საერთაშორისო მიმოხილვა. 13 აპრილი 2023 წელი
ბრაზილიის პრეზიდენტი ლუის ინასიუ ლულა და სილვა ჩინეთში ჩავიდა.
ამ ვიზიტმა საყოველთა ყურადღება მიიპყრო, რადგან ჩინეთი სულ უფრო აქტიურად დებს დიდ ინვესტიციებს არა მხოლოდ აფრიკაში, არამედ სამხრეთ ამერიკაშიც. ეს უკანასკნელი კი, როგორც ცნობილია, ამერიკის შეერთებული შტატების `მზის წნულია` ანუ მისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი რეგიონი.
ოდესღაც `მონროს დოქტრინაც` კი არსებობდა, რომლის თანახმად ამერიკა არ დაუშვებდა დასავლეთ ნახევარსფეროში რომელიმე დიდი სახელმწიფოს ჩარევას, თუმცაღა არც თვითონ ჩაერეოდა აღმოსავლეთ ნახევარსფეროს საქმეებში.
ჯეიმს მონრო აშშ პრეზიდენტი იყო XIX საუკუნის 20-იან წლებში. დოქტრინა მან 1828 წელს გააჟღერა კონგრესში გამოსვლისას.
`მონროს დოქტრინა` დღეს მხოლოდ ისტორიული რელიქვიაა: ბრაზილიამ შარშან 90 მილიარდი დოლარის (!) საქონელი მიაწოდა ჩინეთს ანუ ჩინეთის უკიდეგანო ბაზარი ძალიან მომგებიანია სამხრეთ ამერიკის სახელმწიფოებისათვის. ისევე, როგორც ჩინური ინვესტიციები.
ზოგადად, ჩინეთი ცდილობს პლანეტაზე ახლა იგივე როლი შეასრულოს, რასაც 1970-იან წლებში სსრკ ასრულებდა ანუ დასავლეთს წაართვას პრიორიტეტი ე.წ. `მესამე სამყაროს` ქვეყნებში.
დღეს მოსკოვი იგივე როლს ვერ ასრულებს, თუმცა ანტიდასავლურ ალიანსებში კი აქტიურად მონაწილეობს. ან/და ცდილობს ანტიდასავლური ალიანსები თვითონ შეაკოწიწოს, თუმცაღა ლიდერობა მათში ჩინეთს დაუთმო. მაგალიტად BRICS: ამ გეოპოლიტიკურ ალიანსში შედიან იგივე ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა.
ეს არის G7 დასავლური გაერთიანების ალტერნატივა, რომლის ერთ-ერთი პრომოუტერი მოსკოვი გახდა მას შემდეგ, რაც (2014წ.) G8-დან გარიცხეს ყირიმის ანექსიის გამო.
. . . . . . . . . . . . . . .
უახლოეს მომავალში საქართველოს მიმართულებით რუსეთიდან შესაძლოა წამოვიდეს დეზერტირთა ახალი ტალღა: ძალაში შევიდა რუსული პარლამენტის (სახელმწიფო სათათბირო - Госдума) მიღებული ცვლილებები, რომლის თანახმად, ე.წ. `ელექტრონული უწყება`, - სამხედრო კომისარიატში გამოცხადების და თადარიგის სამხედრო მოსამსახურის არმიაში გაწვევის შესახებ, - ძალაში შედის მაშინვე, როგორც კი ეს ელექტრონული უწყება მას გაეგზავნება და შესაბამის რეესტრში აისახება.
მერე რამდენიც არ უნდა იძახოს `არ ვიცოდი, არ მიმიღია, ფიზიკურად სახლში არ ვიყავი, ხელი არაფერზე მომიწერიაო`- აღარ ითვლება.
იმ მომენტიდან კი, როცა უწყება ელექტრონული სახით საიტზე ატვირთულია, ხოლო ახალგაზრდა სამხედრო კომისარიატში მითითებულ დროს არ გამოცხადდება, იგი დეზერტირად ითვლება და მისთვის საზღვრები ჩაიკეტება.
დროითი `ლუფტი` უწყების გამოქვეყნებიდან - გამოცხადებამდე რამდენიმე კვირაა.
შესაბამისად, აუცილებლად შეეცდებიან `დაასწრონ` და რუსეთიდან გაიქცნენ.
მათ შორის საქართველოში - სამხედრო გზით, ლარსის გამშვები პუნქტიდან ან სატრანზიტო ავიარეისებით უპირველესად ერევნის, ასევე სტამბულის და მინსკის გავლით.
. . . . . . . . . . . . . . .
რუსმა აგრესორებმა უკრაინაში არაადამიანურობის ყოველგვარი ზღვარი და წითელი ხაზი გადაკვეთეს: უკვე მეორე ვიდეო გამოქვეყნდა იმის ამსახველი, რომ 2022 წლის ზაფხულში (დრო დგინდება გარემოს სიმწვანით ანუ მცენარეულობით) რუსი ჯარისკაცები უკრაინელ ტყვეებს თავებს კვეთენ.
შემდეგ ამ ვიდეოებს რუსულ ე.წ. `პატრიოტულ` საიტებზე დებენ.
მეორე მსოფლიო ომის დროსაც კი, ამგვარი ველურობის ფაქტები არ ყოფილა ტყვეთა მიმართ. არც ერთი მხრიდან.
დახვერტა კი იყო, ეს კიდევ სხვაა, მაგრამ თავის მოკვეთა......ახლა რუსი ბლოგერები, რომლებიც ცდილობენ ეს ველურობა რაიმენაირად `გაა....მართლონ`, ფრთხილად შენიშნავენ: `ამ ომში ჩვენს მხარეს უამრავი ჩრდილო კავკასიელი იბრძვის და......`
1945 წელს, როდესაც რუსული/საბჭოთა არმია შეიჭრა გერმანიის ტერიტორიაზე, იქ 2 მილიონი გერმანელი ქალი გააუპატიურეს მხეცურად (ბევრი მოკლეს მერე).
ამ ბოლო დროს რუსული პროპაგანდა იმავე ხერხს მიმართავს: `სსრკ არმიაში უამრავი აზიელი, უზბეკი, თათარი და ასე შემდეგ იბრძოდა და......`
ანუ ისინი აუპატიურებდნენ, თორემ რუსებია ამას როგორ იკადრებდნენო.
2 მილიონი გერმანელი გაუპატიურებული ქალი - ისტორიულად დადასტურებული, დოკუმენტირებული, ღრმად გამოკვლეული ფაქტია და არა ჟურნალისტური ვარაუდი.
ბევრმა მათგანმა თავი მოიკლა.
ბევრმა ბავშვიც გააჩინა.
. . . . . . . . . . . . . . .
აფხაზეთში გრძელდება და მწვავდება სკანდალი სოფელ ლიხნში, `ლიხთანშტას` ისტორიულ ველზე უძველესი ხის მოჭრასთან დაკავშირებით.
ამ აფხაზებისთვის `წმიდა` ველზე, როგორც ადრე მოგახსენეთ, დაიწყო 1866 წლის აჯანყება და 1989 წლის ანტიქართული მიტინგიც იქ გაიმართა.
აფხაზეთის უშიშროებამ დააპატიმრა ორი ძმა, ოჩამჩირის რაიონის მაცხოვრებელნი, რომლებიც ხეს ბენზოხერხით ჭრიდნენ და სერიოზულად დააზიანეს.
მათი მოტივი გაურკვეველია.
ზოგიერთი ცნობით, ისინი რელიგიური ფანატიკოსები არიან (ქრისტიანები თუ მაჰმადიანები, ჯერ არ ამხელენ, უფრო ქრისტიანები, თუკი ოჩამჩირეს რაიონზეა ლაპარაკი) და ისტორიულ ხეს იმიტომ ჭრიდნენ, რომ ეს ხე აფხაზთა წარმართულ რელიგიას ანუ წარმართულ რიტუალებს უკავშირდება.
ეს რიტუალები კი ქრისტიანობამდე ან ისლამამდე დიდი ხანით ადრე წარმოიშვა.
აფხაზეთის ე.წ. უშიშროების სამსახურის უფროსმა საჯაროდ მოახსენა `პრეზიდენტ ბჟანიას`, რომ `ბოროტმზრახველები` დაპატიმრებულნი არიან. სახელებს და გვარებს ჯერ არ აქვეყნებენ, თუმცა არ დაიმალება.
ამ ხის ბენზოხერხით მოჭრის მცდელობამ ის შედეგი(ც) გამოიღო, რომ აფხაზეთში პოპულარულმა ბლოგერმა, ყოფილმა დეპუტატმა თენგიზ აგრბამ `პრეზიდენტი` ასლან ბჯანია დაადანაშაულა საკრალური ხის მოჭრაში.
ამის შემდეგ მას სოხუმის ცენტრში დახვდნენ `პრეზიდენტ ბჟანიას` შვილი, ასევე მისი პირადი დაცვის წევრები, გადმოათრიეს მანქანიდან და უსასტიკესად სცემეს ისე, რომ ძლივს გადარჩა.
ეს თენგიზ აგრბა, ფეისბუკზე ჩემთან დისკუსიისას აცხადებდა, რომ აფხაზები `რუსთაველის გამზირს ააფთქებენ და ქართველებს ამ ნანგრევებზე დააჩოქებენ თუ უახლოეს მომავალში საქართველო აფხაზეთის დამოუკიდებლობას არ აღიარებსო`.
აქვე არ შეიძლება არ ითქვას, რომ როგორც არ უნდა ეცადონ ახლა აფხაზები ხის მოჭრის ისტორიას შესძინონ რაღაც ისტორიული, რელიგიური, ქრისტიანული, ისლამური თუ წარმართული შინაარსი (რაკი ასე უფრო აწყობთ) ვერ დამალავენ იმ ვერსიასაც, რომ იმ ორ ოჩამჩირელ ძმას შესაძლოა სუფთად მერკანტილური მიზანი ჰქონდა ანუ, მარტივად თუ ვიტყვით, შეშა სჭირდებოდათ და დიდ ხეს მიადგნენ.
სანამ ჭრიდნენ არავინ დაუშალა, არავინ მიაქცია ყურადღება.
ყურადღება მიაქციეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც ნახერხალი ნახეს.
ეს ვერსია იმდენად სამარცხვინოა აფხაზებისთვის, რომ ჩქმალავენ მას.
. . . . . . . . . . . . . . .
ბელორუსის ტერიტორიაზე მოქმედებენ პროუკრაინელი პარტიზანები.
ეს ვერსია 100%-ით დადასტურდა, რაკი გაირკვა, რომ ბელორუსულმა სპეცსამსახურებმა დააპატიმრეს რუსეთის მოქალაქე გვარად შვეცი, რომელმაც ორი დრონის მეშვეობით თებერვალში ბელორუსულ აეროდრომზე რუსული სამხედრო სატვირთო თვითმფრინავი ააფეთქა. მთლიანად ვერ გაანადგურა, მაგრამ სერიოზულად დააზიანა იმდენად, რომ ის თვითმფრინავი შესაკეთებლად რუსეთში გადააფრინეს.
დაკითხვაზე შვეცმა აღიარა, რომ უკრაინული სამხედრო დაზვერვის დავალებით მოქმედებდალ და რომ უკრაინასთან მას იდეურად ბევრი აკავშირებს და მას უჭერს მხარს ამ ომში.
საინტერესოა არა მხოლოდ ის, რომ ეს შვეცი ბელორუსში მოქმედებს როგორც პროუკრაინელი პარტიზანი, არამედ არანაკლებ საინტერესოა ისიც, რომ იგი რუსეთის მოქალაქეა.
და ასეთი `რუსეთის მოქალაქეები`, ვისაც რუსული პასპორტი, თუმცა უკრაინული ფესვები აქვთ, რუსეთში ძალიან ბევრნი არიან!
. . . . . . . . . . . . . . .
უცნაური ფაქტი: რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს (პარალმენტის) დეპუტატებმა (ყველა ფრაქციიდან) თხოვნით მიმართეს რუსეთის პროკურატურას და მთავრობას, გააუქმოს Twitter-ის ბლოკირება რუსეთის ტერიტორიაზე.
შეგახსენებთ, რომ Twitter რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დასაწყისიდანვე დაიბლოკა, როგორც `ანტირუსული რესურსი`.
მაგრამ როგორც რუსი დეპუტატები აღნიშნავენ, ილონს მასკის კუთვნილი Twitter აღარ ბლოკავს რუს დეპუტატებს, ასევე რუს ბლოგერებს, რომლებიც მხარს უჭერენ რუსეთის ე.წ. `სპეციალურ ოპერაციას` უკრაინის წინააღმდეგ.
არა მგონია ეს მიმართვა საამაყო იყოს გენიალურ ბიზნესმენისა და ვიზიონერის, ილონ მასკისათვის.
როგორც ჩანს, ამ გზით იგი ცდილობს `დააბალანსოს` (`რა იცი რა ხდებაო`) მის მიერ უკრაინისთვის `სტარლინკის` გენიალური კოსმოსური ტექნოლოგიის მიწოდება, რაც უკრაიენელებს ძალიან ეხმარება რუსეთის აგრესიის მოსაგერიებლად.