საერთაშორისო მიმოხილვა. 26 მაისი. 2022 წელი
რუსეთის საფეხბურთო ფედერაციის საპატიო პრეზიდენტმა, ვიაჩესლავ კოლოსკოვმა განაცხადა, რომ აფხაზეთის გუნდს, ისევე როგორც ყირიმის გუნდს არ ექნება საშუალება ითამაშოს რუსეთის საფეხბურთო ჩემპიონატში, რაკი `მსოფლიო არ აღიარებს ყირიმს რუსეთის ნაწილად ისევე, როგორც არ აღიარებს აფხაზეთის დამოუკიდებლობას და ახლა თუ ამ გუნდებს ჩვენს ჩემპიონატში მივიღებთ, მაშინ რუსეთის ნაკრებს ხომ კიდევ უფრო დასჯიანო`.
იგულისხმება, რომ რუსეთის ნაკრები უკვე დასაჯეს იმით, რომ აუკრძალეს ყატარის 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობა. ასევე რუსულ კლუბებს აუკრძალეს მონაწილეობა ევროპული თასების გათამაშებაში.
რუსეთის საფეხბურთო ელიტას იმედი აქვს, რომ ომს მალე დაამთავრებს და ამ სანქციებს დასავლეთს მოახსნევინებს. მათ შორის სანქციებს რუსული ნაკრების და რუსული კლუბების მიმართ. ამიტომ UEFA- ს და FIFA-ს კიდევ უფრო გაღიზიანება არ უნდათ იმით, რომ აფხაზეთის გუნდი მონაწილეობდეს რუსეთის საფეხბურთო ჩემპიონატში, ასევე ყირიმის ნაკრები.
თუმცა კომიკურია, რომ (აფხაზეთს თავი დავანებოთ) ყირიმი რუსეთის ნაწილად არის აღიარებული, დიდი ზარ ზეიმით მიიღეს რუსეთის ფედერაციის სუბიექტად და ახლა იმის ეშინიათ, ვაითუ მსოფლიო ან ევროპული საფეხბურთო წრეები გაბრაზდნენ, ჩვენს ტერიტორიაზე ვის ვათამაშებთ ჩვენივე ქვეყნის ჩემპიონატშიო.
საოცრად ზუსტი ილუსტრაციაა იმისა, რამდენად სუსტია რუსეთის პოზიცია როგორც აფხაზეთის, ასევე ყირიმის საკითხში.
ახლა ისიც ირკვევა, რომ მანამდე იგივე `კოლოსკოვი` აფხაზ სეპარატისტებს თურმე ასეთ `კომპრომისს` სთავაზობდა: სოჭის სახელით გამოდით რუსეთის ჩემპიონატშიო. თუმცა ამაზე აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის `პრეზიდენტმა` ჰაგბამ უპასუხა: `ნურას უკაცრავად, თუ ვითამაშებთ, სოხუმის სახელით უნდა ვითამაშოთ და სოხუმის სტადიონზე უნდა ვითამაშოთო`.
. . . . . . . . . .
აფხაზეთის ე.წ. `თავდაცვის მინისტრი`, ვლადიმირ ანუა სირიაში იმყოფება `ვიზიტით` და იქაურ გენერალიტეტს ხვდება.
როგორც სჩანს, მოლაპარაკება ეხება აფხაზთა შენაერთების მონაწილეობას სირიის ომში, ბაშარ ალ ასადის მხარეს.
როგორც ცნობილია, აფხაზეთმა უარი უთხრა რუსეთს აფხაზური `არმიის` შენაერთები უკრაინაში გაეგზავნა, რადგან სოხუმში არ სურთ დასაველთის მეტისმეტი გაღიზიანება და ისტორიულად ისე განწყობა, მან აფხაზეთის დამოუკიდებლობა მომავალშიც არასდროს არ სცნოს.
ოსებისგან განსხვავებით, აფხაზებს არა რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლა, არამედ გაეროს წევრობა და ე.წ. `დეამოუკიდებლობა` უნდათ.
რამდენად რეალურია - სხვა საკითხია, მაგრამ ეს განსხვავება (ოსებთან) ნამდვილად არსებობს.
რაკი მოსკოვში გაღიზიანდნენ აფხაზეთის ხელისუფლების უარის გამო, - გაეგზავნა (ოფიციალური) შენაერთი დონბასზე, - ახლა აფხაზები ცდილობენ კრემლს თავი იმით `მოუქონონ`, რომ აფხაზური შენაერთი სირიაში გააგზავნონ, სადაც მრავალრიცხოვანი ჩერქეზულ-ადიღური დიასპორა ცხოვრობს XIX საუკუნიდან და აფხაზური შენაერთის გამოჩენა ბევრს არავის არც გააკვირვებს და არც შეაწუხებს.
. . . . . . . . . .
გააფთრებული ბრძოლები მიმდინარეობს დონბასზე. განსაკუთრებით ლუგანსკის რაიონში. რუსები ცდილობენ აიღონ ლუმანი, სადაც გუშინ შეიჭრენ რუსული ტანკები.
ლუმანი მნიშვნელოვანი სარკინიგზო ჰაბია და ტერიტორიულადაც ისეთი ლოკაცია აქვს, იქედან შესაძლებელია უმნიშვნელოვანეს ქალაქ სლავიანსკის დაბომბვა და შემდეგ ლუგანსკის რაიონის საზღვრებამდე გაჭრა.
უკრაინული არმია ჯერ-ჯერობით ახერხებს მტრის შეკავებას. თუმცა მზადაა მიმართოს იგივე ტაქტიკას, როგორც მარიუპოლში ანუ გამაგრდეს ქალაქებში და გამართოს საქალაქო ბრძოლებიც ლიუმანშიც, სლავიანსკშიც, ლისიჩანსკშიც, ავდეევკაშიც და სევეროდვინსკშიც. (ეს საკვანძო პუნქტებია ამჟამინდელ ფრონტზე)
რუსებს ეს არ აწყობთ რამდენიმე მიზეზის გამო.
ა) ქალაქში ინტენსიური ბრძოლებისთვის რუსული არმია მზად არ არის
ბ) ქალაქ მარიუპოლში ბრძოლებისას რუსებს კოლოსალური დანაკარგი ჰქონდათ. ქალაქში განსაკუთრებით წარმატებით მუშაობენ სნაიპერები. სწორედ მარიუპოლის ბრძოლებში დაკარგეს რუსებმა რამდენიმე გენერალი და ადმირალი. ისინი სნაიპერებმა მოკლეს ძირითადად.
გ) `მარიუპოლის განმეორება` აღმოსავლეთ უკრაინის ყველა ქალაქსა და დიდ დასახლებულ პუნქტში იმას ნიშნავს, რომ საბრძოლო მოქმედებები უსაშველოდ გაიწელება დროში. ეს პუტინს სინამდვილეში არ აწყობს, რაკი მისი საზოგადოება `იღლება`ამ გაუთავებელი ომით. გარდა ამისა, უდიდესი იქნება მსხვერპლი ადგილობრივ რუსულ (!) მოსახლეობაში და მართალია პუტინსაც შეუძლია თქვას `მე რუსები თვლით კი არ ჩამაბარესო`, მაგრამ..... ასეც არ არის - ბოლოს და ბოლოს რუსებიც იკითხავენ: უკრაინაში ომი განა იმისთვის დავიწყეთ რუსებმა, - იქ რუსები ვხოცოთო? მაშინ დასავლეთ უკრაინას რატომ არ ვბომბავთ `ნოხისებურად`, სადაც ნაღდი უკრაინელები ცხოვრობენო? ან კიევი რატომ არ დავბომბეთ ისე, როგორც ბერლინი დავბომბეთ 1945 წელსო?
სინამდვილეში პუტინს ამ კითხვების ეშინია.
რუსი ლიბერალების არ ეშინია, ვინც ცარიელი ფურცლებით გამოდის ქუჩაში, თუმცა აი ამ ნარატივის კი ეშინია: რატომ არ ვომობთ ისე, როგორც საჭიროა, თუკი დავიწყეთ ომი?
რუსების 90% ატომური ბომბის გამოყენებასაც კი მხარს დაუჭერს, ოღონდ კი ეს ომი გამარჯვებით დასრულდეს.
ეს არის იმპერიულ- დერჟავნიკული ერის შიშისა და შოვინიზმის ნაზავი.
ამიტომ პუტინი ყველანაირად შეეცდება, ახლა რაღაც შედეგი მაინც `დადოს` და მერე იქნებ ზელენსკიც აიძულოს (ყოველ შემთხვევაში ამის იმედი აქვს) `ყურად იღოს` იმ დასავლელ კაპიტულანტთა შეხედულებები, რომელთა ჩუმი წინადადება გუშინ ამერიკული და დასავლური დიპლომატიის `მასტოდანტმა`, ლამის 100 წელს მიღწეულმა ჰენრი კისინჯერმა გააჟღერა: `უკრაინამ რაღაც ტერიტორიები უნდა დაუთმოს რუსეთს, ეს ტერიტორიები რუსეთს დაუკანონოს (იგულისხმება მინიმუმ ყირიმი და დონბასი, მაქსიმუმ ოდესა და მთელი სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინა), რათა მშვიდობა მოიპოვოსო`.
სამწუხაროდ, ჰენრი კისინჯერს დღემდე დასავლეთში უყურებენ როგორც რაღაც `ბუდას`, გურუს`..... არადა მას აშშ სახელმწიფო მდივნის პოსტი 50 წლის წინ ეკავა (1973-1977წწ) - ცივი ომის დროს. იგი ცივი ომის პირმშოა და ცივი ომის დროინდელი კლიშეებით აზროვნებს.
თუმცა ეს განცხადება (რაც ნიშანდობლივია) კისინჯერმა დავოსის ფორუმზე გააკეთა. ამ ფორუმის ორგანიზატორებმა შესანიშნავად იციან, რას იტყვის კისინჯერი. ანუ მათ ძალიან კარგად იცოდნენ, რომ კისინჯერი ზუსტად იმას იტყოდა რაც თქვა და სწორედ ამ მიზნით მიიწვიეს დავოსში. ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ დასავლურ, განსაკუთრებით ევროპულ ელიტებს შორის მიმდინარეობს გააფთრებული `ნოხქვეშა` ბრძოლა, - `ჩააბარონ` თუ არა უკრაინა რუსეთს.
ზელენსკიმ (იმავე დავოსზე გამოსვლისას) უკვე შეადარა კისინჯერის ინიციატივა 1938 წლის სამარცხვინო პაქტს ჰიტლერთან.
. . . . . . . . . .
გუშინ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე რუდენკომ უკვე ღიად, შეუნიღბავად განაცხადა: უკრაინის პორტებიდან უკრაინულ ხორბალს რუსული სამხედრო ფლოტი გაატარებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ (როცა) დასავლეთი გააუქმებს ყველა სანქციას ფინანსურ სფეროში, ანუ რუსულ ბანკებს აღადგენენ SWIFT-ის სისტემაში და დაუბრუნებენ რუსეთს იმ 300 მილიარდ დოლარს, რაც გაყინულია ამერიკულ `ფედრეზერვში`.
გუშინვე, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მოსკოვი ზუსტად ისეთივე მკაცრ პასუხს გასცემს უკრაინის მიღებას ევროკავშირში, ან თუნდაც მისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, როგორც იმ შემთხვევაში ექნებოდა, თუკი უკრაინა ნატოში გაწევრდებოდა.
. . . . . . . . . .
ძალიან ცუდი ამბავია, რომ ამერიკელები, დაპირების მიუხედავად, არ აწვდიან უკრაინულ არმიას შორსმსროლელ ზალპური ცეცხლის დანადგარებს. ამერიკელები სვამენ კითხვას: რაში გჭირდებათ ეს დანადგარები, თუკი რუსული არმიის პოზიციებს უკრაინაში იმ არტილერიითაც შეიძლება მისწვდეთ, რაც უკვე მოგაწოდეთ? ხომ არ აპირებთ რუსეთის ტერიტორიის დაბომბვას? ხომ არ აპირებთ მოსკოვის, ან თუნდაც რუსული ქალაქების ბელგოროდისა და კურსკის დაბომბვას? ეს ბირთვულ ომს გამოიწვევს!
ამასობაში, პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლითაც ყველა, ვინც რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობს, რუსეთის მოქალაქედ ითვლება ხოლო პასპორტის აღება უკვე ტექნიკური საკითხია.
`როცა აიღებენ, აიღებენ`.
ამ ბრძანებულებაში ნათქვამია, რომ რუსეთის მოქალაქეებს უუქმდებათ ყველანაირი სესხი და ყველანაირი იპოთეკა უკრაინული ბანკების მიმართ.
ეს პუტინის გველური მიგნებაა: ადამიანებს, ვისაც სესხის და იპოთეკის გადახდა არ უნდა (უკრაინაშიც და საქართველოშიც ასეთი საკმაოდ ბევრია) უუქმებს სესხის და იპოთეკის ვალდებულებებს.
რუსეთის ბანკები ამით არაფერს კარგავენ, რადგან ეს სესხი და იპოთეკა მათ არ გაუციათ.