საერთაშორისო მიმოხილვა. 5 აგვისტო. 2024 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 5 აგვისტო. 2024 წელი

გუშინ საღამოს, თელ-ავივში გაიმართა საგანგებო თათბირი ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს თავმჯდომარეობით.

თათბირი შედგა და ჩატარდა ისეთი შემადგენლობით, რაც ძალიან იშვიათად იმართება ხოლმე.

პრემიერის გარდა, მასში  მონაწილეობდნენ თავდაცვის მინისტრი იოაივ გალანტი, გენერალური შტაბის უფროსი ჰერცი ჰალევი, სადაზვერვო სამსახურის, „მოსსად“ უფროსი დავიდ ბარნეა და „საერთო უსაფრთხოების“ (კონტრდაზვერვის) უფროსი რონენ ბარი.

ეს საგანგებო თათბირი იყო რეაქცია აშშ სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებაზე, რომ ირანი „უახლოესი 24 საათის განმავლობაში განახორციელებს შეტევას ისრაელზე“.

24 საათზე მეტი გავიდა, ირანმა დარტყმა ჯერ ვერ გაბედა, თუმცა მთავარი ეს არ არის: თათბირის შემდეგ ისრაელის მთავრობამ ღიად (!) თქვა, რომ თუ ისრაელის სპეცსამსახურებს, გენერალურ შტაბს ექნება ზუსტი და უტყუარი ინფორმაცია ირანის დაგეგმილი შეტევის შესახებ, მაშინ ისრაელი არ დაელოდება ირანის შეტევას და პრევენციულ დარტყმას განახორციელებს!

ირანზე დარტყმისთვის ისრაელის ავიაცია ისედაც მრავალი წლის განმავლობაში ემზადებოდა მისი „ბირთვული პროგრამის“ და „ურანის გამამდიდრებელი საწარმოების“ (მათ შორის მიწისქვეშა საწარმოების) გასანადგურებლად.

სპეციალური გეგმა დიდი ხნის წინ  შედგენილი აქვს ისრაელის გენერალურ შტაბს: ათასობით (!) თვითმფრინავისა და დრონის მონაწილეობით; ასევე ბალისტიკური რაკეტების გამოყენებით.

გეგმის თანახმად, ისრაელის ავიაციამ უნდა გადაუფრიონოს ირანს, გაანადგუროს ყველა ობიექტი და შემდეგ.....რაკი საწვავი უკან დასაბრუნებლად არ ეყოფა, დაჯდეს აზერბაიჯანში.

„პრევენციული დარტყმის“ მიზანი იქნება მთლიანად გაანადგურონ ირანის სამხედრო-სამრეწველო პოტენციალი იმ გათვლით (არც თუ უსაფუძვლო გათვლით), რომ ირანს არ გააჩნია ისეთი საზენიტო სისტემები, როგორიცაა ამერიკული Patriot.

Patriot-ის რამდენიმე დივიზიონის გარდა, ისრაელის საჰაერო სივრცეს სარაკეტო დარტყმებისგან იცავს ზემძლავრი ამერიკული ფლოტი ხმელთაშუა ზღვიდან.

შესაბამისად, აბსოლუტურად ლოგიკურია, ისრაელმა, -  თუ ზუსტი ინფორმაცია ექნება მართლაც, - პრევენციულად „დაარტყას“ ირანს და დიდი ხნით შეარბილოს ეს ეგზისტენციალური პრობლემა, რაც ისრაელს ათწლეულების განმავლობაში აწუხებს.

არც ისაა გამორიცხული, ირანი რეალურად არ გეგმავდეს ისრაელზე  დარტყმას მიუხედავად სულიერი ლიდერის, აიათოლა ხამენეის მუქარისა, ხოლო ბლინკენის განცხადებაც და ისრაელის მთავრობის გაფრთხილებაც ნამდვილად ისახავდეს მიზნად ირანის ბირთვული ობიექტების ერთხელ და სამუდამოდ განადგურებას;

 ისევე, როგორც ისრაელმა ერაყის ბირთვული ობიექტები გაანადგურა თავის დროზე.

ეს მოხდა 1981 წელს.

სხვათა შორის ატომური ელექტროსადგური „ოსირაკი“ ერაყში საფრანგეთის მეშვეობით აშენდა, თუმცა ამას ისრაელისთვის ხელი არ შეუშლია, რაკი „მოსსადი“ დარწმუნებული იყო,  ერაყი მაშინ ისევე აპირებდა ურანის გამდიდრებას ამ ობიექტის გამოყენებით ბირთვული იარაღის დამზადებისთვის „საკმარის“ დონეზე, როგორც ირანი ახორციელებს ახლა.

უბრალოდ, ირანი ბევრად დიდი და ძლიერია, ვიდრე ერაყი, თუმცა სპეციალისტებს, ვინც თვალ-ყურს ადევნებს მოვლენათა განვითარებას, ეჭვი არ ეპარებათ, რომ ადრე თუ გვიან (ხვალ ან 1 წლის შემდეგ) ირანის ბირთვულ ობიექტზე, ამა თუ იმ სიტუაციაში, ამა თუ იმ საბაბით ისრაელის მასირებული დარტყმა გ ა რ დ ა უ ვ ა ლ ი ა!

ეს მოხდება აუცილებლად!

ვიმეორებ: ადრე თუ გვიან თუმცა შესაძლებელია ახლავე მოხდეს, რადგან ირანელი აიათოლების განცხადებები და მუქარები „ჰამასის ლიდერის“ ისმაილ ჰანიას ლიკვიდაციის შემდეგ (ისრაელს თავისი მონაწილეობა ამ ლიკვიდაციაში არც ერთხელ არ დაუდასტურებია არც პირდაპირ, არც ირიბად-დ) ისრაელს ნამდვილად უქმნის Casus Belli-ს (ომის საბაბს) ისრაელზე  დარტყმის განსახორციელებლად.

მივაქციოთ ყურადღება, რომ რამდენიმე დღის წინ იმავე ენტონი ბლინკენმა განაცხადა: ირანს ბირთვული იარაღის შესაქმნელად აუცილებელი მასალის (გამდიდრებული ურანის) მიღებამდე სულ რამდენიმე კვირა დარჩაო.

ერთი სიტყვით......„წკიპზე“ დგას ყველაფერი ახლა რეგიონში - „წ კ ი პ ზ ე“, რაც ძალიან ცუდია უკრაინისა და მთელი პოსტსაბჭოური სივრცისთვის.

 

აქ ძალიან საინტერესო მომენტია კულტურულ-ცივილიზაციური სხვაობა („ფეთქებადი“ და „კონფლიქტოგენური“ სხვაობა) ირანულ და იუდა-ქრისტიანულ ცივილიზაციებს შორის:

ირანული კულტურა საშინელ შეურაცხყოფად აღიქვამს ახლა „სტუმრის“ (ისმაილ ჰანიას) მკვლელობას, მაშინ, როდესაც (ასეთია აღქმა): „სტუმარს მშვიდად ეძინა ჩვენს სახლში......“

შესაბამისად ამჟამად ირანელი აიათოლებიც და ზოგადად ამ ქვეყნის ელიტები უმძიმეს მდგომარეობაში და ურთულესი დილემის წინაშე აღმოჩნდნენ: ერთის მხრივ ვერ ბედავენ ისრაელზე დარტყმას, ხოლო მეორეს მხრივ.....„უპასუხობა“ ანგრევს ირანის ამჟამინდელ ელიტათა პოლიტიკურ და სოციალურ ლეგიტიმურობას, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს (ნაწილობრივ უკვე იწვევს) რეჟიმის ეროზია და საბოლოოდ მისი დამხობა.

. . . . . . . . . . . . . . . . . .

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, რიაბკოვი ამტკიცებს,  თითქოს რუსეთის სპეცსამსახურებმა შეიტყვეს უკრაინის მოსალოდნელი „დიდი პროვოკაციის“ შესახებ რუსეთის ტერიტორიაზე. ამის შემდეგ რფ თავდაცვის მინისტრი ბელოუსოვი დაუკავშირდა აშშ თავდაცვის მინისტრ ოსტინს და თურმე „უკითხავს“: „ამერიკა თუ არის საქმის კურსში ამ მოსალოდნელი უკრაინული ფართომასშტაბიანი შეტევის თაობაზეო“.

ამის შემდეგ, როგორც კრემლი ამტკიცებს, ოსტინი ვითომდაც დაუკავშირდა კიევს და „გადააფიქრებინა“ რუსეთზე შეტევა.

ეს ინფორმაცია 80%-ით ტყუილია და მხოლოდ 20%-ით იქნება სიმართლე.

სიმართლე ალბათ ისაა, რომ უკრაინა ნამდვილად გეგმავდა შეტევას ორი შესაძლო მიმართულებით ხმელეთიდან: ბელგოროდზე ან ყირიმში დესანტის გადასხმას.

აქ ნიშანდობლივი ისაა, რომ ყველა ასეთ შემთხვევაში კრემლი რასაკვირველია აპირებს ვაშინგტონს „დაურეკოს“ და მოსთხოვოს უკრაინის „გაჩერება“.

. . . . . . . . . . . . . . . . . .

ილონ მასკმა პროვოკაციულად განაცხადა, რომ დიდ ბრიტანეთში „სამოქალაქო ომი გარდაუვალია“.

მისი აზრით, სამოქალაქო ომს გამოიწვევს ინგლისის ქალაქ საუტპორტში მომხდარი ინციდენტი, სადაც 17 წლის ფერადკანიანი დაესხა თავს საცეკვაო სტუდიაში ბავშვებს და 3 ბავშვი მოკლა.

კიდევ რამდენიმე დაჭრა.

ამის შემდეგ ტროლ-ბოტების არმიამ, რომელიც დიდი ალბათობით კვლავ კრემლიდან იმართება, გაავრცელა ფეიკი, თითქოს მკვლელი ისლამისტი იყო, რასაც ბრიტანული პოლიცია არ ადასტურებს.

ამას მოჰყვა ანტიისლამისტური და ანტიმიგრანტული მიტინგები, ასევე კონტრმიტინგები, შეტაკებები და ა.შ

თან ბრიტანეთის ერთდროულად რამდენიმე სხვადასხვა ქალაქში.

მათ შორის ლივერპულში ბრისტოლში, ბელფასტში (!!!)  და ლიდსში.

მასკის განცხადება კი გასაკვირი არ არის.

იგი უკვე ღიად უჭერს მხარს ტრამპს და MAGA-ს მოძრაობას ამერიკაში, სადაც ახლა ისეთი სიტუაციაა, ერთი „ნაპერწკალია“ საკმარისი დიდ ხანძრის გამოსაწვევად.

ტრამპზე თავდამსხმელი სოციო-პათი კრუკსი რომ ფერადკანიანი ყოფილიყო, ამერიკაში დიდი არეულობა უკვე დაწყებული იქნებოდა უდავოდ.

და ამ „ნაპერწკალს“, „რამე რომ იყოს“, ვინ გაჰკრავს, სრულიად ცხადია დიდ ბრიტანეთშიც და ამერიკაშიც.

. . . . . . . . . . . . . . . . . .

ირლანდიის სპეცსამსახურის უფროსმა, მაიკლ მაკელგანმა განაცხადა, რომ რუსეთი სადაზვერვო საქმიანობას აწარმოებს ირლანდიის ტერიტორიაზე.

მან მაგალითად სოლსბერი დაასახელა.

ანუ სოლსბერის ისტორიული პროვოკაცია, სადაც რუსებმა მამა შვილი სკრიპალები მოწამლეს „ნოვიჩოკით“.

კი, მაგრამ...... ირლანდია თითქოს რა შუაშია? სოლსბერი ხომ „ღრმა ინგლისია“ და არა ირლანდია?

თუმცა მაკელგანმა იცის რასაც ლაპარაკობს: როგორც ჩანს, ირლანდიის მთავრობას აქვს ზუსტი ინფორმაცია, რომ რუსეთი ცდილობს ირლანდიის ქცევას „ბაზად“ სპეცოპერაციებისთვის დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ.

 სწორედ ამას გულისხმობს „სადაზვერვო საქმიანობაში“!

 რუსებმა იციან ირლანდია-ინგლისის ისტორიული დაპირისპირების შესახებ.

მაგრამ......ირლანდია საკუთარ ტერიტორიაზე ჩრდილო ირლანდიელ ტერორისტებსაც (IRA) არ უშვებდა, რაკი სურდა ყოფილიყო კორექტული NATO-ს ფარგლებში მოკავშირე ქვეყნის მიმართ (მიუხედავად იმისა, რომ IRA ისტორიული ირლანდიის ტერიტორიული მთლიანობისთვის იბრძოდა) და....რუსულ ГРУ-ს შემოუშვებს?!

ანუ პუტინის თავხედობას  (Наглость!) უბრალოდ საზღვარი არა აქვს.

ისე......ირლანდიაში თუ ამას ბედავს, საქართველოში ვერ გაბედავს?

. . . . . . . . . . . . . . . . . . . .

იაპონიის საფონდო ინდექსი Nikkei დღეს დილით, 5 აგვისტოს (იაპონიაში უკვე დღეა-დ), მთელი 5%-ით დაეცა.

პარასკევს კი 5,8%-ით.

ყველაზე დიდი დაცემაა 1987 წლის შემდეგ.

სპეციალისტები თვლიან, რომ ასეთი მასშტაბური  დაცემის მთავარი მიზეზი გახდა ნეგატიური მოლოდინები აშშ ეკონომიკურ სიტუაციასთან დაკავშირებით........ამერიკაში  მოსალოდნელი პოლიტიკური არეულობის  გამო, რაც უკავშირდება მომავალ არჩევნებს.

მივაქციოთ ყურადღება, რომ ჯერ-ჯერობით ამის ფორმალური საფუძველი თითქოს არ არსებობს ამერიკის ეკონომიკაში (ძალიან წარმატებით ვითარდება ერთი შეხედვით ამერიკის ეკონომიკა ბაიდენის დროს)  გარდა ერთი მნიშვნელოვანი (მაგრამ მაინც მხოლოდ „ერთი“-დ.) მარკერისა: მას შემდეგ რაც ტრამპს თავს დაესხნენ, ბაიდენი საარჩევნო კამპანიიდან ჩაიხსნა და კამალა ნომინირდა „დემოკრატიული პარტიის“ მიერ, ამერიკაში სამუშაო ადგილების შექმნა მნიშვნელოვნად შენელდა.

სულ 114 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა.

რა თქმა უნდა იაპონიის მთავრობა მიიღებს ზომებს და უძლიერესი ბერკეტებიც აქვს, მაგრამ....ეს მოვლენა საინტერესოა იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად „მიბმულია“ უკვე იაპონია ამერიკასთან და ამერიკის ეკონომიკასთან.

ეს ორი მოკავშირე ქვეყანა სისხლხორცეულად არის გადაბმული უკვე ერთმანეთთან. უფრო ზუსტად, იაპონია - ამერიკასთან.

რაც ძალიან კარგია.

სპეციალისტებს ეჭვი არ ეპარებათ, რომ სულ რამდენიმე წლის შემდეგ იაპონია წყნარი ოკეანის NATO-ს (მისი ბირთვი უკვეა AUKUS) სრულუფლებიან და ძალიან ძლიერი წევრი გახდება, ანუ „დააშოშმინებს“ რეგიონში ჩინეთის ამბიციებს.