რიბკინის დაწინაურებით კრემლმა ჩეჩნები შევარდნაძეზე თავდასხმისათვის დააჯილდოვა

რიბკინის დაწინაურებით კრემლმა ჩეჩნები შევარდნაძეზე თავდასხმისათვის დააჯილდოვა

იგორ სერგეევი კატათაგვობანას გვეთამაშება

    რუსეთის თავდაცვის მინისტრი არც ისე გულუბრყვილოა (რუს - ПРОСТАК) როგორც ერთი შეხედვით ჩანს; საერთოდ, რუსი გენერლები ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ისე გაეშმაკდნენ, ნებისმიერ დიპლომატზე უკეთ ახორციელებენ პოლიტიკას.
    მაგალითად, ბოსნიაში რუსეთის თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, პაველ გრაჩოვმა საგარეო უწყების ხელმძღვანელ კოზირევზე უკეთ დაიცვა თავისი «დერჟავის» ინტერესები. რუსული გენერალიტეტი პოსტსაბჭოურ სივრცეშიც აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას აწარმოებს და მხოლოდ სამხედრო-სტრატეგიული ამოცანების გადაწყვეტით არ იფარგლება.
    საქართველოდან რუსეთის ბაზების გაყვანა, რა თქმა უნდა, იგორ სერგეევის საქმე არ არის უშუალოდ; გადაწყვეტილებას (ამ ქვეყნის კონსტიტუციის შესაბამისად) იღებს რუსეთის პრეზიდენტი ან რუსეთის ფედერალური საკრებულოს ზედა პალატა - ფედერაციის საბჭო.
    ამჟამად საქართველოში იმყოფება 7,5 ათასი სამხედრო მოამსახურე, რომელიც რუსეთის ქვედანაყოფებში ირიცხება. მათი უმრავლესობა საქართველოს მოქალაქეა - ჯავახეთსა და აჭარაში.
    ნიშანდობლივია კიდევ ერთი ფაქტი: თბილისთან (ვაზიანში) დისლოცირებულ რუსულ სამხედრო შენაერთშიც კი კონტრაქტის საფუძველზე თბილისელი რუსები ან სომხები მსახურობენ. ქართველებს ნაკლებად ენდობიან. ქართველთა შორის გამონაკლისს მხოლოდ აჭარის მკვიდრნი წარმოადგენენ. რა თქმა უნდა, რუსეთს გუდაუთაშიც ჰყავს მძლავრი სადესანტო შენაერთი.
    იგი 1992 წელს იქნა გადასროლილი აფხაზეთში განჯადან (ყოფილი კიროვობადი). სადესანტო პოლკი აკონტროლებს სამხრეთ კავკასიაში უდიდეს ბომბორას აეროპორტს, რომელზეც საჰაერო გამანადგურებელთა ესკადრილიაა განლაგებული.
    რუსეთს საქართველოში აქვს, აგრეთვე სამხედრო ინფრასტრუქტურა (საწყობები, ყაზარმები, კავშირგაბმულობის საშუალებები, სარემონტო საამქროები), რომელთა ჯამური ღირებულება შესაძლოა უფრო მეტიც კი იყოს, ვიდრე სამხედრო ტექნიკისა.
    ძირითადად, საქართველოში რუსული სამხედრო კონტინგენტის შეიარაღებაზე მოძველებული ტექნიკაა. მაგალითად, უახლესი ტიპის თვითმფრინავებს, ჯავშანმანქანებს, ტანკებსა და საარტილერიო დანადგარებს რუსეთი საქართველოში აღარ აგზავნის.
    ამდენად, ეს სამხედრო დაჯგუფება თურქეთის ანალოგიურ დაჯგუფებაზე ბევრად სუსტია და, შეიძლება ითქვას, მხოლოდ სიმბოლური მნიშვნელობა აქვს. რეალური სამხედრო შეტაკებისას იგი გადამწყვეტ როლს ვერ შეასრულებს.
    გარდა ამისა, ნუ დავივიწყებთ, რომ საქართველოში იმყოფებიან რუსეთის ეგრეთ წოდებული, «სამშვიდობო ძალებიც», რომელთა სამართლებრივი სტატუსი განსხვავებულია - ისინი ქვეყნის ტერიტორიაზე შემოვიდნენ «სამხედრო დაპირისპირების აღსაკვეთად».
    მართალია ფორმალურად ვალდებულნი არიან საქართველოს პირველი მოთხოვნისთანავე დატოვონ ტერიტორია, მაგრამ რეალურად (პოლიტიკური მომენტების გათვალისწინებით) - ეს «მთლად» ასეც არ არის. სამშვიდობო ძალების გაყვანა კიდევ უფრო რთული იქნება, ვიდრე საკუთრივ რუსეთის შეიარაღებული ძალებისა, რომლებიც საქართველოშია განლაგებული.
    რაც შეეხება სასაზღვრო ჯარებს, ერთი შეხედვით, თითქოს ამას წინ არაფერი უდგას. სინამდვილეში კი, აქაც უამრავი პრობლემა წარმოიშვება. საეჭვოა, დღეს საქართველომ საკუთარი ძალებით შეძლოს თურქეთთან სახმელეთო საზღვრის დაცვა. როგორც კი რუსები ამ საზღვრიდან წავლენ (ანუ გავლენ ზღუდიდან, სადაც იმყოფებიან 1829 წლიდან), - უმალვე იჩენს თავს ისტორიული პრობლემატიკა, მათ შორის, ეგრეთ წოდებული თურქ-მესხთა პრობლემა. თურქეთის სახელმწიფო დღესაც ისევე აგრესიულია, როგორც მე-16 საუკუნეში იყო; ამიტომ მისი კეთილგანწყობის ან მასთან კეთილმეზობლობის იმედი არავის უნდა ჰქონდეს.
    ეს ყოველივე იგორ სერგეევმა, ბუნებრივია, ძალიან კარგად უწყის. პირადად რომც არ სცოდნოდა, უეჭველად მოახსენებდნენ, რომ თუ რუსეთი საკითხს აშკარად დასვამს: გნებავთ, გავიყვანოთ ჯარები დღესვე? საქართველოს ხელისუფლება და საზოგადოება ერთმნიშვნელოვნად დადებით პასუხს ვერ გასცემენ. ამით კი მოხდება მთელი იმ პოლიტიკური პროცესის დისკრედიტაცია, რომელიც ბოლო დროს მიმდინარეობს რუსეთთან მიმართებაში.
    მარშალ სერგეევს თავისი განცხადებით სურდა საქართველოს ხელისუფლება უხერხულ, გამოუვალ მდგომარეობაში ჩაეყენებინა. თუმცა, ამ ხერხსაც შეიძლება მოეძებნოს (ასე ვთქვათ) საწინააღმდეგო მეთოდი. უპირველესად, ოფიციალურმა თბილისმა უნდა განაცხადოს, რომ ჯარების გაყვანა (სურვილის შემთხვევაში) რუსეთის საქმეა.
    საქართველოს სურდა ბაზები დაეკანონებინა აფხაზეთის პრობლემის გადაწყვეტისთანავე (ამ ტერიტორიაზე სახელმწიფოებრივი იურისდიქციის აღდგენის შემდეგ), მაგრამ რაკი რუსეთს ასე არ სურს, რა გაეწყობა... დავიწყოთ მოლაპარაკება ჯარების გაყვანის პირობათა და ვადების თაობაზე!
    თუ საკითხი ასე დაისმება, უეჭველად გამოვა, რომ იგორ სერგეევმა ნაცვლად ჯარების გაყვანისა, ნაცვლად საქართველოს ხელისუფლების ორაზროვან მდგომარეობაში ჩაყენებისა, პირიქით - მოახდინა რუსეთისთვის არცთუ მომგებიანი პროცესის ინიცირება: საქართველომ უნდა მოითხოვოს მოლაპარაკებათა დაუყოვნებლივ დაწყება (ბაზების გატანის შესახებ) და თავისი მოთხოვნა გაამართლოს იმავე იგორ სერგეევის განცხადებით. შედეგად, ოფიციალური თბილისი არაფერს დაკარგავს. პირიქით, კიდევ უფრო გამძაფრდება დილემა, რომელიც ამჟამად დგას რუსეთის წინაშე: ან საქართველოს მოთხოვნათა დაკმაყოფილება და აფხაზ სეპარატისტებზე ზემოქმედების გაძლიერება, ან საქართველოში სტრატეგიულ პოზიციათა თანდათანობით, მაგრამ განუხრელი დაკარგვა.
    სასარგებლო იქნებოდა, აგრეთვე, თუ პარლამენტი მიიღებდა სპეციალურ დადგენილებას მოლაპარაკებების დაწყების შესახებ და იმავე დოკუმენტში მკაფიოდ განსაზღვრავდა - «შეთანხმების მიუღწევლობისას, ამა და ამ წლის, ამა და ამ თარიღიდან დაიწყოს ჯარების გაყვანა და დასრულდეს კონკრეტულად განსაზღვრულ ვადებში».
    საქართველოს პოზიციას ის ართულებს, რომ მოსკოვში დარწმუნებულნი არიან: ბაზების საკითხის «მიბმა» აფხაზეთის პრობლემასთან ხელოვნურია - საქართველო მაინც არ მოითხოვს ჯარების გაყვანას, რომც არ დაეხმაროს რუსეთი სეპარატისტული ტერიტორიის დაბრუნებაში, ვინაიდან აფხაზეთის გარეშეც დაინტერესებულია ამ ბაზების შენარჩუნებით - საკუთარი ინტერესების უზრუნველსაყოფად.
    მაშასადამე, საქართველომ რეალურად უნდა დაანახოს რუსეთს თავისი ნება;’ თუ არადა, რუსეთი აუტკივარ თავს არ აიტკივებს და ჩრდილოეთ კავკასიაში დამატებით პრობლემებს არ შეიქმნის აფხაზ სეპარატისტთა განაწყენებით.
    ზემოთ თქმულის გათვალისწინებით, უდავოდ სწორ და გამართლებულ ნაბიჯად უნდა მივიჩნიოთ დასავლეთთან სამხედრო თანამშრომლობის ყოველგვარი დემონსტრირება: ვიზიტები ბრიუსელში, დასავლელ სამხედრო ექსპერტთა სტუმრობა, სამხედრო მრჩეველთა საბჭოების შექმნა, ერთობლივი მანევრები «პარტნიორობა მშვიდობისათვის» პროგრამის ფარგლებში. ამერიკასა და ნატოს წევრი სხვა გემების ოფიციალური ვიზიტები ქართულ პორტებში და ასე შემდეგ.
    რუსეთი უნდა ხედავდეს: საქართველოს მისი ჯარების გაყვანისა არ ეშინია, ვინაიდან დასავლეთი მზად არის ჩვენს ქვეყანას მისცეს შესაბამისი გარანტიები; ამავე კონტექსტში უნდა განვიხილოთ «ნავთობსადენის» საკითხიც. «დიდი ნავთობის» საქართველოზე ტრანსპორტირება არა მხოლოდ ეკონომიკური მოგებითაა საინტერესო. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია გეოპოლიტიკური დივიდენდი, ვინაიდან მას შემდეგ, რაც ნავთობის მდინარე ამოძრავდება, საქართველოს სტაბილურობა და უსაფრთხოება გლობალური ამოცანა გახდება, რათა არ შეფერხდეს ყოველწლიურად 35-40 მილიონი ტონა საწვავის მიწოდება დასავლეთისათვის.
    ამის შემდეგ, რუსეთის ბაზების გარეშეც, «საქართველოს უბატონოდ თითს ვერავინ დააკარებს», - როგორც ედუარდ შევარდნაძემ თქვა ერთ-ერთ ინტერვიუში.
    გარწმუნებთ, იგორ სერგეევიც აღარ გააკეთებს ასეთ განცხადებებს, ვინაიდან, საკუთარი სურვილით კი არა, საქართველოს პარლამენტმა ასი დადგენილება რომ მიიღოს, თბილისმა მთელი მსოფლიო რომ შეძრას, - რუსეთი ჯარებს საქართველოდან იოლად არ გაიყვანს! თუ როგორ მოახერხებს ამას - რა მეთოდებითა და საშუალებებით, - სხვა საკითხია.
   

საქართველოს პრეზიდენტი მოსკოვს გასამგზავრებლად ემზადება

    თებერვლის მოვლენათა შემდეგ რუსული მასმედია აქტიურად მკითხაობდა, - მიიღებს თუ არა მონაწილეობას საქართველოს პრეზიდენტი 19 მარტისთვის დანიშნულ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის უმაღლესი დონის სამიტში.
    აფხაზი სეპარატისტებიც ყურებდაცქვეტილი ელიან პასუხს ამ კითხვაზე. ბუნებრივია, მათ ნამდვილად აძლევთ ხელს, რომ ედუარდ შევარდნაძე მოსკოვში არ გაემგზავროს. მიზეზი გასაგებია: რუსეთის პოლიტიკური ელიტა და ხელისუფლება ამ სამიტს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს, ვინაიდან სურს, «თანამეგობრობა» გადაარჩინოს სრულ და შეუქცევად კრახს, რომელიც კიშინიოვში დაიწყო. ედუარდ შევარდნაძის უარი მოსკოვში გამგზავრებაზე ძალიან სერიოზული დემარში იქნება (მით უმეტეს იმ პირობებში, როდესაც ჯერჯერობით ყველა სახელმწიფოს მეთაურმა თანხმობა განაცხადა მონაწილეობაზე) და უეჭველად გამოიწვევს შესაბამის საპასუხო ზომებს, ანუ აფხაზეთის წინააღმდეგ მოქმედი ეკონომიკური სანქციების გაუქმებას იმ პირობებში, როდესაც აფსუათა ეკონომიკა სულს ღაფავს (არძინბას განცხადებები - «1997 წელს 13 პროცენტიან ეკონომიკურ ზრდას მივაღწიეთო» - რა თქმა უნდა, ანეკდოტია).
    ამგვარი გადაწყვეტილება სეპარატისტებისთვის ნამდვილი მისწრება იქნებოდა. ოღონდ პრეზიდენტი ამ შემთხვევაში მხოლოდ რაციონალური მოსაზრებების შესაბამისად მოიქცევა: მოსკოვში გამგზავრებაზე უარის თქმა, ფაქტობრივად, სამშვიდობო ძალთა საკითხის «ჰაერში გამოკიდებას» ნიშნავს.
    სამხედრო ბაზებისა რა მოგახსენოთ, მაგრამ იმ პირობებში, როდესაც რუსეთი აშკარად გაღიზიანებულია სტამბულის კონფერენციის გადაწყვეტილებებით ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსადენის თაობაზე, იგორ სერგეევმა ომის პროვოცირების მიზნით შეიძლება გაიყვანოს სამშვიდობო ჯარები ენგურიდან, რასაც უეჭველად მოჰყვება ფართომაშსტაბიანი სამხედრო მოქმედებების განახლება გალის რაიონში, ათეულობით ათასი გალელის კვლავ ლტოლვილებად ქცევა და ასე შემდეგ.
    მეორე მხრივ, დსთ-ს სამიტზე საქართველოს შეეძლება კიდევ უფრო გააძლიეროს ზემოქმედება რუსეთზე, რათა მოახდინოს ეგრეთ წოდებული «ბოსნიური ვარიანტის» ლობირება. ოღონდ ქვეყნის ხელისუფლება, ამ შემთხვევაში, ალბათ, გარკვევით იტყვის მთავარს: საქართველოს მიაჩნია, რომ აფხაზეთში უნდა განხორციელდეს «მშვიდობისადმი იძულების» ოპერაცია ბოსნიის მოდელის შესაბამისად (ანუ მშვიდობისმყოფელთათვის საპოლიციო ფუნქციათა მიკუთვნებით), მაგრამ არა ნატოს ჯარებით და გაეროს ეგიდით, არამედ დსთ-ს ეგიდით და რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტის მონაწილეობით.
    თუ ეს გეგმა განხორციელდა, და აფხაზეთში ლტოლვილთა დაბრუნების პროცესი დაიწყო, საქართველო არ გამორიცხავს ბაზების თაობაზე ხელშეკრულების რატიფიცირებას და დსთ-ს ზოგიერთ ინტეგრაციულ პროექტთან მიერთებას.
   

სერგეი ბაღაფში ჩვენი გულუბრყვილობით სარგებლობს

    ამასობაში, აფხაზ სეპარატისტთა ლიდერებმა მორიგი პროპაგანდისტული რაუნდი მოგვიგეს. მათ ძალზე ოსტატურად გამოიყენეს სოხუმში ამას წინათ მიღწეული შეთანხმება (პროტოკოლი), რომელიც, კაცმა რომ თქვას, საქართველოს არაფერს ავალდებულებს და, ფორმალურ-იურიდიული თვალსაზრისით, თითქოს არც რაიმე ხიფათს შეიცავდა, მაგრამ ეს მაგალითი კვლავ და კვლავ გვარწმუნებს: აფხაზი სეპარატისტები ძალიან ეშმაკურად იყენებენ თითოეულ შესაძლებლობას, რომელიც ეძლევათ.
    სოხუმის შეხვედრისას მხარეებმა თითქოს მხოლოდ ეკონომიკური პრობლემები განიხილეს; თანაც, საქართველოს სახელმწიფო მინისტრს არაფერზე განუცხადებია თანხმობა - (სწორად მოიქცა) - მხოლოდ ის თქვა, რომ პრინციპში, პრობლემის პოლიტიკური გზით მოწესრიგების შემდეგ შესაძლებელი (და ორმხრივად სასარგებლო) იქნება სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა, აეროპორტის ამოქმედება და ასე შემდეგ. ქართული დელეგაცია იმასაც დაეთანხმა, რომ კარგი იქნება, თუ აფხაზეთში სპეციალისტები ჩავლენ და შეამოწმებენ სარკინიგზო ხაზის, აგრეთვე, აეროპორტის მდგომარეობას; ისაუბრეს აგრეთვე ბუნებრივი აირის მოსაწოდებლად ახალი გაზსადენის მშენებლობის თაობაზე.
    ეს ყოველივე, რა თქმა უნდა, პოლიტიკური მოწესრიგების შემდეგ - დოკუმენტში ამგვარი დებულება არ აღნიშნულა, ვინაიდან კონკრეტული შეთანხმება არ შედგა და იგი ისედაც იგულისხმებოდა.
    მაგრამ აფხაზმა სეპარატისტებმა დოკუმენტი მათთვის ჩვეული გაიძვერობით გამოიყენეს. ნიკო ლეკიშვილთან შეხვედრიდან მეორე დღესვე აფხაზეთის ეგრეთ წოდებული პრემიერ-მინისტრი სერგეი ბაღაფში მოსკოვში გაფრინდა და ქართულ მხარესთან მიღწეული «ურთიერთგაგების» ნიშნად, სოხუმში ხელმოწერილი ოქმი ააფრიალა. მან მოითხოვა აფხაზეთისთვის ეკონომიკური სანქციების გაუქმება - იმ მოტივით, რომ «ხომ ხედავთ, ქართული მხარე ამაზე უკვე თანახმაა - სოხუმში ექსპერტებსაც კი აგზავნის რკინიგზის მდგომარეობის შესასწავლადო».
    სერგეი ბაღაფშმა, რასაკვირველია, იმთავითვე კარგად იცოდა, რომ საქართველოს ხელისუფლება რეალურად არაფერს დათანხმდებოდა ლტოლვილთა დაბრუნებამდე, ხოლო «განზრახულობათა ოქმი» იმისთვის სჭირდებოდა, რათა რუსებისთვის მიეცა ხელში კოზირი, - თუ ეს უკანასკნელნი ბლოკადის მოხსნას გადაწყვეტდნენ.
    პირწავარდნილი დემაგოგიაა სეპარატისტთა მტკიცება: ჯერ ეკონომიკური კავშირები აღვადგინოთ, აფხაზეთი ეკონომიკურად ავაღორძინოთ და ლტოლვილები ამის შემდეგ დავაბრუნოთო. ჯერ ერთი, «ეკონომიკური კავშირების აღდგენაში» სეპარატისტები რუსეთთან ეკონომიკურ კავშირებს გულისხმობდნენ და არა საქართველოსთან, თორემ, რომ შევთავაზოთ აფხაზეთში ლარის ამოქმედება, - უეჭველად ცივი უარით გამოგვისტუმრებენ (ფულად ერთეულად მხოლოდ რუბლს ცნობენ).
    გარდა ამისა, ძალიან გულუბრყვილო უნდა იყოს ადამიანი, ირწმუნოს სეპარატისტთა დაპირება, - დაგვეხმარეთ ეკონომიკურად და ლტოლვილებს დავაბრუნებო. დახმარებას აიღებენ, რკინიგზასაც აამოქმედებენ, მაგრამ ლტოლვილებს - ნურას უკაცრავად, - მაინც არ დააბრუნებენ.
    სეპარატისტები ცდილობენ დაგვარწმუნონ, თითქოს ეკონომიკური ზემოქმედება მათ ვერ აიძულებს, წავიდნენ დათმობებზე. ეს სავსებით მართალია: ვერანაირი ეკონომიკური სანქციებით ვერ ვაიძულებთ არძინბას, აღიაროს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, მაგრამ ეკონომიკური ბლოკადა ობიექტურად ასუსტებს სეპარატისტებს, ამცირებს მათ საბრძოლო პოტენციალს, ამიტომ ბლოკადა ნებისმიერ შემთხვევაში მიზანშეწონილი აქციაა.
    სეპარატისტთა ცრუპენტელობის მეორე მაგალითია მათი «საგარეო საქმეთა მინისტრის» - სერგეი შამბას ამასწინანდელი განცხადება. მისი თქმით, «თუ საქართველო მართლაც შეეცდება, პირველი ივლისიდან საკუთარი ძალებით გააკონტროლოს საზღვაო აკვატორია (მათ შორის, აფხაზეთის მიმდებარე წყლები), - ეს ისეთივე პროვოკაცია იქნება, როგორიც 1992 წლის 14 აგვისტოს აფხაზეთში გვარდიის შეყვანა იყო».
    ამ შემთხვევაში (მიაქციეთ ყურადღება - ავტ.) სერგეი შამბას აზრით, შუამავალიც (რუსეთი) და დამკვირვებელიც (საქართველოს მეგობარი ქვეყნების ელჩები) საქართველოს დაუპირისპირდებიან. ეს განცხადება მხოლოდ ერთი შეხედვით შეიძლება ვინმეს უსაფუძვლოდ მოეჩვენოს.
    გავიხსენოთ, რა მოხდა 1994 წლის 15 სექტემბერს: რუსებმა თითქოს თანხმობა მოგვცეს ლტოლვილთა დაბრუნება დაეწყოთ გალის რაიონში, ავტობუსებშიც ჩასხეს დევნილები, ესკორტიც გამოუყვეს, მაგრამ შემდეგ ყველაფერი ჩაიშალა. იცით, ვინ განუცხადა პირველი პროტესტი ქართულ მხარეს «ქართულ-აფხაზური შეთანხმების დარღვევისათვის»? ვინ და გაეროს დამკვირვებელთა ხელმძღვანელმა!
    ნამდვილად არ არის გამორიცხული, იმ შემთხვევაში, თუ საქართველო სამხედრო გემებს შეიყვანს აფხაზეთის აკვატორიაში (რასაც აუცილებლად მოჰყვება სამხედრო შეტაკება სეპარატისტებთან) ამგვარი ქმედებით უკმაყოფილება გამოთქვან არა მხოლოდ რუსებმა, არამედ ჩვენმა დასავლელმა მეგობრებმაც.
    მათი უკმაყოფილება მით უფრო მკაცრად გამოხატული იქნება, რაც უფრო ლოიალურად მოეკიდება საქართველოს ქმედებას რუსეთი. უნდა ვაღიაროთ, აფხაზებმა კვლავ ძალიან ეშმაკურად შექმნეს ვითარება. როცა დასავლეთის ქვეყნები მათი მოკავშირეები უფრო იქნებიან, ვიდრე ჩვენი;
    დასავლეთი არასდროს დაუჭერს მხარს სამხედრო აქციას, საკითხის სამხედრო გადაწყვეტას. თუ საქართველო ომს წამოიწყებს იმ პირობებში, როცა დასავლეთი მოლაპარაკებებში მონაწილეობს - მაშინ პასუხისმგებლობა ომის განახლებისთვის მასაც (დასავლეთს) დაეკისრება, რაც ნამდვილად არ ეპიტნავებათ არც ევროპულ დედაქალაქებში და არც ვაშინგტონში.
    სხვა საქმე იქნებოდა, ამერიკის შეერთებულ შტატებს, გერმანიას, დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთს საერთოდ რომ არ მიეღოთ მონაწილეობა ამ პროცესში. მაგრამ რაკი ჩაერთვნენ მოლაპარაკებებში - უეჭველად წინააღმდეგნი იქნებიან ძალისმიერი მეთოდებისა. მათი პრინციპია: მოლაპარაკება სჯობს ომს იმ შემთხვევაშიც, თუ მოლაპარაკებას შედეგი არ მოაქვს.
    ერაყი სხვა საქმეა - საქართველოსაგან განსხვავებით, ერაყი რუსეთის უშუალო გეოპოლიტიკური არეალის გარეთ მდებარეობს. სხვაგვარად თუ ვიტყვით, სეპარატისტთა გაიძვერობამ, ჩვენი მოკავშირეები ჩვენივე მოწინააღმდეგეებად შეიძლება აქციოს! არძინბა და მისი ხროვა ზღვაში მომხდარი პირველივე შეტაკებისას თვალთმაქცურად განაცხადებენ: წარმოგიდგენიათ, ჟენევის პროცესი წარმატებით ვითარდებოდა, მოლაპარაკებებს ვაგრძელებდით უდიდესი სახელმწიფოების მონაწილეობით და ქართველებმა მაინც ძალის გამოყენება არჩიესო.
    ჭეშმარიტად, სეპარატისტთა გაიძვერობას საზღვარი არ აქვს და მათი ეს თვისება ზიზღს რომ არ იწვევდეს, უეჭველად აღფრთოვანებას გამოიწვევდა.
   

რიბკინის დაწინაურებით კრემლმა ჩეჩნები შევარდნაძეზე თავდასხმისათვის დააჯილდოვა

    გასულ კვირას მოსკოვში მოხდა ძალზე ნიშანდობლივი და საყურადღებო ფაქტი: პრეზიდენტ ელცინის ბრძანებულებით, უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი ივანე რიბკინი დაინიშნა რუსეთის მთავრობის ვიცე-პრემიერად და დსთ-ს საქმეთა კურატორად.
    პირველივე ინტერვიუში რიბკინმა განაცხადა: ჩემი ჩეჩენი კოლეგები, რომლებთანაც ამდენი წელი ვიმუშავე, ალბათ, არ იქნებიან უკმაყოფილო ასეთი დანიშვნითო.
    თითქოს გაუგებარი განცხადებაა, მაგრამ გავიხსენოთ სხვა განცხადებებიც. კერძოდ, იჩქერიის პრეზიდენტ მასხადოვს (ისევე, როგორც მის წინამორბედ დუდაევს) არაერთგზის უთქვამს: «ჩეჩნეთი მზად არის გაწევრიანდეს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში იმავე სტატუსით, როგორც ყოფილი მოკავშირე რესპუბლიკები“. გავიხსენოთ, აგრეთვე, «მოკავშირე და ავტონომიურ რესპუბლიკათა გათანაბრების» ყბადაღებული იდეა, რომელიც კვლავინდებურად ცოცხლობს კრემლის კულუარებში.
    ასლან მასხადოვი სულ ცოტა ხნის წინ ივანე რიბკინს სთავაზობდა: „თუ რუსეთი და ჩეჩნეთი შეთანხმებას მიაღწევენ, ისინი ერთობლივად იმოქმედებენ სამხრეთ კავკასიაში ინტერესთა თანხვედრის საფუძველზეო». ვის წინააღმდეგ შეიძლება დაემთხვეს სამხრეთ კავკასიაში რუსეთისა და ჩეჩნეთის ინტერესები? რა თქმა უნდა, საქართველოს წინააღმდეგ! უკვე არაერთ დამკვირვებელს (მათ შორის ამ სტატიის ავტორსაც) გამოუთქვამს შეხედულება, რომლის თანახმადაც, 9 თებერვლის ტერორისტული აქტით ჩეჩნები ცდილობდნენ რუსეთის წინაშე მოეხდინათ თავიანთი შესაძლებლობების დემონსტრირება: თუ ცნობთ ჩეჩნეთის დამოუკიდებლობას, მზად ვართ თქვენს ინტერესებში ვიმოქმედოთ და თქვენი მოწინააღმდეგეები ფიზიკურად გავანადგუროთო. რატომღაც ყველა ლაპარაკობს «რუსულ კვალზე» ნავთობსადენთან დაკავშირებით. რატომ გვავიწყდება, რომ «დიდი ნავთობსადენის» გაყვანით რუსეთის ტერიტორიაზე ჩეჩნეთის გავლით - იჩქერიაც დაინტერესებულია?! ოღონდ თუ რუსეთი სანაცვლოდ ცნობს ჩეჩნეთის დამოუკიდებლობას.
    ამრიგად, «დიდი ნავთობსადენის» გაყვანა საქართველოზე ერთნაირად მიუღებელი გამოდის როგორც მოსკოვისთვის, ასევე გროზნოსათვის.
    შეუძლებელია არ არსებობდეს რაღაც კავშირი ამ ორ მოვლენას შორის. 9 თებერვლის ტერაქტი და რიბკინის «ამაღლება» დსთ-ს დონემდე. ელცინი ამით აშკარად ცდილობდა მოეხდინა რაღაც ახალი რეალობის დემონსტრირება - ჩეჩნებისთვის სასიამოვნო რეალობისა.
    ამიტომაც გამოთქვა «ღრმა კმაყოფილება» ჩეჩენთა პროპაგანდის მინისტრმა უდუგოვმა – ივანე რიბკინის დანიშვნით. დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა დადის ჩეჩნეთ-რუსეთის ურთიერთობათა დონეზე თუ პირიქით- ეს ურთიერთობა განიხილება იმავე კონტექსტში, რაც დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნებთან ურთიერთქმედება? აქ რაღაც ქარაგმაა, თანაც ძალიან მზაკვრული ქარაგმა. ნებისმიერ შემთხვევაში, 9 თებერვლის შემდეგ, ვიდრე სალმან რადუევს პასუხი არ უგია, საქართველოს დიდი სიფრთხილე მართებს გროზნოსთან.

დილის გაზეთი, 9 მარტი, 1998 წ.