საერთაშორისო მიმოხილვა. 17 მარტი. 2023 წელი
ევროკავშირის სპეც-წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში, ტოივო კლაარი გუშინ სოხუმში ჩავიდა და თან ჩაიყვანა რამდენიმე ევროპელი დიპლომატი.
აფხაზეთის ე.წ `პრეზიდენტმა` ბჟანიამ შეხვედრაზე უარი განაცხადა - კოვიდი მოიმიზეზა.
ასევე პრემიერ-მინისტრმაც უარი განაცხადა შეხვედრაზე და მხოლოდ აფხაზეთის `უშიშროების საბჭოს მდივანმა` სერგეი შამბამ მიიღო ევროპელი დიპლომატები.
კლაარი ცდილობდა დაერწმუნებინა შამბა, რომ აუცილებელია საქართველოსთან მოლაპარაკების გამართვა. მაგრამ აფხაზები პასუხობენ, რომ საქართველოსთან ორმხრივ მოლაპარაკებებს არავითარ შემთხვევაში არ გამართავენ და თანახმა არიან მხოლოდ `ჟენევის ფორმატში` ილაპარაკონ.
ჟენევის ფორმატი მათთვის საერთაშორისო ლეგიტიმაციის პლატფორმაა. ამიტომაც მოსწონთ.
მოსკოვი სთავაზობდათ (ლუკაშენკოს პირით) მინსკში მოლაპარაკების გამართვას ნაცვლად ჟენევისა. ეს იდეა აფხაზეთის პრეზიდენტ ბჟანიასაც გააჟღერებინეს მერე თვალთმაქცურად, მაგრამ სინამდვილეში აფხაზები მხოლოდ ჟენევის ფორმატს` აღიარებენ რაკი ჯერათ, რომ თანდათან `ჭრიან` ამ პლატფორმით არხებს საერთაშორისო ასპარეზზე და ამზადებენ აფხაზეთის საერთაშორისო აღიარებას.
მაგრამ სეპარატისტთა პრობლემა ისაა, რომ მას შემდეგ რაც რუსეთი შეიჭრა უკრაინაში, ევროკავშირს არ შეუძლია (და მართალიცაა) რუსეთს ელაპარაკოს სხვა პრობლემებზე (ამ შემთხვევაში სამხრეთ კავკასიაზე) ისე, თითქოს უკრაინაში არაფერი ხდება და აი სამხრეთ კავკასიაში კი რუსეთი `შუამავალია` და კეთილშობილ ფუნქციას ასრულებს.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში `ჟენევის ფორმატი` არასწორად ესმით, როგორც რუსეთ-საქართველოს მოლაპარაკება ამერიკის, ევროკავშირის, გაეროს და ეუთოს შუამავლობით.
სინამდვილეში ამ ფორმატში 2008 წლიდან ერთი სხდომაც არ გამართულა. პირველივე სხდომა ჩაშალეს რუსებმა და სეპარატისტებმა.
მას შემდეგ ყველა სხდომა ჟენევაში მიმდინარეობს სულ სხვა ფორმატში: `არაფორმალური კონსულტაციები`, რომლის მონაწილეებს თანაბარი სტატუსი აქვთ: `არაოფიციალური წარმომადგენლებისა`.
აფხაზებსაც, ქართველებსაც, ოსებსაც, ამერიკელებსაც და რუსებსაც.
სამწუხაროდ, ეს საქართველოში ბევრმა არ იცის.
სამაგიეროდ `ჟენევა` ეხმარება აფხაზ სეპარატისტებს `გაჭრან არხები` ევროპაში , რაც მათ სინამდვილეში ძალიან მოსწონთ და უნდათ. ამიტომაც არიან უკმაყოფილო `ჟენევის ფორმატის` შეწყვეტით და ტოივო კლაართან დემონსტრაციული არშეხვედრაც ერთგვარი` დემარში იყო`.
წინა ჯერზე ჟენევის თანათავმჯდომარეები (EU, UN, OCSE) აფხაზეთში საერთოდ არ შემოუშვეს - სანამ `ჟენევის ფორმატს` არ აღადგენთო.
. . . . . . . . . . . . . . .
პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ (პოლონეთი საპრეზიდენტო-საპარლამენტო რესპუბლიკაა) ხუთშაბათს განაცხადა, რომ უკვე უახლოეს დღეებში პოლონეთი უკრაინას გადასცემს 4 МИГ-29 საბრძოლო თვითმფრინავს.
ეს საბჭოთა წარმოების თვითმფრინავებია, რომელთაც საბრძოლო თვალსაზრისით არა უშავთ.
რუსები წესიერ ავტომანქანებს ვერ აშენებდნენ, თორემ საბრძოლო ტექნიკაში მართლაც `არა უშავდათ`.
ანუ უკრაინის ავიაცია სერიოზულად გაძლიერდება და რაც მთავარია, პრეცედენტია სხვა ქვეყნებისთვის.
კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ პოლონეთი დასავლეთის ლიდერია უკრაინის დახმარების თვალსაზრისით.
ახლა ყველაზე საინტერესო საკითხი მაინც ის არის, თუ უკრაინას გაუჭირდა, პოლონეთი გააგზავნის თუ არა თავის სამხედროებს უკრაინის დასახმარებლად?
თუნდაც `მოხალისეთა` სტატუსით?
ერთის მხრივ ამის გაკეთება არ შეიძლება NATO-ს წესდებით, - ალიანსის საერთო გადაწყვეტილების გარეშე, - მაგრამ მეორეს მხრივ, რუსების მიერ კიევის აღება თუ დაიდო `რისკების მაგიდაზე`, ესეც უდიდესი რისკია პოლონეთისა და მთელი დასავლეთისათვის.
. . . . . . . . . . . . . . .
ნიუ იორკის საბანკო ტიტანები ჩაერივნენ საბანკო კრიზისში მას შემდეგ, რაც გაკოტრდა `სილიკონის ველის ბანკი` და გადაწყვიტეს თითო მილიარდი დოლარი `ჩაასხან` კალიფორნიის მეორე დიდი ბანკის `პირველი რესპუბლიკური ბანკის` გადასარჩენად. სულ მოგროვდა 30 მილიარდი დოლარი.
ბუნებრივია, დიდ ბანკებს ეშინიათ, რომ გაკოტრებების `ვირუსი` არ გავრცელდეს და ამიტომაც ეხმარებიან გასაკოტრებლად განწირულ ბანკებს მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი წილი ამ უბედურებისა სწორედ იმ გასაკოტრებელი ბანკების მინეჯმენტზე მოდის - მილიონობით დოლარ პრემიებს რომ იღებდნენ და მილიონობით `ფინანსური პარაშუტრები` რომ ჰქონდათ გამზადებული, ამიტომაც არ ეშინოდათ ზესარისკო გადაწყვეტილებების მიღება და კრიპტოვალუტურ კომპანიებში ათეულობით მილიარდი დოლარის ჩასხმა. ეს გახდა მთავარი მიზეზი ამ აფეთქებისა.
. . . . . . . . . . . . . . .
საერთაშორისო ორგანიზაციამ Transparency International დახურა თავისი განყოფილება რუსეთში მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ დაიწყო რეპრესიები ამ ორგანიზაციის ადგილობრივ წარმომადგენელთა (ე.წ. `უცხოელ აგენტთა) წინააღმდეგ.
კერძოდ, რუსეთის პროკურატურამ `საერთაშორისი გამჭვირვალობა`გამოაცხადა `არასასურველ ორგანიზაციად`რაც რუსული კანონმდებლობით იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი პირი, ვინც თანამშრომლობს ამ ორგანიზაციასთან, შესაძლოა მიეცეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში და მიესაჯოს ციხე.
ასეთ ბრძანებულებას 2015 წელს ხელი მოაწერა პრეზიდენტმა პუტინმა.
ყველაფერი კი დაიწყო იმით, რომ 3 წლით ადრე რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ, იმავე პუტინის ბრძანებით, მიიღო კანონი `უცხოელი გავლენის აგენტების შესახებ`, რომლითაც Transparency International გამოცხადდა `უცხოური გავლენის აგენტად`.
ეს ორგანიზაცია რუსეთში კორუფციას ებრძოდა.
. . . . . . . . . . . . . . .
რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდმა განაცხადა, რომ წყვეტს ევქარისტულ ურთიერთობას კვიპროსის ეკლესიასთან, რაკი კვიპროსის ეკლესიამ სცნო უკრაინის ავტოკეფალური ეკლესია ახლახანს.
საინტერესოა, რომ რუსეთის საპატრიარქო არ წყვეტს ურთიერთობას კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქოსთან, რომელმაც პირველმა სცნო (და ამით დააკანონა) უკრაინის ავტოკეფალია.
. . . . . . . . . . . . . . .
თურქეთში ახლოვდება საბედისწერო საპრეზიდენტო არჩევნები. შესაბამისად, ერდოღანი აგრძელებს და აძლიერებს `ბალანსირებას` ამერიკასა და რუსეთს, პუტინსა და ბაიდენს შორის. თუმცა აშკარაა, რომ ისიც კი ნერვიულობს და რაღაც ქაოტურობა იგრძნობა.
მაგალითად: მას შემდეგ რაც ამერიკა დაემუქრა ყველა ქვეყანას, რომ აეროპორტებს დაადებს სანქციებს თუ მოემსახურებიან (მათ შორის საავიაციო ბენზინს ჩაუსხამენ) რუსული ავიაკომპანიების Boing წარმოების თვითმფრინავებს (ასევე Airbus თვითმფრინავებს, რომლებშიც ამერიკული General electric კომპანიის მაკომპლექტებელი დეტალები გამოიყენება), თურქულმა აეროპორტებმა უარი უთხრეს რამდენიმე რუსულ თვითმფრინავს ბენზინის ჩასხმაზე. რუსული ავიაკომპანიების თვითმფრინავები იძულებულნი ხდებიან სოჭში დაჯდნენ როცა ანტალიიდან მოფრინავენ და ისე განაგრძონ გზა მოსკოვისა და პეტერბურგისკენ.
ეს დისკომფორტულია, თუმცა კატასტროფა არ არის.
თანაც ზოგ შემთხვეავში ეუბნებიან უარს, ზოგ შემთხვევაში არა. და ამას ხსნიან თურქეთის ტრანსპორტის სამინისტროს განკარგულებებით.
თუმცა ისმის კითხვა: ეს განკარგულება ზოგ რუსულ თვითმფრინავს ეხება და ზოგს არა? ორშაბათს მუშაობს და ოთხშაბათს არა?
აშკარაა, რომ თურქეთის ხელისუფლება ბალანსირებს - თამაშობს.
თურქებმა შესთავაზეს რუსებს, რომ ანტალიასა და სხვა ხმელთაშუზღვისპირა კურორტებზე მხოლოდ თურქული ავიოაკომპანიები გადაიყვანენ რუს ტურისტებს, მაგრამ ამაზე რუსულმა ავიაკომპანიებმა ისეთი ამბავი ატეხეს, მოსკოვი იძულებული გახდა სასტიკი უარი ეთქვა: ან დააბრუნებთ ადრე არსებულ ვითარებას ან საერთოდ აღარ ჩამოვლენ რუსი ტურისტები ანტალიაში და გაკოტრდებითო.
აქვე მივაქციოთ ყურადღება მნიშვნელოვან გარემოებას: როდესაც დასავლეთმა შემოიღო სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, მან მოითხოვა ლიზინგით აღებული თვითმფრინავების დაბრუნება. რუსეთმა ეს თვითმფრინავები უბრალოდ მიიტაცა და არ დაუბრუნა. ოღონდ ისინი რუსეთის შიდა რეისებზე დაფრინავენ, ხოლო თურქეთში და სხვა ქევყნებში დაფრინავენ რუსული ავიაკომპანიების ის Boing და Airbus თვითმფრინავები, რაც ნაქირავები კი არა ნაყიდი ჰქონდათ.
როგორც ჩანს რუსეთი იგივეს აპირებს საქართველოსთანაც, ანუ საქართველოს აეროპორტებსაც შეეხება ამერიკული სანქციები და საქართველო (უზარმაზარი თურქეთისაგან განსხვავებით) ვერ შეძლებს ისე `ბალანსირებას`, როგორც თურქეთი ახერხებს.
რა გამოუვა ერდორანს ამ თამაშიდან ჯერ ჯერობით ცხადი არ არის: ერთის მხრივ ასანქცირებს და ასრულებს ამერიკელთა მუქარას, მეორეს მხრივ რუსულ თვითმფრინავებს მაინც უსხამს ბენზინს.
გარდა ამისა, განიხილება `ფეიკ-კომპანიების` დაფუძნება, რომლებიც რუსულ თვითმფრინავებს მოემსახურებიან, თუმცა ოფიციალური სტრუქტურები ვითომ ამაში არ მიიღებენ მონაწილეობას.
ერთი სიტყვით, ძალიან რთული თამაშია.
დარწმუნებით (ვიმეორებ) იმის თქმა შეიძლება, რომ განსხვავებით გიგანტური თურქეთისგან, პატარა საქართველო ამგვარ თამაშს ვერ შეძლებს, ამიტომ როგორი მომგებიანიც არ უნდა იყოს საზღვაო სეზონზე პირდაპირი ფრენების აღდგენა რუსეთსა და საქართველოს შორის, ეს საუბრები იმდენად კატასტროფულად ავისმომსაწავებელია ჩვენი ქვეყნისთვის, რომ ამაზე ლაპარაკიც კი უნდა შეწყდეს!
. . . . . . . . . . . . . . .
საფრანგეთში მწიფდება სოციალური ამბოხი მას შემდეგ, რაც სენატმა მიიღო მთავრობის შემუშავებული კანონი საპენსიო რეფორმის შესახებ.
`ეროვნული ასსამბლეის` ქვედა პალატაში კი ისეთი ამბავი დატრიალდა, ხელისუფლება იძულებული გახდა კენჭისყრა შეეჩერებინა და მთავრობის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ შესაძლოა კანონი ძალაში შევდეს პრეზიდენტის დეკრეტით. თუნდაც დროებით.
კანონი ითვალისწინებს საპენსიო ასაკის გაზრდას 62 წლიდან 64 წლამდე.
აღსანიშნავია, რომ ასეთი დაბალი საპენსიო ასაკი (62 წელი) ევროპის თითქმის არც ერთ ინდუსტრიულად ძლიერ სახელმწიფოში არ არის. საფრანგეთი მთლიანი წარმოების 14%-ს ხარჯავს პენსიებზე, რაც ძალიან ბევრია. მეტისმეტიც კი.
ჯერ ჯერობით უცნობია, შეძლებს თუ არა ხელისუფლება თავიდან აიცილოს პარიზის გადაწვა, რითაც მემარცხენეები მათ შორის ანარქისტები, `ყვითელი ჟილეტები`, ლეიბორისტები და სოციალისტები თუ კომუნისტები იმუქრებიან. არ არის გამორიცხული, ეს ყოველივე პოლიტიკურ კრიზისშიც კი გადაიზარდოს. არადა საფრანგეთი დღეს ევროკავშირის ლიდერი სახელმწიფოა.
. . . . . . . . . . . . . . .
რუმინეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლითაც მოლდავურს ეწოდა `რუმინული ენა`. რაც სრული სიმართლეა, ვინაიდან რუმინულსა და მოლდავურს შორის დაახლოებით ისეთი განსხვავებაა როგორც ქართლურსა და კახურს შორის.
ეს არის ძალიან სერიოზული გადაწყვეტილება, რაკი ხელოვნური ლინგვისტური` სეპარაცია` მოსკოვის გრძევადიანი პოლიტიკა იყო მოლდოვას ანექსირების შემდეგ.
რეალურად მოლოდვა, ისტორიული და ყველა სხვა თვალსაზრისით, რუმინეთის ერთ-ერთი პროვინციაა.
როგორც საქართველოსთვის რაჭა, მაგალითად.