საერთაშორისო მიმოხილვა. 21 ოქტომბერი. 2022 წელი
სამწუხაროდ, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ლიზ ტრასი გადადგა. პუტინმა მიზანს მიაღწია;
ეს არის ბრიტანეთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე შავბნელი ფურცელი: პრემიერი გადადგა სულ რაღაც თვენახევრის შემდეგ, რაც დაიკავა თანამდებობა.
ასეთი რამ ხშირად მომხდარა მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში და ამიტომაც უწოდებენ მათ `ბანანის რესპუბლიკას`.
ამგვარი ტურბულენტობა ოდესღაც დამახასიათებელი იყო მეორე მსოფლიო ომში სასტიკად (და სამარცხვინოდ) დამარცხებული იტალიისთვის, მაგრამ ასეთი რამ არ ახსოვს დიდ ბრიტანეთს - პარლამენტარიზმის სამშობლოს, რომელიც იმპერიის დანგრევის შემდეგაც ინარჩუნებდა დიდებულებას, სოლიდურობას, სანდოობას ინვესტორთათვის; ინარჩუნებდა გლობალურ ავტორიტეტს, სანიმუშობას და ელიტათა რესპექტაბელურობას.
ახლა კი, ბრიტანული ელიტები, სამწუხაროდ და სავალალოდ მოიქცნენ როგორც იქცევიან ხოლმე ელიტები და პოლიტიკური თუ ბიზნეს-წრეები `ბანანის რესპუბლიკებში`. თანაც უკვე მეორედ მცირე ხნის განმავლობაში: ჯერ ე.წ. `Brexit`-ის გამო ვერ აიცილეს ღრმა კრიზისი, ახლა პრემიერ-მინისტრი გადადგა სულ რაღაც თვენახევარში.
წარმოუდგენელია ბრიტანულ ელიტებს, კონსერვატორებსაც და ლეიბორისტებსაც არ ესმოდეთ, რა საზარელი Message-ია ეს მთელს მსოფლიოში ინვესტორებისათვის. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მთელს პლანეტაზე, თუკი ვინმეს კაპიტალი ჰქონდა და მისი დაბანდება სურდა - ბრიტანეთი იყო `მშვიდი ნავსაყუდელი`. სწორედ ამიტომ აყვავდა ლონდონი და მისი City.
შემთხვევითი როდია, რომ უპრეცედენტოდ დაეცა გირვანქას კურსი, ხოლო უცხოურმა კაპიტალმა დაიწყო ბრიტანული ბანკებიდან გადინება.
ესეც უანალოგოა ბრიტანეთის ისტორიაში.
გაძვირდა ბრიტანული ობლიგაციები, რომლებიც ამერიკულ ობლიგაციებთან ერთად ყველაზე სანდოდ ითვლებოდა მთელს მსოფლიოში გამოშვებულ სხვა სახელმწიფო ობლიგაციებთან ერთად.
ეს კი არა, ზოგიერთი ცნობით, პირველად ბრიტანეთის ისტორიაში, ქვეყანამ შეიძლება დაკარგოს სარეიტინგო Triple A ანუ AAA რეიტინგი. თუმცა ჯერ ჯერობით ეს არ მომხდარა საბედნიეროდ.
ობლიგაციების გაძვირება იმას ნიშნავს, რომ ბრიტანეთის მთავრობას მოკლევადიანი და გრძელვადიანი სესხების აღება უფრო `ძვირად` უწევს. არადა, მსოფლიოს ვერც ერთი სახელმწიფო ვერ იფუნქციონირებს ამგვარი სესხების გარეშე. სესხს როგორ არ მისცემენ ბრიტანეთს, - საბერძნეთი კი არ არის ჯერ ჯერობით - მაგრამ უფრო ძვირად.
ახლა საერთოდ კატასტროფა იქნება, თუ გამართლდა ხმები (აქტიურად განიხილება ბრიტანეთის ყველაზე სოლიდურ გამოცემებში), რომ ბორის ჯონსონი აპირებს მობრუნებას, ანუ კენჭს იყრის კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარის პოსტზე, რომელიც სულ რამდენიმე კვირის წინ დატოვა.
ანუ, ისევ ბორის ჯონსონი გახდება კონსერვატიული პარტიის ლიდერიც და პრემიერ-მინისტრიც?
ბრიტანული ტრადიციითა და კანონმდებლობით (ბრიტანელებს კოდიფიცირებული კონსტიტუცია არ გააჩნიათ) კონსერვატიული პარტიის ლიდერი, იმავდროულად, პრემიერ-მინისტრიცაა.
თუ ეს ხმები გამართლდა, სამწუხაროდ და სავალალოდ, ბრიტანეთის ისტორიაში პირველად, ეს დიდებული ქვეყანა უბრალოდ სასაცილო გახდება.
და ეს ყოველივე, ისევ და ისევ, პუტინის ეშმაკისეული, გლობალური და ანტიდასავლური ინტრიგების, შანტაჟის და საბოტაჟის შედეგია.
ახალი პრემიერ-მინისტრი ბრიტანეთს მომავალი კვირის ბოლომდე ეყოლება. ანუ იმას მაინც ხვდებიან კონსერვატორები, რომ უნდა იჩქარონ, - ქვეყანა და მსოფლიო დააწყნარონ;
არის კიდევ ერთი ოფცია: რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების უსწრაფესად ჩატარება.
ბრიტანული კანონმდებლობით, მთავრობას და პარლამენტს (სადაც უმრავლესობა კონსერვატორებს აქვთ ჯერ კიდევ) დღესვე შეუძლიათ ამ გადაწყვეტილების მიღება, თუმცა არ იღებენ და ალბათ ეს სწორიცაა, რადგან ასეთ შემთხვევაში გაურკვევლობა და `რყევა` რამდენიმე თვეს გაგრძელდება: ბრიტანეთის მთავრობა `ჩამოეკიდება`, ინვესტორები კიდევ უფრო დაშინდებიან, ამასობაში შოტლანდიაში მზადდება რეფერენდუმი ბრიტანეთისგან გამოყოფის და ევროკავშირში შესვლის შესახებ;
ამიტომაც, საუკეთესო გამოსავალი, მაინც, ახალი პრემიერის სასწრაფოდ არჩევაა კონსერვატორთა რიგებიდან.
ოღონდ ალბათ ვინმე ახლისა, - ლიდერთა სხვა ჯგუფიდან, რადგან ბორის ჯონსონი `მოკლული ფიგურაა` ბრიტანეთის ასპარეზზე იმის მიუხედავადაც კი, რომ მართლა გმირულად და Leadership-ულად მოიქცა უკრაინის საკითხში.
ოღონდ მხოლოდ ეს არ იქნება საკმარისი მისი პოლიტიკური რეანიმაციისთვის.
. . . . . . . . . . . . . . .
იტალიელი მაგნატი და პოლიტიკოსი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი სილვიო ბერლუსკონი მორიგ სკანდალში გაეხვა. თავისი პარტიის `წინ იტალია` დეპუტატებთან შეხვედრისას მან თქვა, რომ ინარჩუნებს ურთიერთობას პუტინთან, უგზავნის მას საჩუქრებს და ცდილობს დაამშვიდოს, რომ იტალია რუსეთის მტერი სულაც არ არის, თუმცაღა იტალიის წინა მთავრობა ეხმარებოდა უკრაინას.
`პუტინმა მთელი ყუთი არაყი გამომიგზავნა, მე კი საუკეთესო იტალიური ღვინო გავუგზავნეო`. - ამბობს აუდიოჩანაწერში სილვიო ბერლუსკონი.
ვინ მოიპოვა ეს აუდიო-ჩანაწერი დახურული შეხვედრიდან და ვინ გადასცა იტალიურ პრესას, უცნობია. სულაც არ არის გამორიცხული, ეს რუსული სპეცსამსახურების `გაჟონილი` კომპრომატი იყოს. პუტინის სტილია ასეთი: ვითომ `მეგობრობს` და მახეებს უგებს ყველას.
ბერლუსკონის პუტინი დასცინოდა კიდეც. ერთხელ თქვა (სიტყვა-სიტყვით): `რა მაგარი კაცია ეს ბერლუსკონი - 20 ქალი ჰყავს გაუპატიურებული ცხოვრებაშიო`. `Молодец мужик – двадцать женщин изнасиловал».
ამას რომ კაცი იტყვის, ის თვითონ ნორმალურია?!
მაგრამ ბერლუსკონისგან ამაზე პასუხად ღვინის გაგზავნაც არ არის გასაკვირი.
იგი ბევრჯერ გამოუჭერიათ ჟურნალისტებს სრულიად სამარცხვინო საქციელში.
. . . . . . . . . . . . . . .
რუსეთში თანდათან ვრცელდება ვიდეოები სოციალურ ქსელებში, თუ როგორ ასაფლავებენ ახლახანს გაწვეულ რუს ჯარისკაცებს, რომლებიც მოუმზადებლად, ეკიპირების გარეშე, დამშეულნი გაყარეს ფრონტზე და იქ დაიღუპენ. ბევრი აგრესორი პირველივე ბრძოლაში მოკვდა;
პუტინმა ყველაფერი გააკეთა, რათა დასავლური სოციალური ქსელები აეკრძალა რუსეთში. ფეისბუკი აკრძალეს და დაბლოკეს. მაგრამ YouTube-ის დაბლოკვას ვერ ბედავს; იმიტომ, რომ ამ შესანიშნავ პლატფორმაზე ჩვეულებრივი რუსები მასობრივად, მილიონობით და ათეულმილიონობით უყურებენ ფეხბურთს, კონცერტებს და ა.შ. რუსების ეს კატეგორია მხარს უჭერს პუტინს, ტელევიზორით ადევნებს თვალს ომს, არაფერი აინტერესებს გართობის გარდა და ა.შ.
მაგრამ საკმარისია მას გაუწყვიტონ კავშირი გართობის წყაროსთან, აკრძალონ YouTube, რომ საშინლად უკმაყოფილო იქნება.
მით უმეტეს, რომ უდიდესი მცდელობის მიუხედავად და დახარჯული მილიარდების მიუხედავად, რუსეთმა ვერ შექმნა საკუთარი ანალოგიური პლატფორმა.
როგორც სჩანს ფულის გარდა ასეთი ტექნოლოგიის `გაშვებას` კიდევ სჭირდება რაღაც ისეთი, რაც არ გააჩნია რუსეთს ისტორიულად.
ამ ვითარებაში როგორ უნდა `მოუაროს` პუტინმა ვიდეოებს ჯარისკაცთა დასაფლავების შესახებ? ვირუსულად ვრცელდება ეს ვიდეოები. მოთქმა-გოდება-პუტინის წყევლა.....კონტენტის გაკონტროლებაც არ შეუძლიათ თუ მთლიანად არ დახურავენ YouTube-ს (ამაზე გენიალურმა Googl-მა იზრუნა), ხოლო კონკრეტული ვიდეოების გავრცელებისთვის ადამიანების დაჭერა გამოსავალი ვერ იქნება: რას არღვევენ იმით, რომ დასაფლავების ვიდეოებს ავრცელებენ ხშირ შემთხვევაში მოკლულ ჯარისკაცთა და ოფიცერთა ოჯახის წევრები? ცოლი დაიჭირონ იმისთვის ან შვილი დაიჭირონ იმისთვის და მამა დაიჭირონ იმისთვის, - შენი შვილის დასაფლავების კადრები რატომ გაავრცელეო? ასე სადაა? კი, რუსეთშია!
თუმცა დაძაბულობა რუსულ სოციუმში უკვე იმდენად დიდია ამ გულისგამაწვრილებელი, სისხლიანი ომის გამო, ვგონებ, პუტინი ამას უკვე ვეღარ გაბედავს.
. . . . . . . . . . . . . . .
პუტინს სჭირდება სასწრაფოდ გამარჯვება. თორემ მისი რეჟიმი იშლება უკვე.
ბელორუსის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ ოქტომბრის ბოლომდე ბელორუსში შემოვა 170 რუსული ტანკი და დიდი რაოდენობით არტილერია, ხოლო ბელორუსში დისლოცირებული რუსული ქვედანაყოფი, - რომელიც ამჟამად 1000 ჯარისკაცი და ოფიცერია, - გაათმაგდება.
ამავე დროს, ბელორუსმა და რუსეთმა უკვე შექმნეს შეიარაღებულ ძალთა ერთიანი ქვედანაყოფი. არ არის გამორიცხული, მზადდებოდეს მორიგი შეტევა ბელორუსის ტერიტორიიდან - უკრაინის დედაქალაქისკენ.
დასავლელი სამხედრო ექსპერტები თითქმის ერთხმად აცხადებენ, რომ უკრაინა უახლოეს მომავალში აიღებს ხერსონს და რუსეთი ამას შეურიგდა.
ამაზე მეტყველებს მოსახლეობის ევაკუაცია და რაც მთავარია, ე.წ `ხერსონის მთავრობის` ევაკუაცია ქალაქიდან - ეს მთავრობა გადავიდა მდინარე დნეპრის მარცხენა ნაპირზე, რომელსაც ოკუპანტები აკონტროლებენ.
სპეციალისტები მოვლენათა განვითარების ასეთ სცენარს განიხილავენ: უკრაინა შეუტევს და აიღებს ხერსონს, რუსეთი დნეპრის მარცხენა ნაპირიდან დაბომბავს ქალაქს ისე, რომ პირწმინდად გაანადგურებს მას, თან უკრაინელებს დააბრალებს; მანამდე, რამდენიმე დღით ადრე, რუსეთი ააფეთქებს კახოვკას ჰიდროელექტროსადგურს, დატბორავს ტერიტორიას, ამავე დროს გამოიყენებს ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს (!!!) და ბელორუსეთიდან შეუტევს კიევს.
ამერიკამ უკვე განაცხადა, რომ თუ პუტინი გამოიყენებს თუნდაც ტაქტიკურ იარაღს, ამერიკა `დაარტყავს` რუსეთს ჩვეულებრივი იარაღით ჯერ უშუალოდ უკრაინის ტერიტორიაზე.
მაგრამ პუტინს სხვა გამოსავალიც არა აქვს: ხერსონის დაცემა მისი უსასტიკესი მარცხი იქნება და მთელი ფრონტი ჩამოეშლება მთლიანად - თვით ქალაქ დონეცკამდე და ყირიმამდე