კავშირები საბჭოთა კავშირის შემდეგ

  კავშირები საბჭოთა კავშირის შემდეგ

  მოახლოებული საკონსტიტუციო ცვლილებები და მომავალი ბრძოლა ხელისუფლებისათვის საქართველოს პოლიტიკურ კლასსა და ექსპერტებს აღარ აძლ;ევს საშუალებას, თვალი მიადევნოს ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრცეზე განვითარებულ მოვლენებს. არადა, ჩვენი ქვეყნის ბედი ამ სივრცეზე არანაკლებ წყდება, ვიდრე დასავლეთში.
        თუ რუსეთმა მოახერხა ყოფილი იმპერიის ტერიტორიაზე ახალი სახელმწიფოებრივი გაერთიანების შეკოწიწება, არანაირი «ნატო» (რომლის წევრებიც არა ვართ), არავითარი «ევროკავშირი» და კეტრინ ეშტონის მიერ პრეზენტირებული «ასოცირებული წევრობა» თუ «აღმოსავლური პარტნიორობა» ჩვენ არ გვიშველის.
      1992 წელს საქართველო იყო ერთადერთი ქვეყანა (ბალტიის სახელმწიფოებს არ მივათვლით, რომელთაც სხვა ისტორია ჰქონდათ თავიდანვე), ვინც უარი თქვა ე.წ. «დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში» გაერთიანებაზე. მაგრამ სულ მალე მაინც შეგვათრიეს «დსთ» - ში მას შემდეგ, რაც აფხაზეთი დაიკარგა და სამოქალაქო ომი განახლდა.
        დღეს დაახლოებით ისეთივე ვითარებაა რუსეთის მცდელობების თვალსაზრისით, მაგრამ განსხვავება ის არის, რომ საქართველო სულაც აღარ არის მარტო კრემლის ზრახვების წინააღდმეგ. მოსკოვის ისეთი ერთგული მოკავშირეც კი, როგორიც ბელორისია, უკვე ამ გეგმების წინააღმდეგ გამოდის. ზოგიერთებს მიხეილ სააკაშვილისა და ალექსანდრე ლუკაშენკოს მოკავშირეობა არაბუნებრივად მიაჩნია. აქაოდა «სააკაშვილი ხომ დემოკრატიულ, ლიბერალურ ღირებულებებს ქადაგებდა და ახლა ამ ღირებულებებს დიქტატორ ლუკაშენკოსთან კავშირით შეურაცხყოფას აყენებსო».
        თუმცა, იმავე ლოგიკით, ამერიკის შეერთებული შტატებიც აყენებს შეურაცხყოფას საკუთარ ღირებულებებს, როდესაც (მაგალითად) საუდის არაბეთთან თანამშრომლობს, სადაც ქალებს ადიულტერისთვის ქვებით ქოლავენ, როგორც მე-7 საუკუნეში – ისლამის აღზევებისას. მაგრამ ამერიკა საკუთარი სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს, რაკი საუდის არაბეთი ძალიან სჭირდება და მასთან თანამშრომლობა პრაგმატულად სასარგებლოა. რატომ არა აქვს უფლება საქართველოს ბელორუსეთთან ითანამშრომლოს? განსხვავებით რუსეთისაგან, ბელორუსს არ აუკრძალავს ქართული პროდუქციის იმპორტი 2006 წელს, - მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ამის გაკეთებას აიძულებდა; მას არ შეუწყვეტია საქართველოსთან სატრანსპორტო კავშირი; არ შემოუღია სავიზო რეჟიმი; არ სცნობს აფხაზეთისა და «სამხრეთ ოსეთის» ე.წ. «დამოუკიდებლობას».

მტრის მტერი

        ესე იგი, განსხვავებით რუსეთისაგან, ბელორუსი პატივს სცემს საქართველოს სახელმწიფოებრიობას და მის წინააღმდეგ დღეს არავითარ ნაბიჯებს არ დგამს. რატომ არ უნდა ითანამშრომლოს ასეთ ქვეყანასთან საქართველომ? კომიკურია, რომ რუსეთი, რომელიც ჯერ ერთი, თვითონ მახინჯი ორთავიანი დიქტატურაა (საკუთარი სახელმწიფო ღერბის მსგავსად) და ბოლო დრომდე ბელორუსეთთან კავშირის შეკოწიწებაზე ზრუნავდა, დღეს ალაპარაკდა, რომ თურმე ალექსანდრე ლუკაშენკო «დიქტატორია». თითქოს ბოლო 15 წლის განმავლობაში ამას ვერ ხედავდა და ახლაღა აღმოაჩინა, როდესაც ბელორუსეთი მის ანტიქართულ გეგმებში არ მონაწილეობს.
        «მიშა რევოლუციის მოწყობას რატომ ცდილობდა ბელორუსეთშიო». არადა, მაშინ ცდილობდა (2006 წელს), როდესაც ლუკაშენკო აღიქმებოდა, როგორც პუტინის მთავარი მოკავშირე იმპერიის აღდგენის საქმეში. დროთა განმავლობაში კი აღმოჩნდა, რომ ეს აღქმა მცდარი იყო და ლუკაშენკო სულაც არა არის მზად, თავისი ქვეყანა პუტინის ნეოიმპერიალიზმს ხონჩით მიართვას.
        «ჩემი მტრის მტერი ჩემი მეგობარია» - ეს თეზისი ჯერ კიდევ ძველმა რომაელებმა წარმოთქვეს და დღესაც პოლიტიკის უეჭველ კანონად რჩება. სააკაშვილისა და ლუკაშენკოს პარტნიორობა (ზოგიერთი ცნობით, ბელორუსის ლიდერი უახლოეს მომავალში საქართველოს, კერძოდ კი ბათუმს ეწვევა) შეიძლება პოსტსაბჭოურ სივრცეზე ახალი ალიანსების საფუძველიც გახდეს. ყოველ შემთხვევაში, მოსკოვს აშკარად დაეძაბა ურთიერთობა მოლდოვასთან, რომელმაც რუმინეთთან დაჩქარებული ინტეგრაციის კურსი განაახლა ახალი ხელისუფლების პირობებში, აგრეთვე აზერბაიჯანთან, სადაც სულ უფრო ხმამაღლა ლაპარაკობენ ყარაბაღის ძალით დაბრუნებაზე, რაც რუსეთს აიძულებს თვალთმაქცურ ნეიტრალიტეტზე უარი თქვას; უზბეკეთთან, რომლის უცვლელი ლიდერიI, ისლამ კარიმოვი მოსკოვს ადანაშაულებს ყირგიზეთში ერთაშორისი სასაკლაოს მოწყობაში (და არც თუ უსაფუძვლოდ); აგრეთვე თვით ყირგიზეთთან, რაკი ახალი ხელისუფლება კრემლისადმი კიდევ უფრო ნაკლებ ლოიალურია, ვიდრე წინა.
       

პუტინის ევრაზესი

        ყველაფერი არ არის «კრემლის რიგზე» იანუკოვიჩის უკრაინასთან ურთიერთობის მხრივაც. სწორედ ამის მაჩევნებელია მოსკოვის მერ იური ლუჟკოვის პროვოკაციული განცხადებები სევასტოპოლის თაობაზე და მისი სიტყვები, რომ «ყირიმის შესახებ მას აზრი არ შეუცვლია და ეს რუსული მიწაა».
        მიზეზი ისაა, რომ იანუკოვიჩმა შავი ზღვის ფლოტის საკითხში კი იპოვა კომპრომისი მოსკოვთან, მაგრამ უკრაინული ენისა და ისტორიის თემებზე იუშენკოს პოლიტიკის შეცვლას არ თანხმდება. სტეპან ბანდერასათვის გმირის წოდების მინიჭებაც კი არ გაუუქმებია ჯერ-ჯერობით. სომხეთს უკანდასახევი გზა თითქოს არა აქვს, მაგრამ ბოლო დროს ერევანშიც ხვდებიან, რომ მოსკოვის სატელიტობა საბოლოოდ მათთვის წამგებიანი იქნება.
        ერთადერთი, ვინც თითქოს აშკარად თამაშობს «პუტინის თამაშს», ყაზახეთის პრეზიდენტი ნურსულტან ნაზარბაევია. სინამდვილეში, ეშმაკზე ეშმაკი ნაზარბაევი, როგორც არაერთგზის მომხდარა ბოლო 20 წლის განმავლობაში, რუს პარტნიორებს ისევ ატყუებს. ეს სულ მალე გახდება ნათელი, როდესაც მოსკოვი მოინდომებს «ყაზახეთ-რუსეთ-ბელორუსის» საბაჟო კავშირი ისევ გარდაქმნას ახალ საბჭოთა კავშირად.
        პირველ ეტაპზე მას ეწოდება «ერთიანი ეკონომიკური სივრცე». მის საზღვრებს რუსი (უფრო ზუსტად მოსკოვიდან დანიშნული) მებაჟეები გააკონტროლებენ. თუმცა, საეჭვოა, მინსკი და ასტანა ამას დაეთანხმონ ან მოსკოვმა, ნებისმიერი ზეწოლით, მათი დაყოლიება შეძლოს. თუმცა კი აუცილებლად შეეცდება და სწორედ ამგვარი ზეწოლა ააღორძინებს პოსტსაბჭოურ სივრცეზე შექმნილ ერთადერთ ორგანიზაციას, რომლის წევრიც რუსეთი არ ყოფილა. ეს გახლავთ სუამი.
        სუამი 1996 წელს შეიქმნა უკრაინის, საქართველოს, მოლდოვასა და აზერბაიჯანის მონაწილეობით. მოსკოვმა ბევრჯერ დასვა გაწევრიანების საკითხი, მაგრამ სულ უარს იღებდა, რაც იწვევდა და იწვევს მის გაღიზიანებას. მივაქციოთ ყურადღება, რომ ჯერ-ჯერობით იანუკოვიჩის უკრაინას, მით უმეტეს გიმპუს მოლდოვას არ განუცხადებია სუამიდან გასვლის შესახებ და თუ მოვლენები ასე განვითარდა, თუ პუტინმა ზეწოლა გააძლიერა, ეს ქვეყნები აუცილებლად შეეცდებიან გაერთიანებას.
        გამაერთიანებელი ორგანიზაცია კი მზად არის – სუამის სახით. ძნელი მისახვედრი არაა, რა გაცოფებას გამოიწვევს, ვთქვათ, ყირიმში სუამის მორიგი სამიტის გამართვა და თუ ლუჟკოვი ხსენებულ პროვოკაციულ განცხადებებს გაიმეორებს, ყირიმი აღორძინებული სუამის სამიტს აუცილებალდ უმასპინძლებს უახლოეს მომავალში.
        შეიძლება ითქვას, რუსეთის იმპერიალისტური პოლიტიკის შედეგად, ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე სუამი ერთადერთი საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელსაც რაღაც პერსპექტივა მაინც აქვს. მაშინ, როდესაც სხვა გაერთიანებები სულს ღაფავს: დსთ-ს ბოლო სამიტში სულ 5-მა სახელმწიფოს მეთაურმა მიიღო მონაწილეობა. უკრაინა კი (ბევრს გაუკვირდება) ოფიციალურად დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრი არც არის: უკრაინის პარლამენტს ჯერ არ განუხორციელებია დსთ-ს წესდების რატიფიცირება. ამას არ აკეთებდა კუჩმას დროს, მით უმეტეს იუშენკოს მმართველობისას, მაგრამ საინტერესოა, რომ არც იანუკოვიჩი იკლავს თავს მაინცდამაინც.
        რუსეთ-ბელორუსის ორმხრივი კავშირი, ფაქტობრივად მკვდარია. დარჩა პუტინის საყვარელი იდეა – «ევრაზესი», ანუ «ევრაზიული კავშირი», რომლის ფარგლებში კრემლი ჯერ «საბაჟო კავშირის»., შემდეგ კი «ერთიანი ეკონომიკური სივრცის» შეკოწიწებას ცდილობს, რათა «ევრაზესი» ახალ «საბჭოთა კავშირად» გააფორმოს.

2010