რუსეთის სტრატეგიული და ტაქტიკური ინტერესები აფხაზეთში.
კითხვა-კითხვაზე მოდის: „როგორ ახერხებენ აფხაზები, რომ არ ეპუებიანო რუსეთს და (მიუხედავად მოსკოვის მოთხოვნისა) არ იღებენ ამგვარ კანონს „უცხოელი აგენტების“ შესახებ? გარდა ამისა, არ უთმობენ „აპარტამენტებს“, „ბინების ყიდვა-გაყიდვას რუსებზე“ და ა.შ. და ა.შ.
სინამდვილეში არ არის ეს ძნელი ასახსნელი:
აფხაზურ ელიტებს ისტორიულად (!) მოსდგამთ ის, რაც, როგორც ჩანს არ დევს საკმარისად ქართულ მაქსიმალისტურ ტრადიციაში: „კომპრომისის კულტურა“ ანუ, ინტერესთა კონფლიქტისას, „საკმარისობის ეკვილიბრიუმის“ ზუსტი განსაზღვრა, რაც „სახელმწიფოებრივი კულტურის“ „ღერძულა“ ინსტიტუტია!
ამას ღაღადებს ისტორია და არ უნდა ახლა ისტერიკები „როგორ“ და „რატომ“.
აბა დავაკვირდეთ:
რუსეთს აფხაზეთის მიმართ აქვს (პირობითად) „A კლასის“ ან კატეგორიის ინტერესები და „B კლასის“ ინტერესები.
სხვაგვარად თუ ვიტყვით: „სტრატეგიული ინტერესები“, რომლებიც „არ ითმენენ“ და „ტაქტიკური ინტერესები“, რომლებიც არა სამკვდრო-სასიცოცხლოა, ამდენად კიდევ „მოითმენენ“, რაკი შედარებით ნაკლებად მნიშვნელოვანია.
აფხაზებმა რუსეთს „A კლასის“ ინტერესები სრულად დაუკმაყოფილეს:
1)აფხაზეთში დგას რუსის ჯარი და აქვთ რამდენიმე სამხედრო ბაზა;
2) აფხაზეთის საზღვრებს, მათ შორის საზღვაო აკვატორიას რუსეთი აკონტროლებს;
3) აფხაზური საზოგადოება რუსულენოვანია და 99% რუსული პასპორტები აქვთ
4) აფხაზური ელიტები კატეგორიულად, 1 000%-ით გამორიცხავენ სეპარატიზმის თუნდაც რაიმე ფორმით მხარდაჭერას ჩრდილო კავკასიაში!
5) აფხაზური ელიტები საკმარისად ფრთხილად არიან თურქეთთან ურთიერთქმედებისას. კი თანამშრომლობენ მეორე რეგიონულ ზესახელმწიფოსთან, ოღონდ ძალიან ფრთხილად და მოსკოვისკენ „გახედვით“ მუდამ. ასევე დასავლეთთანაც თანამშრომლობენ (კი, კი, თანამშრომლობენ, არ გაგიკვირდეთ-დ.) ოღონდ მათთანაც ძალზე „ფრთხილად“ და მუდამ „მოსკოვისკენ გახედვით“
6) თურქეთში მცხოვრებ „მუჰაჯირთა“ შთამომავლების აფხაზეთში დაბრუნება რჩება ცარიელ რიტორიკად და აფხაზეთში დემოგრაფიულ ვითარებაზე რეალურად არ ზემოქმედებს. ეს სოციალური კატეგორია რუსეთისადმი არალოიალურია მენტალურად და მისი მასობრივად დაბრუნება ჩრდ. კავკასიის მეზობლად, რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს ძლიერ შეეხებოდა.
ახლა ვნახოთ რუსეთის „B კატეგორიის“ ინტერესები
1) „ახალი ათონის მონასტრის“ დაბრუნება რუსული ეკლესიისთვის
2) ბინების ყიდვა-გაყიდვა რუსებზე
3) დიდ პრივატიზებაში, მათ შორის ენგურჰესის პრივატიზებაში (ჰიდროელექტროსადგურის „პულტი“ იქითაა - სოფელ საბერიოში-დ.) პუტინის ოლიგარქიული კაპიტალის მონაწილეობა
4) „უცხოელ აგენტთა“ კანონის მიღება
5) „პიცუნდას დაჩა“ რაც სინამდვილეში პუტინს არ გადაეცა რეალურად - ისე იეშმაკეს აფხაზურმა ელიტებმა აქაც და დადგეს სპექტაკლები
- - - - - - - - - - - - - - - - - - - -
სანამ აფხაზური ელიტები მოსკოვს „A კლასის“ ინტერესებს უკმაყოფილებენ, მოსკოვი მათ ბევრ რამეს მოუთმენს „B კატეგორიის“ ინტერესთა დაუკმაყოფილებლობის თვალსაზრისით;
მაგრამ..... საკმარისია „A“ რომელიმე პუნქტს შეეხონ და.....მაშინ კი „მოსცხებს“ კრემლი მათ გვარიანად: დაფინანსებასაც შეუწყვეტს და საზღვარსაც ჩაუკეტავს მიუხედავად აფხაზურ-ადიღური „ლობისტური ჯგუფებისა“ რუსულ „პარლამენტში“ ან მედიაში.
ანუ, თუ შევაჯამებთ, პუტინს უბრალოდ მიაჩნია, რომ „B კლასის“ ინტერესები არ ღირს იმად, ახლა, უკრაინის ომის ფონზე, თუნდაც მცირედ აიტკივოს თავი.
„A კატეგორიის“ ინტერესებს რომ ეხებოდეს საქმე და მაგალითად აფხაზები უკრაინის მხარეს იბრძოდნენ ან ჩეჩნურ „იჩქერიასთან“ თანამშრომლობდნენ - მაშინ სხვა იქნებოდა
ეს არის და ეს.
- - - - - - - - - - - - - - - - - - - -
საქართველოს ამ მხრივ მანევრის ნაკლები სივრცე აქვს, რადგან ელემენტარული ობიექტურობა მოითხოვს ითქვას, რომ ჩვენი ქვეყნის არც ერთ ხელისუფლებას, 30 წლის განმავლობაში (მათ შორის არც დღევანდელ ხელისუფლებას) რუსეთის „A კლასის“ სტრატეგიული ინტერესები არ დაუკმაყოფილებია.
ეს ყბადაღებული კანონი, რუსეთისთვის, საქართველოს შემთხვევაშიც არათუ „B“ არამედ შესაძლოა სადღაც „C“ კატეგორიაა.
დათო
- - - - - - - - - - - - - - - - - - - -
P.S. ბარემ აქვე „ფრთხილად“ შევნიშნავ, რომ `A` და `B` თუ `C` კატეგორიის ინტერესები საქართველოს მიმართ დასავლეთსაც (ამერიკას და ევროპასაც) აქვს.
აქ არის პასუხი მოარულ კითხვაზე: „რატომ არ იღებენ გადაწყვეტილებებს რეალურ და არა სიმბოლურ სანქციებთან დაკავშირებით?!“.
ევროპისთვის, მაგალითად, ეს „კანონი“ `B`კატეგორიის ინტერესიდან - `A` კატეგორიის ინტერესთა „ლეველზე“ გადავა მხოლოდ მაშინ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება არა უბრალოდ ამ კანონს მიიღებს, არამედ (თუ) NGO-ების რეალურ დახურვას და „დაჭერებს“ დაიწყებს.
როგორც რუსეთში მოხდა.
სანამ ასე არ ხდება საქართველოში, საკითხი კვლავინდებურად `B` კლასისაა.
დააკვირდით ამ მხრივ იმ ევროპელი მინისტრების განცხადებებს, რომლებიც საქართველოში ჩამოვიდნენ.
ასევე ჯიმ ო ბრაიანის განცხადებებს პრეს-კონფერენციაზე.
ოღონდ ეს თუნდაც მომიჯნავე, მაგრამ მაინც „სხვა თემაა“.
ქართველებს, სამწუხაროდ, მასობრივად, პოლიტიკური „ანაბანა“ ისევე გ(ვ)ესწავლება, როგორც იმის ახსნა, თუ რას ნიშნავს „საკმარისობის ეკვილიბრიუმი“ - „სახელმწიფოებრივი კულტურის“ ფარგლებში მისი განსაზღვრისას.