ამერიკისათვის საქართველო «ცარიელი ადგილი» აღარ არის

ამერიკისათვის საქართველო «ცარიელი ადგილი» აღარ არის

     

        ტომ გრანტის სტატია, რომელსაც ჩვენი გაზეთის დღევანდელი ნომრის VI გვერდზე გთავაზობთ, მრავალმხრივ საინტერესო მოვლენაა. დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ 5-6 წლის წინ ამ გაზეთში ასეთი სტატია უბრალოდ ვერ დაიბეჭდებოდა.
        მაშასადამე, მას შემდეგ, გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, მთელი ეპოქა გავიდა და თვისებრივი ცვლილებებიც მოხდა კავკასიის რეგიონში ამერიკის (დასავლეთის) და რუსეთის «ინტერესთა კონფლიქტის» თვალსაზრისით.
        5-6 წლის წინათ ისიც წარმოუდგენელი იყო, თუ ამერიკის სახელმწიფო მდივანი შეხვდებოდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს და არათუ მხარდაჭერას გამოხატავდა,არამედ გამოხატავდა ამას რუსეთის კრიტიკისა და კრემლისთვის აშკარად «თითის დაქნევის» კონტექსტში.
        ამით მლთიანად გაბათილდა რუსი «გეოპოლიტოლოგების» (მიგრანიანისა და ძმათა მისთა) ვარაუდები, თითქოს ჯორჯ ბუშის ადმინისტრაცია საერთო ენის ძიებას დაიწყებდა პუტინთან პოსტსაბჭოური სივრცის «დათმობის» თვალსაზრისით. ნურას უკაცრავად - ბენზინის ფასების ფანტასტიკურმა ზრდამ რუსეთის ბიუჯეტი კი შეავსო, მაგრამ დასავლეთს მიანიშნა, თუ რაოდენი მნიშვნელობა აქვს მისთვის საწვავის მოწოდების გზათა და წყაროთა დივერსიფიცირებას.
        სწორედ აქ და ამიტომ გაუჩნდა საქართველოს შანსი, რითაც აუცილებლად უნდა ვისარგებლოთ. დანაშაული იქნება, თუ ვერ ვისარგებლებთ, ვინაიდან ასეთი შანსი ქვეყანას მონღოლების შემდეგ აღარ ჰქონია და კიდევ 1000 წელიწადს არ ექნება.
        მიაქციეთ ყურადღება, სტატიაში სავსებით მართებულია შენიშვნა, რომ ძალზე იშვიათია ერთ საგარეო პოლიტიურ პროგრამაში ერთდროულად ამდენი პრიორიტეტის გაერთიანება.
        ალბათ, აქ ისრაელი თუ იქნება გამონაკლისი. ფანტასტიკაა, როდესაც არაფრის პატრონმა საქართველომ, რომელსაც არც დიასპორა ჰყავს და არც განვითარებული ეკონომიკა - ამას მიანც მიაღწია.
        ეს იმის შედეგია, რომ დავამთავრეთ სამოქალაქო ომი, ხოლო გეოგრაფიული მდებარეობა ღვთის ბოძებული სიკეთეა.
        მიაქციეთ ყურადღება, სტატიაში ნათქვამია, რომ მოსკოვი ფლობს მძლავრ ბერკეტს ცენტრალური აზია-კავკასიის ქვეყნებზე ზემოქმედებისა და მათი დამოუკიდებლობის შეზღუდვისათვის, ვინაიდან ის, ვინც ფლობს სატრანზიტო კომუნიკაციებს, შესაბამისად, ფლობს ასეთ ბერკეტსაც.
        რამდენიმე წლის წინ ვაშინგტონში დომინირებდა «კლინტონის დოქტრინა», რომლის თანახმად, ამერიკა რუსეთის მეშვეობით აკონტროლებდა პოსტსაბჭოურ სივრცეს და ამ თვალსაზრისით ერთგვარ «ბალანსს» ქმნიდა.
        მაგრამ ბალანსი დაირღვა მას შემდეგ, რაც რუსეთის ახალი ხელისუფლება იმდენად აგრესიული აღმოჩნდა, რომ ამერიკას ღიად დაუპირისპირდა. ამან არა მხოლოდ ამერიკიდან რუსი დიპლომატების გამოძევება გამოიწვია, არამედ ვაშინგტონმა (რაც უფრო მნიშვნელოვანია), ძალის ალტერნატიულ ცენტირთა ძებნა დაიწყო პოსტსაბჭოურ სივრცეზე.
        ეს გამოიხატება საქართველოს დახმარებით (ლაპარაკია ფინანსური მხარდაჭერის ზრდაზე) და ყარაბაღის კონფლიქტის მოწესრიგების მიზნით, ამერიკის გააქტიურებით.
        ამერიკა სომხებსა და აზერბაიჯანელებს იწვევს ფლორიდაში მოლაპარაკებათა გასამართავად, მაგრამ აფხაზეთის კონფლიქტში ჩარევა მისთვის გაცილებით პერსპექტიულია და ამასაც სულ მალე გააკეთებს, რაც უკვე არა მხოლოდ «მორალური მხარდაჭერა» იქნება, რაზედაც სტატიაშია საუბარი.
        რაც მთავარია, ამერიკა არაფრის დიდებით არ შეურიგდება ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების რაიმე სახით ინკორპორირებას ერთიან სისტემაში. რით შეუძლიათ ხელი შეუშალონ? - რასაკვირველია არა სამხედრო ძალების გამოყენებით, არამედ იმ ქვეყნების ეოკნომიკური გაძლიერებით, რომელთაც საყრდენად და მოკავშირედ მოიაზრებს.
        ამ თვალსაზრისით, უაღრესად მნიშვნელოვანია წამოჭრილი თემა საქართვლეოში ამერიკული ინვესტიციების სახელმწიფო დაზღვევის შესახებ. იგულისხმება კორპორაცია ოპიკ-ი.
        თუ ბუშის ადმინისტრაცია ამ ნაბიჯს გადადგამს, მაშინ საქართველო უეჭველად იქცევა მიმზიდველ ობიექტად ინვესტირებისთვის. რა არის ამერიკისთვის 2-3 მილიარდი დოლარის დაზღვევა? საქართველოსთვის კი ამ დონის ინვესტიცია მთლიანი შიდა პროდუქტის მნიშვნელოვან ზრდას ნიშნავს.
        გარდა ამისა, სტატიაში ჩანს ამერიკული და ევროპული ინტერესების თანხვედრა სამხრეთ კავკასიაში. თბილისმა მალე ამ ინტერესთა მომავალ გარდაუვალ წინააღმდეგობაზეც უნდა ითამაშოს, თუმცა, ეს უკვე «გეოპოლიტიკური ფუფუნებაა».

დილის გაზეთი, 3 აპრილი, 2001 წელი