საქართველოს ახალი მთავრობა ჰყავს

საქართველოს ახალი მთავრობა ჰყავს

        მიუხედავად დამკვიდრებული აზრისა, თითქოს პრეზიდენტმა და პარლამენტმა არჩევნების შემდეგ «იგივე მთავრობა» შექმნეს და «არაფერი შეიცვალა», სინამდვილეში ასე არ არის.
        რეალურად, ძალიან ბევრი და მნიშვნელოვანი რამ შეიცვალა როგორც ფორმალურად (პერსონალურად), ასევე შინაარსობრივად. საქმე მხოლოდ ბაკურ გულუაშიც არ არის, თუმცა, მასშიც არის საქმე უეჭველად.
        ყოფილ სოფლის მეურნეობის მინისტრს (საეჭვოა, მას პრეზიდენტის «მეორე წარდგინებამ» უშველოს), «მეხთატეხა» იმიტომ დაატყდა თავს, რომ თვითონ «დაიჟინა «პარლამენტის წინაშე წარდგომა.
        მაგალითად, ვაჟა ლორთქიფანიძეს პარლამენტში უეჭველად იგივე ელოდა, მაგრამ «საცა არა სჯობს, გაცლა» არჩია და მეხთატეხაც თავიდან აიცილა.
        ედუარდ შევარდნაძე მთელი იმ წლების განმავლობაში უშუალოდ ხელმძღვანელობდა აღმასრულებელ ხელისუფლებას, გარკვეული «პიროვნული პასუხისმგებლობაც» ჩამოუყალიბდა მთავრობის წევრებისადმი, ამიტომ სახელმწიფო მინისტრს უეჭველად ანგარიშს გაუწევდა.
        გარდა ამისა, პრეზიდენტმა იცის (და ითვალისწინებს), რომ გარდა მრავალი სუბიექტურისა, 1998 წლიდან მრავალი ობიექტური ფაქტორიც არსებობდა საბიუჯეტო კრიზისის წარმოშობისათვის.
        მაგრამ, მეორე მხრივ, პარლამენტი, როგორც არა მხოლოდ საკანონმდებლო, არამედ წარმომადგენლობითი (და კოლექტიური) ორგანო, გაცილებით ნაკლებად არის ვალდებული, გაითვალისწინოს ეს პიროვნული და სუბიექტური მომენტები.
        საერთოდ, ჩვენში რატომღაც პოლიტიკურ და პიროვნულ პასუხისმგებლობას აიგივებენ – არადა, ეს ერთი და იგივე ნამდვილად არ არის. მინისტრი შეიძლება პოლიტიკურად პასუხისმგებელი იყოს იმ შემთხვევაშიც კი, თუ მას პიროვნულად (სუბიექტურად) არ ეკისრება პასუხისმგებლობა.
        მაგალითად, ,არც ერთ ჭკუათმყოფელს აზრადაც არ მოუვა პიროვნულად დავით ონოფრიშვილს დააკისროს პასუხისმგებლობა საბიუჯეტო სფეროში არსებულ მდგომარეობისათვის. მართლაც, მან ყველაფერი გააკეთა, რაც შეეძლო და არც რაიმე «მოუპარავს». მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ონოფრიშვილს (როგორც ფინანსთა მინისტრს) ნებისმიერ შემთხვევაში უნდა დაკისრებოდა პოლიტიკური პასუხისმგებლობა – ოღონდ იმიტომ კი არა, რომ პირადად იყო რაიმეში დამნაშავე. პოლიტიკური პასუხისმგებლობა გულისხმობს პასუხისმგებელი მინისტრის აუცილებელ შეცვლას – წინააღმდეგ შემთხვევაში, ხდება თვით «პასუხისმგებლობის» ცნების დევალვაცია, ხოლო «ობიექტური გამამართლებელი» არგუმენტები არ დაილევა.
        ნორმალურ სახელმწიფოში მინისტრებს სწორედ ამ კრიტერიუმიდან გამომდინარე ცვლიან. ამიტომ ხშირია შემთხვევა, როდესაც ობიექტური ფაქტორებით განპირობებული კრიზისის დროს მინისტრის «გადაყენებას» თან სდევს მისი მოღვაწეობისა და საქმიანობის დადებითი შეფასება და დაჯილდოებაც კი, რაც «ჩვენი» მენტალიტეტისთვის აბსოლუტურად გაუგებარია. «თუ დასაჯილდოვებელი იყო კაცი, რაღას ათავისუფლებდით თანამდებობიდან?»
        არადა, ეს მენტალიტეტი და ასეთი კითხვაც ისევ და ისევ სახელმწიფოებრივ უკულტურობაზე მეტყველებს. ისევე, როგორც სრული უკულტურობის გამოვლენაა იმავე ყაიდის კითხვა: თუკი პარლამენტი ბაკურ გულუას პოლიტიკურ პასუხისმგებლობას აკისრებდა, მაშინ რატომ წარმოადგინა მისი კანდიდატურა პრეზიდენტმა?»
        ერთი შეხედვით, თითქოს კითხვა სავსებით ლოგიკურია, რადგან ედუარდ შევარდნაძე, იმავდროულად, მმართველი პარტიის ლიდერიცაა, ხოლო მმართველი პარტია («მოქალაქეთა კავშირი») მანდატების მყარ უმრავლესობას ფლობს პარლამენტში.
        მაგრამ კიდევ კარგი «მოქკავშირს» (მიუხედავად პრაგმატული მიზანშეწონილობისა, რაზეც ქვემოთ გვექნება საუბარი. - ავტ.) ყოფნის პრინციპულობა, იმოქმედოს ისე, როგორც უნდა იმოქმედოს მმართველმა პარტიამ და სინამდვილეში (პირველი შთაბეჭდილების მიუხედავად) ამით არ ასუსტებს, არამედ, პირიქით, აძლიერებს ეუდარდ შევარდნაძის პოზიციებს, ვინაიდან «ინაწილებს» პასუხისმგებლობას.
        ამავდროულად, უდიდესი პრიმიტივიზმის გამოვლენაა აგრეთვე მტკიცება, თითქოს «ეს არის სპექტაკლი» და რომ «შევარდნაძე და ჟვანია წინასწარ არიან შეთანხმებულნი, ისე იმოქმედონ, როგორც მოქმედებენ». სინამდვილეში, ამ შემთხვევაში ორივე მოქმედებს საკუთარი ინსტიტუციური ინტერესებიდან, პასუხისმგებლობიდან და უფლებამოსილებიდან გამომდინარე.
        ეს, რაც შეეხება მთარვობის ფორმირების პრინციპებსა და პროცესს. მიუხედავად ზემოთქმულისა, აქვე მაინც დაბეჯითებით უნდა ითქვას, რომ «მოქალაქეთა კავშირის» ელიტას სოწრედ პოლიტიკური ტექნოლოგიის თვალსაზრისით მაინც მოსდის სერიოზული შეცდომები და ძალაუნებურად ისუსტებს პოზიციებს, ანუ აძლიერებს მოწინააღმდეგეებს მაშინ, როდესაც ამის არანაირი საჭიროება და აუცილებლობა არ არის.
        ეს «ტექნოლოგიური შეცდომები» გამოვლინდა თუნდაც იმავე ბაკურ გულუას საკითხის გადაწყვეტისას – ყველაფერი დამთავრდა იმით, რომ ოპოზიციამ (იგი თითქოს საერთოდ არ აპირებდა მთავრობის დამტკიცების პროცესში მონაწილეობას) ხმა მისცა სოფლის მეურნეობის მინისტრს მმართველი პარტიის «ჯინაზე» და ამით მიიმხრო არა მხოლოდ გულუას არცთუ მცირერიცხოვანი ელექტორატი, არამედ ის მძლავრი ფინანსურ-სამრეწველო დაჯგუფებები, რომლებიც მას მხარს უჭერდნენ.
        წინა მიმოხილვაში ასეთი შეცდომების თაობაზე რამდენიმე მოსზარება უკვე გამოვთქვი, რამაც ზოგიერთი ჩემი მეგობარი გაანაწყენა. მიუხედავად ამისა, კვლავ ვიმეორებ, რომ არანორმალურია, როდესაც მმართველ პარტიას ესოდენ სერიოზული «ტექნოლოგიური» შეცდომები მოსდის და თვითონვე აძლიერებს მოწინააღმდეგეებს. გაცილებით უფრო ჭკვიანური ქნებოდა, ყოველთვის დაეცვათ პოლიტიკური ტექნოლოგია.
        მაგალითად, მე არ ვამბობ, რომ მმართველი პარტია არ უნდა დაუპირისპირდეს მინისტრს. მაგრამ უნდა დაუპირისპირდეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც მას დაუპირისპირდება საპარლამენტო ოპოზიცია. შესაძლოა, ეს მხოლოდ ნაწილობრივ ეხება გასული კვირის მოვლენებს, როდესაც ახალ მთავრობას ამტკიცებდნენ, მაგრამ ზოგადად ეხება «მოქკავშირის» ტაქტიკას, რომელსაც რაციონალურსა და წინდახედულს ვერ უწოდებ.
        პოლიტიკური ტექნოლოგია კი მოითხოვს, მმართველმა პარტიამ მინისტრთან დაპირისპირებისას ყოველთვის «გადაუნაწილოს» პასუხისმგებლობა საპარლამენტო ოპოზიციას, ანუ სახელისუფლებო უმცირესობას. აქ ლაპარაკია არა პარლამენტს გარეთ მოქმედი ძალების (მათ შორის «არასამთავრობო ორგანიზაციების») პასუხისმგებლობაზე, რომელთაც სინამდვილეში არანაირი პოლიტიკური პასუხისმგებლობა არ ეკისრებათ, არამედ სწორედ სახელისუფლებო უმცირესობის პასუხისმგებლობაზე.
        ამ პოლიტექნოლოგიური კანონის დარღვევამ უკვე ძალიან სერიოზული ზიანი მიაყენა «მოქალაქეთა კავშირის» რეფორმატორული გუნდის გავლენას ისტებლიშმენტში, ანუ საზორგადოების იმ ნაწილში, რომელიც ქმნის «ამინდს». თანაც, ჯერ ერთი, ეს ხდება მანამ, ვიდრე საბოლოოდ ჩამოყალიბდება ახალი, ანუ ნაწილობრივ «ალტერნატიული» ისტებლიშმენტი და მეორეც: ეს ხდება მოწინააღმდეგე პარტიათა (იმავე ისტებლიშმენტში) პოზიციების გაძლიერების ხარჯზე.
        მაგალითად გამოდგება ნინო ჩხობაძესთან დაკავშირებული ეპიზოდი. არავინ ამბობს, რომ ბუნების დაცვის მინისტრმა პასუხი არ უნდა აგოს ქვეყანაში მომწამლავი ნივთიერებების შემოტანისთვის. მაგრამ ელემენტარული პოლიტიკური ტექნოლოგია მოითხოვდა, მმართველი პარტია ჯერ დალოდებოდა ვიდრე ოპოზიცია ატეხდა ამ თემაზე გნიასს (გარწმუნებთ, უეჭველად ატეხდა. – ავტ.) და მხოლოდ ამის შემდეგ მიეღო გადაწყვეტილება.
        ახლა კი დავაკვირდეთ, რა ხდება: ზუსტად ის ხალხი, ვინც უეჭველად «მძვინვარე პროტესტს» გამოთქვამდა («მოქკავშირს» რომ არ დაესწრო) «სამშობლოში შხამიანი ნივთიერებებით სავსე ეშელონის შემოყვანის» გამო, ახლა აცხადებს, რომ «ამ ლოგიკით, აცეტონიც მომწამლავი ნივთიერებაა და ფეხსაცმლის საწმენდი კრემიც».
        სწორედ ის საინფორმაციო საშუალებები, რომლებმაც ატეხეს ისტერიკა «პიროლიზური ფისის» შემოტანის გამო, ახლა აცხადებენ: «მმართველი პარტია ჩხობაძეს ხსნის, რადგან ეს თანამდებობა სხვისთვის უნდაო».
        დააკვირდით: იმას კი არ ამბობენ «ჩხობაძე მოხსნეს, რაკი ჩვენ იგი მომწამლავი ნივთიერებების იმპორტში ვამხილეთო», არამედ «თანამდებობა სხვისთვის უნდათო».
        ეს კიდევ არაფერი. უკვე იმასაც ამბობენ, რომ «ჩხობაძის მოხსნა მმართველ პარტიას ბენზინის იმპორტიორებმა» შეუკვეთესო. არადა, გაუგებარია, რატომ იტკივებთ აუტკივარ თავს ამ სფეროში მაინც?
        «ასე იცის» პოლიტიკური ტექნოლოგიის დარღვევამ და პოლიტიკაში პრაგმატიზმის ნაკლებობამ.
        ამას ეხებოდა სწორედ სტატია «მოქალაქეთა კავშირი, როგორც კოლექტიური ზვიად გამსახურდია». კვლავინდებურად ურყევად დარწმუნებული ვარ, რომ ეს თვისება ამ პარტიას დაღუპავს. მე კი სულაც არ მინდა, იგი დაიღუპოს, რადგან სწორედ ამ პარტიამ, განსაკუთრებით მისმა «რეფორმისტულმა, ახალგაზრდულმა ფრთამ», ზოგი რამ ნამდვილად სასიკეთო გააკეთა.
        უპირველესად, ის, რომ სამუდამოდ გამოათრია საქართველო ეგრეთ წოდებული «ქართული საბჭოთა საზოგადოების» (არა მხოლოდ «წყობის», არამედ სწორედ «საზოგადოების») საზიზღარი ჭაობიდან. მაგრამ პოლიტიკაში პრაგმატიზმის ნაკლებობა და ეგრეთ წოდებული «რომანტიზმი» ან «რომანტიზმამდე დასული პრინციპულობა» სამკვდრო-სასიცოცხლო დანაშაულია – უპატიებელი ცოდვაა!
        ბევრს პარადოქსულად მოეჩვენება, მავანი არც დამეთანხმება და შეიძლება სასაცილოდაც არ ეყოს, მაგრამ რაოდენ დაუჯერებლადაც უნდა ჟღერდეს, თუ რაიმე აკლია დღევანდელ მმართველ პარტიას (განსაკუთრებით მის აქტიურ ნაწილს) ეს სწორედ პრაგმატიზმია ანუ ცინიზმი.
        ცინიზმი, ბატონებო, მეტი ცინიზმი! - მაშინაც კი, როდესაც გიკიჟინებენ «ამაზე მეტი ცინიზმი რაღა შეიძლება იყოსო». ამას თუ გიკიჟინებენ, მაშასადამე, სწორედ ცინიზმი გაკლიათ.
        ეს მხოლოდ გოეთემ შეასძახა სიკვდილის წინ - «სინათლე, მეტი სინათლე!» რადგან მის დროს მოქმედი პოლიტიკოსები ჭიანჭველებად ეჩვენებოდა და მათი აზრი არც აინტერესებდა. მიუხედავად ამისა, გოეთეს ეპოქაშიც, მანამდე 3 ათასწლეულით ადრეც და იმ «ნათელ მომავალშიც», როდესაც მთელი კაცობრიობა (რა თქმა უნდა, ისევ საქართველოს გარდა, როგორც შარშან) ზეიმით შეეგებება მეოთხე ათასწლეულს – ეს დებულება არ შეიცვლება.
        თუ ისევ ზვიად გამსახურდიას დავუბრუნდებით, საცოდავი «ზვიადისტები» დღემდე დარწმუნებულნი არიან: საქართველოს პირველი პრეზიდენტის უდიდესი ღირსება ის იყო თურმე, რომ მეშვიდე კლასში შექმნა «საქართველოს განთავისუფლების» ორგანიზაცია. მე კი მიმაჩნია, რომ ეს ღირსება კი არა, უდიდესი ნაკლია: ადამიანი, რომელმაც მეშვიდე კლასში შექმნა «სამშობლოს განთავისუფლების» ორგანიზაცია, არავითარ შემთხვევაში არ უნდა აირჩიო ქვეყნის პრეზიდენტად და საერთოდ არ უნდა გააკარო პოლიტიკას, თორემ თავსაც დაღუპავს და ქვეყანასაც დაღუპავს!
        მეშვიდე კლასში ყმაწვილი სხვა რაღაცეებზე უნდა ფიქრობდეს. მეშვიდე კლასში «სამშობლოს განთავისუფლების ორგანიზაციის» შექმნა ღირსებად შეიძლება ჩაეთვლაოს მოძღვარს, წმინდანს, პოეტს და ასე შემდეგ, მაგრამ არავითარ შემთხვევაში – პოლიტიკოსს!
        პოლიტიკოსი, უპირველესად, ნორმალური ადამიანი უნდა იყოს: ნორმალური ადამიანი კი (ვიმეორებ) მეშვიდე კლასში ყველაფერზე შეიძლება ფიქრობდეს, გარდა «სამშობლოს თავისუფლებისა».
        კარგი პოლიტიკოსი (ამას საქართველოს უახლესი ისტორია მკაცრად ადასტურებს) შეიძლება იყოს ის, ვისაც მეშვიდე კლასში «სამშობლოს თავისუფლებაზე» არ უფიქრია, ხროლო იმ პოლიტიკოსის ბოლო, ვინც «ჯერ კიდევ მაშინ» სამშობლოს თავისუფლებაზე ფიქრობდა, უეჭველად გროზნოს სასაფლაოა და მხოლოდ მერე, ეეეე. მერე, ასევე უეჭველად, მთაწმინდის პანთეონი.

        თუმცა, ეს ყოველივე შესაძლოა სრულიად უაზრო აბრაკადაბრად მოეჩვენოთ. ამიტომ ერთი ქართული გამოთქმისა არ იყოს: «მე გაგაფრთხილეთ და აწი თქვენი საქმისა თქვენ იცით».

დილის გაზეთი, 29 მაისი, 2000