ფრთხილად, აფხაზეთში ომი აკრძალულია!

ფრთხილად, აფხაზეთში ომი აკრძალულია!

 

    გერმანიის ბუნდესტაგის წევრთა ვიზიტი აფხაზეთში და ფართოდ რეკლამირებული შეხვედრები აფხაზ სეპარატისტთა ლიდერებთან უაღრესად მნიშვნელოვანი და საყურადღებო სიმპტომია, რომელსაც საქართველოს ხელისუფლებამ სერიოზული ყურადღება უნდა მიაქციოს, თუ არ სურს კვლავ დაუშვას საბედისწერო შეცდომა აფხაზეთის საკითხში.
    გერმანელმა პარლამენტარმა, შტერლინგმა, თავისი დემარში (ეს სწორედ დემარში იყო!) იმით ახსნა, რომ მას სურდა მოესმინა «მეორე მხარის» პოზიციაც ქართულ-აფხაზური კონფლიქტის გადაწყვეტის შესაძლო ვარიანტების თაობაზე; ამავე დროს, გერმანელმა პოლიტიკოსმა (გერმანელები კი, როგორც ცნობილია, სიტყვებს ჰაიჰარად არ ისვრიან) აფხაზეთს «ქვეყანა» ეწოდა და გულისტკივილით აღნიშნა «ეს ქვეყანაც და მისი ხალხიც ბლოკადის გამო ძალზე იტანჯებიანო».
    ქართული ეთნოფსიქოლოგიიდან გამომდინარე, ამ განცხადებას უმალვე მოჰყვება საპასუხო შეკითხვა: «მაგრამ რატომ არ გეცოდებათ ასეულობით ათასი ლტოლვილი?»
    არადა, ამგვარი კითხვა ევროპელისთვის სრულიად გაუგებარია. შტერლინგს, რასაკვირველია, ეცოდება ქართველი ლტოლვილები, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მას არ უნდა ეცოდებოდეს აფხაზები, რომლებიც «შიმშილით იტანჯებიან» და (ამავე ლოგიკით) ლტილვილებისადმი სიბრალული ჯერ კიდევ იმას არ ნიშნავს, რომ შტერლინგი მოიწონებს ძალის გამოყენებას აფხაზეთში.
    შტერლინგი «მარტოხელა პოლიტიკოსი» ნამდვილად არ არის, - ანალოგიური იქნება, მთლიანად, გერმანიისა და დასავლური საზოგადოების პოზიციაც. საზოგადოების განწყობა კი დასავლეთში დიდად განსაზღვრავს პოლიტიკოსთა ქმედებას.
    ევროპელი, ამ შემთხვევაში, შემდეგნაირად მსჯელობს: ამჟამად იტანჯებიან ქართველი ლტოლვილები, რომლებიც სამშობლოდან გააძევეს და იტანჯებიან აფხაზები, რომელთაც «რუსეთმა და საქართველომ ბლოკადა გამოუცხადეს». მაგრამ ომის განახლების (აფხაზეთის ტერიტორიაზე ქართული ჯარების შეყვანის) შემთხვევაში, ჰუმანიტარული მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდება, დაიღუპება ათასობით ადამიანი ორივე მხრიდან და ისინი, ვინც ადრე იტანჯებოდნენ, კიდევ უფრო მეტად დაიტანჯებიან, ამიტომ ჯობს, «ცუდი მშვიდობა ვიდრე «კარგი ომი»; ჯობს საქართველომ დაკარგოს, ტერიტორია ვიდრე განაახლოს ომი და ა.შ»
    რასაკვირველია, თუ აფხაზები თავად დათანხმდებიან საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნებას, შტერლინგი ამას მიესალმება, რადგან (განსხვავებით რუსეთისაგან) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საწინააღმდეგო არაფერი აქვს, მაგრამ თუ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა უნდა აღდგეს სისხლისღვრის ფასად, იგი ამას არავითარ შემთხვევაში მხარს არ დაუჭერს.
    შტერლინგის მაგალითით (ვიმეორებ) შეიძლება განვსაზღვროთ, მთლიანად, დასავლეთის პოზიცია ომის განახლების შემთხვევაში - დასავლეთი არანაირ მხარდაჭერას არ განუცხადებს საქართველოს, უეჭველად დაგმობს ძალის გამოყენებას და რაკი საფრთხეში აღმოჩნდება ასიათასიანი, პატარა ერის ფიზიკური არსებობა - «თვალსაც დახუჭავს» თუ ამ «მცირერიცხოვან ერს» რუსეთი კვლავ ფარულ სამხედრო დახმარებას აღმოუჩენს.

«მიმომხილველი», 28 თებერვალი, 1996 წელი.