საერთაშორისო მიმოხილვა. 27 მაისი. 2024 წელი
რამდენიმე დღის წინ გატყობინებდით, რომ რუსეთმა პროვოკაციულად დაიწყო მდინარე ნარვაზე ანუ ესტონეთის საზღვარზე სადემარკაციო Буи-ების მოპარვა.
ამით საზღვარს აყენებს ეჭვქვეშ და „ჰიბრიდული ომის“ ტექნოლოგიას ახორციელებს.
ახლა კი ირკვევა, რომ ბევრად უარესი ხდება - იგივე ტექნოლოგიას რუსეთი იყენებს უკვე ბალტიის ზღვაზე, ესტონეთთან, ლატვიასთან, ლიტვასთან საზღვრის „მცირედ დარღვევით“ მისი სანაპირო დაცვის გემების მიერ საზღვაო სასაზღვრო ზოლში.
ბალტიის სამმა ქვეყანამ, ასევე შვედეთმა, ნორვეგიამ, ფინეთმა და პოლონეთმა (ანუ ბალტიისპირა სახელმწიფოებმა, რომლებიც NATO-ს წევრები არიან) განაცხადეს, რომ ქმნიან „დრონების ალიანსს“, რათა საზღვარზე უპილოტო სადაზვერვო და დამრტყმელი აპარატების მთელი სისტემა შექმნან.
ლიდერი ამ ალიანსში შვედეთია მისი მაღალტექნოლოგიური და კრეატიული სამხედრო ინდუსტრიებით.
. . . . . . . . . . . . . . . . .
დასავლეთი კვლავინდებურად წინააღმდეგობრივ მესიჯებს უგზავნის უკრაინას და რუსეთს უკრაინის NATO-ში წევრობასთან დაკავშირებით.
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა გუშინ განაცხადა, რომ უკრაინის ალიანსში გაწევრება „უახლოესი 30 წლის (!!!) განმავლობაში მოსალოდნელი არ არისო“.
სხვათა შორის, მნიშვნელოვანი დეტალია, რომ მან ეს განცხადება გააკეთა მოქალაქეებთან შეხვედრისას...... უბრალო მოქალაქეებს კი „უკრაინა-NATO-ში“ ესმით როგორც „გერმანელები იომებენ უკრაიანშიიიიიი?!“.
ეს არ უნდათ რასაკვირველია.
თუ უკრაინა ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის წევრი გახდება, ამოქმედდება წესდების მეხუთე პუნქტი, რომლითაც ალიანსი ვალდებულია დაიცვას ყველა წევრი ქვეყანა სამხედრო ძალით.
მანამდე NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ უკრაინის ალიანსში გაწევრიანება შეუძლებელია მანამ, სანამ უკრაინაში ომიაო.
ანუ ჯერ ომი დასრულდეს და შემდეგ შესაძლებელიაო ამ საკითხის განხილვა.
„ომის დასრულებაში“ სტოლტენბერგი არა საბრძოლო მოქმედებების დასრულებას გულისხმობს, არამედ ბევრად მეტს: რუსეთთან სამხედრო კონფლიქტის ასე თუ ისე დასრულებას.
რამდენიმე დღის წინ NATO-ს სამხედრო კომიტეტის მეთაურმა, რობ ბაუერმა განაცხადა, რომ უკრაინის ალიანსში მიღება გადაწყვეტილია თუმცა.....როდის მოხდება ეს ანუ კონკრეტული თარიღი უცნობია ჯერ.
ერთი სიტყვით, რიტორიკა დიპლომატიურია და თუ ობიექტურნი ვიქნებით, უკრაინას, ალიანსში ფორმალურ წევრობაზე მეტად, დღეს უფრო F-16 თვითმფრინავები და Patriot საზენიტოები ესაჭიროება.
რაც შეეხება ოლაფ შოლცს, რამდენიმე დღის წინ მან სხვა განცხადებაც გააკეთა: გერმანულ რაკეტებთან დაკავშირებით Taurus რასაც უკრაინა ითხოვს და ვერ იღებს ამდენი ხანია.
შოლცმა თქვა, რომ ვერც მიიღებს უკრაინა ამ რაკეტებს, რადგან Taurus მეტისმეტად დიდი რადიუსი აქვთ მოქმედებისა, შესაბამისად აუცილებელია მისი გამოყენების კონტროლი; კონტროლისთვის კი აუცილებელია უკრაინაში გერმანელი სამხედროების გაგზავნა, რაც გერმანიისთვის „წითელი ხაზიაო“.
ანუ, თუ დიპლომატიური ენიდან „გადმოვთარგმნით“, ეს განცხადება იმას ნიშნავს, რომ ბერლინი არ ენდობა კიევს, არ ენდობა კიევის დაპირებებს - „გერმანულ იარაღს მოსკოვის და სანკტ-პეტერბურგის დასაბომბად არ გამოვიყენებთო“ და სწორედ ამიტომ არ აწვდის ფრთოსან რაკეტებს.
საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას ეწვევა 3 დღიანი ვიზიტით.
დაგეგმილია საფრანგეთ-გერმანიის „თავდაცვისა და უსაფრთხოების საბჭოს“ სხდომა.
ეს ორგანო ჯერ კიდევ 1980-იან წლებში შეიქმნა საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა მიტერანსა და გერმანიის კანცლერ ჰელმუტ კოლის შეთანხმების შესაბამისად.
იმ დროს ეს ორი ლიდერი„ ხელიხელჩაკიდებული“ დადიოდა რათა ისტორიული მტრობის გადალახვის დემონსტრაცია მოეხდინა.
რამდენად პროდუქტიული იქნება ამ საბჭოს სხდომა დღეს უკრაინის კონტექსტში, ძნელი სათქმელია. საეჭვოა შოლცმა რაკეტებთან დაკავშირებით პრინციპული პოზიცია შეცვალოს მხოლოდ იმიტომ, რომ ემანუელ მაკრონმა სთხოვა.
მაკრონის არგუმენტი ის არის, რომ საფრანგეთმა გარისკა და მიაწოდა უკრაინას Scalp ფრთოსანი რაკეტები, რომლებიც ბრიტანელებთან ერთად შექმნა 20 წლის წინ. ბრიტანულ ანალოგს Storm Shadow ეწოდება.
მაგრამ ამაზე შოლცი უეჭველად უპასუხებს, რომ Scalp-ის შორსმწვდომობა (იმ მოდიფიკაციისა, რაც კიევს გადაეცა) 300 კილომეტრია, ხოლო „Taurus“ სიშორე - 500 კილომეტრი.
შესაბამისად, ფრანგულ-ბრიტანული რაკეტა მოსკოვს მაინც ვერ მისწვდებოდა. გერმანული კი მისწვდება.
ზოგადად, დასავლური იარაღის რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენების თაობაზე მართლაც დიდი უთანხმოება და წინააღმდეგობებია ევროატლანტიკაში.
მაგალითად, შვედეთის თავდაცვის მინისტრმა პოლ იონსონმა განაცხადა, რომ უკრაინას აქვს უფლება გამოიყენოს შვედური იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე „საერთაშორისო კონვენციების, ომის კანონებისა და ომის ტრადიციათა დაცვით“.
ეს იმას ნიშნავს, რომ მაინცდამაინც მიზანმიმართულად საავადმყოფოებს და საბავშვო ბაღებს არ უნდა დაარტყა. თორემ „საერთაშორისო კონვენციები, ომის კანონები და ომის ტრადიციები“ სულაც არ გამორიცხავენ თუნდაც ქალაქების მასირებულ დაბომბვას.
უკრაინისთვის შორსმწვდომი იარაღის გადაცემის კიდევ ერთი მოწინააღმდეგეა იტალია. გაპაციფისტდა ესეც. გერმანიის მოკავშირე იყო WWII დროს.
. . . . . . . . . . . . . . . . . . .
აფროამერიკელმა კონგრესმენმა ტიმ სკოტმა განაცხადა, რომ მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე იგი დონალდ ტრამპს დაუჭერს მხარს, რაკი ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია „აფროამერიკელთა სეგრეგაციის პოლიტიკას აწარმოებს სასკოლო განათლების სფეროში“.
რაღაც უცნაური, რომ არ ვთქვათ პარანოიდული განცხადებაა, რაკი „დემოკრატები“ მუდამ უფრო მეტად იყვნენ აფროამერიკელთა „პოზიტიური დისკრიმინაციის“ მომხრენი ყველა სფეროში, მათ შორის განათლებაში, ვიდრე „რესპუბლიკელები“.
თუმცა არიან აფროამერიკელები, ვისაც „პოზიტიური დისკრიმინაცია“ - რასობრივ დისკრიმინაციად მიაჩნიათ ანუ მათი უფლებების დარღვევად.
ესე იგი არც „ეს“ მოსწონთ და არც „ის“.
თუმცა აქ მთავარი სხვაა: დონალდ ტრამპის გუნდი აქტიურად მუშაობს ბაიდენის „მოედანზე“ ანუ აფროამერიკელებს შორის და როგორც კონგრესმენ სკოტის მაგალითი ადასტურებს, წარმატებითაც.
რასაკვირველია ეს არ ნიშნავს, რომ ტრამპი შეძლებს ბაიდენის „მოედნიდან“ ანუ მისი ტრადიციული ელექტორატიდან დიდი წილის „წამოღებას“, მაგრამ „მცირედიც საქმეა“.
რაც დრო გადის და რაც უფრო ახლოვდება 5 ნოემბრის არჩევნები, მით უფრო ცხადი ხდება დონალდ ტრამპის უპირატესობა.
დონალდი ი მ ა რ ჯ ვ ე ბ ს.
ამჟამინდელი მოცემულობით ასეა.
ამერიკა მოუთმენლად ელის ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტს დონალდ ტრამპის სისხლის სამართლის საქმეზე პორნოვარსკვლავ სთორმი დენიელსის მოქრთამვის ბრალდებით.
„ნაფიცები“ სათათბიროდ არიან გასულნი.
თუმცა, ამერიკული კანონმდებლობის თანახმად ეს თათბირი შესაძლოა რამდენიმე დღე და კვირაც კი გაგრძელდეს.
ძალიან საინტერესოდ მიიჩნევა, როგორ ირეაგირებს პუბლიკა, თუ ნაფიცი მსაჯულები გაამტყუნებენ ტრამპს.
გაიზრდება ასეთ შემთხვევაში მისი რეიტინგი თუ შემცირდება?
ამერიკა კანონმორჩილი საზოგადოებაა ზოგადად, თუმცა...დონალდის საქმე მაინც სხვაა. მისი დევნა „პოლიტიკურად“ აღიქმება.
კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ნაფიც მსაჯულებს შეუძლიათ ტრამპი მხოლოდ ან „დამნაშავედ“ ან „უდანაშაულოდ“ ცნონ.
რაც შეეხება განაჩენს ანუ დიდი ჯარიმა იქნება ეს თუ პატიმრობა (რაც ძალიან საეჭვოა) ამას უკვე წყვეტს მოსამართლე.
მაღალი ალბათობით, „ნაფიცების“ განაჩენი გამამტყუნებელი გამოდგება და წარმოუდგენელია არ იყოს გამამტყუნებელი - იმდენად ცხადია, იმდენად ნათელია, იმდენად მკაფიოა მტკიცებულებები ამ საქმეში.
. . . . . . . . . . . . . . . . . .
35 ადამიანი დაიღუპა ქალაქ რაფახის „კარვების ქალაქში“, ეგვიპტე-ღაზას საზღვართან მას შემდეგ, რაც ისრაელის ავიაციამ დაბომბა ეს ქალაქი.
ისრაელის გენერალიტეტი ამბობს, რომ მხოლოდ „ზუსტ ჭკვიან ბომბებს იყენებდა“ და „ჰამასის“ ორი ლიდერი მოკლა“.
. . . . . . . . . . . . . . . . . .
როგორც ბევრი სამხედრო ექსპერტი ვარაუდობდა, რუსეთის არმია, ხარკოვზე შეტევის პარალელურად, აძლიერებს წნეხს დონეცკის ფრონტზეც.
იქ გააფთრებული ბრძოლებია პოკროვსკოეს და ოჩერტინოს რაიონებში.
უკრაინის გენერალურმა შტაბმა აღიარა, რომ თავდაცვითი ხაზი თითქმის გარღვეულია.
რუსების მიზანი იგივეა, რაზეც გუშინ ვწერდით: ხელსაყრელი პოზიციები მოიპოვონ უკრაინის თემაზე ჟენევის სამშვიდობო კონფერენციის წინ.
. . . . . . . . . . . . . . . . . .
პუტინი უზბეკეთში ჩავიდა.
ეს მისი მესამე საგარეოპოლიტიკური ვიზიტია ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნების“ და ინაუგურაციის შემდეგ.
უზბეკეთი არ არის ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოს წევრი, რომელმაც პუტინზე დაპატიმრების ორდერი გასცა.
შესაბამისად, იქ არ დააპატიმრებენ.
უზბეკეთის პრეზიდენტ Shavkay Mirziyoyev-თან საუბრის მთავარი თემა, რასაკვირველია ორმაგი დანიშნულების საქონლის „პარალელური ტრანზიტია“.