აფხაზეთის სამშვიდობო პროცესი კვლავ ჩიხში შევიდა

აფხაზეთის სამშვიდობო პროცესი კვლავ ჩიხში შევიდა

 

    არაოფიციალური წყაროებიდან ცნობილი გახდა, რომ მოსკოვში სრული კრახით დასრულდა საქართველოს მცდელობა, ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში დისლოცირებული რუსეთის სამშვიდობო ძალებს მინიჭებოდათ «საპოლიციო მანდატი» ანუ დაკისრებოდათ ქართული მოსახლეობის დაცვის ვალდებულება.
    რუსეთის, ბელორუსიისა და ზოგიერთი სხვა ქვეყნის სამხედრო ექსპერტებმა თბილისის წინადადებები კატეგორიულად უარყვეს. უპირველეს ყოვლისა, რასაკვირველია, ყურადსაღებია რუსეთის პოზიცია, რომლის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ვინაიდან აფხაზური მხარე არ ეთანხმება საქართველოს პროექტს - აფხაზეთში სამხედრო-პოლიციური კომენდატურების შექმნის თაობაზე, მათ არ შეუძლიათ ამ ფუნქციის განხორციელება, რაკი «ეს გამოიწვევს ომს აფხაზებთან, რუსეთს კი ჩეჩნეთის ომიც ეყოფა». შესაბამისად, სამხედროებმა ეს საკითხი «პოლიტიკოსებს» გადაულოცეს - 16 მარტს მოსკოვში უნდა შედგეს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა.
    როგორც ჩანს, ამ შეხვედრაზეც ქართველ მინისტრს უარს ეტყვიან საქართველოს პრეზიდენტის მიერ წამოყენებულ წინადადებათა რეალურ განხორციელებაზე და საკითხს დიპლომატიურად ან «ექსპერტებს დაუბრუნებენ» ან საერთოდ გადადებენ «მომავალ შეხვედრამდე».
    ასეა თუ ისე, ერთი რამ ცხადია: საქართველოს მცდელობა, რუსეთის ჯარი ექცია აფხაზეთში ქართველ ლტოლვილთა დაბრუნების გარანტად და ამ ტერიტორიაზე იურისდიქციის აღდგენის საშუალებად - უშედეგოდ დასრულდა. ოღონდ არა იმიტომ, რომ რუსეთს დღეს არ სურს მოაგვაროს ეს პრობლემა (რადგან საქართველო ბევრ რამეს ჰპირდება სანაცვლოდ) არამედ იმის გამო, რომ რუსეთს არ სურს გადაიხადოს ის საფასური, რაც აუცილებელია: აფხაზებთან დაპირისპირების, სამხედრო ძალის გამოყენების გარეშე, პრობლემა ვერ გადაიჭრება; კრემლში კი ძალიან ეშინიათ ჩრდილოეთ კავკასიის შესაძლო რეაქციისა - ჩეჩნეთში მძვინვარე ომის ფონზე და საპრეზიდენტო არჩევნების წინ კრემლს ნამდვილად არ სურს იქ სიტუაციის გამწვავება.
    საქართველოს ხელისუფლებას ერთადერთი ალტერნატივა დარჩა: მოითხოვოს სამშვიდობო ჯარების გაყვანა კონფლიქტის ზონიდან, ვინაიდან თუ ამ ჯარებს კვლავ გაუგრძელდათ მანდატი, ეს ძალზე შეარყევს შევარდნაძის ავტორიტეტს.
    თუმცა, ისიც საკითხავია, გავლენ თუ არა აფხაზეთიდან რუსეთის ჯარები საქართველოს მოთხოვნის თანახმად - მოსკოვმა შეიძლება უამრავი იურიდიული ხერხი იპოვოს იმისათვის, რათა თბილისის მოთხოვნა არ შეასრულოს. მით უმეტეს, რომ აფხაზები, რასაკვირველია, ჯარების გაყვანის წინააღმდეგნი იქნებიან.

«მიმომხილველი», 1 მარტი 1996 წელი.