საერთაშორისო მიმოხილვა. 26 ოქტომბერი. 2022 წელი

რუსეთმა გაერო-ში საჩივარი შეიტანა, რომ თურმე უკრაინა და NATO აპირებენ გამოიყენონ ბიოლოგიური იარაღი უკრაინაში.
ისევე როგორც წინა დემაგოგია, თითქოს უკრაინა აპირებს ბირთვული ე.წ. `ნარევის` გამოყენებას, რომელიც რადიოაქტიურობას ასხივებს (თუმცა ჯაჭვური რეაქცია არ ხდება და აფეთქება შეუძლებელია), ამ შემთხვევაშიც რუსეთი ბიოლოგიურ იარაღზე დემაგოგიით აფრთხილებს დასავლეთსაც და უკრაინასაც, რომ ის თავად გამოიყენებს ბიოლოგიურ იარაღს, თუ უკრაინა განაგრძობს შეტევას ხერსონზე.
რა არის ბიოლოგიური იარაღი?
ეს არის სხვადასხვა ეპიდემიის გამავრცელებელი მიკრობებით, მწერებით ან ვირთხებით სავსე ბომბი, რომელსაც აგდებენ ტერიტორიაზე, შემდეგ ეს მიკრობები, მწერები ან ვირთხები სივრეცში განიფანტებიან და ავრცელებენ საშინელ დაავადებებს, რასაც კაცობრიობა უკვე თითქოს მოერია: ხოლერას მაგალითად და სხვა.
დასავლურ მედიაში სულ უფრო ხშირია ცნობები, რომ პუტინის გარემოცვა ახლა ბევრს კამათობს, გამოიყენოს თუ არა ტაქტიკური (ესე იგი მცირე სიმძლავრის) ბირთვული იარაღი. გენერალურ შტაბშიც კი წინააღდმეგნი არიან რადგან რადიოაქტიური ღრუბელი შესაძლოა თვით რუსეთის ან ყირიმის ტერიტორიისკენ წამოვიდეს.
რუსი გენერლები პუტინს ეუბნებიან, რომ რუსეთის შეიარაღებულ ძალებს `სხვა იარაღიც აქვს, რომლის გამანადგურებელი ძალა ბირთვულს არ ჩამოყვარდებაო. მით უმეტეს თუკი ლაპარაკია არა სტარტეგიულ, არამედ ტაქტიკურ ბირთვულ იარაღზე. ისინი გულისხმობენ არა მარტო და არა იმდენად ქიმიურ ან ბიოლოგიურ იარაღს, არამედ კონვენციურ იარაღს. ანუ ჩვეულებრივ, ოღონდ დიდი სიმძლავრის ბომბებს.
3 ტონიან საავიაციო ბომბებს მაგალითად. ან სულაც არსებობს იმის ტექნიკური შესაძლებლობა, რომ სტრატეგიული კონტინენტთაშორისი რაკეტა `ბულავა` აღჭურვონ 500 ტონა (!) ჩვეულებრივი ასაფეთქებელი ნივთიერებით და ესროლონ უკრაინის ქაალქებს.
თუმცა, რუსეთმა გუშინ ამერიკა ოფიციალურად გააფრთხილა, რომ აპირებს ჩაატაროს ყოველწლიური მანევრები `ბირთვული ძალების მონაწილეობით`.
ეს მაინცდამაინც არ ნიშნავს, რომ სადმე ჩრდილო ყინულოვანი ოკეანის ნაპირთან ან შავ ზღვაში ატომურ ბომბს ააფეთქებს. შესაძლოა იგულისხმებოდეს იმ ქვედეანაყოფების მანევრები, რომლებიც ატარებენ ბირთვულ იარაღს ან ემსახურებიან ბირთვულ იარაღს.
თუმცა შეგახსენებთ, რომ ხელშეკრულებით (ამერიკასა და ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირს, შემდეგ რუსეთს შორის), მოსკოვსაც და ვაშინგტონსაც აქვთ უფლება წელიწადში ერთხელ გამოსცადონ ბირთვული მოწყობილობა ოღონდ მხოლოდ წყლის ქვეშ. ხმელეთზე და ჰაერში ამგვარი გამოცდები აკრძალულია.
უბრალოდ, უკვე თითქმის 30 წელია ამ ორმა ბირთვულმა სახელმწიფომ ნებაყოფლობით თქვა უარი გამოცდებზე, მაგრამ თუ ახლა პუტინი წყლის ქვეშ გამოცდის ბირთვულ იარაღს მსოფლიოს დასაშინებლად, ეს ხელშეკრულების დარღვევა არ იქნება.
სულ სხვაა, თუ უკრაინაში ბრძოლის ველზე ან ქალაქების წინააღმდეგ გამოიყენებს თუნდაც ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს.
გუშინ, როდესაც ვაშინგტონში ჩავიდა ოფიციალური რუსული შეტყობინება რუსული ბირთვული ძალების ყოველწლიური მანევრების შესახებ, აშშ პრეზიდენტი ჯო ბაიდენი სპეციალურად გამოვიდა და პუტინი გააფრთხილა, არ გამოიყენოს (`გამოცდა არ ჩაატაროო არ უთქვამს`) ბირთვული იარაღი ბრძოლის ველზე ან უკრაინის ნებისმიერ ტერიტორიაზე.
როგორც მოგახსენეთ წინა წერილებში, NATO-მ უკვე გამოაქვეყნა მოქმედებათა გეგმა თუ პუტინი ამას გაბედავს:
ა) ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებას ბრძოლის ველზე მოჰყვება ალიანსის მასსირებული დარტყმა ჩვეულებრივი იარაღით უკრაინაში მყოფ რუსულ ძალებზე
ბ) უფრო მძლავრი ატომური ბომბის გამოყენებას მაგალითად კიევის გასანადგურებლად მოჰყვება NATO-ს მასირებული დარტყმა ჩვეულებრივი იარაღით რუსეთის ტერიტორიაზე და მისი შავი ზღვის ფლოტის განადგურება
გ) ბირთვული იარაღის გამოყენებას ალიანსის წევრი ნებისმიერი მოკავშირის წინააღმდეგ მოჰყვება ბირთვული დარტყმა მოსკოვზე;
დ) რუსეთის მიერ ბირთვული იაარაღის გამოცდას წყლის ქვეშ (ანუ ხელშეკრულების თანახმად) არანაირი სამხედრო (!) რეაქცია არ მოჰყვება NATO-ს მხრიდან. თუმცა ეკონომიკური და სხვა სანქციები შესაძლოა გამკაცრდეს.
. . . . . . . . . . . . . . .
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა, რომის პაპთან შეხვედრისას პონტიფიკოსს სთხოვა, დაურეკოს ამერიკის პრეზიდენტს, შემდეგ დაურეკოს ვლადიმერ პუტინს და შესთავაზოს შუამავლობა.
რა `შუამავლობაზეა` ლაპარაკი და რა უნდა იყოს მოლაპარაკების საგანი? რა თქმა უნდა უკრაინა.
თუმცა ამერიკელებმა უკვე უპასუხეს საფრანგეთის ლიდერს, რომ არანაირი მოლაპარაკება უკრაინის შესახებ უკრაინის გარეშე (About Ukraine without Ukraine) არ არის შესაძლებელი.
ექსპერტები გამოთქვამენ დამაჯერებელ მოსაზრებას, რომ ეს იდეა თვით პუტინმა ჩააწვეთა მაკრონს. ძალიან უჭირს ახლა კრემლის ბინადარს და გამოძრომას ცდილობს. მაკრონი კი ამ მხრივ მოხერხებული `გამტარია` ან `მესენჯერი`
. . . . . . . . . . . . . . .
გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ ვალტერ შტაინმაიერი უკრაინაში ვიზიტისას მიწისქვეშა ბუნკერში მართავდა მოლაპარაკებებს, რადგან დაბომბვა დაიწყო.
აღსანიშნავია, რომ ამ ვიზიტის დროს მან მოინახულა ის ადგილები, სადაც 1943 წელს გერმანელმა ნაცისტებმა ათასობით უკრაინელი ებრაელი დახვრიტეს. ანუ გერმანია, რასაკვირველია, ინარჩუნებს იმ ნარატივს, რომ დამნაშავეა იმ ომში, მაგრამ თანდათან სძლევს `დამნაშავე ერის` კომპლექსებს, რაკი უკრაინას ეხმარება ახლა დამოუკიდებლობისა და თავისუფლების შენარჩუნებაში.
ზოგადად აქ არსებობს ერთი საინტერესო ნიუანსი: როდესაც გერმანელი ინტელექტუალები და გერმანელი ხელოვანები (მწერლები პირველ რიგში) და პოლიტიკოსებიც ავითარებდნენ (თვითონ ავითარებდნენ) გერმანულ საზოგადოებაში `დამნაშავე ერის კომპლექსს`, მათი მიზანი იყო დაემკვიდრებინათ ის წარმოდგენა, რომ გერმანელი ერი 1945 წელს სასტიკად დამარცხდა არა იმიტომ, რომ სუსტია, არამედ იმიტომ, რომ მორალური დანაშაული ჩაიდინა 6 მილიონი ებრაელის გაჟლეტით და აგრესიული ომების წამოწყებით.
მარტივად რომ ვთქვათ, ეროვნული ცნობიერებისთვის `დამნაშავე ერის` კომპლექსი სჯობდა `სიმართლეში დამარცხებული ერის` კომპლექსს: ჩვენ რომ მართლები ვყოფილიყავით და მორალურად გამართულნი, ვერც ვერავინ ვერასდროს დაგვამარცხებდა, - 1945 წელს კი დაგვამარცხეს იმიტომ კი არა თითქოს სუსტები ვართ და ჩვენი სიმართლის მიუეხდავად ძალით მოგვერიენ, არამედ ჩვენივე უზნეო საქციელის გამო დავმარცხდოით: ებრაელი ბავშვების, ქალების, მოხუცების საკონცენტრაციო ბანაკებში ჟლეტის მორალური დანაშაულის მიზეზითო.
ახლა, როცა 80-90 წელი გავიდა ანტიებრაული რბევებიდან, მერე მათი ხოცვა-ჟლეტიდან საკონცემნტრაციო ბანაკებში, გერმანელებს აქვთ შანსი წელში გაიმართონ, რაკი ამჯერად ისტორიის მართალ მხარეს დგანან უკრაინის მხარდაჭერით.
ანუ `დამნაშავე ერის` სინდრომსაც სძლევენ
ამით დასტურდება, რამდენად ჭკვიანური, პატრიოტული და შორსმჭვრეტელი იყო თომას მანის, ჰენრიხ ბიოლის და სხვათა პოზიცია `ზნეობრივი დანაშაულის` თაობაზე, რის გამოც დამარცხდა მათი თქმით, გერმანია და არა იმიტომ, თითქოს მართალი იყო, თითქოს სუსტია და აჯობეს სხვებმა.
ვიმეორებ: ისინი მიხვდნენ და პოლიტიკოსებმაც მხარი აუბეს, რომ `დამნაშავე ერის` სინდრომი სჯობდა `უძლური და სიმართლის მიუხედავად დამარცხებული ერის` სინდრომს.
. . . . . . . . . . . . . . .
ჩეჩნეთის სატრაპმა, რამზან კადიროვმა უკრაინას `ჯიჰადი` ანუ ისლამური `წმიდა ომი` გამოუცხადა და მთელი მსოფლიოს მუსლიმებს მოუწოდა, ჩავიდნენ უკრაინაში `სატანა ზელენსკის` გასანადგურებლად და მისი `სატანისტური` რეჟიმის დასამხობად.
ამ სისხლიანმა კლოუნმა ისლამიც კი გააბითურა! იმიტომ, რომ ისლამის კანონებით არანაირი საფუძველი არ არსებობს ისლამურმა სამყარომ `წმიდა ომი` (ჯიჰადი) გამოუცხადოს უკრაინას;
გარდა ამისა იმავე ისლამის კანონებით `ჯიჰადის` გამოცხადების უფლება მხოლოდ რელიგიურ ლიდერს აქვს. კადიროვს კი თავი ჩეჩნეთის `აიათოლლად` ჯერ არ გამოუცხადებია; თუმცა არც ესაა ალბათ შორს.
რასაკვირველია არანაირი `ჯიჰადი` არ იქნება და ჩეჩნეთის სატრაპი მხოლოდ ტაკიმასხარად წარმოჩინდება ისლამური ქვეყნების ლიდერთა თვალში. არავინ უკრაინაში `რელიგიური ომის` საწარმოებლად არ ჩავა რასაკვირველია. თუმცა ამით კადიროვი `ყურმოჭრილ მონობას` უდასტურებს პუტინს: უკრაინაში უკვე ასეულობით ჩეჩენი დაიღუპა: რაც ჯერ ელცინმა, მერე პუტინმა დახოცა ასი ათასობით ჩეჩენი 1994 - 2004 წლებში, ახლა კადიროვმა დაამატა. არადა სულ აგზავნის და აგზავნის ახალ` საზარბაზნე ხორცს` უკრაინელი ერის წინააღმდეგ, რომელსაც ჩეჩნებისთვის არასდროს არაფერი დაუშავებია.
. . . . . . . . . . . . . . .
საქართველოს `დაუძინებელი მეგობარი`, კონსტანტინე ზატულინი აღმოჩნდა ტრაგი-კომიკურ ვითარებაში: სომხეთის ხელისუფლებამ, ესე იგი ფაშინიანის მთავრობამ ზატულინს აუკრძალა სომხეთში შესვლა მისი განცხადებების გამო ფაშინიანის წინააღმდეგ.
თავისი დღე და მოსწრება ეს რუსი პოლიტიკოსი სომხეთის მომხრე იყო. რაც მას აქვს გაკეთებული აზერბაიჯანის წინააღმდეგ და სომხეთის მხარდასაჭერად 1988 წლიდან (როცა დაიწყო სომხური ეროვნული მოძრაობა ყარაბაღის წასაგლეჯად აზერბაიჯანისათვის) ალბათ ცოტას ექნება გაკეთებული.
ამავე დროს, ზატულინი ყველაფერს აკეთებდა საქართველოს გასახლეჩად და დასანაწევრებლად. ყოველნაირად ეხმარებოდა აფხაზ და ოს სეპარატისტებს.
მაგრამ ზატულინი იმპერიალისტია და არ მოეწონა სომხეთის სათავეში ისეთი პოლიტიკოსის მოსვლა (ფაშინიანის სახით), რომელიც დასავლეთისკენაც იყურება და არა მხოლოდ მოსკოვისკენ.
ზატულინის დე-ფაქტო `პერსონა ნონ გრატა`-დ გამოცხადება სომხეთში ძალიან ნიშანდობლივი ფაქტია ამ მხრივ.