ბელორუსიის «ანშლიუსი»

ბელორუსიის «ანშლიუსი»

    ოთხშაბათს დილით, რუსულმა ენერგოგიგანტმა «ინტერ რაომ» ბელორუსიას ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყვიტა «მთლიანად და დროებით». ესე იგი მთლიანად შეწყვეტილი ექნება მანამ, სანამ დავალიანებას არ გადაიხდიან ბელორუსები. დავალიანება სულ რაღაც 40 მილიონი დოლარია – სასაცილო თანხა. თუმცა მინსკს დღეს უკვე არც მისი დაფარვა შეუძლია. ჰოდა რუსეთიც სარგებლობს სიტუაციით, რათა «მოძმე ერს» კისერზე წიხლი დააჭიროს და მოახრჩოს.
    ელექტროენერგიის გათიშვით იწყება ახალი გამოუცხადებელი ომი ორ სლავურ სახელმწიფოს შორის, რომელთაგან ერთს «დერჟავის აღდგენა» უნდა, მეორეს დანაშაული კი ის არის, რომ მაინც სურს შეინარჩუნოს დამოუკიდებლობა.
    რა თქმა უნდა, მაშინვე განახლდა საინფორმაციო ომიც. ტელეკომპანია «ნტვ» - მ, რომელიც ოდესღაც დამოუკიდებელი იყო, ხოლო დღეს კრემლის ყველაზე ბინძური შეკვეთების განმახორციელებელია, ბელორუსის პრეზიდენტისა და ამ ქვეყნის წინააღმდეგ მორიგი პასკვილი გამოაცხო, რომლის ავტორები «გულდათუთქული მოთქვემენ» ბელორუსული ეკონომიკის უბედურების გამო და იმის თაობაზე, რომ თურმე ნუ იტყვით, პრეზიდენტი ლუკაშენკო «ბელორუსეთში სოციალიზმს აშენებს, რამაც ხალხის გაღატაკება და ქვეყნის გაკოტრება გამოიწვია».
    ჰმ . . . ისე, საინტერესოა, როდის აქეთ გახდნენ რუსები სოციალიზმის მოძულენი? რუსეთში ლუკაშენკო სწორედ იმიტომ იყო პოპულარული და ლამის პრეზიდენტობასაც სთავაზობდნენ, რომ თითქმის ხელუხლებელი დატოვა საბჭოთა კავშირის დროინდელი «კომუნისტური ეკონომიკა», რომლითაც ამას წინათ «პირველი ქართველი ცეხავიკ-მილიონერი», გოგი თოფაძე ვერ მალავდა აღფრთოვანებას «აქუსთან» გადაცემაში: «დედა, რა გენიოსია ეს ლუკაშენკო, საზღვრები ჩაკეტა და ბელორუსული პროდუქციის გარდა არაფერს აჭაჭანებსო».
    ეს თითქოს სულ სხვა თემაა, მაგრამ თოფაძე ალბათ იმაზე ოცნებობს, საქარველოსაც მოევლინოს ამგვარი «ლუკაშენკო», რომელიც უცხოური პროდუქციის იმპორტს საერთოდ აკრძალავს, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციიდანაც გამოვა და «მშობლიურ ოლიგარქიას» დაეხმარება, გაყიდოს მხოლოდ თავისი (უხარისხო და ძვირი) პროდუქცია ნაცვლად უცხოურის, ესე იგი, ხარისხიანი და იაფისა. მომავალ არჩევნებში ალბათ ისევ შეეკვრება «ახლებს» და ორივე ერთად დაგვიწყებენ ჭკუის სწავლებას «ბიზნესის თავისუფლების თაობაზე».

საოცნებო საბაჟო ბედნიერება
   
   

    თუმცა, კიდევ ვიმეორებ, ეს სულ სხვა თემაა. დავუბრუნდეთ ლუკაშენკოს, ბელორუსეთს და ახლახანს განახლებულ რუსულ-ბელორუსულ ფარულ ომს. მაინც რატომ აეწვათ ასე კუჭი კრემლში ბელორუსული «სოციალიზმის» გამო? მოვყვეთ თანმიმდევრობით და გავიხსენოთ ბოლოდროინდელი მოვლენები, რომელიც საქართველოსთვის (აქა იქ შემორჩენილი საცოდავი «რუსეთუმეებისთვის») ძალზე ჭკუისსასწავლებელი უნდა იყოს.
    წლის დასაწყისში ბელორუსეთმა, რუსეთმა და ყაზახეთმა ე.წ. «საბაჟო კავშირი» შექმნეს. დიდი ზარ-ზეიმით გამოცხადდა, რომ ეს არის გზა სამივე ქვეყნის აყვავებისკენ. საქართველოშიც გაიგონებ აქა იქ, რომ «დიდი რუსეთის ბაზრის დაბრუნება და საბაჟო ბარიერების მოშლა ძალიან სასარგებლო იქნება . . .» და ა.შ.
    მაგრამ სულ მალე მოხდა ის, რასაც მინსკში, როგორც ჩანს არ ელოდნენ, ხოლო მოსკოვში თავიდანვე ზუსტად გათვალეს: იმ პირობებში, როდესაც რუსეთი და ბელორუსი ორი სხვადასხვა სახელმწიფოა, ესე იგი სხვადასხვა ვალუტა, სხვადასხვა საგადასახადო-საფინანსო სისტემა აქვთ, საბაჟო ბარიერების მოშლამ ის გამოიწვია, რომ ბელორუსული პროდუქცია უფრო მდიდარ და ნავთობდოლარებით «გაბერილ» რუსულ ბაზარზე «გაიწოვა». თანაც ისე, რომ თვით ბელორუსებს საერთოდ აღარაფერი დარჩათ.
    გამძვინვარდა სასურსათო და ფინანსური კრიზისი, ბელორუსული ვალუტა ორჯერ (!) გაუფასურდა, ინფლაციამ სამას პროცენტს მიაღწია, სახელმწიფოს სავალუტო რეზერვები ნულზე დავიდა, დაიწყო სტიქიური მიტინგები ლუკაშენკოს გადადგომის მოთხოვნით. მისი რეიტინგი კატასტროფულად დაეცა.
    ბოლოს საქმე იქამდე მივიდა, რომ ერთ-ერთ თათბირზე ალექსანდრე ლუკაშენკომ პირდაპირ თქვა: საზღვრები საერთოდ უნდა ჩავკეტოთ და ბელორუსიიდან ყოველგვარი პროდუქციის გატანა ავკრძალოთო! უბრალოდ კომიკურია, რომ ამ განცხადებამ ე.წ. «საბაჟო კავშირის» შექმნიდან სულ რაღაც მეექვსე თვის თავზე გაიჟღერა მინსკში. რომელ «საბაჟო კავშირზეა» ლაპარაკი, როდესაც ამ კავშირის ერთ-ერთი მონაწილე თავისი ქვეყნის საზღვრების ჩაკეტვაზე ალაპარაკდა? თუმცა უკვე გვიანაა.
    ძელი წარმოსადგენი არ არის, როგორ ხარხარებენ მოსკოვში. იმიტომაც არ მოსწონთ «ბელორუსული სოციალიზმი», რომ იგი საშუალებას აძლევს ლუკაშენკოს, ხელოვნურად შეზღუდოს პროდუქციის «გაწოვა» ქვეყნიდან. და მაინც კრიზისია! ხომ წარმოგიდგენიათ მაშინ რა მოხდებოდა, ბელორუსეთში რომ ნამდვილად საბაზრო ეკონომიკა იყოს? P
    პუტინ-მედვედევსაც ვერ დაუწუნებ ეშმაკობას: ბელორუსული პროდუქცია ხომ არაკონკურენტუნარიანია მეზობელი ევროპის ტერიტორიაზე, იქ არავის სჭირდება, ესე იგი მხოლოდ რუსეთში თუ გაიყიდება?! თავიდანვე ნათელი უნდა ყოფილიყო, რომ ამ პირობებში «საბაჟო კავშირი» მთელი ბელორუსული ეკონომიკის «მოძმე რუსეთში» გაწოვას გამოიწვევდა, ანუ სწორედ იმ კატასტროფულ შედეგებს, რაც «რეალურად დადგა ქვეყანაში
    ახლა კი ირტყავენ თავში ხელს მინსკში, მაგრამ გვიან არის. მოსკოვმა მათ ულტიმატუმი წაუყენა: გინდათ გადარჩეთ? შემოდით რუბლის ზონაში! ესე იგი უარყავით საკუთარი ვალუტა, მიიღეთ რუსული რუბლი და თქვენი ტანჯვაც დამტავრდება!

ბელორუსული მინუსი და რუსული პლიუსი

        მართლაც. ე.წ. «საბაჟო კავშირი» მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება სასარგებლო ბელორუსიისთვის (ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა ქვეყნისთვის) თუ ეს ქვეყანა ეროვნულ ვალუტაზე უარს იტყვის და «რუბლის ზონაში» შევა. მაშინ ყველა ის «მინუსი», რაც დღეს საბაჟო კავშირს ბელორუსისთვის მოჰყვა, უმალევ «პლიუსად» გადაიქცევა: აღარც ბელორუსული ფულის დოლარზე გადახურდავების პრობლემა იარსებებს და აღარც ინფლაციისა: ყველაფერი დაწყნარდება, ბელორუსია ნამდვილად აყვავდება! ოღონდ არა როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, არამედ რუსეთის ერთი ჩვეულებრივი გუბერნია!!!
    მაშასადამე, კრემლი ბელორუსეთსაც და სხვა მეზობლებსაც ეუბნება: საბაჟო კავშირს მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს აზრი, მხოლოდ იმ პირობით გამოიღებს შედეგს, თუ სახელმწიფოებრიობაზე (ესე იგი დამოუკიდებლობაზე) უარს ამბობ, შემოდიხარ რუბლის ზონაში, ანუ შედიხარ რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში!
    1994 წელს, როდესაც ედუარდ შევარდნაძემ (დღეს რომ ჭკუას გვასწავლის, - «აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარეთო») მოსკოვს რუბლის ზონაში შესვლა სთხოვა, რუსეთის მთავრობის იმდროინდელმა ვიცე-პრემიერმა, «ლიბერალური იმპერიალიზმის» მამამთავარმა, ანატოლი ჩუბაისმა პირდაპირ უპასუხა: «გაითვალისწინეთ, რომ ვინც შემოდის რუბლის ზონაში, ის შემოდის რუსეთში!»
    პირველი ნაბიჯი აქეთ ბელორუსმა მაშინ გადადგა, როდესაც ბევრი ჭკუამოკლე ქართველი ეკონომისტისთვის საოცნებო «საბაჟო კავშირი» შექმნა რუსეთთან და «დიდი რუსული ბაზარი დაიბრუნა». ჰოდა სულ რაღაც 6 თვის მერე ულტიმატუმებს უყენებენ, უდიდეს საწარმოებს (მაგალითად «ბელტრანსგაზს») ჩალის ფასად ართმევენ, აშანტაჟებენ, ელექტროენერგიას უთიშავენ, «ტელედივერსიებს» უწყობენ და სრული «ანშლუსისთვის» ემზადებიან.
    ეს ტერმინი 1939 წელს გაჩნდა, როდესაც ჰიტლერულმა გერმანიამ მეზობელი, ისტორიულად მეგობარი და მის ენაზე მოლაპარაკე პატარა სახელმწიფო – ავსტრია «გადაყლაპა».

2011