავლეთს, რაიმე დამატებით იღონონ უკრაინის დასახმარებლად და მისი თავდაცვისუნარიანობის ასამაღლებლად.

მაგრამ რა უნდა იღონონ? რუსეთი, სამწუხაროდ და საუბედუროდ, ერთ ერთი  მსოფლიო ლიდერია  ახლო, საშუალო და შორი მანძილის რაკეტების წარმოების მხრივ. ეს ტრადიცია მათ საბჭოთა კავშირიდან დარჩათ მას შემდეგ, რაც ფაშისტ ინჟინერ-კონსტრუქტორ ფონ ბრაუნს მოსტაცეს სარაკეტო ტექნოლოგიები 1945 წელს - ჰიტლერული გერმანიის დამარცხების შემდეგ.

თვით ბრაუნი, ავტომატების მწრამოებელ უგო შმაისერისაგან განსხვავებით (ვისაც `კალაშნიკოვი` მოპარეს)  ამერიკაში გაიქცა და გადამწყვეტი როლი ითამაშა ამერიკელთა მთვარეზე გაფრენაში.

მაგრამ ფაქტია, რუსებს დარჩათ ეს ტექნოლოგიები - გაგარი9ნიც გაუშვეს კოსმოსში და ახლა რამდენიმე მსოფლიოში საუკეთესო ბალისტიკური რაკეტაც აქვთ.

გუშინ G7 სამიტის ფარგლებში კულუარებიდან სპეციალურად გაჟონა ინფორმაციამ, რომ პრეზიდენტ ბაიდენს უთქვამს: უკრაინას მალე ისეთ ანტისარაკეტო სისტემებს გადავცემ, რომლებიც თეთრ სახლს იცავენო.

მაგრამ...სამწუხაროდ...მხოლოდ ეს უკრაინას ვერ გადაარჩენს, ვერც დაიცავს სარაკეტო თავდასხმებისგან  და აი რატომ: ამერიკული და ევროპული ანტისარაკეტო სისტემები (მაგალითად            Patriot) ნამდვილად ქმედითია თითქმის ყველა ფრთოსანი რაკეტის წინააღმდეგ, ოღონდ, რუსეთს ფრთოსანი რაკეტების გარდა  აქვს ასევე უახლესი ბალისტიკური რაკეტები. მაგალითად SS-26 Iskander-M და SS-26 Iskander-S. ეს არის არა ფრთოსანი რაკეტა, არამედ ბალისტიკური რაკეტა.

სწორედ ეს რაკეტა (თანაც კასეტური ანუ კლასტერული საბრძოლო ნაწილით) დაეცა გორის ცენტრში 2008 წლის 12 აგვისტოს.

აბსოლუტურად ყველა სპეციალისტი მსოფლიოში აღიარებს, რომ SS-26 Iskander-ის ჩამოგდება თითქმის შეუძლებელია!

თვით ამერიკული Patriot სისტემებითაც კი.

ეს რაკეტა ჯერ სტრატოსფეროში ადის დაახლოებით 50 კილომეტრზე, შემდეგ მიფრინავს ჰორიზონტულად და სამიზნის (გორის ცენტრის-პირველად იქ გამოიყენეს-დ.) თავზე რომ აღმოჩნდება, იწყებს პერპენდიკულარულად დაშვებას, თან რაც მთავარია მანევრირებს წამში 2-3 კილომეტრის სისწრაფით რამდენიმე ასეული მეტრის ამპლიტუდით. ანუ პირდაპირ კი არ ეშვება, არამედ დაშვებისას აქეთ-იქით ეხეთქება უსწრაფესად,  ხოლო სამიზნის ლოკაციის პროგრამა კომპიუტერში აქვს ჩადებული.

ზელენსკიმ რამდენჯერმე სთხოვა ისრაელს `რკინის გუმბათის` ტექნოლოგიის და შეიარაღების გადაცემა უკრაინისთვის, თუმცა ეს პოლიტიკური განცხადება იყო: ისრაელის `რკინის გუმბათი` არათუ `ისკანდერზე`, არამედ ფრთოსან რაკეტებზეც არ არის გათვლილი - თუ ვინმემ გაბედა და ესროლა ისრაელს.

ამ სისტემას მხოლოდ პალესტინელ ტერორისტთა ნახევრადთვითნაკეთი რაკეტების ჩამოგდება თუ შეუძლია.

მაშასადამე, პუტინი, სამწუხაროდ, საუბედუროდ, აბსოლუტურად შეუფერხებლად შეძლებს თავისი მთავარი იარაღის - ბალისტიკური რაკეტების - გამოყენებას უკრაინის წინააღმდეგ და ამ რაკეტებისგან თავდაცვა ვაი რომ არ არსებობს.

ფრთოსანი რაკეტებისგან - კი. თუნდაც ზებგერითი ფრთოსანი რაკეტებისგან. მაგრამ `ისკანდერისგან` - არა.

. . . . . . . . . . 

მსოფლიო უნდა მოემზადოს, რომ ამერიკას უკვე შემოდგომით ეყოლება დემოკრატიული კონგრესი: აშშ უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილებამ, - აბორტების ფაქტობრივად (!) აკრძალვის შესახებ, - ამერიკელთა უმრავლესობა იმდენად აღაშფოთა, რომ ისინიც კი, ვინც მანამდე რესპუბლიკელებს (ანუ ტრამპის პარტიას) აძლევდნენ ხმას არჩევნებზე, ახლა მზად არიან ჯო ბაიდენის და კამილა ჰარისის პარტიას დაუჭირონ მხარი.

გუშინ ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა სენსაციური განცხადება გააკეთა: ჯო ბაიდენი 2024 წლის საპერზიდენტო არჩევნებზე აუცილებლად კენჭს იყრისო.

2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს ჯო ბაიდენი 81 წლის იქნება....უკვე მეტისმეტია. რონალდ რეიგანი 70 წლის იყო როცა აირჩიეს და 78 წლისა, როცა დაამთავრა პრეზიდენტობა.

ანუ ვიცე-პრეზიდენტ ჰარისის განცხადება უნდა ჩაითვალოს პოლიტიკურ განცხადებად: ამით ქარაგმულად ამბობს, მე ვიყრი კენჭსო! ამერიკას ჯერ ქალი პრეზიდენტი არ ჰყოლია და მით უმეტეს ფერადკანიანი ქალი.

აფროამერიკელი მამაკაცი კი იყო პრეზიდენტი - ბარაკ ჰუსეინ ობამა.

 

დათო