ვის ინტერესებშია თბილისის საკრებულოს «გამყინვარება»
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ «საშველი დააყენა» 2 ივნისს არჩევნების შედეგთა ხელახალ გადათვლას. როგორც ცნობილია, სასამართლოს გადაწყეტილებით, შედეგები უნდა დაზუსტდეს თბილისში მიღებული უკლებლივ ყველა ბიულეტენის გადათვლით. ამავდროულად, ედპ-სახალხოს, ფაქტობრივად, ერთობლივი სარჩელით (რაც ნიშანდობლივია) აიკრძალა ახლად არჩეული საკრებულოს შეკრება გადათვლის დასრულებამდე.
სასამართლო ხელმძღვანელობდა იმ არგუმენტით, რომ თუ საკრებულო შეიკრიბება და ცნობს დეპუტატთა უფლებამოსილებას, შემდგომ (გადათვლისას დარღვევათა აღმოჩენის შემთხვევაში) აუცილებლად წარმოიშობა იურიდიული კოლიზია, ვინაიდან შეუძლებელი გახდება პარტიული სიებით არჩეულ დეპუტატთა რაოდენობის» შეკვეცა» _ ამას ისეთი ვაი-უშველებელი მოჰყვება, საკრებულოს სხდომათა ჩატარება უაზრობად იქცევა. გარდა ამისა, წამოვიდა «კონტრსარჩელების» არათუ ტალღა, არამედ ჩანჩქერი.
ერთი სიტყვით, «სამართლიანობის დადგენის» მოტივით სასამართლოში შეტანილი არცთუ უსაფუძვლო «პირველი» სარჩელი ტრანსფორმირდა «სასამართლო ჩიხში», საიდანაც გამოსავალი არ ჩანს. «საერთოდ ამ პრობლემაში ფოკუსირდება მთლიანად ქართული პოლიტიკური «ისტუაციის» ძირითადი არსი ინტრიგა-ინტრიგას ეხლართება და შედეგად წვა-დაგვით არჩეული საკრებულოს «აორთქლების» ფოკუსი მივიღეთ.
ეს კიდევ, როგორც რუსები იტყვიან, «ყლორტებია» - ნამდვილი სეირი შეიძლება გაისად დაიწყოს, თუ 2003 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგი დადგება ეჭვქვეშ.
დღეს დაწყებული «გადათვლის» მთავარი პრობლემაა არა «გადამთვლელთა» ჰონორარი (რასაკვირველია, ლეგალური) ან სხვა ხარჯები, არამედ ის, რომ «გადამოწმების» შედეგად თბილისის საკრებულო შეიძლება საერთოდ ვეღარ შეიკრიბოს 2003 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე! ვერავინ ამბობს, რამდენი დრო დასჭირდება ამ გადათვლას - ორი თვე, სამი თუ ექვსი? გუშინ ცსკ-ის თავმჯდომარემ, ჯუმბერ ლომინაძემ დაასახელა სამთვიანი ვადა, თუმცა, ესეც მიახლოებითი დროა, ვინაიდან დათვლის პროცესში უამრავი რამ შეიძლება მოხდეს _ არ არის გამორიცხული, შედეგი თვით დათვლის პროცესში გასაჩივრდეს.
სხვა მომენტებთან ერთად, 2 ივნისის არჩევნები და «თბილისის საკრებულო პოლიტიკურ პარტიებს «რეპეტიციად» და «ბაზად» ესაჭიროებათ მომავალი «დიდი არჩევნებისთვის». იგულისხმება არა მხოლოდ საპარლამენტო არჩევნები, არამედ მთელი საარჩევნო ციკლი, საპრეზიდენტო არჩევნების ჩათვლით.
საარჩევნო-პოლიტიკური ტექნოლოგიები ჩვენმა პოლიტიკურმა მოღვაწეებმა ათი წლის განმავლობაში კარგად დაამუშავეს და შეისწავლეს. მათ შესანიშნავად იციან: პროტესტული ელექტორატის «მხარდაჭერა» პეპელასავით «ერთდღიანია». 1998 წლის «ადგილობრივ» არჩევნებში ლეიბორისტებმა არანაკლებ შთამბეჭდავი გამარჯვება მოიპოვეს, ვიდრე მიმდინარე წლის 2 ივნისის არჩევნებზე, მაგრამ შემდგომ პროტესტული ელექტორატი განიხიბლა და არც შეიძლებოდა სხვაგვარად მომხდარიყო: რისი მაქნისია საკრებულო საერთოსახელმწიფოებრივი პრობლემების გადაწყვეტის თვალსაზრისით? აქედან გამომდინარე, არ არის გამორიცხული, ამბიციური პარტიები თავად იყვნენ დაინტერესებულნი, რომ თბილისის საკრებულო 2003 წლის ნოემბრემდე საერთოდ არ შეიკრიბოს.
დილის გაზეთი, 30 ივლისი, 2002 წელი