საერთაშორისო მიმოხილვა. 18 ივლისი 2022 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 18 ივლისი 2022 წელი

გუშინ და დღეს გლობალური პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი მოვლენა გახდა პრეზიდენტ ბაიდენის ვიზიტი საუდის არაბეთში და მისი შეხვედრა ამ სამეფოს ფაქტობრივ მმართველთან, კრონ პრინც (ტახტის მემკვიდრე) მუჰჰამედ ბინ სალმანთან. ინგლისურენოვანი ჟურნალისტიკა მას ხშირად მოიხსენოებს  MBS აბრევიატურით.

ბუნებრივია, მთავარი სკანდალური თემა გახდა 2018 წელს, პრინც სალმანის ბრძანებით, სტამბულში, `ვაშინგტონ პოსტის` ბლოგერის, ოპოზიციონერ ჯამალ ხაშშოგის მხეცური მკვლელობა: სტამბულის საუდის საკონსულოში მოკლეს საუდის სპეცსამსახურთა ჯალათებმა,  დახერხეს, მჟავაში ჩააგდეს და კანალიზაციას გაატანეს.

ბაიდენმა სამეფოში ჩასვლამდე უმკაცრესად გააკრიტიკა ამისთვის პრინცი, იმ აზრით, რომ პირდაპირ კი არ დააბრალა, არამედ გამოძიება მოსთხოვა და რაც მთავარია, იქ გამართულ პრეს-კონფერენციაზეც ღიად თქვა (უკვე ნავთობის ფასებზე მოლაპარკების შემდეგ), რომ კატეგორიულად მოითხოვა იბნ სალმანისგან ამ საქმის გამოძიება.

ამაზე ბინ სალმანი აშკარად გაბრაზდა და მოყვა, რომ თავის მხრივ უსაყვედურა ამერიკის პრეზიდენტს ორი გახმაურებული საქმის გამოუძიებლობა: აბუ გრეიბის ციხეში, ერაყის ომის დროს, ამერიკელი ჯარისკაცების მიერ ტყვე ერაყელების წამება (ეს ჯორჯ ბუშ-უმცროსის დროს ხდებოდა) და პალესტინელი არაბი ჟურნალისტი ქალის აბუ აკლეს ამასწინანდელი მკვლელობა ისრაელში.

ანუ საუდელმა პრინცმა ამერიკელ ჟურნალისტს უპასუხა..... ძველი ქართული ანეგდოტი რომ არის, თბილისში ოდესღაც პოპულაღული: პრეზიდენტმა ჯიმი კარტერმა რომ ლეონიდ ბრეჟნევი გააკრიტიკა დისიდენტ სახაროვის დაჭერის გამო და იმან უპასუხა:  `და თქვენ რომ ზანგებს აწუალ(ლ)ლლებთ?!!!`

 

თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი უკვე ისაა, რომ ბინ სალმანი აღარ უარყოფს ხაშშოგის მკვლელობაში საუდელ სპეცსამსახურთა მონაწილეობას. უბრალოდ ამბობს, რომ სპეცსამსახურებმა ეს მკვლელობა პრინცის დაუკითხავად ჩაიდინეს და....ასე ხომ ამერიკაშიც მომხდარაო.

არ ვიცი რას გულისხმობდა `ასე ამერიკაშიც მოხდარაო` როცა ამბობს: ცნობილია, რომ აშშ პრეზიდენტი რიჩარდ ნიქსონი `ოუოთერგეითის` სკანდალისას ბოლომდე ამბობდა: `ჩემმა სპეცსამსახურმა` (დაცვის სამსახური ანუ Secret service ჰქონდა მხედველობაში) ჩემს დაუკითხავად დაამონტაჟაო მოსასმენი აპარატურა `დემოკრატიული პარტიის შტაბ-ბინაში`

თუმცა არავის სმენია ოდესმე, ამერიკულ სპეცსამსახურებს ვინმე მოეკლათ, მჟავით დაეშალათ ან ჩუმად დაემარხათ და მერე ამერიკის პრეზიდენტს ეთქვა: `ვერ გავაკონტროლე ამ მკვლელობის  ჩამდენი სპეცსამსახურები - ახლა გამოვიძიებო`.

 

ალბათ პირველ როგში ეს განსხვავებაა ამერიკულ დემოკრატიასა და IX-X საუკუნეში ჩარჩენილ ფეოდალურ შუასაუკუნეების `სამეფოს` შორის. რა ტექნოლოგიურად განვითარებულიც არ უნდა იყოს ახლა ნავთობდოლართა წყალობით, რამდენი `მერსედეს` ან `ტესლაც` არ უნდა იყოს საუდის არაბეთში 100 სულ მოსახლეზე, მაინც იგივე ფეოდალურ უკუნად რჩება.

მაგრამ პრობლემა ისაა, რომ დემოკრატიული სამყარო ამ ფეოდალური სამეფოს გარეშე ვერ წყვეტს ახლა პუტინის პრობლემას: თუ ნავთობი არ გააიაფა საუდის არაბეთმა (არადა მთლიანად MBS-ზეა დამოკიდებული) პუტინი, რაც დრო გავა, მით მეტ პრობლემას შეუქმნის დასავლეთს და უკრაინის ომის თუნდაც შეჩერებაც კი გართულდება.

ანუ Real policy შეეჯახა  `ღირებულებებს` და უნდა ვაღიაროთ, ამ შემთხვევაში ბაიდენის ხაზი სწორი აღმოჩნდა - მის გამარჯვებად უნდა ჩაითვალოს სალმანის ეს აღიარება: `კი ჩაიდინეს ჩემმა სპეცსამსახურებმა, თუმცა ცოტა ხანს მაცალეთ, გამოვიძიებ და ყველას სასტიკად დავსჯი. ყველაფერს ვიღონებ, რათა ამგვარი რამ აღარ განმეორდესო`.

ეს აღიარება და ბოდიშები საუდელ ჩინოსნებს ადრეც უთქვამთ ხაშოგის საქმეზე, მაგრამ კონტექსტია განსაკუთრებით მნიშვნელოვანი: ამერიკის პრეზიდენტთან მოლაპარაკების შემდეგ, ამ მოლაპარაკების კონტექსტში უკვე სულ სხვანაირად გაიჟღერა.

მთლიანობაში გასაკვირი არ არის, რადგან საგარეო პოლიტიკა და დიპლომატია თუ ვინმეს ესმის ამერიკულ ელიტაში (პოლიტიკურ ელიტას ვგულისხმობ და არა პროფესიონალ დიპლომატებს რასაკვირველია) პირველ რიგში ჯო ბაიდენს ესმის: 1970 იანი წლებიდან დიპლომატიაზე და ახლო აღმოსავლეთზე სპეციალიზდებოდა, როგორც აშშ სენატორი.

 

მოლაპარაკებებიდან გამოჟონილი ინფორმაციით, საუდის არაბეთი უახლოვდება გადაწყვეტილებას, რომ გაზარდოს ნავთობის წარმოება, ოღონდ ამის სიღრმისეული მიზეზი იმდენად უკრაინის სოლიდარობა კი არ არის, არამედ ირანის ბირთვული პროგრამის შიში.

ირანის ბირთვული პროგრამის მარტო ისრაელს კი არ ეშინია - არაბულ ქვეყნებს (სუნიტური ისლამის მიმდევართ) არანაკლებ აშინებს ირანის ბირთვული პროგრამა და ძალიან კარგად იციან, რომ ამერიკის მხარდაჭერის გარეშე, თუ ამერიკა არ დაეხმარებათ, მათ არ შესწევთ უნარი, წინააღმდეგობა გაუწიონ შიიტური ისლამის მიმდევარ 85 მილიონიან ირანს.

ირანი ძალიან საშიში ფენომენია ყველასთვის. პირველ რიგში სამეზობლოში: განა აქვთ სუნიტ არაბებს იმის გარანტია, რომ შიიტური ისლამის დღევანდელი მესვეურები ვინც არიან - ფანატიკოსი შავბნელი აიათოლლები - ამ ატომურ ბომბს არა მხოლოდ ისრაელის წინააღმდეგ გამოიყენებენ, არამედ არ გამოიყენებენ ისლამურ სამყაროში შიიტური ისლამის გასაბატონებლად და სუნიტური ქვეყნების გასანადგურებლად?

 

ამის გარანტია არავის აქვს: ირანელი აიათოლლები ნამდვილი ფანატიკოსები არიან.

 ამით განსხვავდებიან არაბული ქვეყნების უმრავლესობისგან: იგივე საუდელები, სპარსეთის ყურის სხვა პატარა სამეფოების მოსახლეობა, თუნდაც ის ქვეყნები, სადაც ადრე კომუნისტური ექსპერიმენტები დადგა მოსკოვმა, ისლამის მიმდევრები როგორ არ არიან.....ოღონდ ასეთი შავბნელი ფანატიზმი მათთვის მთლიანობაში მაინც არაა დამახასიათებელი. როგორსაც თანამედროვე ირანი ამჟღავნებს:

 საუდელებსაც და ემირატელებსაც, ყატარელებსაც და ბახრეინელებსაც, მათ ელიტებს და ხელისუფალთ, უყვართ `კარგი ცხოვრება`, უყვართ ევროპა, სიმდიდრე, ფუფუნება, დასავლურ უნივერსიტეტებში ასწავლიან შვილებს და ა.შ.

შესაბამისად, სწორედ ამ ინტერესთა თანხვედრის საფუძველზე შეიქმნა გუშინ ეს პრეცედენტი, როდესაც პირველად, ისრაელ-არაბული ისტორიული ანტაგონიზმის მთელი ეპოქის განმავლობაში, - 1948 წლიდან, ანუ ისრაელის სახელმწიფოს გამოცხადებიდან, - არაბეთმა გაუხსნა ცა ისრაელიდან გამოფრენილ თვითმფრინავს, რათა პირდაპირი მარშრუტით შემოსულიყო საუდის არაბეთის საჰაერო სივრცეში.

ეს ყოველივე არ ნიშნავს, რასაკვირველია, თითქოს არაბულ-ისრაელის ანტაგონიზმი აღმოიფხვრება; მაგრამ ინტერესთა ამ თანხვედრაზე აქცენტირება უეჭველად ადასტურებს, რომ მოხუცმა პრეზიდენტმა ძალიან ოსტატურად ითამაშა ახლო აღმოსავლეთის რამდენიმე `საჭადრაკო დაფაზე` ერთდროულად.

ყველაფერი ვერა, მაგრამ ბევრი რამ მოიგო ამერიკამ ამ ვიზიტისას,  ხოლო ამერიკა როცა იგებს, ეს ყველა Freedom love Nations უნდა ახარებდეს მთელ მსოფოლიოში.

. . . . . . . . . . 

ძალიან საინტერესო განცხადება გააკეთა დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ტონი ბლეერმა.

მისი თქმით, დასავლეთის ცივილიზაციური ლიდერობა პლანეტაზე დასასრულს უახლოვდება, ოღონდ ამ დომინირებას წერტილს დაუსვამს არა რუსეთი, არამედ....ჩინეთი.

უნდა ითქვას, რომ ლეიბორისტი ტონი ბლეერი დიდი ბრიტანეთის ისეთივე გამოკვეთილი და ნიშანდობლივი, ისტორიული ფიგურაა, როგორებიც იყვნენ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კონსერვატორი მარგარეტ ტეტჩერი ან იგივე ბორის ჯონსონი.

ბლეერი დიდ ბრიტანეთს 1997-2007 წლებში მართავდა. მის ეპოქას უკავშირდება ორი გრანდიოზული სკანდალი: პრინცესა დიანას დაღუპვა პარიზში და ამაზე დედოფლის ცივი რეაქცია, რამაც კინაღამ გადაიყოლა მონარქია ბრიტანეთში; გარდა ამისა, კატასტროფულად არაპოპულარული ერაყის ომი (ჯორჯ ბუშის დროს), ამ ომში ბრიტანეთის ჩართვა, რასაც ბლეერს ბრიტანელთა დიდი ნაწილი არასდროს აპატიებს.  

 

ბლეერის განცხადება ძალიან საშიში მოვლენაა დღევანდელ ვითარებაში: მიუხედავად არაპოპულარობისა, მის განცხადებებს ელიტები ისმენენ და ბლეერი ფაქტიურად ამით ამბობს: დასავლეთის ცივილიზაციურ ლიდერობას ის კი არ ემუქრება, თუ პუტინი უკრაინას, საქართველოს, თუნდაც ყველა ყოფილ სსრკ რესპუბლიკას დაიპყრობსო (ბალტიის გარდა) არამედ ჩინეთი, რომელიც მსოფლიოს ტექნოლოგიური და ეკონომიკური ლიდერი ხდება და ამერიკას ბევრ რამეში დაეწიაო.

ძალიან ცუდი განცხადებაა და დასავლურ ელიტათა ერთი გავლენიანი ნაწილის კაპიტულანტურ  (პუტინის მიმართ კაპიტულანტურ) განწყობას ამჟღავნებს. ანუ ამ ნარატივით ცდილობს დასავლურ ელიტათა ეს ნაწილი `გაამართლოს` უკრაინის და სხვა ქვეყნების `ჩაბარება` რუსეთს; აქაოდა რა დროს ესაა, დასავლეთის მტერი და კონკურენტი ჩინეთია და არა პუტინიო.

 

აქვე უნდა ითქვას, რომ ეს ნარატივი შინაარსობრივადაც ტყუილია. ჩინეთი ვერც ერთი თვალსაზრისით ვერ გაუტოლდება დღეს ამერიკას და მით უმეტეს დასავლეთს.

ამჟამად სწორედ  ასეთი ვითარებაა. თან ჩინეთი არავის წინააღდმეგ არავითარ აგრესიას არ ახორციელებს.

დიდი ამერიკელი მოაზროვნე, ზბიგნევ ბჟეზინსკი წიგნში `დიადი საჭადრაკო დაფა` ზესახელმწიფოებრიობის 4 ნიშანს ასახელებს:

ა) `ეკონომიკური ძლევამოსილება` (ოღონდ  ბჟეზინსკი აქ გულისხმობს GDP Per capita-ს და არა GDP-ს მთლიანად ანუ ეკონომიკის ზოგად მოცულობას)

ბ) სამხედრო ძლევამოსილება და მისი პროეცირების უნარი (დღეს ჩინეთი ჩამორჩება ამერიკას დაახლოებით ორჯერ-სამჯერ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ბირთვულ იარაღს არ მივიღებთ მხედველობაში)

გ) ტექნოლოგიური ინოვაციურობა (ჩამორჩენა კვლავაც დიდია - ჩინეთის ტექნოლოგიები დასავლურ ტექნოლოგიათა `ნასესხობებია` დიდწილად)

დ) კულტურულ-ცივილიზაციური მიმზიდველობა! (ეს ძალიან ფართო ცნებაა: რაოდენ ძველი და გრძნეული კულტურის ქვეყანაც არ უნდა იყოს ჩინეთი, პეკინის კინო-სტუდიაში გადაღებულ ფილმებს კი არ უყურებენ მსოფლიოში, არამედ ჰოლივუდის ფილმებს უყურებენ და შანხაის დე-ფილეს კი არ აკვიდრებიან ჩინური ეროვნული მოდით, არამედ მილანის და პარიზის დეფილეს - ევროპული მოდით.

 

ანუ დასავლეთმა უნდა აღიაროს, რომ ცივილზიაციის მტერი დღეს სწორედ პუტინია; თორემ ჩინეთი ევროპის და ამერიკის უსაფრთხოებას აბსოლუტურად არაფერით ემუქრება: ტაივანი მართლა ჩინეთია ბოლოს და ბოლოს და პეკინი დასავლეთს მხოლოდ თანამშრომოლობას სთავაზობს:  არც არაფერს იპყრობს და არც არაფერს ანადგურებს.

პუტინისგან განსხვავებით