შეთანხმება რუსეთთან საზღვრის ერთობლივ დაცვაზე

შეთანხმება რუსეთთან საზღვრის ერთობლივ დაცვაზე

ორმაგი საზღვარი!

    წინა კვირას, საკმაოდ ხანგრძლივი «შესვენების» შემდეგ, საქართველოს კვლავ ეწვია წარმომადგენლობითი რუსული დელეგაცია, რომელშიც შედიოდნენ რუსეთის ფედერაციის სასაზღვრო ჯარების მთავარსარდალი, გენერალ-პოლკოვნიკი ნიკოლაევი და ჩვენთვის კარგად ცნობილი ბორის პასტუხოვი, რომელიც ბოლო დრომდე მონაწილეობდა ჟენევაში გამართულ ქართულ-აფხაზურ მოლაპარაკებებში.
    ვიზიტისა და საქართველოს სახელმწიფოს მეთაურთან ხანგრძლივი მოლაპარაკებების მთავარი თემა საქართველო-თურქეთის საზღვრის ერთობლივი დაცვა იყო. მაგრამ თვით ის ფაქტი, რომ პასტუხოვის მონაწილეობით, პარალელურად, მიმდინარეობდა მოლაპარაკება აფხაზეთთან დაკავშირებით - ნათლად მეტყველებს: როგორც რუსეთისათვის, ასევე საქართველოსათვისაც, ეს ორი საკითხი (ერთის მხრივ, რუსეთის სამხრეთი ფლანგის «გარე საზღვრების» დაცვა და მეორე მხრივ - აფხაზეთის პრობლემის გადაწყვეტა) ერთ კონტექსტში მოაიზრება. რაც («ჩეჩნეთის სინდრომის» გათვალისწინებით) უკვე აღარც არის გასაკვირი.

    დოკუმენტების ხელმოწერის შემდეგ, რომლებიც ითვალისწინებენ საქართველო-თურქეთის საზღვრის ერთობლივ დაცვას და ქართველ «მესაზღვრეთა» მომზადებას, გაიმართა «მცირე» პრესკონფერენცია. მხარეებმა რამდენიმე მეტად მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთეს. ნიკოლაევის კომენტარში ხშირად ჟღერდა ცნება «სტრატეგიული თანამშრომლობა» რუსეთ-საქართველოს ურთიერთობათა კონტექსტში, რასაც თვით ედუარდ შევარდნაძეც ეთანხმებოდა, ოღონდ იგი ოდნავ სხვა აქცენტს აკეთებდა: «მძიმე მატერიალურმა პირობებმა აიძულეს საქართველო, მიემართა რუსეთისათვის საზღვრის დასაცავად აუცილებელი ღონისძიებების ერთობლივი გატარების თხოვნით, რაკი ჩვენს ქვეყანას ჯერ-ჯერობით (ხაზი ჩემია - ავტ.) არა აქვს საშუალება, თავად, საკუთარი ძალებით უზრუნველყოს საზღვრის დაცვა».
    რუსული მხარე, როგორც ჩანს, ამითაც კმაყოფილი დარჩა, რაკი ჩეჩნეთში მიმდინარე მოვლენების ფონზე საქართველო-თურქეთის საზღვრის «მკაცრად» დაცვას მისთვის მართლაც სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს.
    ამავე დროს «ინტერესთა ბალანსი» არ უშლის მას ხელს «გააწონასწოროს» ფინანსური ვალდებულებებიც და საქართველოს მხარეს საკუთარი საზღვრის «სხვისი ხელით» დაცვისათვის საკმაოდ სერიოზული ფინანსური შენატანი დააკისროს.
    განსაკუთრებით საყურადღებოა რუსეთის საგარეო მინისტრის მოადგილის, ბორის პასტუხოვის განცხადება: «ამჟამად გადაიდგა კიდევ ერთი ნაბიჯი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობათა გაუმჯობესების პროცესში, რომელიც დაიწყო საქართველოში რუსეთის პრეზიდენტის ვიზიტის შემდეგ. განვიხილეთ აფხაზეთის პრობლემაც და იმ დასკვნამდე მივედით, რომ დადგა დრო სახელმწიფოთა შიგნით არსებულ კონფლიქტებს ბოლო მოეღოს, ანუ აფხაზური კონფლიქტიც დარეგულირდეს ერთიანი საქართველოს შემადგენლობაში».
    ედუარდ შევარდნაძემ უმალვე შენიშნა ცვლილება და აღნიშნა, რომ თუ ადრე რუსი დიპლომატები საუბრობდნენ «ქართულ-აფხაზურ» კონფლიქტზე, ამჟამად ისინი უკვე საუბრობენ კონფლიქტზე «ერთიანი სახელმწიფოს» შიგნით.
    პასტუხოვის თქმით, რუსეთს საკუთარი, მწარე გამოცდილება აიძულებს «მტკიცედ განსაზღვროს პოზიცია სახელმწიფოთა ერთიანობის პრობლემის თაობაზე».
    შემდგომ, ბორის პასტუხოვი «დავიმარტოხელე» და პირდაპირ ვკითხე: «რა მნიშვნელობას ანიჭებთ დროის ფაქტორს აფხაზური პრობლემის დარეგულირების საქმეში? როდის გადაწყდება ლტოლვილთა პრობლემა?»
    პასტუხოვმა ასე მიპასუხა: «ყველაფერი მიუთითებს, რომ პრობლემის საბოლოო მოგვარება შორს აღარ არის (Не за горами - ავტ), ლტოლვილთა მძიმე მდგომარეობა კი გვაიძულებს მტკიცედ და გაბედულად ვიმოქმედოთ ამ მიმართულებით ოღონდ კონკრეტულ ვადას ვერ დაგისახელებთ». მაინც ჩავეძიე - დაახლოებით როდისღა მეთქი? პასტუხოვმა ეშმაკურად გაიღიმა და მომიგო: «Никаких конкретных сроков! я сказал только то, что сказал».
    ეს ყოველივე, რა თქმა უნდა, გარკვეული იმედის მომცემი იქნებოდა, რომ არა რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატის (სახელმწიფოს სათათბიროს) გადაწყვეტილება მდინარე ფსოუზე საზღვრის კვლავ გახსნის შესახებ.
    შეგახსენებთ: საზღვარი რამდენიმე თვის განმავლობაში დაკეტილი იყო და აფხაზეთის ეკონომიკას დიდი ზიანიც მიადგა იმის გამო, რომ აფხაზეთიდან - რუსეთში ვეღარ გაიტანეს ციტრუსი. აფხაზურმა «ლობიმ», რა თქმა უნდა, აქტიურად იმუშავა რუსეთის საკანონმდებლო ხელისუფლებაში, რომელიც მისი ტრადიციული (აქტიური და აშკარა) მხარდამჭერი იყო და მიაღწია კიდეც სასურველს - საზღვარი გაიხსნა და არძინბას ადმინისტრაციამ ალბათ თავისუფლადაც ამოისუნთქა, რაკი ეკონომიკური სიდუხჭირე გარკვეულწილად ამწვავებდა პოლიტიკურ ვითარებას აფხაზეთში.
    თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ რუსეთის მიერ შემოღებულ «სანქციებს» რაიმე რეალური ზეგავლენა მოეხდინოს სეპარატისტთა ლიდერების პოზიციაზე ქართულ-აფხაზური მოლაპარაკების დროს. მათი პოზიცია კვლავ ურყევი და შეუვალია: საქართველოსა და აფხაზეთს შორის უნდა გაფორმდეს მხოლოდ კონფედერაციული ხელშეკრულება ანუ ხელშეკრულება ორ დამოუკიდებელ სახელმწიფოს შორის.
    არც ის არის გამორიცხული, რომ რუსეთის საკანონმდებლო ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება (ისევე, როგორც ზოგიერთ სხვა შემთხვევაშიც) შეთანხმებული იყოს აღმასრულებელ ხელისუფლებასთან, რომელმაც, თავის დროზე, «საზღვრის ჩაკეტვის» თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო ჩეჩნეთის კონფლიქტის მიმართ არძინბას ორაზროვანი დამოკიდებულების გამო. მაგრამ როდესაც დარწმუნდა, რომ აფხაზები აღარ ილტვიან «ჩეჩენთა დასახმარებლად» - მოუხსნა მათ ეს «სასჯელი». ოღონდ გადაწყვეტილება პარლამენტს «გააფორმებინა», რათა საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასთან დამყარებული «კონსტრუქციული» ურთიერთობა არ გაეფუჭებინა.
    თანაც დავაკვირდეთ, რა ეშმაკური ფორმულირებითაა გამართლებული ეს ნაბიჯი: «. . . იმ მიზნით, რათა ხელი შეეწყოს აფხაზეთის მოსახლეობისათვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევას. . . .». აბა, ერთი სცადეთ პროტესტის გამოთქმა ამ გადაწყვეტილების გამო - უმალვე მთელი მსოფლიოსათვის ცნობილი გახდება, რომ «საქართველო წინააღმდეგია «უბედური, შიმშილით მომაკვდავი» ბავშვებისათვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევისა».
    საერთაშორისო სამართალს კი, ამ საკითხებში, ცალსახა პოზიცია უკავია: ნებისმიერი სახელმწიფო უფლებამოსილია, საკუთარი საზღვრის საკითხი ისე გადაწყვიტოს, როგორც თავად მიაჩნია - უნდა გახსნის, უნდა დახურავს საზღვარს. მაგალითად, რუსეთი უფლებამოსილია სოჭის მხრიდან თავის საზღვარზე დააწესოს ნებისმიერი რეჟიმი. ხოლო ის გარემოება, რომ საქართველო ლესელიძე-განთიადის მხრიდან ვერ აკონტროლებს საზღვარს და არ ძალუძს დააწესოს ის რეჟიმი, რომელიც თავად მიაჩნია აუცილებლად - «რუსეთის საქმე არ არის». იგი ვალდებულია მხოლოდ საკუთარი საზღვარი დაიცვას და სრულიადაც არაა ვალდებული, ამავე დროს დაიცვას საქართველოს საზღვარიც.
    რაც შეეხება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ განცხადებულ პროტესტს, რომ «ჰუმანიტარული ტვირთის განაწილება უნდა მოხდეს ცენტრალური ხელისუფლების მეშვეობით» - არც ესაა ბოლომდე მართალი, რადგან საერთაშორისო სამართლებრივი ტრადიცია არ უკრძალავს სახელმწიფოს - ჰუმანიტარული დახმარება გაუწიოს მეორე ქვეყნის მშვიდობიან მოსახლეობას. ხოლო იმას, რომ ეს ფაქტობრივად «სეპარატიზმის მხარდაჭერაა», დამტკიცება სჭირდება.
    გარდა ამისა, ზემოთხსნებული მოლაპარაკების მსვლელობისას, კულუარებში ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის მიმდინარეობს ინტენსიური მოლაპარაკება აფხაზეთის ტერიტორიაზე. გამავალი რკინიგზის ამოქმედების თაობაზე. და თუ ეს მართლაც ასეა, მაშინ მდინარე ფსოუს საზღვრის დაკეტვა რუსეთის მხრიდან ყოველგვარ აქტუალობასა და აზრს კარგავს.
   
   

«ივერია-ექსპრესი», 17 მარტი, 1995 წელი.