საერთაშორისო მიმოხილვა. 19 მაისი. 2024 წელი
ირკვევა, რომ 17 მაისის შეტევისას სევასტოპოლზე, უკრაინამ ასი (!) რაკეტა და დრონი ერთდროულად გამოიყენა.
რუსულმა „საზენიტომ“ მხოლოდ ნაწილის ჩამოგდება შეძლო, თუმცა უკრაინელები ქალაქს არ უმიზნებდნენ. უმიზნებდნენ სამხედრო ობიექტებს.
გამოყენებული იყო მათ შორის ბრიტანული ფრთოსანი რაკეტა Storm shadow და მისი ფრანგული ანალოგი Scalp.
როგორც ჩანს, დასავლური მოთხოვნა უკრაინის მიმართ მოდიფიცირებულია: „არ შეუტიოთ რუსეთის ტერიტორიას ჩვენი იარაღით....შეგიძლიათ შეუტიოთ ყირიმს ჩვენი რაკეტებით.....მაგრამ ყირიმში შეუტიეთ მხოლოდ სამხედრო ობიექტებს და არა საცხოვრებელ კვარტლებს სევასტოპოლსა თუ სიმფეროპოლში“.
უკრაინელებმა წარმატებით დაარტყეს ტუაპსეში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას. ხანძარი 3 საათს გრძელდებოდა. ბოლოს ჩააქრეს რუსებმა.
ასევე წარმატებით დაარტყეს უკრაინელებმა დრონით პეტერბურგის ვიბორგის რაიონში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, თუმცა სანქტ -პეტერბურგის გუბერნატორმა განაცხადა: „პიროტექნიკა აფეთქდაო“, რათა „რუსეთის მეორე დედაქალაქში“ პანიკა არ გამოეწვია.
რუსეთის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმებისას უკრაინელებს იგივე პრობლემა აქვთ, რაც რუსებს, როცა პუტინის აგრესორები რაკეტებს ესვრიან უკრაინულ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას: ამგვარი ობიექტების სერიოზულად დაზიანება, მით უმეტეს მთლიანად განადგურება რაკეტებით და დრონებით შეუძლებელია: დიდი ინფრასტრუქტურული ობიექტების განადგურება შესაძლებელია მხოლოდ მასირებული საავიაციო ბომბარდირებით, რისი საშუალებაც უკრაინას (საუბედუროდ) და რუსეთს (საბედნიეროდ) არა აქვთ, რადგან ორივე მხრიდან წარმატებით მუშაობს „საზენიტო“ სისტემა ავიაციის წინააღმდეგ.
მეორე მსოფლიო ომის დროს, მაგალითად, ანგლო-საქსები გერმანიის მნიშვნელოვანი ენერგეტიკული და სხვა ობიექტების გასანადგურებლად იყენებდნენ ერთდროულად ათასამდე ბომბდამშენს.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
გერმანიის თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი კანცლერ ოლაფ შოლცს სთხოვს მიმდინარე წელს 8 მილიარდი ევრო გამოყოს უკრაინისთვის იარაღის მისაწოდებლად, ხოლო მომავალ წელს - 15 მილიარდი ევრო.
აბა შევადაროთ: მიმდინარე წელს ამერიკამ 61 მილიარდი დოლარის იარაღი გადასცა ან სულ მალე გადასცემს უკრაინას, ხოლო მომავალ წელს, ბაიდენმა კიდევ 100 მილიარდი დოლარი მოითხოვა კონგრესისგან. თუმცა ჯერ-ჯერობით 2025 წლის პაკეტი წინასწარი კონსულტაციების დონეზე.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . .
პუტინის ვიზიტი პეკინში ჩრდილო კორეის რეჟიმმა აღნიშნა პროვოკაციული სარაკეტო სროლებით: ბალისტიკური რაკეტები ისროლეს ზუსტად ისე, რომ კორეის ნახევარკუნძულსა და იაპონიას შორის ჩამოვარდნილიყო; ანუ დაახლოებით 300 კილომეტრის რადიუსში;
ოღონდ ეს იმას არ ნიშნავს, თითქოს „კიმ“-ების რეჟიმს სხვა ბალისტიკური რაკეტები არ გააჩნია: რეალურად აქვს დიდი სიშორის ბალისტიკური რაკეტები, რომლებიც კალიფორნიასაც მიაღწევენ წყნარი ოკეანის მიღმა და ატომურ მუხტსაც „მიიტანენ“.
უეჭველია, რომ ეს სარაკეტო სროლები ფხენიანმა პეკინთან შეთანხმებით (!) დაამთხვია პუტინის სახელმწიფო ვიზიტს ჩინეთში და ამით სი ძინპინმა, ასევე პუტინმა, ამერიკა გააფრთხილეს: „გვაქვს ასეთი კოზირი, როგორიცაა ჩრდილო კორეის კბილებამდე შეიარაღებული რეჟიმი“ და თუ მეტისმეტად „დაგვპრესავთ“, ამ კოზირსაც გამოვიყენებთო.
ფორმალურად, ჩრდილო კორეის „სარაკეტო“ სროლები გაიმართა აშშ-სამხრეთ კორეის სამხედრო-საჰერო სწავლებების ვითომდაც „პასუხად“, როცა კორეის ნახევარკუნძულის ცაზე პირველად გამოჩნდა F-22 Raptor ავიაგამანადგურებლები და F-16 თვითმფრინავებთან სასწავლო ბრძოლა გამართა.
. . . . . . . . . . . . . . . . . .
გუშინ მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა დონალდ ტრამპმა. ჯერ ერთი, მან პრეზიდენტ ბაიდენს „დაბალი ინტელექტის“ ადამიანი უწოდა და თქვა, რომ ამერიკის მოქმედ პრეზიდენტს მცირე IQ აქვს.
ტრამპმა ეჭვი გამოთქვა, ასეთი დაბალი IQ-ს მქონე პრეზიდენტს განა აქვს უნარი კონკურენცია გაუწიოს სი ძინპინს ან ვლადიმერ პუტინსო.
ამაზე ბევრად მნიშვნელოვანია ტრამპის განცხადება, რომ ის მზად არის სატელევიზიო დებატებისთვის ბაიდენთან.
ამავე დროს, მოქმედი პრეზიდენტიც ამბობს, რომ „გავა“ დებატებზე ტრამპთან, ანუ 90% ალბათობით, თუ რაღაც განსაკუთრებით მოულოდნელი არ მოხდა, ეს დებატები გარდაუვალია.
აქვე აღსანიშნავია, რომ ყველა გამოკითხვით ტრამპი ბაიდენს რეიტინგით ნამდვილად უსწრებს იმაზე მეტად, ვიდრე სოციოლოგიური ცდომილებაა ანუ 4-5%-ით და ეს არ შეიძლება ბაიდენის გუნდს არ აშფოთებდეს.
რაც შეეხება დებატებს, დონალდ ტრამპის „ფორა“ ის იქნება, რომ ჯერ ერთი, ფიზიკურად უკეთეს ფორმაშია ვიდრე ბაიდენი და მეორეც, ოპოზიციონერს მუდამ აქვს „ფორა“ მოქმედ (!) ხელისუფალთან საჯარო პირდაპირ დებატებში.
ოპოზიციონერის აურა ამ მხრივ „ტრენდულია“ და „პრეზუმფციული“, რაკი ის ხელისუფალი არ არის, ხელისუფალზე კი ნეგატიურად მოქმედებს მისი სტატუსი.
მასობრივი სოციალური აღქმა სწორედ ასეთია.
მით უმეტეს ამერიკაში მისი „ხელისუფლებათა ცვალებადობის“ ინსტიტუტით.
ორგზის უმეტეს, დონალდ ტრამპის „აგრესიული სტილი“ თუ შეეჩეხა ბაიდენის „აკადემიურ სტილ“ს, ამან შესაძლოა ინტელექტუალები დაარწმუნოს ბაიდენის უპირატესობაში, თუმცა მასობრივ ამომრჩეველს, მით უმეტეს „გადაუწყვეტელ ამომრჩეველს“ ოპოზიციონერის აგრესიული ნარატივი უფრო მოსწონს მუდამ.
კარგია, საჯარო დებატებზე მხარეთა პოზიცია მაინც რომ გაირკვა, თორემ მცირე ხნის წინ ბევრს მიაჩნდა, რომ ან ერთი ან მეორე მხარე (უფრო ბაიდენი) ამგვარ დებატებს არ დათანხმდებოდა.
ამ ვითარებაში დონალდ ტრამპის „დაჭერა“ და ციხეში ჩასმა მით უარესი იქნება (წმინდად თეორიულად ამგვარი ალბათობა არსებობს 5 ნოემბრის არჩევნებამდეც კი-დ), რაკი ისე წარმოჩინდება, თითქოს „ბაიდენს დებატების შეეშინდა“ რეალურად და ყველაფერი გააკეთა, რათა დონალდი ციხეში ჩაესვა.
გუშინ ცნობილმა სამხედრო ექსპერტმა სკოტ რიტერმა ძალიან საინტერესო განცხადება გააკეთა დონალდ ტრამპის შესახებ: „სინამდვილეში პუტინს სულაც არ უნდა „პრეზიდენტ ტრამპთან“ ჰქონდეს საქმე უკრაინის ქეისში, რადგან დონალდმა შესაძლოა წამოაყენოს რაღაც გიჟური გეგმა უკრაინული კრიზისის მოგვარებისა, და თუ პუტინი ამ გეგმას არ დაეთანხმება, იმოქმედოს ჩვეული იმპულსურობით, ანუ იმაზე რადიკალურადაც კი, ვიდრე ახლა ბაიდენი მოქმედებს, ამიტომ პუტინს ისევ ბაიდენთან ურჩევნია საქმე ჰქონდეს, როგორც მეტად პროგნოზირებად პოლიტიკოსთანო. (ციტატის დასასრული)
რამდენიმე დღის წინ პუტინმა ერთ-ერთ ინტერვიუში მართლა თქვა რაღაც მსგავსი: ბაიდენი „გაწონასწორებული“ პოლიტიკოსიაო
აქ საკვანძო ცნება „პროგნოზირებადობაა“.
რა თქმა უნდა ბაიდენი პუტინს მტრად მიაჩნია, რაკი ამდენ და „ასეთ“ დახმარებას უგზავნის უკრაინას. რომ არა ამერიკული დახმარება 2022 წლიდან, უკრაინის სახელმწიფო შესაძლოა საერთოდ გამქრალიყო, მაგრამ...... პუტინმა იცის, რომ ბაიდენი, ამასთანავე მართლაც უფრო „პროგნოზირებადია“.
აი ტრამპი კი არ არის პროგნოზირებადი და მისი იმპულსურობიდან გამომდინარე, შესაძლოა სულაც სისულელე აღმოჩნდეს მსჯელობა დონალდ ტრამპის მიერ უკრაინის პუტინისთვის „ჩაბარებაზე“.
ერთია, რას ამბობს ტრამპი როცა ოპოზიციონერია და მეორეა, რას გააკეთებს On the ground როცა თეთრ სახლში დაბრუნდება.
სწორედ ესაა ამერიკელი სამხედრო ექსპერტის, სკოტ რიტერის კომენტარის არსი.
. . . . . . . . . . . . . . . . . .
კრიზისი ისრაელის მთავრობაში „ღაზას ომთან“ დაკავშირებით მწვავდება.
ბენიამინ ნეთანიაჰუს მთავრობის რამდენიმე წევრმა განაცხადა, რომ დატოვებენ „ომის კაბინეტს“ თუ 8 ივნისამდე არ „დაიდება“ კონკრეტული გეგმა „ჰამასის“ წინააღმდეგ“ ომის გაგრძელების და მძევალთა გათავისუფლებისა.
პროტესტანტთა შორისაა თავდაცვის ყოფილი მინისტრი განცი.
როგორც ჩანს „ჭეშმარიტების მომენტუმი“ ხდება შეტევა ქალაქ რაფახზე, რომელიც „ცახალმა“ უკვე დაიწყო.
ოღონდ დაიწყო შესაბამისი ტექნოლოგიის დაცვით: „ბაჯბაჯით“, „მცირე ნახტომებით“, „ნელ-ნელა შეღწევით“, რათა გლობალურ მედიას საინფორმაციო საბაბი არ მისცემოდა.
თუმცა მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი დიდია.
ამასობაში, თელ-ავივი და ნაწილობრივ იერუსალიმი დემონსტრაციებმა მოიცვა. ისრაელელები მოითხოვენ ომის დასრულებას და მძევალთა გათავისუფლებას!
პრემიერ-მინისტრი ნეთანიაჰუ „ორ ცეცხლშუა“ კი არა „ოთხცეცხლშუა“ აღმოჩნდა:
ა) ერთის მხრივ, მძევალთა ახლობლების და მთელი საზოგადოების კატეგორიული მოთხოვნა მათ გათავისუფლებაზე;
ბ) მეორეს მხრივ, გათავისუფლებისას მათი დახოცვის რისკის შემცირება, რაც ბრალდებებს კიდევ უფრო გააძლიერებს;
გ) მსოფლიო საზოგადოების უკმაყოფილება ჰუმანიტარული კრიზისით ღაზაში;
დ) ამერიკის არჩევნები, ბაიდენის დაინტერესებულობა „მემარცხენე-მუსლიმური“ ხმების შენარჩუნებაში და ომის სწრაფად დასრულების იმპერატივი შიდაპოლიტიკური კრიზისის თავიდან ასაცილებლად.
აქ ანგარიშში ჩასაგდებია თვით ბენიამინ ნეთანიაჰუს ბუნებრივი სურვილი, როგორმე აიცილოს თავიდან ციხე ომის დასრულების შემდეგ, რისი ალბათობაც დაახლოებით 80%-ია 7 ოქტომბრის საზარელი ტერაქტის თავიდან ვერაცილების გამო.
ანუ, ყველაფერთან ერთად, ნეთანიაჰუ იმ „20%-საც“ ეჭიდება თავის გადასარჩენად.
თუმცა ბი ბი, როგორც მას უწოდებენ, ბუნებით მეომარია და ბოლომდე იბრძოლებს.
. . . . . . . . . . . . . . . . . . .
გუშინ ეკოაქტივისტებმა ორგანიზაციიდან „უკანასკნელი თაობა“ მორიგი პათოლოგიური აქცია მოაწყვეს.
ამჯერად მიუნჰენის აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენ ბილიკზე მიიწებეს თავი ბეტონით.
ათეულობით რეისი გადაიდო.
საქმე აღძრულია „საავიაციო ტრანსპორტისათვის ხიფათის შექმნის“ მოტივით.
თუმცა ამგვარი სისხლის სამართლის საქმეებისა ეკოფანატიკოსებს არ ეშინიათ.
ეს ფანატიკური გლობალური მოძრაობაა.