რუსეთი ცდის შევარდნაძეს
რამდენიმე დღის წინ, საქართველოსა და რუსეთის საინფორმაციო საშუალებემა გაავრცელეს, ცნობა, რომლის თანახმად, რუსეთმა ოფიციალურად მიმართა საქართველოს – ჩვენს ტერიტორიაზე მძიმე ტექნიკისა და შეიარაღების დამატებით რაოდენობის განლაგების შესახებ.
თითქოსდა, ეს თხოვნა სავსებით ლოგიკურია იმის გათვალისწინებით, რომ სულ ახლახანს, რუსეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ჩერნომირდინის საქართველოში ვიზიტის დროს, ხელი მოეწერა ოცდახუთწლიან შეთანხმებას «საქართველოში რუსული ბაზების» შესახებ. ამიტომ, ერთი შეხედვით, რუსეთის მოთხოვნას არანაირი განსაკუთრებული მნიშვნელობა არა აქვს, მაგრამ სინამდვილეში, პრობლემის არსი მდგომარეობს არა ტანკებისა და მძიმე არტილერიის განლაგებაში საქართველოს ტერიტორიაზე, არამედ მათ რაოდენობაში.
საქმე ის გახლავთ, რომ 1990 წელს, პარიზში გაფორმდა შეთანხმება «ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შეზღუდვის შესახებ», რომელსაც პოლიტიკურ სლენგზე უწოდებენ შეთანხმებას «საფლანგო შეზღუდვათა» შესახებ. ამ დოკუმენტის მიხედვით, ევროპული ქვეყნები ვალდებულებას კისრულობდნენ, საკუთარ საზღვრებთან შეემცირებინათ მძიმე სამხედრო ტექნიკის რაოდენობა.
საბჭოთა კავშირის მხრიდან შეთანხმებას ედუარდ შევარდნაძემ მოაწერა ხელი. იმ დროს კრემლში ვერავინ წარმოიდგენდა, რომ უახლოეს მომავალში რუსეთის სახელმწიფო საზღვარი კავკასიის მთავარ წყალგამყოფ ქედზე გაივლიდა და არა ამიერკავკასიის სამხრეთით; მაგრამ საბჭოთა კავშირის დაშლამ კარდინალურად შეცვალა გეოპოლიტიკური კონფიგურაცია ევროპაში.
მოსკოვს, ამ ახალ პირობებში, ხელშეკრულების შესრულება აღარ სურს და აღარც შეუძლია (ჩრდილოეთ კავკასიაში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით), ამიტომ ელცინი კატეგორიულად მოითხოვს ხელშეკრულების გადასინჯვას. ნატო კი (თურქეთის ზეწოლით) ამაზე არ თანხმდება.
კონკრეტულად საქართველოში მძიმე ტექნიკის განლაგებისათვის ოფიციალური თბილისის თანხმობაცაა საჭირო. აქ კრემლი ერთდროულად «მეორე კურდღელს იჭერს» - შევარდნაძის თანხმობა მკვეთრად გაართულებს მის ურთიერთობას დასავლეთთან, შეაფერხებს ინვესტიციების მოზიდვას და, შესაძლოა, ნავთობსადენის საკითხის გადაწყვეტასაც შეუშალოს ხელი.
«მიმოხილველი», 2 დეკემბერი, 1995 წელი.