საერთაშორისო მიმოხილვა. 23ივნისი. 2023 წელი
უნგრეთის ავტორიტარმა მმართველმა ვიქტორ ორბანმა ახალი `რეკორდი` მოხსნა: რუსეთის ეკლესიასთან მოლაპარაკების შედეგად, მოსკოვმა უნგრეთს გადასცა 11 უკრაინელი სამხედრო ტყვე, რომლებსაც უნგრული ეთნიკური წარმომავლობა აქვთ.
უკრაინის ხელისუფლება არც კი ჩაუყენებიათ საქმის კურსში, ანუ უკრაინის ზურგს უკან აწარმოებდნენ მოლაპარაკებას უკრაინის მოქალაქეების და უკრაინული არმიის სამხედრო მოსამსახურეების შესახებ;
როდესაც უნგრეთში უკრაინის ელჩმა მოითხოვა ტყვე უკრაინელებთან შეხვედრა, უარი მიიღო! სახელებსა და გვარებსაც კი არ ეუბნებიან, სრულ იზოლაციაში ამყოფებენ...... ისიც კი არაა ცნობილი, თვითონ ის ტყვეები რას ამბობენ, რას მოითხოვენ.
მხოლოდ ის თქვა ორბანის ხელისუფლებამ, რომ ეთნიკური უნგრელები არიან, თუმცა მოქალაქეობით უკრაინელები, მაგრამ უნგრეთის ხელისუფლებას რასაკვირველია არ გაუჭირდება მათთვის სასწრაფოდ უნგრული პასპორტების დარიგება.
. . . . . . . . . . . . . . . . .
საინტერესო ციფრები: 2022 წელს, სავაჭრო ბრუნვამ ჩინეთსა და რუსეთს შორის $190 მილიარდ დოლარს მიაღწია.
წინა წელთან შედარებით 30%-ით მეტია.
პირველ რიგში ზრდა განაპირობა რუსული ენერგორესურსების მიწოდებამ დასავლური სანქციების პირობებში. ამიტომ რუსეთი მეტს ყიდის ჩინეთში ($114 მლრდ.) ვიდრე ჩინეთი - რუსეთში ($76 მლრდ).
ფაქტია, რომ ჩინეთს სავაჭრო დეფიციტი გაუჩნდა ამის ხარჯზე რუსეთთან. არადა ამერიკასთან არა აქვს ამგვარი დეფიციტი - ამერიკაში კვლავინდებურად მეტს ყიდის, ვიდრე ამერიკიდან შემოაქვს.
თუმცა აღსანიშნავია აგრეთვე, რომ რუსეთის წილი ჩინეთის ვაჭრობაში სულ რაღაც 3%-ია მთლიანობაში.
პუტინი ცდილობს ჩინეთთან რუბლებით და იუანებით ივაჭროს, მაგრამ ეს გარკვეულ პრობლემებს უქმნის ჩინურ კომპანიებს დასავლურ ბანკებთან ურთიერთქმედებისას, რადგან დასავლურმა ბანკებმა რუბლი დიდი ხანია გამოაცხადეს `ხელდაუკარებლად`.
. . . . . . . . . . . . . . . . .
უკრაინამ ბრიტანული რაკეტით (!) Storm Shadow წარმატებით დაარტყა ჩონგარის ხიდს, რომელიც ყირიმს აკავშირებს ოკუპირებულ აღმოსავლეთ უკრაინასთან, მელიტოპოლთან და მარიუპოლთან.
ამ ხიდით ხდებოდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მყოფი რუსული საოკუპაციო ძალების მომარაგება იარაღით.
ხიდი დანგრეული არ არის, მაგრამ უზარმაზარი ნაპრალია მასზე და მოძრაობის აღდგენას რამდენიმე კვირა დასჭირდება.
ზოგადად ხიდის დანგრევა სამხედრო თვალსაზრისით ძალიან რთული ამოცანაა. ამაზე არაერთხელ უსაუბრიათ მსოფლიოს საუკეთესო სამხედრო სპეციალისტებს. ხიდი ისეთი საინჟინრო კონსტრუქციაა, მისი დანგრევა შესაძლებელია მხოლოდ საყრდენების დანაღმვით. სხვა შემთხვევაში, საავიაციო 2 ტონიანი ბომბის პირდაპირი მოხვედრაც კი, არ ქმნის სრული დანგრევის გარანტიას - ანუ შესაძლოა ნაპრალი გაჩნდეს, რაც შეკეთებადია. მით უმეტეს რაკეტით ხიდის დანგრევა თითქმის შეუძლებელია.
გახსოვთ, რასაკვირველია, რომ უკრაინის დაზვერვამ ყირიმის ხიდზეც ააფეთქა 500 კილოგრამი ტროტილი, რაც მანქანაში იყო დამალული, თუმცა ხიდი ვერ დაანგრიეს და სულ მალე აღდგა მოძრაობა როგორც საავტომობილო, ასევე სარკინიგზო მონაკვეთებზე.
ჩონგარის ხიდის გარდა ყირიმს უკრაინის ოკუპირებულ ნაწილთან მეორე ხიდიც აკავშირებს - პერიკოპის ყელზე, უფრო დასავლეთით.
აქ ნიშანდობლივია, რომ უკრაინამ ყირიმის (ჩონგარის) ხიდზე დასარტყმელად გამოიყენა ბრიტანული (უფრო ზუსტად ბრიტანულ-ფრანგული) რაკეტა Storm Shadow.
ადრე NATO-ს წევრი სახელმწიფოები უკრაინისგან მოითხოვდნენ, რომ არავითარ შემთხვევაში არ გამოეყენებინა მათი იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე.
რუსეთი ყირიმს საკუთარ ტერიტორიად თვლის, თუმცა დასავლეთი და უკრაინა - არა.
. . . . . . . . . . . . . . . . .
ერდოღანმა კი მოიგო საპრეზიდენტო, ასევე საპარლამენტო არჩევნები, მაგრამ ის რაც ახლა ხდება თურქეთის ეკონომიკაში, არის ნამდვილი კატასტროფა. მათ შორის იმ თვალსაზრისითაც, რომ აქარწყლებს ყველა თეორიას ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის პირდაპირ კორელაციაზე არჩევნების შედეგებთან.
თავად განსაჯეთ: 2021 წლიდან დღემდე, თურქული ლირა გაუფასურდა 400%-ით!!! შესაბამისად, ინფლაციამ ქვეყანაში შეადგინა 45%. ხოლო ინფლაცია არის `დამატებითი გადასახადი უბრალო ხალხზე`, როგორც მას ამერიკელი ეკონომისტები და სოციოლოგები უწოდებენ.
გუშინ, ანუ ხუთშაბათს, თურქეთის რეგულატორმა კომერციულ ბანკებს საპროცენტო განაკვეთი გაუზარდა 15%-მდე, თუმცა სპეციალისტების აზრით, ინფლაციის შეკავება შესაძლებელი გახდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მინიმუმ 50%-მდე გაზრდის საპროცენტო განაკევთს, რაც კიდევ ცალკე პრობლემაა ეკონომიკისთვის.
მიუხედავად ამისა, ჰოი საოცრებავ, ერდოღანის რეიტინგი არათუ იკლებს, არამედ იზრდება. იმიტომ, რომ ეკონომიკა-ეკონომიკად, თუმცა თურქეთის ამჟამინდელმა, აწ უკვე ისტორიულმა ლიდერმა, ძალიან ოსტატურად, შეიძლება ითქვას დიდოსტატურად ითამაშა ბოლო წლებში თურქთა ნაციონალისტურ და იმპერიულ სენტიმენტებზე.
რამდენიმე დღის წინ ერდოღანმა შვედეთის ხელისუფლებას გაუგზავნა 120 ქურთის სია, რომლებიც შვედეთმა უნდა გადასცეს თურქეთს NATO-ს ვილნიუსის სამიტამდე. სხვა შემთხვევაში, ერდოღანი იმუქრება, რომ ამ სამიტზე დაბლოკავს შვედეთის გაწევრებას ალიანსში.
. . . . . . . . . . . . . . . . .
ბატისკაფი Titan, რომლის გაუჩინარების თაობაზე გუშინ გატყობინებდით, დაიღუპა.
ხუთივე მგზავრი და ეკიპაჟის წევრი დაღუპულია.
ამის შესახებ მფლობელმა და ოპერატორმა კომპანიამ ოფიციალურად განაცხადა მას შემდეგ, რაც ამერიკელმა საზღვაო მესაზღვრეებმა აღმოაჩინეს ბატისკაფის ნამსხვრევები.
ეს იმას ნიშნავს, რომ ბატისკაფი დაიღუპა მომენტალურად - წყლის სიმძიმემ გასრისა უბრალოდ. მისი წვდომის სიღრმე განისაზღვრებოდა 4 კილომეტრით, ხოლო საოკეანო ლაინერი ტიტანიკი, რომლის ნარჩენთა დასათვალიერებლად წაიყვანა ტურისტები, მათ შორის რამდენიმე მილიარდერი, 3 900 მეტრზე წევს ოკეანის ფსკერზე.
100 მეტრი რა გარანტია უნდა ყოფილიყო უსაფრთხოების?
გაუგებარია.
თუმცა ეს მთლიანად კერძო პროექტია და ვერც ბრიტანული, ვერც ამერიკული სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებში ვერ ჩაერეოდა..... ანუ ვერაფერს აუკრძალავდა, თუმცა.....ახლა, როცა უმძიმესი შედეგი დადგა, კომპანიის Ocean Gate მენეჯერთა პასუხისმგებლობის საკითხი კი დადგება, მაგრამ.....ამ კომპანიის პრეზიდენტიც იქ დაიღუპა და.......აბა სხვა ვინ უნდა დასაჯონ?
ამერიკელმა ჰიდროლოგებმა ძლიერი აფეთქება დააფიქსირეს ატლანტიის ოკეანეში, საოკეანო ლაინერ `ტიტანიკის` ჩაძირვის ადგილას (600 კილომეტრში ნიუფაუნდლენდიდან) ორი საათის შემდეგ, რაც ბატისკაფი `ტიტანი` წყლის სიღრმეში ჩავიდა.
ეს არის დრო, რომელიც მას ნელა მოძრაობისას დასჭირდებოდა 3900 ან ოდნავ ნაკლებ სიღრმეზე ჩასასვლელად.
სპეციალისტებს ეჭვი არ ეპარებათ, რომ ბატისკაფის კორპოუსში წყლის უზარმაზარმა წნევამ ბზარი გააჩინა და ამ ბზარის გაჩენის შემდეგ წამის მეათედებში მოხდა სრული რე-ჰერმეტზიაცია ანუ აფეთქება. ესე იგი საცოდავმა ადამიანებმა ვერც გაიგეს ვერაფერი.
ასე სიკვდილი ბევრად ღვთისნიერია და ჰუმანური, ვიდრე ამ 5 დღის განმავლობაში უმწეოდ რომ ყოფილიყვნენ და უჰაერობით დამხვრჩვალიყვნენ.
გუშინ ამ თემაზე საუბრისას, ამერიკის ექს-პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ, რომელიც აქტიურად ჩაერთო ჯო ბაიდენის საარჩევნო კამპანიაში, საინტერესო და ნიშანდობლივი განცხადება გააკეთა CNN-თან - ჟურნალისტ ქრისტიან ამანპურთან ინტერვიუში: ``ყველანი ვდარდობთ ამ დაღუპულების გამო, მაგრამ.....ხმელთაშუა ზღვაში 600 ადამიანი იღუპება ყოველ წელს, როცა აფრიკელები ევროპის ნაპირებისკენ მიცურავენ თავშესაფრის საძიებლად, თუმცა მათზე ნაკლებად ვნაღვლობთო``.
აქვე უნდა ითქვას, რომ ობამას ჩართვა საარჩევნო კამპანიაში მნიშვნელოვნად გააძლიერებს ბაიდენსა და დემოკრატიულ პარტიას. შემატებს მათ აფროამერიკელთა ხმებს.
. . . . . . . . . . . . . . . . .
ინდოეთის პრემიერ-მინისტრის, ნარენდრა მოდის სახელმწიფო (!) ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში ზოგადად სერიოზულ კითხვებს წარმოშობს თანამედროვე მსოფლიოში დასავლეთის რეალური გავლენის თვალსაზრისით, როდესაც ე.წ. `მესამე მსოფლიო` ანუ, ჩვენში მიღებული ტერმინით `გეოპოლიტიკური შუაშისტები` მუდმივად ატყუებენ დასავლეთს, ხოლო ეს უკანასკნელი ფაქტიურად უმწეოა აიძულოს `გეოპოლიტიკური შუაშისტები` შეუსაბამონ მათი სიტყვა და საქმე ერთმაენთს.
ინდოეთი ამ კონფიგურაციის თვალსაჩინო ნიმუშია: ერთის მხრივ, ნარანდრა მოდი პრეზიდენტ ბაიდენთან ერთობლივ დეკლარაციაში მხარდაჭერას უცხადებს უკრაინას, მაგრამ სუფთად `შუაშისტურად`, იმავე დროს აგრძელებს Business as usual რუსეთთან - ვაჭრობს პუტინთან და ყოველნაირად ეხმარება სანქციათა თავის არიდებაში.
გარდა ამისა, ამერიკელი მიმომხილველები აღნიშნავენ, რომ მხოლოდ პუტინის დე-ფაქტო მხარდაჭერაშიც არაა საქმე: ნარანდრა მოდის მმართველობისას ინდოეთი გადაიხარა ავტორიტარიზმისკენ, ირღვევა უმცირესობებისა და ჟურნალისტთა უფლებები ანუ ის, რაც დასავლური ცივილიზაციისა და დემოკრატიის საფუძველია.
მაგრამ.....ამერიკას ინდოეთი გეოპოლიტიკურად სჭირდება, როგორც ჩინეთის `საპირწონე`.
ასე იყო, ასე არის და ასე იქნება მომავალშიც.
Real policy სასტიკია, თუმცა პრაგმატული და რაციონალური.