რკინის ანქვაბი და თოჯინების მთავრობა

რკინის ანქვაბი და თოჯინების მთავრობა

        ახლახანს აფხაზეთში «პრეზიდენტ» ანქვაბის ინაუგურაცია ჩატარდა. ცოტა არ იყოს საეჭვოა, რომ ამ ღონისძიებას თითქმის არავინ დაესწრო – «სამხრეთ ოსეთისა» და რუსეთის დელეგაციების გარდა. მოსკოვიდან ანქვაბს რუსეთის ფედერაციის საბჭოს (რუსული პარლამენტის ზედა პალატის) ასევე ახლადარჩეულმა სპიკერმა, ვალენტინა მატვიენკომ დასდო პატივი. ცერემონიაზე გამოსვლისას ორიოდე აფხაზური სიტყვა «მოახერხა» და სანაპიროზე მდებარე ყავახანა «ბრეხალოვკაშიც» გააბოლა სიგარეტი, რითაც აფხაზ უხუცესთა გულისწყომა დაიმსახურა: «ნეტავ ამ ქალს პატრონი თუ ჰყავსო». აფხაზები ხომ ჯერ კიდევ «კავკასიური ადათით» ცხოვრობენ («აფსუარას» უწოდებენ) და ცივილიზაციას იქ დიდად არ დაურღვევია ტრადიციები.
        ინაუგურაციიდან მეორე დღესვე, ანქვაბმა ძველი (სერგეი შამბას) მთავრობა «გაუშვა» და პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად უახლოესი თანამებერძოლი, ლეონიდ ლაკერბაია დანიშნა. ეს ის ლაკერბაიაა, რომელთან ერთადაც, ანქვაბმა, Kჯერ კიდევ 1999 წელს, პარტია «აღორძინება» დააფუძნა. სახელწოდებით ძალიან ჰგავდა ასლან აბაშიძის პარტიას და მაშინ ბევრი ჭორაობდა, «ნეტავ ანქვაბი «ასლანფაშას» რაიმე კოჭს ხომ არ უგორებსო». თუმცა, ეს ყოველივე უკვე შორეული წარსულია. სეპარატისტებს ამჟამად სხვა ამოცანები და თავის ტკივილი აქვთ: როგორ დააკომპლექტონ მთავრობა ისე, რომ არც მოსკოვს აწყენინონ და არც გავლენიანი აფხაზური კლანები გადაიკიდონ.
        სერგეი შამბას მოშორება იოლი საქმე არ იყო. «პრეზიდენტმა ბაღაფშმაც» კი, მას შემდეგ რაც ძალაუფლება არძინბას კლანთან ბრძოლაში მოიპოვა, სერგეი შამბას ჯერ საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი დაუტოვა, მერე პრემიერადაც დანიშნა. შამბას უკან ძალიან ძლიერი კლანი დგას და ბაღაფში ამას ითვალისწინებდა. ხოლო ანქვაბმა არათუ პრემიერობა, შამბასთვის საგარეო საქმეთა მინისტრობაც «ვეღარ გაიმეტა». არადა, მასზე რომ ყოფილიყო დამოკიდებული, შამბების გვარს ნამდვილად არ გადაიმტერებდა.
        შამბაზე მოსკოვში ძალიან არიან ნაწყენნი ერთი ინციდენტის გამო, რაც რამდენიმე თვის წინ სოხუმში მოხდა და პრესაში თითქმის არ გახმაურებულა: სერგეი შამბასა და რომელიღაც რუს გენერალს სოხუმის კონფერენციაზე კამათი მოსვლიათ. შამბამ დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა, რუსმა სალდაფონმა წამსვლელს ზურგში რუსულად შეაგინა, ისიც მოტრიალდა და პირდაპირ სახეში სთხლიშა.
        ბუნებრივია, ასეთ «თავხედს» პრეზიდენტი ანქვაბი არათუ პრემიერად, საგარეო საქმეთა მინისტრადაც ვეღარ დანიშნავდა, ამიტომ ვიაჩესლავ ჩირიკბას დაავალა აფხაზეთის მთავარი დიპლომატის მოვალეობის შესრულება. ჩირიკბა ჟენევის დისკუსიებში ხელმძღვანელობს აფხაზურ დელეგაციას, სადაც ყველაფერი სერგეი ლავროვის პირველი მოადგილე გრიგორი კარასინის მითითებებით ხდება. ამიტომ რუსებიც ბევრად მეტად ენდობიან და საწინააღმდეგოც არაფერი ექნებოდათ.
        ამ ფონზე განსაკუთრებით სასაცილოა ზოგიერთი ჭკუისკოლოფი ქართველი «ექსპერტისა» და «კონფლიქტოლოგის» განცხადებები - «მოსკოვი ანქვაბს კი არა შამბას უჭერდაო მხარს». ჯერ ერთი, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, პუტინი არა შამბას, არამედ ანქვაბს შეხვდა. გარდა ამისა, რუსეთისათვის საერთოდ დამახასიათებელია ამგვარი ეშმაკობები: როდესაც იანუკოვიჩი და ტიმოშენკო იბრძოდნენ უკრაინის პრეზიდენტობისთვის, ბევრი ასეთივე «ჭკუისკოლოფი» ამტკიცებდა, - პუტინს უფრო ტიმოშენკო უნდაო. შეიძლება კიდეც უნდიოდა, მაგრამ არა პრეზიდენტად – უფრო გაზის შესახებ კაპიტულანტური და უკრაინისთვის დამღუპველი ხელშეკრულების გასაფორმებლად, თორემ კრემლში ძალიან კარგად იცოდნენ, რომ იულია ტიმოშენკო არავითარ შემთხვევაში არ მოაწერდა ხელს მთავარ დოკუმენტს – ყირიმში რუსული ფლოტის დატოვების შესახებ. იანუკოვიჩმა კი მაშინვე მოუწერათ; ტიმოშენკო არ დაეთანხმებოდა რუსული ენის გათანაბრებას უკრაინულთან, იანუკოვიჩისთვის კი ეს პრობლემა არ აღმოჩნდა.
        ზუსტად ასევე: რაში აწყობდა კრემლს შამბა, რომელსაც რუსეთში არანაირი ბიზნესი არა აქვს? განა მოსკოველი მილიონერი ანქვაბი ბევრად უფრო ადვილი სამართავი არ იქნება? არის კიდეც: ყოყმანობს და ვერ ნიშნავს სხვა მინისტრებს – როგორც ჩანს მოსკოვთან «კადრების საკითხი» ჯერ ბოლომდე ვერ შეათანხმა. აშკარაა, რომ რუსები საკვანძო თანამდებობებზე საკუთრი კანდიდატურების დანიშვნას მოითხოვენ. Pპირველ რიგში თავდაცვის, შინაგან საქმეთა, უშიშროების და ეკონომიკის მინისტრებად.
        ანუ, ანქვაბი დაახლოებით იმ მდგომარეობაშია, როგორშიც ედუარდ შევარდნაძე აღმოჩნდა 1994 წელს, როცა მოსკოვის ბრძანებით შინაგან საქმეთა სამინისტრო შოთა კვირაიას ჩააბარა, თავდაცვის მინისტრობა – ვარდიკო ნადიბაიძეს, ხოლო უშიშროების მინისტრად იგორ გიორგაძე დანიშნა. ასეთი კვირაიები, გიორგაძეები და ნადიბაიძეები აფხაზეთშიც უამრავია და მოსკოვს დიდი არჩევანი აქვს. თუმცა, რაღაც ეჭვი მღრღნის, რომ ამ შემთხვევაში კრემლი უფრო შორს წავიდა და ანქვაბისგან ეთნიკურად რუსი «გასტერბაიტერების» დანიშვნას ითხოვს. ისე, როგორც კოკოითის მიუჩინეს თავის დროზე რუსი პრემიერი, რუსი თავდაცვის მინისტრი, რუსი უშიშროების საბჭოს მდივანი და ა.შ.
        აფხაზები ისე ამაყობენ «ჩვენ სამხრეთ ოსეთივით უბადრუკი მარიონეტი არა ვართო», რომ ანქვაბი ამას იოლად ვერ დაეთანხმება. ალბათ კომპრომისს შესთავაზებს: «ოღონდ რუსებს ნუ დამინიშნავთ, მთლად ასე ნუ გამაფარჩაკებთ და თქვენს მიერ შერჩეულ აფხაზებს დავაწინაურებო» – ისეთებს, როგორიც ჩირიკბაა. ანუ მიდის დიდი ვაჭრობა და ანქვაბს უკან დასახევი გზაც აღარ აქვს: რუსეთი თანდათან ახრჩობს «დამოუკიდებელ აფხაზეთს». Fფსოუს საზღვარი უკვე სანახევროდ დაკეტილია – საკონტროლო გამშვები პუნქტის «რეკონსტრუქციის» საბაბით. ამან ტურისტული ნაკადის განახევრება გამოიწვია. ერთადერთი ხიდი დარჩა და თუ ჭკვიანად არ მოიქცევიან, იმასაც ჩაკეტავენ ასეთივე საბაბით.
        რაც შეეხება რუსულ საოკუპაციო ჯარებს, მათ მომარაგების პრობლემა არც ერთ შემთხვევაში არ ექნებათ, რადგან გუდაუთის აეროდრომს და ოჩამჩირის პორტს მთლიანად ისინი აკონტროლებენ. როცა უნდათ შედიან, რაც უნდათ ის შეაქვთ, გამოაქვთ და აფხაზებს არც არაფერს ეკითხებიან.
        მინისტრების დანიშვნის გარდა, მოსკოვი ანქვაბისგან «სამხედრო ბაზების» შესახებ ხელშეკრულების რატიფიცირებასაც მოითხოვს: რუსეთის სახელმწიფო საკრებულოს ორივე პალატამ მისი რატიფიცირება უკვე განახორციელა. აფხაზეთის პარლამენტი კი არ ჩქარობს, რაც რუსების კიდევ უფრო მეტ გაღიზიანებას იწვევს. გასაგებია რატომაც არ ჩქარობენ: ამით ხომ საბოლოო იურიდიულ წერტილს დაუსვამენ თავისი «დამოუკიდებელი ქვეყნის» არსებობას?!
        ერთი სიტყვით, ჩვენს მტერს, რა დღეშიც დღეს «დამოუკიდებელი აფხაზეთი» და მისი «პრეზიდენტი» არიან. ამიტომ, როგორი დაუჯერებელიც არ უნდა იყოს, თუ მოთმინებას გამოვიჩენთ და შეცდომებს არ დავუშვებთ, სულ მალე ვნახავთ, (აუცილებლად ვნახავთ!) აფხაზურ «დელეგაციებს» თბილისსა და ბათუმში – დახმარებისა და შერიგების თხოვნით.
        ქართული პოლიტიკის ამოცანა უკვე იმ რეალისტური პირობების მოფიქრებაა, რომლებიც «შერიგების ჭკუაზე მოსულ» სეპარატისტებს უნდა წავუყენოთ უახლოეს მომავალში. ეს მოთხოვნები მეტისმეტი არ უნდა იყოს, მაგრამ არც იმაზე ნაკლები, რასაც უკვე შეიძლება მივაღწიოთ. სხავთა შორის, «ალექსანდრე ზოლოტინსკოვიჩმა» პირველივე პრეს-კონფერენციაზე თქვა: მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებიდან წასვლა-არწასვლა სულაც არ არის მთავარი ფაქტორი საქართველოსთან მოლაპარაკების დასაწყებად და ჩვენ ამ მოლაპარაკებებისთვის 2013 წლამდეც მზად ვართო.
        არც ისე კარგი ნათქვამია, მაგრამ მაინც «კარგი გამგონი» უნდა.

2011