საერთაშორისო მიმოხილვა. 13 თებერვალი. 2024 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 13 თებერვალი. 2024 წელი

დასავლეთში მწვავდება  სკანდალი პუტინთან ტაკერ კარლსონის ინტერვიუს გამო. ბევრს უკვირდა, რატომ დათანხმდა პუტინი ინტერვიუს ამ ჟურნალისტთან, როდესაც ბევრი სოლიდური რესურსი სთხოვდა ინტერვიუს 2022 წლის 24 თებერვლის ესე იგი უკრაინაში შეჭრის შემდეგ.

ამას რამდენიმე სისტემური მიზეზი ჰქონდა

ა) CNN-ის პოლიტიკური ნიუსებისა და პოლიტიკური ინტერვიუების ყურებადობა სულ 500 000 ნახვა, ხოლო ტაკერ კარლსონის აუდიტორია ასეულობით მილიონია. ეს გათვლა არც თუ უსაფუძვლო აღმოჩნდა - პუტინთან კარლსონის ინტერვიუ სოციალურ ქსელში X თითქმის 200 მილიონმა (!) ადამიანმა ნახა.

ბ) არც ერთი სოლიდური და რესპექტაბელური რესურსის ჟურნალისტი არ შეუქმნიდა პუტინს ისეთ კომფორტს მისი ისტორიოსოფიური მსჯელობისას IX საუკუნეში უკრაინის „რუსულობის“ შესახებ, როგორც კარლსონმა შეუქმნა. CNN ჟურნალისტი კრისტი ამანპური ან BBC წამყვანები კრემლის ბინადარს უეჭველად ჰკითხავდნენ ალექსეი ნავალნის სევდიან ბედზე, თუმცა ტაკერს ეს არ აინტერესებდა: კარლსონი (რაც ნიშანდობლივია) ინტერვიუს იწერდა უპირველესად ამერიკული აუდიტორიისთვის, რომელსაც დიდად არ აინტერესებს ნავალნი და რუსეთის შინაარსი. ბევრად მეტად აინტერესებს ამერიკის შიდა პოლიტიკა და ტრამპ-ბაიდენის დაპირისპირება.

გ) პუტინმა სცადა (და გარკვეულწილად გამოუვიდა) ეთამაშა ამერიკის ამჟამინდელ შიდა-პოლიტიკურ წინააღმდეგობებზე უკვე გამწვავებული წინასაარჩევნო, სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლის კონტექსტში.

მართლაც, „დემოკრატები“ და „რესპუბლიკელები“ ახლა კვლავ დაეჯახენ ერთმანეთს და ურთიერთბრალდებებს არ იშურებენ მას შემდეგ, რაც ტაკერთან პუტინის ინტერვიუ (ვიმეორებ) 200 მილიონამდე ადამიანმა ნახა.

დ) პუტინის ძალიან ეშმაკური და ცბიერი პოლიტიკაა, გააძლიეროს სოციალური ქსელების გავლენა - ტელევიზიების ხარჯზე.

ეს ნამდვილად სატანისებრ რაფინირებული სტრატეგიაა იმიტომ, რომ ამერიკული, დასავლური და ზოგადად გლობალური სოციალური ქსელები ჯერ ერთი ნაკლებად პოლიტკორექტულია და ბევრად ნაკლებ ექვემდებარება „ელიტურ კონტროლს“, ვიდრე ტელევიზიები.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი პუტინისთვის? იმიტომ, რომ მისი „ტროლ-ბოტების არმია“, რომელიც არსად გამქრალა ევგენი პრიგოჟინის ლიკვიდაციასთან ერთად, სწორედ ამერიკულ და დასავლურ სოციალურ ქსელებში მუშაობს აქტიურად; იქ ავრცელებს ფეიკებს, ამ ქსელების მეშვეობით ახდენს (ან ცდილობს მოახდინოს) კრემლი ზეგავლენას ამერიკული, დასავლური სოციუმის განწყობებზე მაშინ, როდესაც ტელესივრცეში ბევრად ნაკლები შესაძლებლობები აქვს.

პუტინმა იცის, რომ გავრცელებული მოსაზრება, თითქოს „სოციალური ქსელები მაინც ნაკლებ გავლენიანია, ვიდრე ტელევიზიები“, გარკვეული პერიოდის წინ სამართლიანი იყო და ახლაც სამართლიანია ბევრ ქვეყანაში, მაგალითად საქართველოში; მაგრამ...... რაც შეეხება ისეთ ღრმად კომუნიცირებულ სოციუმს, როგორიც ამერიკაა, იქ ასე უკვე აღარ არის: სოციალურ ქსელებს (იგივე X) ნამდვილად კოლოსალური გავლენა აქვს  - უფრო მეტადაც კი, ვიდრე ტელევიზიებს, რაკი მასობრივი აუდიტორია არჩევს ვიდეო-რგოლი, ინტერვიუ, ესა თუ ის ეპიზოდი „სმარტფონში“ ან „პლანშეტზე“ ნახოს მანქანაში, „ტრაფიკის“ დროს, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, სპორტული ასპარეზობისას ტრიბუნაზე ყოფნისას და ა.შ და ა.შ

პუტინმა ამგვარი „გველობით“ უკვე იმას მიაღწია, რომ სერიოზული კონფლიქტი წარმოიშვა ორ უდიდეს სოციალურ ქსელს - Facebook-სა და „X“ (ყოფილი Twitter) შორის: გუშინ ილონ მასკმა, რომელსაც ეკუთვნის „X“  2022 წლიდან, ღიად დაადანაშაულა მარკ ცუკერბერგი, რომ Facebook ბლოკავს ტაკერ კარლსონთან პუტინის ინტერვიუს.

მასკმა ცუკერბერგის გადაწყვეტილებას „ცენზურა“ უწოდა.

და ამ ორი ტიტანის ამგვარი „კლინჩი“ კრემლის კიდევ ერთი სატანისებური წარმატებაა.

აქვე გავითვალისწინოთ, რომ განსხვავებით საქართველოსგან, ამერიკაში Twitter (X) ბევრად პოპულარულია ვიდრე Facebook და ილონ მასკს რასაკვირველია აქვს სურვილი, კონკურენტი ჩაძიროს. ამიტომ პუტინის დემაგოგიურ და ცრუპენტელურ ინტერვიუს არაფრის დიდებით არ აიღებს თავისი რესურსიდან, თუ ამერიკულმა „კომუნიკაციების კომისიამ“ არ აუკრზალა. ამგვარი ორგანო იქაც არსებობს, თუმცა სხვა სახელწოდებით.

 

ცნობისათვის დავაზუსტოთ: პუტინის ინტერვიუ X-ზე ნახა 172 მილიონმა ადამიანმა, ხოლო YouTube-ზე - 11 მლნ. თუმცა არის კიდევ სხვა სოციალური ქსელების რეპოსტები და ა.შ და ა.შ.

დასავლელი ლიდერებიც კი აჰყვნენ საერთო განწყობას და ინტერვიუ დააკომენტარეს: გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა „აბსურდი“ უწოდეს პუტინის განცხადებებს, რაზეც პუტინის პრეს-მდივანმა პესკოვმა იქედნურად და ცინიკურად დაგესლა: „ჩვენთვის მთავარია, რომ შოლცმა და სუნაკმა ეს ინტერვიუ ნახეს, თორემ მოეწონათ თუ არა, მეორეხარისხოვანი საკითხიაო“

 . . . . . . . . . . . . . . . . .

რუსეთმა აფხაზეთს დიპლომატიური საპროტესტო ნოტა გაუგზავნა იმის გამო, რომ მოსკოვი ვერ ახერხებს ახლახან მიღებული გადაწყვეტილებების რეალიზებას „პიცუნდას“ აგარაკთან დაკავშირებით.

კომიკურია, რომ დიდი „გნიასით“ რატიფიცირებული შეთანხმება ძალაში ვერ შედის იმის გამო, რომ რუსებს „პიცუნდაში“ (ბიჭვინთაში) რეალურად არ უშვებენ: როგორც აღმოჩნდა, სხვა აფხაზური კანონები ამ ტერიტორიას „რეკრეაციულ ზონად“ თვლიან და აფხაზეთის ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები რუსეთის ოფიციალურ წარმომადგენლებს პასუხობენ: რა თქმა უნდა შეგიძლიათ სამუშაოების წარმოება და აგარაკების რემონტი, ოღონდ მხოლოდ იქ, სადაც რეკრეაციული ზონა არ არისო. არადა ბიჭვინთა მთლიანად რეკრეაციული ზონაა.

კიდევ ერთხელ მოატყუეს პუტინი.

ზოგადად, აფხაზები ამა თუ იმ მათთვის არასასურველი პროცესის „გაწელვისა“ და „გადღაბნის“ დიდოსტატები არიან და ეს საქართველოში ყველაზე კარგად ვიცით.

კრემლი იმუქრება, რომ თუ ხელის შეშლას არ შეწყვეტენ, არ გადაურიცხავს 10 მილიარდ რუბლს, რაც აფხაზეთის ბიუჯეტის შევსებისა და პენსია-ხელფასების გასაცემად სჭირდებათ სეპარატისტებს.

თუმცა, რომც არ გადაურიცხოს, ეს სეპარატისტული აფხაზეთისთვის კატასტროფა არ იქნება: კრიპტოვალუტის მაინინგით  1 მილიარდი დოლარი (დაახლოებით 100 მილიარდი რუბლი) იშოვეს ბოლო 6-7 წლის განმავლობაში და ეს თანხები თურქეთის, ასევე სირიის ბანკებში აქვთ განთავსებული.

სინამდვილეში რუსეთს ერთადერთი რეალური ბერკეტი აქვს: საზღვრის ჩაკეტვა. თუმცა ამ ნაბიჯის გადადგმას ჯერ ვერ ბედავს, რადგან აფხაზები იმუქრებიან, რომ ატეხენ ყვირილს რუსეთის მხრიდან „ბლოკადის“ შესახებ.

აქედან გამომდინარე, რომც მიიღოს აფხაზურმა „პარლამენტმა“ ის კანონები, რასაც ახლა მოსკოვი მოითხოვს, ესე იგი კანონი „აპარტამენტების შესახებ“ ან კანონი „რუსეთის სასამართლო გადაწყვეტილებათა აფხაზეთის ტერიტორიაზე ძალმოსილების შესახებ“, ამ კანონებსაც ისევე „გადღაბნიან“ (ან Заболтают), როგორც მოუხერხეს „რატიფიცირებულ“ კანონს პუტინისთვის ე.წ. Пицундская дача-ს ჩუქების შესახებ.

 . . . . . . . . . . . . . . . . .

G7 (დიდი შვიდეული) განიხილავს უკრაინაში  სპეც-წარმომადგენლის დანიშვნის საკითხს.

ეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნება უკრაინის დახმარების უკეთ კოორდინაციის თვალსაზრისით.

ვინ იქნება ამგვარი სპეც-წარმომადგენელი ჯერ უცნობია, თუმცა ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ამ მაღალ პოსტზე ალბათ დაინიშნება ვინმე ძალიან ცნობილი და გავლენიანი ფიგურა: რომელიმე ყოფილი პრემიერ-მინისტრი ან NATO-ს ექს-გენერალური მდივანი და სხვა

  . . . . . . . . . . . . . . . . .

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ბრიტანულ The Telegraph-თან სენსაციურ ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთი აღარ არის სომხეთის მოკავშირე, არამედ მხოლოდ პარტნიორია. ამავე დროს ერევანი ეძებს ახალ მოკავშირეებს და ეს ფუნქცია შეიძლება იკისრონ საფრანგეთმა, ასევე ირანმა.

საფრანგეთი ნამდვილად ძლიერ ეხმარება სომხეთს არმიის მოდერნიზაციაში. აწვდის უახლეს იარაღს....... ირანი კი მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ სანამ აზერბაიჯანთან, ასევე თურქეთთან არ დარეგულირებულა სომხეთის  ურთიერთობა, ირანი, როგორც რეგიონული ზესახელმწიფო, მათი „საპირწონეა“ სომხეთისთვის და თუ მოსკოვმა აამოქმედა მისი მთავარი ბერკეტი - შეუწყვიტა სომხეთს ბუნებრივი აირის მიწოდება საქართველოს გავლით, - მაშინ ბუნებრივ აირს სომხეთი ირანისგან მიიღებს.

თუმცა შემცირებული რაოდენობით, რადგან ირანიდან მილსადენი ნაკლები გამტარუნარიანობისაა ვიდრე გაზსადენი რუსეთი-საქართველო-სომხეთი.

ფაშინიანის ეს განცხადებები ადასტურებს, რომ სომხურ ელიტებს უბრალოდ სხვა გზა მართლა აღარ აქვთ გარდა მათი ქვეყნის ორიენტაციის შეცვლისა, რადგან ისეთი ისტორიული კატაკლიზმის შემდეგ, როგორიცაა მთიანი ყარაბაღის დაკარგვა, საზოგადოება რაღაც „კომპენსაციას“ მოითხოვს.

აქ საქართველოს შანსი მნიშვნელოვანია: ევროკავშირის გადაწყვეტილებაში ჩვენი ქვეყნისთვის „კანდიდატის“ სტატუსის მინიჭების თაობაზე, ძალიან დიდი არა, თუმცა შესამჩნევი იყო სომხური დიპლომატიის და საფრანგეთში სომხური ლობის წვლილი.