საერთაშორისო მიმოხილვა. 11 მაისი. 2023 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 11 მაისი. 2023 წელი

გუშინ უკრაინამ წარმატებული ლოკალური შეტევა განახორციელა ბახმუტში. რუსულ ძალებს დიდი დანაკარგი აქვთ.

კერძო სამხედრო კომპანია `ვაგნერის` მეთაურმა (და მფლობელმა - ეს დიდი ბიზნესია! -დ.) ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ ერთი ბრიგადა ``იძულებული გახდა უკან დაეხია, რაკი უდიდესი დანაკარგი ჰქონდაო``.

მაშასადამე თვით პრიგოჟინი ადასტურებს მარცხს, არადა სულ მცირე ხნის წინ ბრავურულად ამბობდა, რომ მისმა `უძლეველმა ლომებმა` დაამარცხეს უკრაინელები, ხოლო ბახმუტი, რომელსაც რუსები ძველებურად `არტიომოვსკს` უწოდებენ, მთლიანად `ვაგნერის` კონტროლ ქვეშაა.

ეს აღმოჩნდა სრული ბლეფი და ახლა მიმდინარე ამბები იმასაც ადასტურებს, რამდენად სწორად მოიქცა ზელენსკი, რომ არ დაუჯერა იმ თანაშემწეებსა და მრჩევლებს, ვინც ეუბნებოდა, ურჩევდა - დაეთმო ბახმუტი `წინააღდმეგობის უაზრობის` გამო.

არგუმენტი ის იყო ამ `მრჩევლებისა`, რომ ბახმუტს სინამდვილეში რაიმე განსაკუთრებული სამხედრო-სტრატეგიული მნიშვნელობა არა აქვს გარდა ტაქტიკურისო.

არადა, ეს `ტაქტიკური მნიშვნელობა` ჩვენს თვალწინ გადაიზარდა `სტრატეგიულში` უკრაინელ ჯარისკაცთა გმირული წინააღმდეგობის გამო: ჯერ პრიგოჟინმა თავდაცვის მინისტრ შოიგუს და გენერალური შტაბის უფროს გერასიმოვს შეუტია; ახლა კი მარცხი აღიარა.

. . . . . . . . . . . . . . . . .

პუტინმა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს `სთხოვა` ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო ხელშეკრულების საბოლოო დენონსაცია, რომელიც ცივი ომის დასრულების კონტექსტში გაფორმდა ჯერ კიდევ 1990 წელს: `ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების  შესახებ`. რუსულად `Договор об обычных вооруженных силах в Европе» (ДОВСЕ).

ეს ხელშეკრულება გაფორმდა პარიზში ჯერ კიდევ მაშინ, როცა არსებობდა საბჭოთა კავშირი. მისი `პლატფორმა` გახდა  OSCE ანუ ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია.

ხელშეკრულების საგანი იყო ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალები ანუ იგულისხმებოდა გარდა ბირთვული იარაღის და ბალისტიკური რაკეტებისა, რასაც სხვა ხელშეკრულებები არეგულირებდნენ;

პარიზის ხელშეკრულების იურისდიქციაში შედიოდნენ  სახმელეთო ძალები და საჰაერო ძალები, ასევე ფლოტი.

უმნიშვნელოვანესი დებულება იყო ხელშემკვრელ მხარეთა პირობა, არ განალაგონ `ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალები` სხვა სახელმწიფოს საზღვრებთან ახლოს.

მაგრამ.....ამ ხელშეკრულებამ შინაარსი შეიცვალა ობიექტურად მას შემდეგ, რაც დაიშალა საბჭოთა კავშირი და მის ადგილას ჩამოყალიბდა 15 დამოუკიდებელი სახელმწიფო - ბალტიის ქვეყნების ჩათვლით.\

ანუ, თუ პარიზის რედაქციით, რუსეთი კისრულობდა ვალდებულებას ბალტიის ქვეყნებში არ განელაგებინა ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალები შვედეთთან, ფინეთთან და სხვა სახელმწიფოთა მახლობლად, მას შემდეგ რაც სსრკ დაიშალა, ეს შეზღუდვა უკვე შეეხო თვითონ რუსეთს და მას აღარ უნდა განელაგებინა ძალები უკვე ლიტვის, ლატვიისა და ესტონეთის მახლობლად.

ასევე საქართველოს და სამხრეთ კავკასიის სხვა ქვეყნებისა.

ამას ხელშეკრულებაში ეწოდებოდა `ფლანგური შეზღუდვები`.

ამიტომ, მოხდა იმ `დიდი` პარიზის ხელშეკრულების ადაპტაცია ახალ გეოპოლიტიკურ და გეოგრაფიულ რეალიებთან:

1999 წლის შემოდგომაზე, სტამბულში, OSCE ისტორიულ სამიტზე, გაფორმდა ამ ხელშეკრულების ადაპტირებული ვარიანტი.

და სწორედ ამის საფუძველზე, მოგვიანებით განხორციელდა რუსული ჯარების გაყვანა საქართველოს ტერიტორიიდან (2007წ), რაკი ამ ჯარების ყოფნა საქართველოში არღვევდა დიდ ხელშეკრულებას.

ახლა პუტინმა გადაწყვიტა ამ ერთ-ერთი უკანასკნელი აგურის გამოცლა ევროპაში უსაფრთხოების შენობიდან, რის შემდეგაც, მისი გათვლით, ევროპაში უნდა დაისადგუროს სრულმა გაურკვევლობამ, ხოლო რუსეთი მიიღებს ფორმალურ უფლებას, ისე გადააადგილოს საკუთარი ჯარები, რომ არც დასავლელი დამკვირვებლები მიიწვიოს, არც ვინმეს შეატყობინოს ამის შესახებ.

რასაკვირველია ეს არის მორიგი შანტაჟი: საბედნიეროდ, არსებობს NATO, რომელიც რა თქმა უნდა არ შეეგუება შანტაჟს. პუტინი ვერავის დააშინებს.

სამაგიეროდ, თუკი მან `მოკლა` პარიზისა და სტამბულის ხელშეკრულება, დასავლეთიც მიიღებს უფლებას გადაადგილოს ჯარები რუსეთის საზღვრებთან და სწორედ აქ ჩნდება შანსი იმისა, რომ...... ალიანსის წევრ სახელმწიფოთა, პირველ რიგში ამერიკის შეიარაღებული ძალები განლაგდნენ საქართველოს ტერიტორიაზე.

ყოველ შემთხვევაში, პუტინის მიერ ამ ხელშეკრულების დენონსაციის შემდეგ არანაირი იურიდიული წინაღობა `ფლანგური შეზღუდვების` სახით აღარ იარსებებს.

პუტინმა თვითონ ამოითხარა საფლავი.

. . . . . . . . . . . . . . . . .

რუსეთში დაიწყეს რეზერვისტების გაწვევა სამხედრო შეკრებებზე. (Военные сборы).

ამჯერად პროცესს არ ქვია `მობილიზაცია`, თუმცა შინაარსობრივად იგივეა, რადგან ეს `სამხედრო შეკრება` შესაძლოა 2-3 თვესაც გაგრძელდეს და არსად ზუსტდება, თუ სად ჩატარდება `შეკრება`, რა შინაარსით და მიზნით.

მარცხიანი ომის ფონზე, მით უმეტეს უკრაინული შეტევის წინ, პუტინს ხელს არ აძლევს ახალი მობილიზაციის გამოცხადება. ამიტომ იყენებს ფორმალურად არსებულ ინსტიტუტს - სამხედრო შეკრებებს` და რუსული პროპაგანდა ამას ამართლებს -  `ადრეც ხომ ტარდებოდაო`.

არადა, ახლა სხვა კონტექსტია და `დროებით გაწვეულ` სამხედრო სპეციალისტებს იმ შეკრებებიდან უმალვე უკრავენ თავს უკრაინის ფრონტზე, როგორც კი უკრაინული არმია შეტევაზე გადავა.

თუმცა, ოფიციალურად, პუტინი მობილიზაციას არ აცხადებს: მეტისმეტად მწარე გამოცდილება მიიღო, როცა რუსები პანიკაში მიაწყდნენ ყაზახეთის და საქართველოს საზღვრებს.

. . . . . . . . . . . . . . . . .

საოცარი ინციდენტი მოხდა რუსეთში სამხედრო აღლუმზე, რომელიც სამარცხვინოდ დამთავრდა: ჯერ ტანკი Т-34 ჩამოვარდა და გადატრიალდა, როცა ტანკმზიდ მანქანაზე ტვირთავდნენ, შემდეგ ცნობილი გახდა სერიოზული დიპლომატიური ინციდენტის შესახებ: ბელორუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო მოულოდნელად გახდა `ავად` და ოფიციალურ ვახშამსაც არ დაესწრო - `ავადმყოფობის გამო` ბელორუსში დაბრუნდა სასწრაფოდ.

ეს უბრალოდ კატასტროფული გადაწყვეტილებაა რუსეთისა და პირადად პუტინისთვის: რომც დავიჯეროთ,  ლუკაშენკო მართლა ცუდად გახდა, განა მოსკოვში არ არის საავადმყოფოები, რომ პრეზიდენტი სასწრაფოდ მინსკში არ გადაეფრინათ?

თუ პრეზიდენტი ავად ხდება ან შეტევა აქვს ან კრიზი მეგობარ ქვეყანაში, მას მკურნალობენ იმავე ქვეყანაში.

ეს დიპლომატიური წესია;

თუმცა ლუკაშენკოს ავადმყოფობა, როგორც ჩანს, უფრო გათამაშებული იყო: ბელორუსი დიქტატორი, რომელიც საკმაოდ ეშმაკი პოლიტიკური აქტორი აღმოჩნდა, კვლავ იწყებს `ბალანსირებას` რაკი ხედავს, რომ მოსკოვი აგებს ამ ომს.

არ სურს საფლავში ჩაყვეს პუტინს!

უკან დასახევ გზებს იტოვებს.

. . . . . . . . . . . . . . . . .

მას შემდეგ, რაც მანჰეტენის სასამართლომ დონალდ ტრამპი დამნაშავედ სცნო კოლუმნტ ჯინ კეროლის სექსუალურ შევიწროვებაში და თითქმის 5 მილიონი დოლარის ჯარიმა დააკისრა, ტრამპის ნარატივში ახალი თემა გაჩნდა: Deep state. ანუ უჩინარი ``სიღრმისეული სახელმწიფო``, რომელიც მას სდევნის და ფარულად ებრძვის: აორგანიზებს ახალ-ახალ გამოძიებებს, აყალბებს სისხლის სამართლის საქმეებს და ცდილობს `ჩაძიროს` მანამ, სანამ ძალას მოიკრებს ახალი საარჩევნო კამპანიის მსვლელობისას.

არავინ იცის ჯერ-ჯერობით, გადაუხდის თუ არა ტრამპი კეროლს ამ 5 მილიონ დოლარს. თუმცა მკაფიოდ ჩანს, რომ Deep state-ის წინააღმდეგ ბრძოლა, შესაბამისი სლოგანები და ნარატივები ერთ-ერთი ცენტრალური იქნება ტრამპის საარჩევნო კამპანიისას.

და, რაც მთავარია, როგორც ამერიკელი ექსპერტები აღნიშნავენ, ეს ნარატივი `მუშაობს`; ზოგადად ამერიკელებს ახასიათებთ ისტორიული, იმმანენტური შიში `სიღრმისეული სახელმწიფოსადმი`. ბუნებით გახსნილებს და თავისუფლებს აშინებს, რომ არსებობს რაღაც იდუმალი, ბნელი, უჩინარი` სიღრმისეული სახელმწიფო`. რომელიც ცდილობს დაანგრიოს ამერიკა, წაართვას ამერიკელებს თავისუფლება და თავს მოახვიოს `არაამერიკული`ფსევდოღირებულებები.

ამ სოციო-ფსიქოლოგიურ `მოზაიკაში` `ფაზლის` სიზუსტით ჯდება ტრამპი, როგორც უშიშარი რაინდი, რომელიც ამ უჩინარ, იდუმალ ურჩხულს ებრძვის და ხალხის დახმარებით დაამარცხებს კიდეც.

უგამოცდილესი ამერიკელი სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ დონალდ ტრამპს, მის მიერ `აკრეფლი` ინერციის გათვალისწინებით ახლა უკვე მხოლოდ ორი რამ თუ შეაჩერებს: სიკვდილი  ან ციხე!

ამერიკული კანონმდებლობის და საარჩევნო წეს-წყობილების პარადოქსია: სასამართლომ დამნაშავედაც რომ სცნოს დინალდ ტრამპი სხვა სისხლის სამართლის საქმეებზე (კეროლის საქმე სამოქალაქო იყო და არა `სისხლის`) და ციხეშიც კი რომ ჩასვან, მაინც აქვს არჩევნებში მონაწილეობის უფლება.

ამერიკული ისტებლიშმენტი სერიოზულად რისკავს, რაკი ღმერთმა ნუ ქნას, ტრამპს მართლა რაიმე დაემართოს, ეს ამერიკაში საზარელ აფეთქებას გამოიწვევს - მას ათეულობით მილიონი კბილებამდე შეიარაღებული კონსერვატორი ამერიკელი უჭერს მხარს. და ამ ათეულობით მილიონიდან ასეულობით ათასი უბრალოდ ფ ა ნ ა ტ ი კ ო ს ი ა!