მიშას პარტია „მიშას“ გარეშე

მიშას პარტია „მიშას“ გარეშე

 

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში დასრულდა. დასრულდა იმ აზრით, რომ ხელისუფლების საკითხი გაირკვა, როგორც მინიმუმ,  4 წლით. „2020 წელზე“ საუბარი არასერიოზულია, რადგან მომავალი  4 წლის განმავლობაში იმდენი რამ მოხდება საქართველოშიც, უკრაინაშიც, რუსეთშიც და მთელს მსოფლიოშიც,  2016 -  „შორეულ ეპოქად“ მოგვეჩვენება.

რაც შეეხება ყბადაღებულ „საკონსტიტუციო უმრავლესობას“ და ამ თემის  ქცევას მთავარ „საინფორმაციო საბაბად“ თუ სასკანდალო - სადისკუსიო საკითხად, უკვე კომიკურ შთაბეჭდილებას ტოვებს: „ოცნებას“ ამგვარი უმრავლესობა გარანტირებული ჯერ არა აქვს. თუმცა არც გამორიცხულია. მერედა რა, ამით? რა შეიცვლება არსებითად ან ერთ ან მეორე შემთხვევაში? რა ისეთი ეგზისტენციური ამოცანა დარჩა ბიძინა ივანიშვილსა და მის გუნდს, რომლის გადაწყვეტა იმდენად სასიცოცხლოა მათთვის, საამისოდ საკონსტიტუციო უმრავლესობა სჭირდებათ? პრეზიდენტის არჩევა პარლამენტში? მერედა, „თუმაინცდამაინც“ საერთო-სახალხო კენჭისყრისას სასურველ კანდიდატს ვერ  გაიყვანენ? ფული არ ეყოფათ თუ ადმინისტრაციული რესურსი?

მარგველაშვილის იმპიჩმენტი? რა სისულელეა - რაიმე თვალსაზრისით  ხელი შეუშალათ ამჟამინდელმა პრეზიდენტმა 8 ოქტომბერს  მთავარი საკითხის გადაწყვეტისას? საკმაოდ ელეგანტურად ართმევს ხელს რომის პაპსა და ყირგიზეთის პრეზიდენტს. ჰოდა იყოს, ვის რას უშლის,  თუნდაც იმ „ავლაბრის სასახლეში“, რომელსაც თავად უწოდებდა „გარყვნილების ბუდეს“, სანამ მომავალ ცოლის ძმას შეიწყალებდა - „შეწყალების კომისიის“ გვერდის ავლით!

პარლამენტის - თბილისში გადმოტანა? არც ესაა იმ მნიშვნელობის თემა, ამის გამო მეტისმეტად შეიწუხონ თავი.

სინამდვილეში, ეგზისტენციური საკითხი მმართველი პარტიისთვის ის იყო, შექმნიდა თუ არა ისეთ უმრავლესობას პარლამენტში, რომელიც  მინისტრთა კაბინეტის დამოუკიდებლად   დაკომპლექტების საშუალებას მისცემდა.  „დამოუკიდებლად“, ანუ სხვა პოლიტიკურ ძალებთან ვაჭრობა-კომრომისების გარეშე. ეს მიღწეულია; ხოლო ყველაფერი დანარჩენი - უკვე მესამეხარისხოვანი.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ამავდროულად, „ნაციონალური მოძრაობისთვისაც“ უმთავრესი ის იყო, მოახერხებდა თუ ვერა იმდენად მრავალრიცხოვანი და გავლენიანი ფრაქციის შექმნას, რომ მასთან თანამშრომლობა, თუ იურიდიულად არა, ყოველ შემთხვევაში პოლიტიკურად მაინც აუცილებელი ყოფილიყო, ხოლო მმართველი პარტია იძულებული გამხდარიყო ანგარიში გაეწია მისი მოთხოვნებისთვის. მაგალითად პარტიულ ლიდერთა და ყოფილ ჩინოსანთა ციხიდან დახსნის საკითხში.

„მაინც ერთადერთი საპარლამენტო ოპოზიცია ვართო“. ნუ იტყუებით! -  პარლამენტში არის მესამე პარტიაც. მოგვწონს იგი ჩვენ  თუ არა.

ანუ, მთავარი ამოცანა (დღევანდელ პირობებში „პროგრამა - მაქსიმუმი“) „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ვერ გადაჭრა და, იმის მიუხედავად, რომ კვლავ „მეორე პარტიაა“, მისი შედეგი ერთმნიშვნელოვნად შეიძლება შეფასდეს, როგორც სასტიკი მარცხი - თუ საარჩევნო ყუთებთან მისული ელექტორატის მოლოდინებსა და წინასწარ „ბაქი-ბუქს“ გავითვალისწინებთ. 

ამიტომ, რეალურად  საინტერესო თემა მაინც ამ მარცხის მიზეზია, რაც უკვე იქცა სერიოზული განხეთქილების მიზეზად „ნაციონალთა“ გუნდში. თამარ ჩერგოლეიშვილი ღიად  დასცინის  სააკაშვილს, პირდაპირ ადანაშაულებს მას „ტრუხაობაში“, აცხადებს მიშას  „დამარცხების მთავარ მიზეზად“ . . .  ხოლო თუ გავითვალისწინებთ, რომ მაღალი ალბათობით, ამ შემთხვევაში ჩერგოლეიშვილი გიგა ბოკერიას პოზიციას(აც) „ახმოვანებს“, გამოდის, არა მხოლოდ მარცხით დასრულებულ საარჩევნო კამპანიაში, არამედ თვით პარტია „ნაციონალურ მოძრაობაში“ ამ პარტიის დამფუძნებლის როლი დიდი კითხვის ნიშნითაა.

ერთნი თვლიან, რომ მიშას არ უნდა ეაქტიურა, რადგან მისმა განცხადებებმა „ზღვის გადაცურვის“, „სარფში შტაბის გახსნის“, ბოლოს შინაგან საქმეთა მინისტრად ხატია დეკანოიძის დანიშვნის შესახებ ამომრჩეველი დააშინა და „ოცნებამ“ შეძლო „ანტიმიშისტური“ ელექტორატის მობილიზება. მეორე ბანაკის აზრით კი, რომ არა მიშას აქტიურობა, „ნაციონალური მოძრაობა“ იმ 27%-საც  ვერ აიღებდა, რაც რეალურად მოიპოვა.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

აქვე აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ხსენებული „27%“-ის დაახლოებთ 80% მთლიანად, თავიდან ბოლომდე, არის „გამარჯვებული ხალხის ტელევიზიის“ დამსახურება!  რომ არა ეს  მართლა ფენომენალური და პროფესიული თვალსაზრისით შესანიშნავი  ტელევიზია, „ნაციონალთა“ შედეგი ნებისმიერ შემთხვევაში (რა ტაქტიკაც არ უნდა აერჩიათ)  ბევრად ნაკლები იქნებოდა; მაგრამ „რუსთავი-2“ ნაციონალთა იმ კამპანიას გააშუქებდა, როგორსაც და რომელსაც ისინი თავად წარმართავდნენ: უნიჭიერესი ნანუკა ჟორჟოლიანი არ ჩავიდოდა ოდესაში და არ „გააპიარებდა“ მიშას, თუ ამას თვით მიშა არ მოინდომებდა. მიშამ თქვა „შინაგან საქმეთა მინისტრს ვნიშნავ უკვეო“ და „რუსთავი-2“ ხომ არ მოიგონებდა, თუ ექს-პრეზიდენტი ამას არ იტყოდა?

მაშასადამე, მთავარი საკითხი მაინც ისაა, რომელი მიდგომა იყო უფრო სწორი და მიზანშეწონილი  პარტიის (და არა მისი დამფუძნებლის) გრძელვადიანი ინტერესებიდან გამომდინარე. ამის გასარკვევად კი დავაკვირდეთ ძალიან მნიშვნელოვან ციფრს, რომელსაც არავინ აქცევს სათანადო ყურადღებას: „დასწრება“, ანუ ამომრჩეველთა აქტიურობა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე,  აღმოჩნდა სულ 51,6%!

ძალიან დაბალი ციფრია! ნორმალური იქნებოდა, ვთქვათ, ადგილობრივი არჩევნებისთვის, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რა დაძაბულობით, რა გაურკვევლობით, რა ინტრიგით (მარტო „იმავე“ ტელევიზიით გამოქვეყნებული GFK კვლევათა ციფრები რად ღირს) მიმდინარეობდა კამპანია, „თითქმის ნახევარი“ მართლა მეტისმეტად ბევრია, რათა მხოლოდ გულგრილობისა და აპათიის მაჩვენებელი იყოს.

უფრო მეტად სავარაუდოა, რომ სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველთა დიდი ნაწილი, რომლისთვისაც „ბიძინა და მისი ოცნება“ კატეგორიულად მიუღებელია, არ მივიდა არჩევნებზე! არ მივიდა  იმიტომ, რომ მისთვის ასევე მიუღებელი აღმოჩნდა მთავარი სლოგანი, რადაც გადაიქცა ბოლოს „ნაციონალთა“ საარჩევნო კამპანია: „მიშას დაბრუნება“, „ვიბრძვით მიშას დასაბრუნებლად!“

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ისინი, ვინც პასუხად აცხადებს: „თქვე უბედურებო, მიშას რომ არ ეაქტიურა,  მაშინ იმ „27%“-საც ვერ აიღებდითო“, ჯიუტად არ აქცევენ ყურადღებას და არ ითვალისწინებენ, რომ „არმისული“ ელექტორატის  უდიდესი ნაწილი სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრე იყო, არჩევნებში მისი მონაწილეობის შემთხვევაში, დასწრების მაჩვენებელი 15-20%-ით გაიზრდებოდა. შესაბამისად, ხმათა პროცენტული შეფარდებაც   სხვა იქნებოდა - ბევრად უფრო ახლოს ნაციონალთათვის სასურველ  შედეგთან, ვიდრე რეალურად „დაიდო“.

რასაკვირველია მაინც წააგებდნენ. მაგრამ არა „ასე“, როგორც წააგეს!

რა გამოვიდა ამ სლოგანით -  „მიშა ბრუნდება“? - რა მიიღეს ამ „ექსტრიმით“, ამ გნიასით, შფოთით, ისტერიით, ამ სულელური განცხადებებით „9 ოქტომბრიდან ახალი მინისტრთა კაბინეტის ფორმირების“, „ზღვის გადმოცურვისა“ და სხვა მსგავსი ავანტიურისტული „მესიჯების“ წყალობით?

 მიიღეს ის, რომ არჩევნებზე ნამდვილად მოიზიდეს მომხრე ელექტორატის განსაკუთრებული კატეგორია, რომელსაც სოციო-ფსიქოლოგიაში ეწოდება „კრიზისული ტიპის ადამიანი“ (კტა). სხვადასხვა სოციუმში მისი ოდენობა განსხვავებულია. მაგალითად შვედეთში კტა შეიძლება იყოს 0,5-1%,  ხოლო საქართველოში, ჩვენი უახლესი ისტორიისა და გადატანილი უბედურებების წყალობით, 8-10%. ოღონდ, სრულიად  წარმოუდგენელია, იყოს ამაზე მეტი, ვინაიდან სხვა შემთხვევაში ეს ქვეყანა კი არა კანიბალებით სავსე სამხეცე იქნებოდა!

ამ დისკურსში დავსვათ მარტივი კითხვა:  ვისაც გულწრფელად სჯეროდა, რომ 9 ოქტომბერს მიშა საქართველოში დაბრუნდებოდა და შინაგან საქმეთა მინისტრს დანიშნავდა, ის ადამიანი ნორმალურია?!!!

ამ კატეგორიის დიდ ნაწილს, შესაძლოა, იმის რწმენაც ჰქონოდა (არ გაგიკვირდეთ), რომ ოდესიდან - სოლოლაკამდე გვირაბს გათხრიდა ან შავ ზღვას გადმოსცურავდა „ჩარკვიანის“ აკომპანიმენტით, მაგრამ ასეთებზე ფსონის დადებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაკარგა მომხრეთა მეორე, უდიდესი ნაწილი, რომელიც ხმას მისცემდა „მიშას პარტიას“, ოღონდ მიშას გარეშე! ანუ „უკეთეს მიშას“ - ყველაფერი დადებითით, რაც გაკეთდა 2004 წლიდან, ოღონდ იმ საშინელებათა  გარეშე, რაც აგრეთვე იყო და რისი უარყოფა  უკვე თავად აღარ შეუძლიათ.

თავის მხრივ, „ოცნებამ“, სწორედ ამ გიჟური სლოგანის წყალობით - „მიშა ბრუნდება!“ - მოახერხა იმ კატეგორიის ამომრჩეველთა მობილიზება, რომელიც ან საერთოდ არ აპირებდა არჩევნებზე მისვლას, ან, თუ მივიდოდა, სხვა  პარტიებს დაუჭერდა მხარს. სწორედ აქ უნდა ვეძიოთ ამ პარტიათა კომიკური მარცხის მიზეზი - ახლა რომ ლამის ისეთი აპლომბით აკეთებენ განცხადებებს „პოლიტიკიდან წასვლის“  შესახებ, თითქოს შარლ დე გოლმა და მისმა თანამებრძოლებმა დაასრულეს პოლიტიკური მოღვაწეობა.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

„ნაციონალ-ლიდერთა“ უდიდესმა ნაწილმა ან ვერ გაიგო, ან მიხვდა, მაგრამ წინააღმდეგობა ვერ გაუწია მიშას  ტაქტიკას, მოეზიდა არჩევნებზე „კრიზისული ტიპის ადამიანთა“  კატეგორია - თუნდაც იმათი დაფრთხობისა და „განზიდვის“ ხარჯზე, ვინც მზად იქნებოდა ხმა მიეცა მიშას პარტიისთვის -მიშას გარეშე. იმიტომ, რომ ეს მას აწყობდა პირადად და არა პარტიას!

და, ამ ფონზე, უკვე არც ერთი წუთით აღარ შეგეპაროთ ეჭვი, რომ როდესაც მიშა თანაპარტიელებთან „რევოლუციურ სცენარებს“ განიხილავდა ტელეფონით, მან ძალიან კარგად იცოდა, სპეცსამსახურები იწერდნენ, მაგრამა ამას შეგნებულად აკეთებდა:  სწორედ იმ მიზნით, რათა ეს საუბრები გამოქვეყნებულიყო!

რაც შეეხება მოსაზრებას, თითქოს „ნაციონალური მოძრაობა მიშას ვერ გაემიჯნება“ და „შეუძლებელია მიშას პარტია - მიშას გარეშე“,  ეს არის მტკნარი სიცრუე: არსებობს უთვალავი პოლიტიკური ტექნოლოგია, უამრავი PR- მეთოდი, თუ როგორ შეიძლება პარტიამ შეინარჩუნოს სახე ისე, რომ  დამფუძნებელი დარჩეს მის „საპატიო თავმჯდომარედ“, „დიდი დამსახურების სიმბოლურ ფიგურად“, „ისტორიულ ეტაპად“, მაგრამ აღარ აღიქმებოდეს მოქმედ პოლიტიკოსად, ანუ საფრთხედ და სამოქალაქო თუ სამამულო  ომის მომასწავებელ პროვოკატორად.

ამიტომ, თუ „ნაციონალურ მოძრაობას“ სურდა „პროგრამა მინიმუმი“ მაინც შეესრულებინა, - 2016 წლის არჩევნებზე ბევრად  სერიოზული შედეგი „დაედო“, ესე იგი, „ოცნების“ „საკონსტიტუციო უმრავლესობა“ მაინც აღარ ყოფილიყო სალაპარაკო, მაშინ სწორედ ეს ტექნოლოგიები უნდა გამოეყენებინა, აქცენტი გაეკეთებინა არა „კრიზისული ტიპის ადამიანებზე“ (ხალხურად თუ ვიტყვით გიჟებზე), რომლებიც მუდამ მზად არიან ქუჩაში გამოვარდნენ, მუდამ მზად არიან განახორციელონ რევოლუციები (თუმცა დემოკრატიულ არჩევნებს ვერასდროს მოიგებენ), არამედ პოზიტიური მენტალობის ამომრჩეველზე, ანუ იმ კატეგორიაზე, რომელიც მხარს უჭერს „ნაციონალურ მოძრაობას“, აფასებს რეფორმებს და ბუნებრივად სურს „ყველაფერი კარგი-ყველაფერი ცუდის“ გარეშე.

ეს რომ ოდესელ ვაჟბატონს არ აწყობდა და ისიც, რომ მას ამგვარი მიდგომა უმადურობად მიაჩნია (არც თუ უსაფუძვლოდ მიაჩნია, რადგან ის „კარგი“, რაც მოსწონთ, იმ „ცუდის“ გარეშე მართლა ვერ გამოვიდოდა) არ უნდა ყოფილიყო განმსაზღვრელი „ნაციონალთათვის“ - თუ  სურდათ, შენარჩუნებულიყვნენ სერიოზულ ძალად. ამ საარჩევნო კამპანიაში „ნაციონალური მოძრაობა“  უნდა წარმოჩენილიყო  მიშას პარტიად „მიშას“ გარეშე!

მაგრამ თავიანთ, უკვე მართლა შეურაცხად  ლიდერს ვერაფერი მოუხერხეს და, შედეგად,  იმაზე სასტიკად დამარცხდნენ 8 ოქტომბერს, ვიდრე თვითონ  ჰგონიათ.

2016