ბენიამინ ნათანიაჰუმ ზურაბ ჟვანიას ნავთობპროექტის მხარდაჭერა შესთავაზა

ბენიამინ ნათანიაჰუმ ზურაბ ჟვანიას ნავთობპროექტის მხარდაჭერა შესთავაზა

   

    საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის უცხოური ვოიაჟები სიმბოლური მნიშვნელობისა არასდროს ყოფილა საერთაშორისო ტრადიციის შესაბამისად. საპარლამენტო დელეგაციათა ვიზიტები მხოლოდ აზრთა გაცვლითა და არაფრის დამავალდებულებელი განცხადებებით შემოიფარგლება.
    არაერთ დამკვირვებელს აღუნიშნავს, რომ ზურაბ ჟვანია, უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში, ფაქტობრივად, სხვა უფრო მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებდა. იგი აწარმოებს ისეთ მოლაპარაკებებს, რომლებიც, პრინციპში აღმასრულებელი ხელისუფლების პრეროგატივაა. შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ხვდებიან არა სიმბოლურად, არამედ რეალურად აწარმოებენ მასთან მოლაპარაკებებს კონკრეტულ საკითხებზე, მათ შორის, სტრატეგიული თანამშრომლობის თაობაზეც.
    ამის მაგალითია ზურაბ ჟვანიას შეხვედრა ისრაელში ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან.
    ნათანიაჰუ საერთოდ არ შეხვედრია ისრაელში არც ერთი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარეს, მაგრამ ზურაბ ჟვანიასთან საუბარი სწორედ მისი ინიციატივა იყო, რაც ზემოთხსენებულმა ვითარებამ განაპირობა.
    იმთავითვე უნდა ითქვას, რომ ბენიამინ ნათანიაჰუმ საბოლოოდ მიიღო გადაწყვეტილება ეწვიოს საქართველოს მარტში ან აპრილში რამდენიმე დღით.
    ჟვანიასთან საუბარში კი გამოიკვეთა ის პრიორიტეტული თემა, რომელიც შევარდნაძესთან მომავალ მოლაპარაკებებზე განიხილება. ესაა ნავთობსადენი და, მთლიანად, ევრაზიული დერეფნის განვითარებასთან დაკავშირებული გეოპოლიტიკური პრობლემატიკა.
    შეიძლება ითქვას, რომ ისრაელი უკვე სისხლხორცეულადაა ამ საკითხით დაინტერესებული. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს, მაგრამ უპირველესი მაინც ცენტრალური აზიისა და, მთლიანად, კასპიის ზღვის აუზის ენერგომატარებელთა ტრანზიტის საკითხია, რასაც, შეიძლება ითქვას, მსოფლიო მნიშვნელობა ენიჭება.
    ნათანიაჰუ-ჟვანიას მოლაპარაკებამ დაადასტურა, რომ განცხადებები იმის თაობაზე, თითქოს საქართველოს ხელისუფლება აბუქებს ევრაზიული დერეფნის მნიშვნელობას, ხოლო სინამდვილეში დერეფანი არავის აინტერესებს, უსაფუძვლოა: რაკი ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ასეთი ინტერესი გამოამჟღავნა, მაშასადამე პრობლემა აღელვებს ისრაელის ელიტას, ხოლო რაკი ეს ელიტა დაინტერესდა, ე.ი. მსოფლიოს ინტერესი ჭეშმარიტად დიდია. თანამედროვე მსოფლიოში ხომ მოქმედებს პრინციპი: რაც საინტერესოა ებრაული ისტებლიშმენტისათვის - საინტერესოა მსოფლიოსთვის.
    თუმცა, ისრაელს საკუთრივ ეკონომიკური ინტერესი ამ პროექტისადმი არა აქვს, - თუ არ გავითვალისწინებთ ებრაული კაპიტალის გავლენას უდიდეს ნავთობკომპანიებზე, რომელთაც აზერბაიჯანის ნავთობის საერთაშორისო კონსორციუმი დააფუძნეს.
    ერთადერთი ეკონომიკური ასპექტი, რომელიც ამ კონტექსტში შეიძლება იქნეს განხილული, არის ის გარემოება, რომ თუ კასპიის ნავთობის ტრანსპორტირება ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსადენის მეშვეობით მოხდა, მაშინ ისრაელს გაუადვილდება ნავთობის შემოზიდვა, რადგან ჯეიჰანი ხმელთაშუა ზღვაზე მდებარეობს; თუმცა, ეს მაინც მიზერია სხვა პოლიტიკურ ასპექტთან შედარებით.
    ბენიამინ ნათანიაჰუს თქმით, ისრაელი არ დაუშვებს კასპიის სიმდიდრეთა ირანის გავლით ტრანსპორტირებას. ირანი ისრაელის დაუძინებელი, მოსისხლე მტერია და მათი შერიგება გამორიცხულია. ამიტომ ისრაელი ხელს შეუშლის ნებისმიერ პროექტს, რომელიც გააძლიერებს მოწინააღმდეგეს ეკონომიკურად, ან გაზრდის მის გავლენას რეგიონში.
    ეს ეხება არა მხოლოდ ნავთობის კასპიის შელფიდან ტრანსპორტირებას, არამედ ბუნებრივი აირისა და იმავე ნავთობის ექსპორტს ცენტრალური აზიიდან, თურქმენეთიდან და ყაზახეთიდან.
    ნათანიაჰუმ ზურაბ ჟვანიას განუცხადა, რომ ისრაელი მხარს დაუჭერს ტრანსკასპიური ნავთობ და გაზსადენების მშენებლობას კასპიის ზღვის ფსკერზე, აზერბაიჯანისა და საქართველოს ტერიტორიის გავლით - ევროპაში.
    ზურაბ ჟვანიას თქმით კი, ეს ენერგეტიკული პრობლემის ფაქტობრივად საბოლოო გადაწყვეტასა და საქართველოსათვის მილიონობით დოლარის ყოველწლიურ შემოსავალს ნიშნავს;
    გარდა ამისა, თუ გავითვალისწინებთ თურქეთ-ისრაელის ურთიერთობების ბოლოდროინდელ განვითარებას (რაც, უპირველეს ყოვლისა, გამოიხატა ქურთი ტერორისტის, ოჯალანის ადგილსამყოფელის შესახებ ისრაელის სპეცსამსახურების მოპოვებული ინფორმაციის ანკარისათვის გადაცემაში), ხოლო მეორე მხრივ, პირიქით, ურთიერთობათა დაძაბვას ისრაელსა და რუსეთს შორის (გენერალ მაკაშოვისა და სხვა რუსი პოლიტიკანების ანტისემიტურ განცხადებების, აგრეთვე, წარმოშობით ებრაელი პრიმაკოვის პროერაყული პოლიტიკის გამო) შეიძლება დავასკვნათ, რომ ისრაელი რუსულ მარშრუტსაც ხელს შეუშლის.
    ყოველ შემთხვევაში, ბენიამინ ნათანიაჰუმ ზურაბ ჟვანიას განუცხადა, რომ მისი ქვეყანა მხარს დაუჭერს თურქეთის პოზიციას სრუტეებთან დაკავშირებულ «ზოგიერთ საკითხში», ანუ მოეხმარება ანკარას გადაისინჯოს მონტრეს საერთაშორისო კონვენცია - ჩაიკეტოს სრუტეები ნავთობტანკერებისათვის, რაც უეჭველად უზრუნველყოფს ბაქო-ჯეიჰანის პროექტის განხორციელებას, ვინაიდან სხვა გზა კასპიის ენერგომატარებლების მსოფლიო ბაზარზე გასატანად, უბრალოდ, არ დარჩება.
    არ არის გასაკვირი, რომ ნათანიაჰუს პოზიციით ზურაბ ჟვანია უაღრესად კმაყოფილი დარჩა და ისრაელის პრემიერ-მინისტრი კიდევ ერთხელ მოიწვია საქართველოში. თავის მხრივ, ნათანიაჰუმ ბოდიში მოიხადა სექტემბერში ქართულ-ებრაული ურთიერთობების 26 საუკუნოვან იუბილეზე ჩამოუსვლელობისათვის.
    ჟვანიას მან პირობა მისცა, რომ აუცილებლად ეწვევა ჩვენს ქვეყანას 2-დღიანი ვიზიტით.
    როგორც ჩანს, მომავალი ვიზიტი არა იმდენად მეგობრობისა და ძმობის შესახებ ცარიელი ფრაზეოლოგიით აღინიშნება, არამედ შევარდნაძე და ნათანიაჰუ ხელს მოაწერენ კონკრეტულ შეთანხმებას სხვადასხვა სფეროში აქტიური თანამშრომლობის შესახებ. მათ შორის (სენსაციად შეიძლება ჩაითვალოს), ნათანიაჰუმ ზურაბ ჟვანიას შესთავაზა მოამზადონ სპეციალური შეთანხმება, თუ დოკუმენტების პაკეტი ნავთობსადენის უსაფრთხოების საკითხებზე და დაუყოვნებლივ დაიწყოს მოლაპარაკება ისრაელისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროებს, აგრეთვე, ამ ქვეყნების სპეცსამსახურებს შორის.

მერიდიანი, 4 დეკემბერი, 1998 წ.