საერთაშორისო მიმოხილვა. 15 ნოემბერი. 2023 წელი
BBC-ს ბოლო ჟურნალისტური გამოძიებით დგინდება, რომ რუს მილიარდერ რომან აბრამოვიჩს მჭიდრო ფინანსური კავშირი აქვს რუს ვიოლონჩელისტ სერგეი რალდუგინთან.
ათეულობით მილიონ დოლარს ურიცხავს.
ნორმალური ადამიანისთვის გაუგებარია, რატომ ურიცხავს, ან სად ვიოლონჩელო და სად რომან აბრამოვიჩი.....თუმცა აქ აუცილებელია დაზუსტება, რომ რალდუგინი უბრალოდ ვიოლონჩელისტი კი არ არის, არამედ პუტინის `ქისაა`, `ყულაბაა` ანუ სწორედ მისი გავლით ხვდება მილიონები პუტინთან.
რალდუგინი და პუტინი ჯერ კიდევ სანკტ-პეტერბურგიდან მეგობრობენ. სწორედ რალდუგინმა გააცნო პუტინს მომავალი მეუღლე ლიუდმილა, რომელთანაც ახლა გაშორებულია. და ერთ ერთი ქალიშვილის ნათლიაცაა.
ეს `მცირე ეპიზოდი` მეტყველებს რა რეჟიმი და რა ცხოვრების თუ `სახელმწიფო საქმიანობის` წესია ახლა რუსეთში.
აბრამოვიჩი მთელი ამ წლების განმავლობაში ამტკიცებდა, თითქოს პუტინის ფინანსისტი არ არის - ერთი პატიოსანი ბიზნესმენია. მაგრამ არ დაუჯერეს და სწორადაც მოიქცნენ, რაც BBC-ს გამოძიებამ დაადასტურა.
. . . . . . . . . . . . . . . . .
უკრაინის სამხედრო დაზვერვის მეთაურმა კირილ ბუდანოვმა ძალიან უცნაური განცხადება გააკეთა. მისი თქმით, `გაყინული სამხედრო კონფლიქტი` უკრაინასა და რუსეთს შორის შესაძლოა ათეულობით წელი გაგრძელდეს მცირე ინტენსივობით და არც დასრულდეს სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმებით: `მეორე მსოფოლიო ომის შემდეგ რუსეთს და იაპონიას ხომ დღემდე არა აქვთ სამშვიდობო ხელშეკრულება გაფორმებულიო`. შესაბამისად რუსეთი არ უბრუნებს იაპონიას კურილიის კუნძულებს.
ეს რას ნიშნავს? ჯერ მთავარსარდალ ზალუჟნის განცხადებები `საომარ ჩიხზე`, ახლა ბუდანოვის განცხადება `იაპონიის ანალოგიით`.
ხომ არ ნიშნავს ეს ყოველივე იმას, რომ უკრაინულ გენერალიტეტში ემზადებიან ამჟამინდელი ფრონტის ხაზის ძალიან ხანგრძლივი `გაყინვისთვის`, რაკი `კონტრშეტევამ` შედეგი ვერ გამოიღო?`
. . . . . . . . . . . . . . . . .
ჩინეთის ლიდერი, სი ძინპინი უახლოეს დღეებში ეწვევა ამერიკას: ჩაფრინდება კალიფორნიაში, სადაც მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო კონფერენციაში `წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობა`
სი 6 წელია ამერიკაში არ ყოფილა.
ბაიდენთან შეხვედრის სურვილი მას შემდეგ გაუჩნდა, რაც ჩინური ეკონომიკა სერიოზულად `შეტორტმანდა` უძრავი ქონების ბაზარზე შექმნილი კრიზისის გამო.
ამერიკელი დამკვირვებლები წერენ, რომ შესაძლოა ამ შეხვედრისას მხარეებმა საერთო ენა ვერ გამოძებნონ ორმხრივი ურთიერთობისა და ეკონომიკური ომის უმწვავეს საკითხებზე, თუმცა როგორც მინიმუმ, ბაიდენი შეძლებს სი დაარწმუნოს არ მიაწოდოს იარაღი რუსეთს. და პარალელური იმპორტიც შეამციროს.
დღეს ორი ქვეყანაა რუსეთში პარალელური იმპორტის მთავარი განმახორციელებელი: ჩინეთი და ყაზახეთი.
. . . . . . . . . . . . . . . . .
ქალაქ ღაზას უდიდეს საავადმყოფოსთან ალ - შიფა ამ მომენტშიც გრძელდება გააფთრებული ბრძოლები `ჰამასსა` და ისრაელის არმიას შორის. ამერიკის პოზიცია ამ საკითხში ნიშანდობლივია: როგორც ჩანს, ამერიკელებმა `ურჩიეს` ისრაელს შეეწყვიტა საავიაციო დარტყმები საავადმყოფოზე და განეხორციელებინა სახმელეთო ოპერაცია.
`ცახალი` ავიწროებს ყულფს ამ `საავადმყოფოზე`, სადაც, დაზვერვის მონაცემებით, უზარმაზარი მიწისქვეშა ბუნკერია და ამ ბუნკერში იმალებიან `ჰამასის` მეთაურები.
. . . . . . . . . . . . . . . . .
ეთნიკური ჩეჩენი ჰაჯიკურბანოვი, რომელსაც 20 წელი ჰქონდა მისჯილი რუსი ოპოზიციონერი ჟურნალისტის, ანა პოლიტკოსკაიას მკვლელობისთვის, გათავისუფლდა!
გათავისუფლდა მას შემდეგ, რაც წავიდა საომრად უკრაინის წინააღმდეგ.
გასაკვირი არ არის.
ჯერ ერთი, ჰაჯიკურბანოვი და მისი ჩეჩნური ბანდის სხვა წევრები, რა თქმა უნდა, რუსული სპეცსამსახურების შეკვეთას ასრულებდნენ, როცა ანა პოლიტკოვსკაიას კლავდნენ; გარდა ამისა, პუტინმა ათი ათასობით (!) მსჯავრდადებული კრიმინალი გაათავისუფლა იმ დათქმით, რომ ისინი უკრაინის ფრონტზე იომებდნენ.
საზარელი ირონიაა: ჰაჯიკურბანოვი, პოლიტკოვსკაიას მკვლელობამდე მილიციელი იყო და თურმე კრიმინალს ებრძოდა. როგორც ჩანს ბევრი გადაუხადა პუტინმა, რათა ის ქალი მოეკლა მხეცურად - საკუთარ სახლთან. მერე `საკონტროლო` დაახალა თავში.
დააპატიმრეს თითქოს, მაგრამ შემკვეთებზე თქვა: `არაფერი ვიციო`.
შესაძლოა არც სცოდნოდა ვიუნ იყვნენ კონკრეტულად შემკვეთები - მას ფული ამოძრავებდა მხოლოდ.
იმდენად მოეწონა ომში ყოფნა, კონტრაქტიც გააფორმა რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან.
. . . . . . . . . . . . . . . . .
როგორც ცნობილია, მსოფლიო რეზონანსი მოჰყვა ანტისემიტურ `პოგრომს` დაღესტნის დედაქალაქ მაჰაჩყალაში, სადაც რადიკალები ეძებდნენ ებრაელებს.
სამასზე მეტი პროტოკოლი გააფორმა ადგილობრივმა `პროკურატურამ`, თუმცა სულ ადმინისტრაციულ და არც ერთი - სისხლის სამართლის საქმეებზე.
. . . . . . . . . . . . . . . . .
საინტერესოდ ვითარდება მოვლენები ამერიკულ კონგრესში ისრაელისა და უკრაინისთვის 106 მილიარდი დოლარის დახმარების გამოყოფის თაობაზე. აქედან 61 მილიარდი უკრაინას უნდა რგებოდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელ ვითარებაში.
როგორც ვწერდით, ამერიკელი კონგრესმენები შეეცადნენ `გაეყოთ` ეს `პაკეტი` და მხოლოდ ისრაელისთვის გადაერიცხათ 14 მილიარდი დოლარი. მაგრამ სენატმა (ზედა პალატამ) პაკეტის გაყოფა დაბლოკა.
ამის შემდეგ კონგრესმენები იძულებულნი გახდნენ ისე მიეღოთ კანონი მთავრობის დაფინანსების შესახებ, რომ დოკუმენტი აღარ ითვალისწინებს არც ისრაელის და არც უკრაინის დაფინანსებას.
ეს გადაწყვეტილება, შექმნილ ვითარებაში, ბევრად ცუდია უკრაინისთვის, ვიდრე ისრაელისთვის. ისრაელს უდიდესი რეზერვები აქვს.
. . . . . . . . . . . . . . . . .
რუსეთმა გაეროში პროტესტი გამოთქვა იმის გამო, რომ ამერიკა ომანის ყურეში აპატიმრებს გემებს, რომლებსაც იარაღი გადააქვთ იემენში პროირანული შიიტური დაჯგუფებისთვის (ჰუსიტები) და შემდეგ ამ ჩამორთმეულ იარაღს აწვდის უკრაინას!
რუსეთის აზრით, ეს თურმე საერთაშორისო სამართლის `უხეში დარღვევაა`. არადა, არსებობს გაეროს რეზოლუცია, რომელიც კრძალავს იემენში მებრძოლი მხარეებისთვის იარაღის მიწოდებას.
თუმცა რუსებს ამ შემთხვევაში ის უფრო აღელვებთ, რომ იარაღი (ირანული წარმოებისა) უკრაინაში ხვდება ჩამორთმევის შემდეგ.
. . . . . . . . . . . . . . . . . .
მიჩიგანის სასამართლომ ნება დართო დონალდ ტრამპს, მონაწილეობა მიიღოს 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. როგორც ვწერდით, რამდენიმე შტატის სასამართლოში განიხილებოდა ეს საქმე: მომჩივანი დემოკრატები ამტკიცებდნენ, რომ ტრამპს არ ჰქონდა უფლება არჩევნებში მიეღო მონაწილეობა, რაკი..... `მისი ორგანიზებულიაო 2021 წლის იანვარში კონგრესზე თავდასხმა`.
თუმცა მიჩიგანის სასამართლომ ეს არგუმენტები არ გაიზიარა.
და თუ გავითვალისწინებთ, რომ ამერიკული (ზოგადად ანგლოსაქსური) სამართალი პრეცედენტულია, მაღალი ალბათობით, სხვა სასამართლოებიც ანალოგიურ გადაწყვეტილებას მიიღებენ.
მაშასადამე, ტრამპს ვერაფერი დაუშლის მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში. ჯერ `რესპუბლიკური პარტიის` პრაიმერიზში და შემდეგ უკვე დიდ კენჭისყრაში 2024 წლის 5 ნოემბერს.
. . . . . . . . . . . . . . . . . .
აფხაზეთის პარლამენტი სასწარაფოდ შეიკრიბა და ქვეყანაში `საგანგებო ენერგეტიკული მდგომარეობის გამოცხადებაზე` იმსჯელა.
საქმე ისაა, რომ აფხაზეთის `პრეზიდენტი` ასლან ბჟანია, ბოლო 2 კვირის განმავლობაში სულ ტყუილად ეხვეწა რუსეთის ხელისუფლებას, უფასოდ მიეწოდებინათ აფხაზეთისთვის ელექტროენერგია მიმდინარე ზამთარს, როცა ენგურჰესი თითქმის იცლება.
თუმცა პუტინმა უარი უთხრათ წინა წლებისგან განსხვავებით.
როგორც ჩანს, პუტინსაც მოსწყინდა უკვე სეპარატისტთა კაპრიზები, როდესაც არც ერთ გადაწყვეტილებას არ იღებენ რასაც მოსკოვი მოითხოვს (ბიჭვინთის აგარაკი, ბინების ყიდვა-გაყიდვა, სანატორიუმები და ა.შ) ელექტროენერგიას კი უფასოდ მოითხოვენ.
ბევრი იარა ასლან ბჟანიამ მის მშობლიურ მოსკოვში (იქ აქვს ბინა), ბევრს შეხვდა, თუმცა....უარით გამოისტუმრეს.
ზამთრის პერიოდში რომ ელექტროენერგია მიიღოს რუსეთიდან, აფხაზეთს ესაჭიროება 1,1 მილიარდი რუბლი.
ეს სულ რაღაც 11 მილიონი დოლარია, მაგრამ აფხაზეთს თანხა არა აქვს. როგორ გადაიხადონ არ იციან. `პარლამენტი დარჩა მხიარული` და ვერანაირი გადაწყვეტილება ვერ მიიღეს.
`ეკონომიკის მინისტრმა` კრისტინა ოზგანმა კი თქვა `სამჯერ უნდა გავზარდოთ ელექტროენერგიის ტარიფიო`, მაგრამ....რაც არის იმასაც ვერ კრეფენ, სამჯერ მეტს გადაიხდიან აფხაზები? გამორიცხულია!
ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე, აფხაზეთში მილიარდი დოლარი (!!!) დაილექა კორუმპირებულთა ჯიბეებში კრიპტოვალუტის მაინინგით, რაკი ენგურჰესიდან ელექტროენერგია უფასოდ ჰქონდათ.
ამან ენგურჰესის რესურსთა დისბალანსი გამოიწვია; ამიტომ სულ უფრო ხშირად უხდებოდათ რუსებისთვის ხვეწნა ელექტროენერგიის მიწოდებაზე.
აქ არის კიდევ ერთი საინტერესო მომენტი: წინა წლებში რუსეთი თითქოს უფასოდ აწვდიდა ხოლმე ელექტროენერგიას, თუმცა რეალურად ხდებოდა ამ თანხის `ჩამოწერა` იმ ფინანსური რესურსიდან, რასაც მოსკოვი სეპარატისტებს ურიცხავდა ე.წ. `საინვესტიციო პროგრამის` ფარგლებში.
ახლა უკვე მოსკოვი ამასაც არ თანხმდება: `ფული დადეთო`
. . . . . . . . . . . . . . . . .
კონიაკი ამიერკავკასიაში რუსული პოლიტიკის `ლაკმუსის ქაღალდი` ხდება: რუსეთის მთავრობამ გაადვილა საკონიაკე სპირტის იმპორტი საქართველოდან მას შემდეგ, რაც კონიაკის ნაწარმის და საკონიაკე სპირტის შეტანა შეიზღუდა სომხეთიდან.
სომხური კონიაკი დიდი პოპულარობით სარგებლობს რუსეთში; ხოლო სომხებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი საექსპორტო პროდუქციაა: პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანზე გაბრაზებულმა პუტინმა ბარიერები შეუქმნა სომხურ კონიაკს; სამაგიეროდ ქართული კონიაკი და კონიაკის მასალა უფრო იოლად შევა რუსეთში - ლაბორატორიული კვლევების და ბიუროკრატიული გაჯანჯლების გარეშე.
Devide et impera - დაჰყავი და იბატონე.