რობერტ კოჩარიანის ვიზიტი თბილისში აზერბაიჯანელებს გაანაწყენებს

რობერტ კოჩარიანის ვიზიტი თბილისში აზერბაიჯანელებს გაანაწყენებს


   

    ესენგეს სივრცეზე ერთ-ერთი ყველაზე გამჭრიახი და ეშმაკი პოლიტიკოსის, სომხეთის პრეზიდენტ ლევონ ტერ-პეტროსიანის მახვილგონივრული ნაბიჯი იყო მთიანი ყარაბაღის პრეზიდენტის, რობერტ კოჩარიანის სომხეთის პრემიერად დანიშვნა.
    ამით სომეხმა პრეზიდენტმა რადიკალურად განწყობილი ნაციონალისტები («არცახის» შემოერთების მომხრენი) დააკმაყოფილა და საერთაშორისო ასაპრეზზეც მყარად დააფიქსირა ოფიციალური ერევნის პრიორიტეტი. ფორმალურად ვერც შეედავებოდი: სომხეთის პრეზიდენტს კონსტიტუციით ჰქონდა და აქვს უფლება ნებისმიერი პიროვნება დანიშნოს თავისი ქვეყნის პრემიერ-მინისტრად. რა იგულისხმება მისი გადაწყვეტილების მიღმა და რა შთაბეჭდილებას იწვევს აღნიშნული ფაქტი, - სხვა საკითხია.
    რობერტ კოჩარიანი პოსტსაბჭოურ სივრცეზე წარმოშობილ კონფლიქტთა ერთ-ერთი მთავარი იდეოლოგია. სწორედ მისი ინიციატივით მყარდებოდა კონტაქტები ყარაბაღსა და «აფხაზეთს», ყარაბაღსა და «სამხრეთ ოსეთს», ყარაბაღსა და დნესტრისპირეთს შორის. ბუნებრივია, საქართველოსადმი კეთილგანწყობას მას ვერ მოსთხოვ, მაგრამ პრეზიდენტ ტერ-პეტროსიანის ფრთხილი და ეშმაკური პოლიტიკა ჩვენი ქვეყნის მიმართ სომხეთის პრემიერს მაინც აიძულებს, ასევე ფრთხილად და ჭკვიანურად იმოქმედოს. არ არის გამორიცხული, რომ ერევანში ერთგვარი შეშფოთებით აღიქვეს საქართველო-აზერბაიჯანის დაახლოება და სურთ «დააბალანსონ» გეოპოლიტიკური წონასწორობა კავკასიაში - იმის გათვალისწინებით, თავად რა პოზიცია უკავიათ ამ რეგიონში მოქმედი მსოფლიო ძალების მიმართ. ანალოგიური სურვილი შეიძლება (და უნდა) ჰქონდეს საქართველოსაც. აზერბაიჯანთან სტრატეგიული კავშირი, რა თქმა უნდა, ზღაპარია. ეს ორი ქვეყანა მეტისმეტად შორსაა ერთმანეთისაგან ზოგადი კულტურითა და შინაგანი საზოგადოებრივი მისწრაფებებით. ფაქტიურად, მათ მხოლოდ რაციონალური განსჯა აერთიანებთ, მაგრამ ასეთივე «გათვლები» შეიძლება საქართველოს სომხეთის მიმართაც ჰქონდეს. მოსწონს ვინმეს თუ არა, ეს ქვეყანა სამხედრო თვალსაზრისით კავკასიაში ყველაზე მძლავრი სახელმწიფოა (განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც რუსეთისაგან საშუალო სიშორის რაკეტები მიიღო), ეკონომიკური პოტენციალითაც არ ჩამოუვარდება საქართველოს - ყოველ შემთხვევაში, დღემდე ახერხებს ბუნებრივი აირის შესყიდვას თურქმენეთისაგან მაშინ, როცა საქართველოს ამ ქვეყნის ვალის გადახდა უკვე აღარ ძალუძს.
    ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ საქართველოს სომხეთის 17 მილიონი დოლარი მართებს. ამ ბერკეტის გამოყენებით კი ერევანს შეუძლია ზემოქმედება მოახდინოს საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციების დამოკიდებულებაზე ჩვენს მიმართ. არც საქართველოში მცხოვრები ნახევარმილიონიანი სომხური დიასპორაა ანგარიშიდან ამოსაგდები, რომ აღარაფერი ვთქვათ უმძლავრეს სომხურ ლობიზე დასავლურ დედაქალაქებში.
    თავის მხრივ, სომხეთს სჭირდება საქართველოს სატრანზიტო გზა (თუმცა, არც იმდენად, როგორც 1992-94 წლებში, ვინაიდან სპარსეთის ყურიდან ირანის გავლით შემოაქვს ტვირთები) და განსაკუთრებით შავი ზღვის პორტები - კოჩარიანი ამიტომაც მოინახულებს ზღვისპირეთს.
    რა თქმა უნდა, აზერბაიჯანის დაუძინებელი მტრის საქართველოში სტუმრობა აზერბაიჯანელებს გაანაწყენებს, მაგრამ თუ პოლიტიკაში ვინმეს «განაწყენებისა» შეგვეშინდება, საკუთარი ქვეყნის ინტერესთა რეალურად დაცვას ვერ შევძლებთ - სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობა ასეთ ცნებებს არ აღიარებს.

მერიდიანი, 19 ნოემბერი, 1997 წ.