საერთაშორისო მიმოხილვა. 27 სექტემბერი. 2024 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 27 სექტემბერი. 2024 წელი

დონალდ ტრამპმა აქტიურად დაიწყო თავისი მეუღლის, მელანია ტრამპის „რესურსის“ გამოყენება საარჩევნო ბრძოლაში.

ადრე თუ გვიან ეს აუცილებლად მოხდებოდა, რაკი როგორც დამკვირვებლები და სპეციალისტები აღნიშნავენ, ეს რესურსი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როდესაც პრეზიდენტობის მეორე კანდიდატი ქალია!

 ამიტომ 8 წლის წინა საარჩევნო კამპანიის დროსაც, 2016 წელს, როცა დონალდის მოწინააღმდეგე ჰილარი კლინტონი იყო, ტრამპის საარჩევნო გუნდს აქტიურად გამოჰყავდა სცენაზე მელანია ტრამპი და მისი ქალიშვილი ივანკა ტრამპი.

ამჟამად მელანია ტრამპმა ინტერვიუ მისცა FOXNews-ს რომელიც ტრამპთან და რესპუბლიკელებთან დაახლოებულად ითვლება. ინტერვიუს მთელი „ანტურაჟი“ საზრისული თვალსაზრისით ისეთნაირად იყო „მოწყობილი“, რომ თითქოს მელანია ქმარზე უკვე მეორე თავდასხმის მცდელობამ (გოლფ-კლუბში) გამოიყვანა მწყობრიდან და აიძულა საჯაროდ გამოსულიყო.

გამოვიდა და განაცხადა, რომ დონალდზე თავდასხმისთვის პასუხისმგებელია მედია, რომელიც მისი ქმრის გარშემო „შეურიგებლობისა და სიძულვილის ატმოსფეროს ქმნის“.

მელანიას თქმით, არ არის გასაკვირი რომ დონალდს თავს ესხმიან, მის მოკვლას ცდილობენ, რაკი მედია და „დემოკრატთა ლიდერები“ დონალდ ტრამპს დემოკრატიის საფრთხედ და მტრად მიიჩნევენ.

ძალიან მნიშვნელოვანი იყო მელანიას გამოსვლა იმიტომ, რომ ამერიკელ ამომრჩეველთა ნახევარი ქალია და თუ მელანია დონალდზე აუგს იტყოდა იმ ისტორიებთან დაკავშირებით, რასაც „დემოკრატები“ აქტიურად „უფიარებენ“ (განაჩენი ქალის მაღაზიის გასახდელში გაუპატიურებისთვის....პორნო-ვარსკვლავ სთორმი დენიელსის ქეისი.....) ეს დონალდისთვის შესაძლოა მომაკვდინებელი არა, თუმცა ძალიან სერიოზული დარტყმა ყოფილიყო.

მაგრამ მელანიამ ქმარს ყოველმხრივ მხარი დაუჭირა. ისევე, როგორც თავის დროზე ჰილარი კლინტონმა დაუჭირა მხარი ქმარს მონიკა ლევინსკისთან დაკავშირებული სკანდალის დროს.

არც ერთ სხვა დემოკრატიულ ქვეყანაში გენდერს საარცევნოდ არა აქვს ასეთი მნიშვნელობა, როგორც ამერიკაში.

მოსალოდნელია, რომ რაც უფრო მოახლოვდება არჩევნები, მელანია სულ უფრო ხშირად გამოვა სცენაზე. ისევე, როგორც ივანკა.

იმიტომ, რომ ქალია პრეზიდენტობის კანდიდატი და დონალდის მოწინააღმდეგე.

. . . . . . . . . . . . . . . . . . .

ამერიკულ პრესაში არ წყდება სპეკულაციები ტრამპ-ზელენსკის შეხვედრის თაობაზე, რომელიც თითქოს იგეგმებოდა ფლორიდაში და შემდეგ გაუქმდა.

არ არსებობს ერთმნიშვნელოვანი და ზუსტი ინფორმაცია, თუ რატომ გაუქმდა: ზოგიერთი ცნობით, დონალდ ტრამპი ზელენსკის მარ ა ლაგოს რეზიდენციაში ეპატიჟებოდა, თუმცა ზელენსკი ფლორიდაში გაფრენა არ სურდა, რაკი ეს შეიძლებოდა აღქმულიყო, როგორც ტრამპის მხარდაჭერა არჩევნებზე, რაც ახლა უკრაინისთვის მიუღებელია.

მით უმეტეს დონალდის გამონათქვამების ფონზე უკრაინის ომის „გაყინვის“ შესახებ.

მაგრამ დამკვირვებელთა უმრავლესობა მაინც იმაზე მიუთითებს, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ სწორედ ახლა დაიწყო დამატებითი იარაღის გაგზავნა უკრაინაში იმ 61 მილიარდიანი ტრანშიდან, რაც კონგრესმა დაამტკიცა.

მოლაპარაკებები დონალდ ტრამპსა და ზელენსკის გუნდს შორის რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ტრამპი უკმაყოფილო იყო იმით, რომ ზელენსკიმ ბაიდენის მშობლიური შტატი მოინახულა. პენსილვანიაში, ქალაქ სკლრანტონში ჩავიდა იარაღის ქარხანაში, სადაც საარტილერიო ჭურვებს ამზადებენ.

ეს ჭურვები ახლა უკრაინის არმიას ძალიან სჭირდება.

. . . . . . . . . . . . . . . . . .

სომალის საგარეო საქმეთა მინისტრმა აჰმედ ფიკიმ განაცხადა, რომ სომალელი ხალხი იტანჯება უკრაინის გახანგრძლივებული ომით, რაკი მსოფლიო თანამეგობრობა სურსათის ვეღარ გვიგზავნის დიდი ხარჯების გამოო.

ამ განცხადებას რუსული მედია ფართოდ „აფიარებს“: ანუ....... უკრაინის ბრალი გამოდის სომალის თუ სურსათი მოაკლდა, რაკი უკრაინელები რუსული აგრესიის მოგერიებას და ომს განაგრძობენ.

სომალი არ არის სახელმწიფო. ეს არის „ბანდმოსახლეობა“, რომელსაც „გენერლებად“ წოდებული კრიმინალები (უფრო ზუსტად ბანდათა მეთაურები) მართავენ.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

 CIA-მ ამერიკულ მეინსტრიმულ მედიაში „გაჟონა“ ინფორმაცია, რომ მარტში (!) ჩაიძირა ჩინეთის უახლესი ატომური წყალქვეშა ნავი.

ატომური წყალქვეშა ნავის ჩაძირვა მუდამ განსაკუთრებული მოვლენაა.

როგორც რუსული „კურსკისა“ მაგალითად 24 წლის წინ.

მიზეზები არ სახელდება. თუმცა სამხედრო ექსპერტების მტკიცებით, ჩინეთს სერიოზული ტექნოლოგიური პრობლემები აქვს ატომური (!) წყალქვეშა ნავების მშენებლობაში.

ეს რუსეთ-ჩინეთის სტრატეგიული თანამშრომლობა/ვაჭრობის კიდევ ერთი სფეროა და აქ უეჭველად რაღაც „ხდება“, რაკი რუსეთი ამ ტექნოლოგიებს უფრო მეტად ფლობს, ვიდრე ჩინეთი.

Zhou კლასის წყალქვეშა ნავი ჩაიძირა ქალაქ უჰანთან.

ჩინეთის არმიას სულ 6 ატომური წყალქვეშა ნავი აქვს შეიარაღებაზე. ისინი აღჭურვილნი არიან ბალისტიკური რაკეტებით.

ექვსი ერთეული თითქოს ბევრი არ არის, მაგრამ რუსეთისა და ამერიკის ანალოგიურ არსენალთან შესადარია: რუსეთს ამ კლასის 13 წყალქვეშა ნავი აქვს შეიარაღებაზე, ხოლო ამერიკას - 14.

მოსკოვს პენტაგონთან ასე თუ ისე პარიტეტი აქვს მხოლოდ ატომური წყალქვეშა ნავებისა და ბირთვული მუხტების, ასევე კონტინენტთაშორისი რაკეტების ოდენობაში.

. . . . . . . . . . . . . . . . . .

აფხაზური კლოუნადას მორიგი აქტი შედგა აფხაზეთის პარლამენტში: ჩაკეტეს კარები, ჩააყენეს დაცვა, აუკრძალეს აკრედიტებულ ჟურნალისტებს იქ შესვლა, დახურეს „სესია“, დახურეს „სხდომა“ და ასეთნაირად დაარატიფიცირეს რუსეთ-აფხაზეთის ხელშეკრულება „საარბიტრაჟო სასამართლოთა გადაწყვეტილებების ურთიერთაღიარების“ შესახებ.

ეს არის ერთ-ერთი დოკუმენტი, რომლის რატიფიცირებასაც მოსკოვი მოითხოვდა და რის გამოც ნაწილობრივ (!) შეუწყვიტა დაფინანსება აფხაზეთს.

კი, რატიფიცირებულია, ოღონდ...... აქ საერთოდ კომიკური ვითარება იქმნება: ხელშეკრულების საბოლოო ვარიანტი არ გამოუქვეყნებიათ და არ არის ცნობილი, შეიტანეს თუ არა ცვლილებები დოკუმენტში.

შეგახსენებთ: როცა იმავე „აფხაზეთის პარლამენტმა“ დაარატიფიცირა რუსულ-აფხაზური ხელშეკრულება ე.წ. „პიცუნდას აგარაკის“ პუტინის დაცვის სამსახურისთვის გადაცემაზე, ამ „რატიფიცირებისას“ დოკუმენტში (უკვე ხელმოწერილ დოკუმენტში!!!-დ.) ისეთი ცვლილებები შეიტანეს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საპროტესტო ნოტა გამოუგზავნათ:

„სადაური წესია უკვე ხელმოწერილ დოკუმენტში ცალმხრივად ცვლილებების შეტანაო და.....“ „სადაური წესია და აქაური წესია!“ - მიუგეს აფხაზებმა.

რაღაც ამის მსგავსი ხდება ამჯერადაც.

ძალიან ჰგავს სეპარატისტი (!) ასლან აბაშიძის საქციელს 2001 წელს: „აჭარის კონსტიტუცია“ მიიღო, რომლითაც აჭარის ავტონომია სინამდვილეში „სახელმწიფოდ“ ცხადდებოდა და....საკუთარ სეიფში ჩაკეტა: არავის არ ვაჩვენებო. გამოქვეყნებაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია.

როგორც ჩანს, აფხაზეთის პარლამენტის სპიკერ ლაშა აშუბას აქვს ახლა ეს „შეცვლილი ხელშეკრულება“ ჩაკეტილი სადღაც სეიფში და მაშინღა „გამოაძვრენენ“, როდესაც მორიგი მოტყუებული რუსი ბიზნესმენი სადმე მოსკოვის სასამართლოში იჩივლებს, ის სასამართლო გადაწყვეტილებას მიიღებს და მის „აღსრულებას“ მოითხოვენ აფხაზეთის ხელისუფლებისგან.

მაშინღა „გამოაძვრენენ“ აფხაზები ამ სეიფში ჩაკეტილ „დარატიფიცირებულ“ დოკუმენტს და ნაივურ გამომეტყველებას მიიღებენ: „ძვირფასო რუსო ძმებო, თქვენ ეტყობა არ იცით და....აი ჩვენმა საკანონმდებლო ორგანომ ამ დოკუმენტში ცვლილება შეიტანა, რომლითაც ორივე ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილება იქნება საჭირო და.....“

- კი მაგრამ ხელმოწერილი იყო დოკუმენტი და....გიმეორებთ: „სადაური წესია ცვლილებების შეტანა?

- სადაური წესია და აქაური, ანუ აფხაზური!

 

ზუსტად ასევე განვითარდება მოვლენები ყველა სხვა „ხელშეკრულებასთან“ და ვალდებულებასთან დაკავშირებით.

ჟურნალისტებს არ უშვებენ, რაკი იმ ჟურნალისტებს შორის რუსებიც არიან. შესაბამისად, ისინი „გამოიტანენ“ ამბავს იმაზე, რისი გამჟღავნებაც უეშმაკურეს აფხაზურ ელიტებს არ აწყობთ

 

ახლა ემზადებიან მეორე აქტისთვის - „აპარტამენტებზე“ და ა.შ.

გარდა ამისა, არ სურთ მოსკოვში გაიგონ რომელმა დეპუტატმა რას მისცა ხმა, რას ამბობდა და ა.შ.

 თუ რუსებს ეცოდინებათ ვინ-რა-როგორ..... ფსოუს საზღვარზე არ გადაუშვებენ და ადლერის აეროპორტიდან სტამბულში ვეღარ იფრენენ.

სხვათა შორის, როგორც წინა მიმოხილვაში გატყობინებდით, ეს პროცესი უკვე ნამდვილად დაიწყო: აფხაზებს ფსოუს საზღვარზე მასობრივად ართმევენ რუსულ პასპორტებს.

ამიტომ წერენ აფხაზები სოციალურ ქსელებში: „საქართველოში ვიაროთ, იქ ხომ რუსული პასპორტებით გაგვატარებენო“.

 ქართულ პასპორტებზე ჯერ არაფერს წერენ.

ამაზეც დაწერენ.

ეს იციან კრემლში და კბილებს  აღრჭიალებენ ბრაზით,

თუმცა უფრო რადიკალურ ზომებს არ იღებენ და ფსოუზე  საზღვარს არ „კეტავენ“.