საერთაშორისო მიმოხილვა. 25 სექტემბერი 2021 წელი
რუსეთმა გადაწყვიტა, მნიშვნელოვნად გაუზარდოს ფინანსური დახმარება აფხაზეთს 2022 წელს. ეს შესაძლოა ნიშნავდეს იმას, რომ აფხაზეთის რეჟიმი დაეთანხმა მოსკოვის მთავარ მოთხოვნას: მიწების და ბინების თავისუფალი ყიდვა-გაყიდვა რუსებზე.
თუმცა არ არის გამორიცხული აფხაზეთის `პრეზიდენტი` ასლან ბჟანია ისევ ბლეფობდეს: აფხაზებს ეს მიწები და ბინები თურქეთში მცხოვრები აფხაზებისთვის უნდათ და არა რუსებისთვის, ამიტომ უბრალოდ დაამხობენ თუ ეს გაბედა. მაგრამ მეორეს მხრივ რუსებიც აბულინგებენ: მაშინ ჩვენ დაგამხობთო.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ამერიკის კონგრესმა მიიღო მორიგი სანქციები პუტინის უახლოესი გარემოცვის წინააღმდეგ. მათ შორის არიან ყველაზე გავლენიანი ოლიგარქები, რუსი მიალიარდერები ანუ ბანდიტები, რომლებმაც ფული 1990-იან წლებში იშოვეს. ასევე რუსეთის პრემიერ-მინისტრი მიშუსტინი, რაც საერთოდ უპრეცედენტო ამბავია. ისეთივე ბანდიტია და იმიტომ.
მზადდება მათი ფულადი ავუარების გაყინვა ამერიკულ ბანკებში და ვიზა-რესტრიქცია, ესე იგი ამერიკაში შესვლის აკრძალვა. ასევე მათთან და მათ კომპანიებთან საქმიანი ურთიერთობის დაბლოკვა.
თუ ეს პაკეტი შევიდა ძალაში, პუტინს სერიოზული პრობლემები ელის.
თუმცა რეალური სანქციები ჯერ სენატმა უნდა დაამტკიცოს, შემდეგ პრეზიდენტმა მოაწეროს ხელი.
მოაწერს კი ხელს ბაიდენი იმ ვითარებაში, როდესაც ამერიკას სჭირდება რუსეთის დახმარება ირანის ბირთვული დოსიეს საკითხში? - - - ირანმა განაახლა ურანის გამდიდრება და როგორც ისრაელი ამტკიცებს, 2 თვე დარჩა ატომური ბომბის შექმნამდე.
ამ ბერკეტს მოსკოვი ხშირად ადრეც იყენებდა სანქციების ჩასაშლელად და იყენებდა წარმატებით!
ვიცით, რომ ისრაელი თითქმის ყოვლისშემძლეა ვაშინგტონში.
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში პოსტსაბჭოთა სივრცის და ევრაზიის კურატორი, ვიქტორია ნულანდი ცდილობს ამ დღეებში მოსკოვში ჩავიდეს მოსალაპარაკებლად და რუსები პასუხობენ: ვიზას არ მოგცემთ, თუ იმ რუს დიპლომატებს არ მისცემთ ვიზას, ვისაც ამერიკიდან აძევებთ ახლაო.
ბევრს აძევებენ ამერიკიდან შპიონაჟისთვის.
ნულანდის ჩასვლის შესახებ მოლაპარაკებებისას გაიპარა ინფორმაცია პიროვნებაზე, ვინც პუტინის ადმინისტრაციაში `კურირებს` საქართველოს, უკრაინას და ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებს. ეს არის ყოფილი ვიცე-პრემიერი დიმიტრი კოზაკი. ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი იმპერიალისტი პუტინის გუნდში. ახლა, ფორმალურად, მისი თანამდებობაა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე. თუმცა უდიდესი უფლებები აქვს პუტინის მიერ მინიჭებული.
დაახლოებით ისეთივე რანგის მოვლენაა ეს კოზაკი, როგორიც იყო იური სკოკოვი პრეზიდენტ ელცინის დროს. სკოკოვს მაშინ (1992-1993წწ) რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის პოსტი ეკავა და უდიდესი როლი შეასრულა აფხაზეთის ტრაგედიაში.
კოზაკი დღეს ცდილობს `არ გამოჩნდეს`, თუმცა საქართველოსთან (და უკრაინასთან) დაკავშირებით აბსოლუტურად ყველა კონკრეტულ გადაწყვეტილებას სწორედ ის იღებს.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
კანადამ გაათავისუფლა გიგანტური ჩინური კომპანია Huawei-ს ფინანსური დირექტორი ქალი, მენ ვანჩჟოუ, რომელიც Huawei-ს დამფუძნებლის, ჟენ ჩჟენფეის შვილია.
მენი შარშან დააპატიმრეს კანადაში ფინანსური მაქინაციების და ირანთან უკანონო კავშირის ბრალდებით. აშშ მოითხოვდა მის ექსტრადიციას. საპასუხოდ ჩინეთმა შარშანვე ორი კანადელი ბიზნესმენი დააპატიმრა ჩინეთის ტერიტორიაზე არაფრის გამო...... ფაქტობრიბად მძევლად აიყვანა და......რა ექნა კანადას? ადგა და თავისი უდანაშაულო მძევლების გასათავისუფლებლად, გაუშვა Huawei-ს ფინანსური დირექტორი!
ამერიკა და კანადა, ასევე გერმანია და საფრანგეთი Huawei-ს ადანაშაულებენ, რომ მის პროგრამებს და სმარტფონებს ჩინეთის და რუსეთის დაზვერვა იყენებს შპიონაჟისათვის. ამიტომაც სჯობია `სამსუნგი` და მით უმეტეს `ეფლ`, ოღონდ.......ძვირია.
პუტინს ხშირად გამოუყენებია ასეთი მეთოდი.
ეს ამბავი და არაერთი მსგავსი ადასტურებს, რამდენად სუსტი შეიძლება იყოს ზოგჯერ დემოკრატია გათავხედებულ ავტორიტარიზმთან `ჯახისას`.
`სხვა გზა` უბრალოდ არ იყო: დემოკრატიას არ შეუძლია გასწიროს თავისი უდანაშაულო მოქალაქეები.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
სერიოზული კონფლიქტი მწიფდება საფრანგეთსა და რუსეთს შორის: გუშინ, ნიუ-იორკში შეხვედრისას, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან ივ ლედრიანმა გააფრთხილა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლავროვი, რომ თუ რუსეთი სამხედრო ძალით ჩაერევა აფრიკის ქვეყანა მალის (საფრანგეთის ყოფილი ტერიტორიაა) შიდა საქმეებში, პარიზი მკაცრ ზომებს მიიღებს.
`ჩარევაში` იგულისხმება არა რუსული ოფიციალური ჯარის შესვლა, არამედ რუსული არაფორმალური სამხედრო (ვითომ კერძო) სამხედრო კომპანია `ვაგნერ-`ის მონაწილეობა. (ЧВК Вагнер).
პუტინი ხშირად აგზავნის ხოლმე მათ სხვადასხვა სახელმწიფოში, სადაც ოფიციალურ ჯარს ვერ აგზავნის.
აქ საინტერესო ისაა, რომ პუტინი უკვე აფრიკაშიც ცდილობს დასაველთთან გეოპოლიტიკურ პაექრობას. როგორც სსრკ დროს.
ჯერ ჯერობით გასდის.
როგორც სირიაში გაუვიდა. არადა ახლო აღმოსაველთს, დიდ ბრიტანეთთან ერთად, სწორედ საფრანგეთი პატრონობდა ოდესღაც და ეს ტრადიცია ფრანგულ პოლიტიკაში დღესაც არსებითია. თუმცა რეალურად რუსეთი ბევრადა აქტიურია სირიაში, ვიდრე საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ გააძლიერა დაცვა მას შედეგ, რაც ესროლეს მის თანაშემწეს, სერგეი შეფირს. განიხილება ორი ვერსია: შეფირს ესროლეს ფულადი `რაზბორკის` ფარგლებში და მეორე: პუტინმა გაფრთხილების სიგნალი გაუგზავნა ზელენსკის.
ეს მეორე ვერსია უფრო რეალური სჩანს. ზელენსკი სულ უფრო აღიზიანებს პუტინს.
გუშინ რუსული სამხედრო თვითმფრინავები დემონსტრაციულად შეიჭრენ უკრაინის საჰაერო სივრცეში. იქ, სადაც უკრაინის და NATO-ს ერთობლივი სამხედრო-საზღვაო მანევრები გრძელდება.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
რომელ ქვეყნებზე დებს ფსონს წიაღისეულად ზღაპრულად მდიდარი ავღანეთის ახალი, შავბნელი ხელისუფლება?
ერთდროულად რამდენიმე ნიშნით, გამოიკვეთა იმ ქვეყნების სია, რომლებიც მზად არიან გახდნენ `თალიბთა`მოკავშირეები, დაეხმარონ მათ რეჟიმის განმტკიცებაში და თვითონაც მიიღონ როგორც მატერიალური სარგებელი ავღანეთის უდიდეს წიაღისეულ სიმდიდრეთა გაყიდვით, ასევე მოიპოვონ გეოპოლიტიკური კოზირები.
ეს ქვეყნები თალიბებმა ორ ჯგუფად გაყვეს.
პირველი ჯგუფი: პაკისტანი, თურქეთი, ყატარი. ისინი მზად არიან დაუყოვნებლივ სცნონ თალიბთა ხელისუფლება, განახორციელონ ინვესტიციები, თუ საჭიროა შეიყვანონ ჯარი რეჟიმის დასაცავად (პაკისტანი, თურქეთი) და ა.შ. აქ ნიშანდობლივია შემდეგი: პაკისტანი კიდევ გასაგებია, მაგრამ ნატო-ს წევრი თურქეთი?! ან ყატარი, სადაც ამერიკული სამხედრო ბაზაა?!!! ეს კითხვებს ნამდვილად წარმოშობს იმის შესახებ, რამდენად აკონტროლებენ აშშ და NATO ამ ქვეყნებს მათ სტრატეგიულ გადაწყვეტილებებში. აბა ასე როგორ შეიძლება?
მეორე ჯგუფია ჩინეთი, ირანი, რუსეთი. ისინი მზად არიან თალიბთა გეოპოლიტიკური პრომოუტირებისთვის.. მაგალითად, დაბლოკავენ (ჩინეთი და რუსეთი) გაეროს უშიშროების საბჭოზე ნებისმიერ რეზოლუციას თალიბთა წინააღმდეგ, რაკი აქვთ `ვეტო`-ს უფლება.
მთავარი `კუშია` ავღანეთის წიაღისეული სიმდიდრეები, განსაკუთრებით ფერადი ლითონები, რისი ღირებულებაც ასეულობით მილიარდი დოლარია. საკმარისია მხოლოდ ერთი დავასახელოთ: `ლიტიუმი`, რომლის საბადოებით ავღანეთი მსოფლიო ლიდერია.
მაგალითად, თბილისში და საქართველოში რომ `ტოიოტა-პრიუსი` და სხვა ჰიბრიდები დადიან, მათი ელექტროძრავი ლიტიუმის გარეშე წარმოუდგენელია. ასევე სხვა ჰიბრიდების აბსოლუტური უმრავლესობა მთელს მსოფლიოში. უმრავლესობა ლიტიუმზე მუშაობს. არადა `ჰიბრიდები` ხომ უკვე დომინანტური ტრენდია გლობალურ მანქანათმშენებლობაში?
ის, რომ თალიბები მზად არიან ამ ექვს ქვეყანასთან გარიგებისთვის და მზად არიან ავღანეთი რეალურად მათი `ქოლგის` ქვეშ, მათი მონაწილეობით ვითარდებოდეს, მარტივი მაგალითით მტკიცდება: თალიბები აპირებდნენ თავიანთი მთავრობის ინაუგურაციას 11 სექტემბერს, ანუ 9/11 ოც წლისთავზე, როდესაც მთელი ამერიკა და მთელი ნორმალური მსოფლიო გლოვობდა 2001 წლის 11 სექტემბერს დაღუპულ უდანაშაულო ადამიანებს.
მაგრამ გადაიფიქრეს.
რატომ? თალიბებს სულ არ ანაღვლებს, რას იტყვიან მათზე დასავლეთში; ოღონდ ამ ექვს ქვეყანას არ აწყობს ასე ღიად დაპირისპირება დასავლეთთან. ანუ ამ სახელმწიფოებმა მიიჩნიეს საჭიროდ აქ `პოლიტკორექტულობის` დაცვა და რაც მთავარია, შეძლეს რელიგიური ფანატიკოსები დაერწმუნებინათ, ინაუგურაციის რამდენიმე დღით გადაწევის აუცილებლობაში.
დათო