თემურ შაშიაშვილის მოკრძალებული ხიბლი

თემურ შაშიაშვილის მოკრძალებული ხიბლი

 

    მიუხედავად იმისა, რომ თემურ შაშიაშვილი ზოგიერთმა ჩემმა კოლეგამ «ქუთაისის გენერალ-გუბერნატორად» გამოაცხადა და ნეოკომუნისტურ მიდრეკილებებში დასდო ბრალი, ბოლო დროს აშკარად შესამჩნევი ხდება «იმერელი ლიდერის» პროგრესი სახელისუფლებო ოსტატობის დახვეწის თვალსაზრისით
    წავიდა ის დრო, როცა შაშიაშვილი საქართველოს ტელევიზიით აცხადებდა: როგორ გაბედა ზოგიერთმა და ქუთაისი პროვინციალიზმის მაგალითად დაასახელაო. საუბარია ერთ-ერთი «ცნობილი» მწერლის გამოსვლაზე, რომელმაც მთელი ცხოვრება «სავარდო და სამაისო» ქალაქში გაატარა, მაგრამ ხანდაზმულობისას მაინც იხუმრა სატელევიზიო გადაცემაში: ამას ხომ ქუთაისშიც გაიგებენო.
    სწორედ ამ ფრაზით იწყება იმერული «ზნეობრივ რევოლუცია», რომელიც პროვინციალიზმის ხუნდებისაგან გათავისუფლებას ისახავდა მიზნად. ამ რევოლუციის აპოთეოზი იყო იმერეთ-საფრანგეთის ურთიერთობებში უმნიშვნელოვანესი მოვლენა; კერძოდ, იმერეთის გუბერნატორის «ოფიციალური ვიზიტი საფრანგეთის რესპუბლიკაში» და პარიზში შეხვედრისას მის მიერ წარმოთქმული მართლაც (ამჯერად ირონიის გარეშე) შესანიშნავი სიტყვა, რომელსაც (საოცარია, მაგრამ ფაქტია) პროვინციალიზმის ნასახიც აღარ ეტყობოდა.
    თემურ შაშიაშვილი ოდნავ ღიმილის მომგვრელ ფიგურად რჩება; ისევე, როგორც ქუთაისის ჩვენთვის საყვარელი ფენომენი, მაგრამ არ შეიძლება, შაშიაშვილი გძულდეს, ვინაიდან იგი «მტრის ფენომენისათვის» დამახასიათებელ თვისებებს არ შეიცავს.
    პოპულიზმი კი, ბოლოს და ბოლოს, დანაშაული არ არის.
    თემურ შაშიაშვილი ბოლო დროს ერთგვარად დამშვიდდა, ხელისუფლებას (არა მხოლოდ მოქალაქეთა კავშირს, არამედ პრეზიდენტსაც) შეურიგდა და მედიდურად აღარ აცხადებს: გარკვეული ძალები იმერეთის ხელმძღვანელობასა და საქართველოს პრეზიდენტს შორის ურთიერთობათა დაძაბვას ცდილობენო.
    რაც ყველაზე საინტერესოა, ქუთაისი მაგნიტივით აღარ იზიდავს ყველა ჯურის «მემარცხენე პოლიტიკანს», რომლებმაც სულ ცოტა ხნის წინ იმერეთის დედაქალაქი ლამის «მემარცხენე ვანდეად» გამოაცხადეს, მაგრამ ახლა მიხვდნენ, რომ იმერეთიდან ბევრს ვერაფერს «გამოადნობენ» თავიანთი «მემარცხენე» რეაქციის გასამარჯვებლად და ქუთაისელებიც არაა ის ხალხი, ვინც ბარიკადებზე ავა ლიბერალური დემოკრატიისა და ლიბერალური ეკონომიკის წინააღმდეგ საომრად.
    თემურ შაშიაშვილი ალბათ ხვდება, რომ თავადაც მიეცა თავისუფლად ამოსუნთქვის შანსი, ხოლო თებერვლის მოვლენებმა (შევარდნაძეზე ტერაქტმა და ა.შ.) კიდევ ერთი (საზარელი სათქმელია, მაგრამ ფაქტია) დადებითი შედეგი გამოიღო: პოლიტიკური ელიტა კონსოლიდაციის შენარჩუნების აუცილებლობაში დარწმუნდა, ვინაიდან კვლავაც არსებობენ ძალები, რომლებიც თვისებრივად მთელს ისტებლიშმენტს უპირისპირდებიან.
    გონებაჩლუნგმა «რუსოფილებმა» (მოსკოვში რომ ცხოვრობენ და იქიდან ცდილობენ საქართველოს რუსეთისაგან ჩამოშორებას) თავიანთი გონებაშეზღუდულობით ახალ ქართულ ელიტას შეკავშირების საშუალება მისცეს, რაც ქვეყნისათვის უეჭველად დადებითი მოვლენა და პროცესია.
    თემურ შაშიაშვილმა თუ თვალებში «გამოიხედა», მრისხანე ტონს სირბილე შეაპარა ან საერთოდაც დაცხრა, ესეც პროცესის შედეგად უნდა ჩაითვალოს.
    ეგღა აკლიათ ქუთაისელებს, ვიღაცის ან რაღაცის პოლიგონად იქცნენ. არადა, ეს ის მინიმუმია, რაც თემურ შაშიაშვილის მშვიდ «გენერალ-გუბერნატორობას» უზრუნველყოფს მინიმუმ 8 წლის განმავლობაში - 2005 წლამდე მაინც.

მერიდიანი, 9 მარტი, 1998 წ.