საერთაშორისო მიმოხილვა. 19 ივლისი. 2023 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 19 ივლისი. 2023 წელი

უკრაინის კონფლიქტის გაღრმავების პარალელურად, იძაბება ვითარება ახლო აღმოსავლეთში. გუშინ, აშშ თავდაცვის მდივანმა (მინისტრმა) ლოიდ ოსტინმა ბრძანა, ახლო აღმოსავლეთში გადაესროლათ ამერიკის სამხედრო -საჰაერო ძალების უახლესი F-35 თვითმფრინავები.

ეს არის პასუხი ირანის პროვოკაციულ ქმედებაზე (ორი ნავთობტანკერის დაკავების მცდელობაზე) ორმუზის სრუტეში, რომლის გავლითაც სპარსეთის ყურის სახელმწიფოები მსოფლიო ბაზრებზე ნავთობის 80%-ს აგზავნიან.

ეს მცირე სრუტე არის დასავლეთის და მთელი მსოფლიოს  `სასიცოცხლო` არტერია ბევრად იმაზე მეტადაც კი, ვიდრე ბოსფორის სრუტე და პანამის სრუტე ან სუეცის არხი.

დღევანდელ მსოფლიოში ასეა. საუკუნეების წინ სხვა გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური ვითარება იყო.

ორმუზის  სრუტის ჩაკეტვა მსოფლიო ეკონომიკისთვის დაახლოებით დოლარის  `ჩამოქცევის` ტოლფასი მოვლენა იქნება ანუ კატასტროფა, არმაგედონი.

ამერიკა ამას არ დაუშვებს იმაზე მეტადაც კი, ვიდრე მთელი უკრაინის დაპყრობას რუსეთის მიერ.

ამიტომაც, ამერიკა ირანს და რუსეთს აფრთხილებს, ორმუზის ყურეში არაფერი შეეშალოთ.

ბოლო 2 კვირის მანძილზე რუსეთის თვითმფრინავებმა რამდენჯერმე პროვოკაციულად შემოუფრინეს ამერიკულ სამხედრო ობიექტებს სამხრეთ (!)  სირიაში.

 

სხვა თემაა, თუმცა შეგვიძლია აქვე დავადასტუროთ მნიშვნელოვანი ისტორიული მოცემულობა/ფაქტი: სირია, როგორც ერთიანი სახელმწიფო აღარ არსებობს და აღარც ოდესმე აღდგება: იგი სამუდამოდ (!) დაიშალა რუსულ სექტორად, ამერიკულ სექტორად, თურქულ სექტორად და `არავის ტერიტორიად`, სადაც ე.წ. `ისლამური სახელმწიფო` იყო და ახლა ნანგრევებადაა ქცეული

  . . . . . . . . . . . . . . . . .

როგორც მოსალოდნელი იყო, როგორც ბევრმა ივარაუდა, მათ შორის ჩვენც ვივარაუდეთ, პუტინი კი გავიდა `ხორბლის გარიგებიდან`, მაგრამ ვერ გაბედა რეალური სამხედრო ნაბიჯების გადადგმა უკრაინიდან ხორბლის ექსპორტის შესაჩერებლად შავ ზღვაზე.

გუშინ, გაეროში ეს გაფორმდა ისე, რომ რუსეთი აღარ არის შეთანხმების მონაწილე, თუმცა გაეროს აძლევს კიდევ 90 დღეს საიმისოდ, რათა დასავლეთმა აღადგინოს რუსული РосСельХозБанк გადარიცხვათა საერთაშორისო სისტემაში SWIFT.

თან რუსული დელეგაცია გაეროს სამდივნოს მითითებებსაც კი აძლევს, რომელი ამერიკული ბანკები უნდა `დაარწმუნოს` სანქციათა მოხსნის აუცილებლობაში: ამერიკული ტიტანები JP Morgan და CityBank, რომლებსაც სულ არ აღელვებთ, რას ეტყვით გაეროს სამდივნო ან თუნდაც გაეროს გენერალური მდივანი გუტიარეში. მათთვის მთავარია რას ეტყვით `თეთრი სახლი`, ხოლო აშშ პრეზიდენტის ადმინისტრაცია აქ არაფრის შეცვლას არ გეგმავს: შეცვლა რომ სდომებოდათ, დღემდე უამრავი დრო იყო.

პუტინს აშკარად შეეშინდა! ოღონდ შეეშინდა ამ შემთხვევაში არა დასავლეთის, ან თურქეთის, არამედ უკრაინის ნებისა! ზელენსკიმ მიანიშნა, რომ უკრაინა განაგრძობს ხორბლის ექსპორტს გემებით და თუ რუსეთი ამ გემების შეჩერებას შეცდება, ეს იქნება ძალისმიერი აქცია - რუსეთს მოუწევდა ძალის გამოყენება, გემებზე დესანტის გადასხმა, მათი ტარანით  ან პირდაპირი საარტილერიო სროლებით შეჩერება, რაც უდიდეს ნეგატიურ რეაქციას გამოიწვევდა არა მხოლოდ ევროპაში, არა მხოლოდ ამერიკაში ან თურქეთში (თურქულ გემებზეა ძირითადად ლაპარაკი) არამედ აზიისა და აფრიკის იმ ქვეყნებში, სადაც შიმშილით სიკვდილისგან ხსნას უკრაინულ ხორბალში ხედავენ.

არ არის გამორიცხული, რომელიმე ღარიბ და მშიერ აფრიკულ ქვეყანაში რუსეთის საელჩოსთვის ალყა შემოერტყათ, შემდეგ შიგ შევარდნილიყვნენ და რუსი ელჩი მოეკლათ, მერე  შეეჭამათ.

ეს ნახევრად ხუმრობით თუ ვიტყვით, თუმცა ზოგჯერ ხუმრობა სიტუაციის არსს გამოხატავს.

გუშინ და გუშინწინ პუტინი შეეცადა `მეორე მხრიდან` მოევლო პრობლემისთვის და უკრაინული პორტები ოდესა, ასევე ნიკოლაევი (საიდანაც ხორბლის ექსპორტი ხორციელდება)  ფრთოსანი რაკეტებით დაბომბა, რათა ინფრასტრუქტურა გაენადგურებინა, თუმცა ეს პორტები უკრაინას იმდენად კარგად აქვს დაცული დასავლური ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებით,  ყველა რაკეტა ჩამოაგდეს.

   . . . . . . . . . . . . . . . . .

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, სირილ რამაპოსამ ოფიციალურად მიმართა თხოვნით ჰააგას საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს, დაუშვას გამონაკლისი და არ მოითხოვოს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკისაგან პუტინის დაპატიმრება BRICS  (ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი სამხრეთ აფრიკის) ლიდერთა მომავალი სამიტის დროს იოჰანესბურგში.

პუტინის დაპატიმრების ორდერი გაცემულია ჰააგას სასამართლოს მიერ უკრაინელი ბავშვების დეპორტაციის გამო, რამაც `შტორმული` რეაქცია გამოიწვია ევროპაში, რაკი უმალვე გაჩნდა ასოციაციები მეორე მსოფლიო ომთან და ნაცისტთა დანაშაულობებთან.

პრეზიდენტი რამაპოსა მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. ერთის მხრივ პუტინი უარს აცხადებდა ტელეხიდით ჩართვაზე და მოითხოვდა პირადად ჩასვლას, ოღონდ, რასაკვირველია, სამხრეთ აფრიკის ხელისუფლების გარანტიებით, რომ მას არ დააპატიმრებდნენ; მეორეს მხრივ ჩინეთი წინააღმდეგია  სამიტის ინდოეთში გადატანის; ინდოეთი წინააღმდეგია სამიტის ჩინეთში გადატანის და ორივე ერთად წინააღმდეგნი არიან სამიტის ბრაზილიაში გადატანისა.

რამაპოსა კი აცხადებს, რომ პუტინის დაპატიმრება `ბირთვული ზესახელმწიფოსთვის ომის გამოცხადების ტოლფასია`.

მეორეს მხრივ და მესამეს მხრივ და მეოთხეს მხრივ, ჰააგამ თუ ასეთი `გამონაკლისი` დაუშვა, ეს ამ სასამართლოს სამუდამოდ დაანგრევს.

როგორც ცნობილია, `გამონაკლისები ანგრევენ წესს`.

თუმცა, პუტინი სად ჩამსვლელია ამგვარ ვითარებაში?

აქ ძალიან საინტერესოა ის ფაქტი, რომ `სამხრეთ აფრიკის` ოპოზიციური პარტია, რომელიც ძირითადად თეთრკანიან მოქალაქეებს აერთიანებს, პრეზიდენტ რამაპოსას საჯაროდ მიმართავს და მოითხოვს, აუცილებლად დააპატიმროს პუტინი, თუ იგი ჩავა ქვეყანაში.

საქმე ის გახლავთ, რომ აფრიკანერთა შორის რუსეთი არ არის პოპულარული ქვეყანა და არც შეიძლება იყოს: 1970-იან, 80-იან  წლებში (რაც ბევრმა არ იცის ან არ ახსოვს) საბჭოთა კავშირი და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა პირდაპირ ეომებოდნენ ერთმანეთს აფრიკის რამდენიმე ქვეყანაში.

გამოუცხადებელი ომი იყო, თუმცა ნამდვილი ომი იყო.

 სსრკ-ს იმდენად გაუჭირდა, კუბას სთხოვა სამხედრო დახმარება და ფიდელ კასტრომ არმია გააგზავნა აფრიკაში.

უამრავი სამხრეთ აფრიკელი დაიღუპა იმ ომებში, ანუ მოსკოვი ამ კატეგორიას სძულს.

ეს თემა საბჭოთა კინემატოგრაფმა აიტაცა და გამოიყენა ფაბულად საბჭოთა პროპაგანდისტ იულიან სემიონოვის წიგნითა და სცენარით სერიალის გადასაღებად, რომელსაც ეწოდებოდა  ТАСС уполномочен заявить.

ძველია ამბებია თითქოს, ამდენი წელი გავიდა, მაგრამ.....ისტორია თუ რაიმეს გვასწავლის ისაა, რომ ისტორია `წარსული` არ არის.

ხშირად დღევანდელობაა.       

ხოლო სამიტი სამხრეთ აფრიკაში აგვისტოსთვისაა ჩანიშნული.

    . . . . . . . . . . . . . . . . .

ლეგენდარული რუსი (ეთნიკური წარმომავლობით თათარი) სპორტსმენი ქალი, ჭოკით სიმაღლეზე მხტომელი, პუტინის PR-გუნდის წევრი, დეპუტატი (!) ელენა ისინბაევა სკანდალში გაეხვა.

ამ ქალს პუტინი ძალიან აქტიურად იყენებდა PR-ისთვის, ისევე როგორც ბევრ სხვა რუს სპორტსმენს. პუტინის ე.წ. `სახელმწიფო სათათბიროს`(Государственная дума - პარლამენტი) შემადგენლობა რომ ვნახოთ, საოცარ და კომიკურ შთაბეჭდილებას ტოვებს: პუტინის პარტია Единая Россия დიდწილად (უკვე მესამე მოწვევაა) წარმოდგენილია ცნობილი და კარგად` გაფიარებული` სპორტსმენებით, ფოტოგენური მოტლიკინე ტელეწამყვანებით, დიზაინერებით, მსახიობებით და ა.შ.

ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს და უსვამს ხაზს, რამდენად არასერიოზული ორგანოა თანამედროვე რუსეთში ე.წ. `სახელმწიფო სათათბირო`(პარლამენტი) და როგორი `უტილიტარული` მიდგომა აქვს პუტინს ზოგადად, ელიტების მიმართ.

ელენა ისინბაევა ამ მხრივ იმდენად სასარგებლო აღმოჩნდა პუტინისთვის, რომ ლამის `ოქროში` ჩასვეს, ესპანეთის ატლანტიკურ სანაპიროზე ორი მრავალმილიონიანი ვილლა იყიდა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.

დაღესტანში მისი სახელიც კი უწოდეს სტადიონს მიუხედავად იმისა, რომ ჩრდილო კავკასიაში ამან უკმაყოფილება გამოიწვია: ქალი, ნახევრადშიშველი, ხელში `დიდით` ........ სიმაღლეში და სიმაღლიდან ხტუნაობსო და....... თუმცა  პუტინი ამას ყურადღებას არ აქცევდა.

მაგრამ....დაიწყო ომი უკრაინაში, დასავლეთმა შემოიღო სანქციები, ბევრ რუს ოლიგარქსა და ნუვორიშს ევროპაში ქონება დაუყადაღეს და.... პუტინის სქემა დაირღვა; ელენა ისინბაევა გაიქცა ესპანეთში და პირდაპირ არა, თუმცა ირიბად დაგმო პუტინის აგრესია. ოღონდ იმიტომ კი არა, თითქოს უკრაინელი ბავშვების ბედისწერამ გული აუჩუყა: შეეშინდა, იმ ვილებს დაუყადაღებდნენ, მერე ჩამოართმევდნენ.

ჯერ ჯერობით რუსეთში დაბრუნებას არ აპირებს.  სპორტული კარიერა მან დიდი ხნის წინ დაასრულა. პუტინი მასზე იმდენად გაბრაზდა, დაღესტნის სტადიონს სახელი გადაარქვეს - ისინბაევას სახელობისა აღარ არის. ამით დაღესტნელები დიდად კმაყოფილნი დარჩნენ: `ქალი ასე არ უნდა ხტუნაობდეს ნახევრადშიშველიო......`

მით უმეტეს, რომ ისინბაევა საერთოდ არ არის კავკასიელი: თათარსტანის ქალიშვილია.