პირველი პოსტკრიზისული ბიუჯეტი?

პირველი პოსტკრიზისული ბიუჯეტი?

        გუშინ სახელმწიფო კანცელარიაში, პრეზიდენტრის თავმჯდომარეობით გაიმართა მთავრობის სხდომა «ვიწრო შემადგენლობით», რომელიც 2001 წლის ბიუჯეტის განხილვას მიეძღვნა.
        ეს იყო «წინასწარი განხილვა», თუ შეიძლება ითქვას, «პირველი მოთელვა», თუმცა ფინანსთა მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის მიერ წარმოდგენილი პრინციპები უკვე ქმნის წარმოდგენას მომავალი წლის «ძირითადი ფინანსური კანონის» საერთო კონცეფციაზე.
        პრეზიდენტის განცხადებით, 2001 წლის ბიუჯეტით მთავრდება საბიუჯეტო კრიზისი საქართველოში. თუმცა, ზურაბ ნოღაიდელმა ამ ბიუჯეტს მაინც «დაძაბული» უწოდა, რასაც მისი «რეალისტურობა», ანუ ხარჯების ყაირათიანობა განაპირობებს.
        ფინანსთა ახალმა მინისტრმა (ალბათ, ნოღაიდელი «ახალი» იქნება წლის ბოლომდე, როდესაც შეჯამდება «სეკვესტრირებული ბიუჯეტის» შესრულება) რამდენიმე ახალი წინადადება შეიმუშავა. მაგალითად, 2001 წლის 1 კვარტალში სახელმწიფო მიმდინარე ხარჯებს გასწევს, ხოლო კაპიტალური ხარჯების გაწევა მხოლოდ II კვარტალიდან დაიწყება, თუ საბიუჯეტო შემოსავლები გარკვეულ ზღვარს მიაღწევს. ეს საკმაოდ გონიერი წინადადებაა, თუ გავითვალისწინებთ წარსული 2 წლის გამოცდილებას.
        გარდა ამისა, საგარეო შემოსავლები (გრანტები და დახმარებები) უფრო მიზნობრივი გახდება და, ძირითადად, საგარეო ვალდებულებათა შესრულებას მოხმარდება.
        რაც შეეხებათ მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებს – ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი 2001 წლის განმავლობაში 5,5 პროცენტით გაიზრდება, ინფლაცია 7-7,5 პროცენტს არ გადააჭარბებს, ხოლო ლარის კურსი 2001 წლის დეკემბრისთვის (და მთელი მომავალი წლის განმავლობაში) დღევანდელ დონეზე შენარჩუნდება, ანუ 1 დოლარი - 2 ლარი.
        საგადასახადო შემოსავლებმა წლეულს წლევანდელ ფაქტიურ წლიურ შემოსავლებს 18 პროცენტით უნდა გადააჭარბოს. თუმცა, ზურაბ ნოღაიდელის თქმით, კვლავინდებურად ბევრი იქნება დამოკიდებული ადმინისტრირებაზე, ანუ, უბრალო ენით თუ ვიტყვით, კანონის აღსრულებასა და კორუფციის (თუნდაც) შემცირებაზე იმ უწყებებში, რომლებშიც «ჯერ არს».
        2001 წლის ნაერთი სახელმწიფო ბიუჯეტი (ფინანსთა მინისტრის თქმით, «სახელმწიფო» და «ცენტრალური» ბიუჯეტი გაიგივდება) შეადგენს 1 მილიარდ 138 მილიონ ლარს, რაც 229 მილიონი ლარით აღემატება წლევანდელ მოსალოდნელ ფაქტობრივ შესრულებას. ხარჯები 1 მილიარდ 300 მილიონს არ გადააჭარბებს.
        ფინანსთა მინისტრს გადაწყვეტილი აქვს «ერთიანი სოციალური გადასახადის» შემოღება და მათი შემცირება ჯამური 31 პროცენტიდან 20 პროცენტამდე, რაც მეწარმეებისთვის გარკვეული შეღავათი იქნება. გაუქმდება ყველა ფონდი და სახსრები ჩაირიცხება მხოლოდ და მხოლოდ ბიუჯეტის ანგარიშზე _ ეს აშკარად «ანტიკორუფციული ღონისძიებაა». შეუდარებლად ძლიერდება (პროექტით) ადგილობრივი ბიუჯეტები.
        საკმარისია ითქვას, რომ თუ ცენტრალური ბიუჯეტი მომავალ წელს შეადგენს 691 მილიონ ლარს, ტერიტორიული _ 312 მილიონ ლარს მიაღწევს. თუმცა, ცენტრალური ბიუჯეტი არ იხსნის პასუხისმგებლობას დოტაციური რაიონების დაფინანსების თვალსაზრისით. როგორც ჩანს, პრიორიტეტული, ამ თვალსაზრისით, მთის რაიონები იქნება.
        ზურაბ ნოღაიდელი დარწმუნებულია, რომ 2001 წელს, სრული სახით და მოცულობით აღდგება საქართველოს ურთიერთობა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან და მსოფლიო ბანკთან, აგრეთვე, აღდგება ევროკავშირის საკრედიტო ხაზი. საშველი დაადგება «ტელეკომის» პრივატიზებას, რაც (სამართლიანობა მოითხოვს, ითქვას) იმიტომ გაჭიანურდა, რომ ქონების მართვის სამინისტრო გერმანული «კომერცბანკის» მეშვეობით ცდილობს ობიექტი რაც შეიძლება ძვირად გაყიდოს. პრივატიზებიდან შემოსული თანხა მთლიანად დავალიანებათა დაფარვას მოხმარდება, მაგრამ ეს პროცესი 2001 წელს არ დამთავრდება და, საერთოდ, მთელი ეს «ლამაზი საბიუჯეტო» კონსტრუქცია ხუხულასავით დაინგრევა, თუ საგადასახადომ და საბაჟომ «ცალცალკე» შემოსავლების გეგმა ჩააფლავა.

დილის გაზეთი, 26 ივლისი, 2000 წელი