“სახალხოს“ და “ტრადიციონალისტთა“ ალიანსმა ბევრი შეაფიქრიანა

“სახალხოს“ და “ტრადიციონალისტთა“ ალიანსმა ბევრი შეაფიქრიანა

   

    «ეროვნულ-დემოკრატიული» პარტიის ლიდერმა მისი ყოფილი თანაპარტიელების ალიანსს ყოფილ «მრგვალმაგიდელ» კაკო ასათიანთან ერთობ ნიშანდობლივი კომენტარი გაუკეთა. მისი თქმით, ამჟამად საქართველოში მიმდინარეობს რუსული ორიენტაციის ძალთა კონსოლიდაცია.
    მათ შორის სარიშვილმა დაასახელა რამდენიმე ძირითადი ბლოკი: «აღორძინება». «ამომრჩეველი», „გოგუაძე-მარგიანი“ და „ტრადიციონალისტები“ - «სახალხო». ირინა სარიშვილი-ჭანტურია დარწმუნებულია, რომ სამი სხვადასხვა ბლოკი მხოლოდ ფორმალობაა, რადგან პრინციპულ საკითხებში მათი მიზანსწრაფვა რეალურად იდენტურია.
    ედპ-ს ლიდერის ეს განცხადება ცხადყოფს, რომ სარიშვილი-ჭანტურიამ (და არა მარტო მან) ერთობ მტკივნეულად აღიქვა ექსთანაპარტიელთა ალიანსი «ტრადიციონალისტებთან». ძნელი მისახვედრი არ იყო (ამას «სახალხოელებიც» ადვილად მიხვდნენ), თუ საით უნდა წარმართულიყო ძირითადად დარტყმა პარტიის დაშლის შემდეგ. ირინა სარიშვილის პოლიტიკური პერსპექტივა და საკმაოდ მნიშვნელოვანი მენტალური ცვლილებები ქართული ელექტორატის მასაში ედპ-ს თავმჯდომარეს რუსეთისადმი ტრადიციული დამოკიდებულების კორექტირებას აიძულებდა. ქალბატონი ირინას განცხადება იმის თაობაზე, რომ მომავალ არჩევნებში «შედეგს პრეზიდენტის კეთილგანწყობა განსაზღვრავს», კიდევ უფრო აძლიერებს ამ შთაბეჭდილებას.
    ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიის «ფერისცვალება» იქითკენაა მიმართული, რომ ქართული პოლიტიკური სპექტრის განუყოფელ (მუდმივ) ნაწილად იქცეს და, აქედან გამომდინარე, იგი რასაკვირველია გაითვალისწინებს შექმნილ რეალობას ანუ ისტებლიშმენტში არსებულ კონიუნქტურას. ამდენად, ორივე შემთხვევაში აუცილებლად მიიჩნევს რუსეთის მიმართ «ადრინდელი» რადიკალური ფრაზეოლოგიის შერბილებას; ოღონდ არა პირდაპირ, არამედ «ირიბ», «თანამდევ» გამოვლინებაში.
    მაგალითად, ედპ-მ მხარი არ დაუჭირა რუსეთის სამშვიდობო ძალების გაყვანას კონფლიქტის ზონიდან, ვინაიდან ჩათვალა, რომ ეს აშკარად გამოიწვევდა ახალ ომს და ვითარების დესტაბილიზაციას. მან მოითხოვა «სამშვიდობო ძალების ჩანაცვლება». თუმცა ცხადია, რომ ამას წლები დასჭირდება. ამ ვითარებაში «სახალხოელების» მხრიდან ყველაზე ლოგიკური იქნებოდა აპელირება ედპ-ს ტრადიციულ დამოკიდებულებაზე რუსეთის მიმართ. ეს ტრადიცია კი გამორიცხავს არათუ «შერიგებას რუსეთის ფაქტორთან,» არამედ მცირეოდენ კომპრომისსაც. ყოველ შემთხვევაში, არცთუ დიდი ხნის წინ ეროვნულ-დემოკრატიული პარტია დაუშვებლად მიიჩნევდა თვით პოლიტიკურ (ტაქტიკურ) მანევრირებასაც კი. თუ იგი გულისხმობდა საქართველოში რუსული არმიის თუნდაც ნაწილობრივ ლეგიტიმაციას, მით უმეტეს, საქართველოდან მისი გაყვანის თემის შერბილებას.
    გია ჭანტურიამ ერთხელ რუსეთის არმიასთან საქართველოს ინტერესების განსახორციელებლად თანამშრომლობის იდეას «პოლიტიკური ონანიზმი» უწოდა.
    თავდაპირველად «სახალხოელები» მისტიკურ შესაძლებლობას ჩაეჭიდნენ და რამდენჯერმე გააკეთეს განცხადება ირინა სარიშვილი-ჭანტურიას «საეჭვო ლოიალობის» შესახებ ხელისუფლების პრორუსული კურსისადმი. მათი პოზიცია ამ საკითხში რადიკალური გახდა და დაუახლოვდა 1990 წლის დროინდელი ედპ-ს პოზიციას. ელექტორატის განწყობა ან მთლიანობაში ქართული ისტებლიშმენტის «დაღვინება» ამ თვალსაზრისით მამუკა გიორგაძისათვის განსხვავებული ფაქტორი არ იქნებოდა, ვინაიდან იგი აქცენტს მხოლოდ «ლეგალურ» პოლიტიკაზე არასდროს აკეთებდა.
    «სახალხოელების» ტრადიციონალისტთა» ლიდერთან ალიანსს ერთი თავისებურებაც ახლავს. აკაკი ასათიანი არის იმ პოლიტიკური ტრადიციის მატარებელი, რომელიც არ გამორიცხავდა კომპრომისს რუსეთთან საქართველოს სასარგებლოდ, რაც კატეგორიულად მიუღებელი და შეუფერებელია გია ჭანტურიას პოლიტიკურ მსოფლმხედველობასთან.
    სარიშვილი-ჭანტურია «ტრადიციონალისტებს» აიგივებს ვახტანგ გოგუაძესთან, ავთანდილ მარგიანთან, ვალერი კვარაცხელიასთან, შალვა ნათელაშვილთან და იგივე ასლან აბაშიძესთან, რომელთაც რუსეთის მეშვეობით სურთ საქართველოს პრობლემებისის გადაწყვეტა.
    მაგრამ «ედპ»-ს ხომ ასეთი შესაძლებლობებისა არასოდეს სჯეროდა? უფრო მეტიც, - იგი ხომ იმთავითვე კოლაბორაციონიზმად აცხადებდა ამ მცდელობას?! თვით ამგვარ ბრალდებას მართლაც აქვს რეალური საფუძველი და პიროვნული დაპირისპირებით არ არის ნასაზრდოები, - ეს წინააღმდეგობა ადრე თუ გვიან უეჭველად იჩენს თავს. ყოველ შემთხვევაში, ირინა სარიშვილი-ჭანტურიას იგი ნამდვილად არ გამოეპარება.

მერიდიანი, 9 იანვარი, 1998 წ.