საერთაშორისო მიმოხილვა. 28 დეკემბერი. 2021 წელი.
აფხაზეთის `გაერთიანებულმა ოპოზიციამ` გამოაქვეყნა მოთხოვნათა ჩამონათვალი და განაცხადა, რომ ახალ, 2022 წელს იბრძოლებს ამ მოთხოვნათა შესასრულებლად.
ეს მოთხოვნებია:
პარლამენტის მიერ `პრეზიდენტ ბჟანიას`იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება;
აეკრძალოს პრეზიდენტს ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღება ენერგეტიკის სფეროს ობიექტთა გასხვისების შესახებ, რათა `პრეზიდენტ ბჟანიას` არ ჰქონდეს საშუალება, ენგურჰესი, რომლის სამართავ პულტს აფხაზური მხარე აკონტროლებს გალის სოფელ საბერიოში, გადასცეს.......რუსეთს(!)
ასევე აეკრძალოს `პრეზიდენტ ბჟანიას` (იმპიჩმენტის პროცედურის დასრულებამდე) ნებისმიერი საგარეო პოლიტიკური ინიციატივა, აქცია, ნაბიჯი, დოკუმენტის გაფორმება.
აფხაზეთის `კონსტიტუციაში` შევიდეს ცვლილება და აფხაზეთი გადავიდეს პარლამენტის არჩევის შერეულ, მაჟორიტარულ-პროპორციულ სისტემაზე.
ამჟამინდელ პარლამენტს გაუგრძელდეს უფლებამოსილება, სანამ არ გადადგება პრეზიდენტი
გაუქმდეს პრემიერ-მინისტრის თანამდებობა, ანუ აფხაზეთი გადავიდეს ხელისუფლებათა გაყოფის `ამერიკულ მოდელზე`, როდესაც პრეზიდენტი უშუალოდ ხელმძღავნელობს მინისტრთა კაბინეტს.
ყველაზე კომიკური აქ ის არის, რომ მთელი ეს `სია მოთხოვნებისა`...... თვით ასლან ბჟანიას ეკუთვნის, როდესაც ოპოზიციაში იყო და `პრეზიდენტ ჰაჯიმბას` ებრძოდა.
ძნელი მისახვედრი არ არის, რომ ახლა სწორედ ბჟანიას მიერ დამხობილი ჰაჯიმბას მომხრეები ცდილობენ შური იძიონ ამ ფორმით.
ყველაფრით სჩანს, რომ აფხაზეთში მორიგი `დამხობა`მზადდება. ყოველ შემთხვევაში, იმ შეტაკებების შემდეგ, რაც აფხაზეთის `პარლამენტთან` მოხდა რამდენიმე დღის წინ, აფხაზეთის ხელისუფლება `ბეწვზე` ჰკიდია და ეს `ბეწვი` სწორედ მოსკოვზეა ჩამოკიდებული.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
უკრაინის წინააღმდეგ პუტინის მორიგი აგრესიის კიდევ ერთი მარკერი, რასაც ბოლო დრომდე ნაკლები ყურადღება ექცეოდა, უდავოდ ისაა, რომ გაძლიერდა და ათჯერ გაიზარდა პუტინის `საინფორმაციო ჯართა` ტროლებისა და ბოტების აქტიურობა დასავლურ რესურსებზე. იქნება ეს სოციალური ქსელები თუ სხვადასხვა გამოცემები.
პუტინი იყენებს იმ გარემოებას, რომ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებისადმი ერთგულებით, დასავლეთი უფრთხის ანონიმურობის აკრძალვას ამ სივრცეებში. ამიტომ პუტინის საინფორმაციო ჯართა ტროლებსა და ბოტებს, რომლებიც ხელფასს სახელმწიფოსგან იღებენ, აქვთ საშუალება სრულიად დაუსჯელად, უკონტროლოდ პოსტონ რაც უნდათ. უფრო სწორედ რა დავალებებსაც იღებენ თავიანთი მეთაურებისაგან.
როგორც სჩანს ბოლო დროინდელი ბრძანებაა, გაავრცელონ სტერეოტიპი, რომ უკრაინის გარშემო `მზადდება ახალი კარიბის კრიზისი`. მხედველობაში აქვთ 1962 წლის მოვლენები, როდესაც კინაღამ მესამე ბირთვული მსოფლიო ომი დაიწყო მას მერე, რაც ხრუშჩოვის ბრძანებით, კუბაზე საბჭოთა რაკეტები დადგეს ბირთვული ბომბებით და ამერიკას დაუმიზნეს.
დასავლეთში, კულტურული თვალსაზრისით, ის კრიზისი მართლაც ავად ახსოვთ და მისი განმეორება, რასაკვირველია არ უნდათ.
ამგვარი` საინფორმაციო დივერსიები` ზოგადად დამახასიათებელია პუტინის `საინფორმაციო ჯარებისთვის.`ისინი მხოლოდ ხაკერული შეტევებით როდი არიან დაკავებულნი.
აქვე უნდა ითქვას, რომ `რუსეთის ფედერაციის საინფორმაციო ჯარები` შეიარაღებულ ძალთა ოფიციალური სახეობაა, როგორც `სამხედრო-საზღვაო ფლოტი`, როგორც` სამხედრო-საჰაერო ძალები`.
`საინფორმაციო ჯარები` შეიქმნა პუტინის საიდუმლო ბრძანებულებით 2004 წელს. მათ ჰყავთ ოფიცრები, გენერლები, მუშაობენ სამხედრო დაზვერვასთან მჭიდრო კოორდინაციაში და ა.შ.
საქართველოშიც მუშაობენ რასაკვირველია.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
პუტინის მიერ გათავხედებული პირსისხლიანი მიკროდიქტატორი რამზან კადიროვი (ჩეჩნეთის სატრაპი) აცხადებს, რომ მზად არის `უკრაინაში ჩეჩნური სპეცნაზი გაგზავნოს და უკრაინა......ჩეჩნეთს ან რუსეთს მიუერთოს`.
ამ სისხლიანი კლოუნის ეს განცხადება იმას ნამდვილად ნიშნავს, რომ როდესაც დაიწყება რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ, პირველ ეტაპზე პუტინი იმოქმედებს არა მხოლოდ დონეცკელი სეპარატისტრების ხელით, არამედ ჩეჩნებსაც გააგზავნის `დონბასის დასახმარებლად`. რუსეთის რეგულარული არმია კი მხოლოდ მას შემდეგ ჩაერთვება ბრძოლებში, თუკი დონეცკელი სეპარატისტები და ჩეჩნები თუ სხვა დაქირავებულები სწრაფ წარმატებას ვერ მიაღწევენ.
ეს სცენარი ჰქონდა პუტინს 2008 წელსაც. ანუ `ოსების ხელით ` უნდოდა ყველაფერი გაეკეთებინა, მაგრამ ქართული არტილერიის მიერ რუსი ოკუპანტების ბაზის დაბომბვამ აიძულა მაშინ პუტინი მეორე დღესვე ღიად გამოსულიყო ასპარეზზე. შესაბამისად, მთელმა მსოფლიომ დაინახა, ვინ იყო აგრესორი სინამდვილეში.
რუსებისთვის უდიდესი კომფორტი იქნებოდა, გორიც (და ალბათ მერე თბილისიც) `ოსებად` შენიღბულ რუსულ ჯარს აეღო, მოსკოვს კი `მხრები აეჩეჩა`: ``აბა ჩვენ რა შუაში ვართ, ეს ხომ `ქართულ-ოსური კონფლიქტიაო``.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ძალიან საინტერესო რამ მოხდა მოლდოვაში.
როგორც ცნობილია, 1992 წლიდან ეს ქვეყანა, რომელიც ისტორიული რუმინეთის ნაწილია, ხოლო მოლდაველები თითქმის იგივე რუმინელები არიან, გაყოფილია ორ ნაწილად: მდინარე დნესტრის მარცხენა სანაპიროს ანუ ე.წ. `დნესტრისპირეთს` აკონტროლებენ პრორუსი სეპარატისტრები. ისევე, როგორც დონბასს აკონტროლებენ პრორუსი სეპარატისტები, ასევე აფხაზეთს, `ცხინვალის რეგიონს` და ა.შ.
გუშინ, თითქოსდა სრულიად მოულოდნელად, სეპარატისტული `დნესტრისპირეთის რესპუბლიკის` ლიდერმა ვადიმ კრასნოსელსკიმ მოლდოვას პრეზიდენტ მაია სანდუს ღია წერილით მიმართა: `ვბრუნდებით მოლდოვას შემადგენლობაში, ოღონდ კონფედერაციული პირობებით ისე რომ დნესტრისპირეთს მოლდოვას საგარეო პოლიტიკაზე ზემოქმედების ბერკეტები ქნებაო. `ვეტოს` უფლებით`.
ესე იგი მოლდოვა ვერასდროს შევა NATO-ში.
ეს არის ზუსტად ის სქემა, რომელსაც მოსკოვი სთავაზობს უკრაინასაც: ``დონბასი ბრუნდება უკრაინის შემადგენლობაში კონფედერაციის პირობებით ისე, რომ უკრაინის საგარეო პოლიტიკაზე ჰქონდეს ზეგავლენა ანუ უკრაინა დონეცკის `ვეტო`-ს გამო ვერასდროს შევა ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანში.
1997 წელს, როდესაც რუსეთის იმდროინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ევგენი პრომაკოვმა აფხაზ სეპარატისტთა ლიდერი, ვლადისლავ არძინბა ჩამოიყვანა თბილისში, ედუარდ შევარდნაძესაც იგივეს სთავაზობდა: აფხაზეთი `ბრუნდება` საქართველოს შემადგენლობაში, იქმნება `საქართველო-აფხაზეთის კონფედერაცია`(ჩეხეთ-სლოვაკეთის ორსუბიექტური გაერთიანების მსგავსი, რაც კომუნისტურ პერიოდში არსებობდა) და აფხაზეთს, ანუ მოსკოვს, ექნებოდა საშუალება ამ გზით დაებლოკა საქართველოს დაახლოება ატლანტიკურ ალიანსთან.
შევარდნაძემ `პრიმაკოვ-არძინბას` გეგმა მაშინ არ მიიღო პირველ რიგში იმიტომ, რომ ეს გეგმა არ ითვალისწინებდა ასეულობით ათას ქართველ ლტოლვილთა დაბრუნებას აფხაზეთში.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ამერიკამ მწარე წკიპურტი უთავაზა ცხვირში პუტინს მთელი მსოფლიოს წინაშე და აჩვენა რა შეუძლია, თუ ყველა თავის შესაძლებლობას გამოიყენებს.
როგორც მოგეხსენებათ, ბოლო რამდენიმე თვეა, პუტინი ევროპაში გაზის გაძვირებაზე თამაშობს. გააძვირა კიდეც 2 100 დოლარამდე 1 000 კუბომეტრისათვის.
თუმცა გუშინ, ევროპის ბაზრებზე გაზის `ფიუჩერსული`(სამომავლო) კონტრაქტები ერთბაშად 1 000 დოლარით გაიაფდა. ანუ 1 100 დოლარი გახდა.
ამის მიზეზი კი ისაა, რომ ევროპელი მოკავშირეების თხოვნით, ამერიკამ თხევადი გაზის ექსპორტი გაზარდა ევროპაში.
ოღონდ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, არ მოერიდა არც უკვე გაფორმებული კონტრაქტების დარღვევას აზიელ მყიდველებთან, არც ტანკერების პირდაპირ ზღვაში შემოტრიალებას ევროპისკენ, არც საგანგებო სიტუაციებში ჯერ კიდევ ფრანკლინ დელანო რუზუველტის (ასე გამოითქმის დიდი პრეზიდენტის გვარი და არა `რუზველტი`, როგორც რუსებმა მიგვაჩვიეს) კანონმდებლობით პრეზიდენტისათვის მინიჭებული უფლებებისა და ბერკეტების გამოყენებას, რითაც ნაწილობრივ საკუთარი ბიზნესიც გაანაწყენა, რასაც ამერიკელი პრეზიდენტები მუდამ ერიდებიან.
ევროპული ბაზრების დასამშვიდებლად საკმარისი აღმოჩნდა სულ 35 ტანკერი. ეს მცირედია რასაკვირველია, მაგრამ `მესიჯი` იყო და ბაზარზეც პანიკა უმალვე ჩაცხრა.
თუმცა ამით ბაიდენის ადმინისტრაციამ პუტინს მიანიშნა და საკმაოდ გასაგებად, რომ ამერიკა ევროპას არ მიატოვებს და შანტაჟი ძვირად დაუჯდება. შეიძლება ამგვარი პროვოკაციების შედეგად რუსეთმა მთლიანად დაკარგოს ევროპის გაზის ბაზარიო.
ეს 1 და 2 წელიწადში ვერ მოხდება, ალბათ ვერც 5 წელიწადში, მაგრამ ატლანტიკურმა ერთობამ თუ მოინდომა, ადრე თუ გვიან კი დატოვებენ პუტინს მის დანჯღრეულ მილებთან.
სამწუხაროდ, ამერიკული ელიტები ზოგჯერ თავად ვერ აცნობიერებენ რა კოლოსალური შესაძლებლობები აქვთ (თუკი მოინდომეს) რათა ყველა გათავხედებულ დიქტატორს მიუჩინონ ადგილი.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
რუსეთ-დასავლეთის ცივი ომის რეციდივი 2021 წელს: პოლონელი ჯარისკაცი, ემილ ჩეჩკო გამოიქცა ბელორუსში და მოითხოვა პოლიტიკური თავშესაფარი. თან დაიწყო ფეიკების მოყოლა, თითქოს ევროკავშირი და პოლონეთის ხელისუფლება მას ავალებდა ესროლა არაბი ემიგრანტებისთვის, რომლებიც პოლონეთსა და ევროკავშირში შეღწევას ცდილობდნენ ბელორუსის მხრიდან. პოლონეთის ხელისუფლებამ უკვე განაცხადა, რომ ეს ბრალდებები სრული სიცრუეა და აღძრა სისხლის სამართლის საქმე ჩეჩკოს წინააღმდეგ დეზერტირობის მუხლით.
რა თქმა უნდა, ეს პროვოკაციული სიუჟეტი მთლიანობაში პუტინის საამებლად კეთდება: როცა პუტინი КГБ-ს რეზიდენტის მოადგილედ მსახურობდა ე.წ. `გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში`, მაშინ დასავლეთიდან აღმოსავლეთ გერმანიაში და საბჭოთა კავშირში არავინ გამორბოდა. პირიქით, ათი ათასობით აღმოსავლელ გერმანელი ცდილობდა დასავლეთ გერმანიაში და დასავლეთ ევროპაში გაქცევას. ანუ ახლა უნდათ ისეთი სურათი შექმნან, თითქოს `დასავლეთიდან ხალხი ბელორუსში და რუსეთში გამორბისო`.
ბნელი მასა ბელორუსშიც და რუსეთშიც ამას `მიირთმევს`.