ჯიმი კარტერი - შუამავალი შევარდნაძესა და არძინბას შორის?

ჯიმი კარტერი - შუამავალი შევარდნაძესა და არძინბას შორის?

 
   
   

    რუსეთისა და მსოფლიოს საინფორმაციო საშუალებებმა გაავრცელეს სენსაციური ცნობა, რომლის თანახმად ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა (1976-1980 წწ) ჯიმი კარტერმა გამოთქვა სურვილი მიიღოს მონაწილეობა აფხაზეთის «სამშვიდობო პროცესში» და ხელი შეუწყოს პრობლემის გადაწყვეტას პოლიტიკური მეთოდებით.
    თუ ეს ცნობა სიმართლეს შეეფერება (იგი სააგენტო «ინტერფაქსმა» გაავრცელა ამერიკულ მას-მედიაზე დაყრდნობით) მაშინ უნდა დავასკვნათ, რომ «აფხაზურ პარტიაში» კიდევ ერთი, უაღრესად მნიშვნელოვანი და ანგარიშგასაწევი ფიგურა გაჩნდა, რომლის ამოძრავებამ შეიძლება თვისებრივად შეცვალოს ვითარება პოლიტიკურ დაფაზე.
    კარტერის, როგორც «მშვიდობისმყოფელის» იმიჯი დღეს ამერიკული პოლიტიკის ერთ-ერთი საინტერესო და ნიშანდობლივი ფაქტორია. შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა უკვე მიიღო მონაწილეობა რამდენიმე გლობალური მნიშვნელობის კრიზისის შერბილებაში. მაგალითად, კარტერის სამშვიდობო ინიციატივამ შეანელა დაძაბულობა კორეის ნახევარკუნძულზე და საკმაოდ მოქნილი მანევრირების საშუალება მისცა ვაშინგტონს - ორთოდოქსალურად განწყობილ ფხენიანთან ურთიერთობისას; ნაკლებად წარმატებული, თუმცა ასევე ფართო რეზონანსის მქონე გახლდათ კარტერის მისია ბალკანეთში, სადაც იგი ცდილობდა სერბთა ლიდერები დაერწმუნებინა, შეეწყვიტათ მუსლიმანთა გენოციდი. აღსანიშნავია, რომ კლინტონის ადმინისტრაცია, როგორც ჩანს, თავად უწყობს ხელს კარტერის «მედიატორული პოტენციალის» ზრდას, რათა ეს ბერკეტი შემდგომ აქტიურად გამოიყენოს მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში. ანუ კარტერი, როგორც რეალური პოლიტიკის ფაქტორი, ვეღარ თავსდება «ექსპრეზიდენტთა კლუბის» ჩარჩოებში და ნამდვილი, «დიდი პოლიტიკის» განუყოფელი ნაწილი ხდება.
    ახალი და სავსებით მოულოდნელი აქ მხოლოდ ის არის, რომ კარტერი, როგორც გლობალური პოლიტიკური მედიატორი, პირველად ერთვება (უეჭველად კლინტონის დავალებითა და ხელშეწყობით) ყოფილი საბჭოთა კავშირის, ანუ რუსეთის გეოპოლიტიკურის სივრცის «საშინაო საქმეებში». ამან კი არ შეიძლება არ დაგვაფიქროს იმის თაობაზე, თუ რამდენად მყარი და შეუვალია ეს სივრცე და რამდენად ნეიტრალურია სინამდვილეში ამერიკა ამ სივრცეზე განვითარებული მოვლენების მიმართ.
    დღემდე თითქოს არაფერი მოასწავებდა ვაშინგტონის ჩარევას კრემლის მიერ «საკუთარ ტერიტორიაზე» პროვოცირებულ «ეთნოკონფლიქტებში» - შევარდნაძის ამერიკაში ვიზიტის დროს პრეზიდენტმა კლინტონმა მას ცივი უარი უთხრა ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში ამერიკელი ჯარისკაცების «სამშვიდობო მისიით» გაგზავნაზე. ეს არც უნდა გაგვკვირვებოდა, თუ გავითვალისწინებთ ამ ქვეყნის საზოგადოებრივი პოლიტიკური სისტემის თავისებურებას - ამერიკაში თითოეულ ჯარისკაცს თვალისჩინივით უფრთხილდებიან და ეს ქვეყანა ბოსნიაშიც კი ვერ ბედავს თავისი მოქალაქეების გაგზავნას.
    ბუნებრივია, კლინტონი არც კი განიხილავდა აფხაზეთში (არძინბას გამოთაყვანებული ველურების წინააღმდეგ) მათი გაგზავნის პერსპექტივას, მაგრამ ზემოთთქმული სრულიადაც არ ნიშნავს, თითქოს საგარეო პოლიტიკურ ინტერესებს ამერიკისათვის იმპერატიული მნიშვნელობა არ ჰქონდეს - უბრალოდ, ამ დიდსა და ძლიერ ქვეყანას პროცესებზე ზემოქმედების სხვა არანაკლებ ქმედითი საშუალებანი გააჩნია.

    კარტერის გააქტიურების ფონზე განსაკუთრებული ელფერი ენიჭება ჯონ-მალხაზ შალიკაშვილის ამასწინდელ ვიზიტს საქართველოში. რამდენჯერაც არ უნდა აღინიშნოს ოფიციალურ დონეზე, რომ იგი მხოლოდ «მამის საფლავის მოსანახულებლად» ჩამოვიდა - ამ დემონსტრაციულ ვიზიტს (უკრაინაში სავსებით საქმიანი ვიზიტის წინ) უეჭველად ექნებოდა და ჰქონდა კიდეც გარკვეული პოლიტიკური დატვირთვა.
    სხვა საკითხია, რეალურად რისი მიღწევა სურს (ან შეუძლია) ამერიკის შეერთებულ შტატებს აფხაზურ პრობლემაში ჩარევით. ჩემი აზრით, ამერიკის ანალიტიკურ ცენტრებში შესანიშნავად ესმით: ამ საკითხის რეგულირების ყველა ეკონომიკური და ძალისმიერი ბერკეტი კვლავინდებურად ელცინს უპყრია ხელთ. მაგრამ ნათლად აცნობიერებენ იმასაც, რომ იმავე კრემლს თანდათანობით ხელიდან ეცლება პოლიტიკური ინიციატივა - ვინაიდან ერთია «წყალქვეშა დინება», «არაფორმალური პოლიტიკა» და მეორეა (დღევანდელ მსოფლიოში) - გულწრფელი მშვიდობისმყოფელისა და წარმატებით მოქმედი მედიატორის პრესტიჟი.
    რუსეთის «სამშვიდობო ოპერაციამ», რა თქმა უნდა, კონკრეტული გეოპოლიტიკური მოგება მოუტანა ჩვენს «ჩრდილოელ მეგობარს», მაგრამ (ვიმეორებ) «მხოლოდ კულისებს მიღმა პოლიტიკის» სფეროში.
    რეალურად, სამშვიდობო ოპერაციამ სრული კრახი განიცადა, ვინაიდან, მიუხედავად დაპირებისა, არ დაიწყო ლტოლვილთა დაბრუნება და, ამრიგად, პრობლემის ძირითადი კვანძი კვლავ გაუხსნელი დარჩა.
    ახალი ფიგურის ამოქმედებით, ამერიკას სურს სწორედ ამ გარემოებას გაუსვას ხაზი, რათა პოსტსაბჭოურ სივრცეზე რუსეთის «მშვიდობისმყოფელი» პოტენციალის დისკრედიტაცია მოახდინოს - მით უმეტეს იმ რეგიონში, სადაც უახლოეს მომავალში დაგეგმილია «ევროაზიური» დერეფნის შექმნა და აზერბაიჯანის (აგრეთვე ცენტრალური აზიის) ამოუწურავ წიაღისეულ სიმდიდრეთა ტრანსპორტირების უმნიშვნელოვანესი საკითხის გადაწყვეტა.
    ნებისმიერ შემთხვევაში უნდა დავასკვნათ, რომ შევარდნაძის ფიგურა, ასე თუ ისე, კვლავ აქტუალურია დასავლეთისათვის, ვინაიდან კარტერი ალიევთან ან კარიმოვთან ასეთ აქტიურ კონტაქტზე ვერ წავიდოდა.
    როგორც ჩანს, ამერიკელ სტრატეგებს მართლაც არ აძლევთ ხელს «შევის» ჩაძირვა - პირიქით, «კედლის დამანგრევლის» იმიჯი მათ ეხმარებათ აქტიურად იმოქმედონ რუსეთის სასიცოცხლო ინტერესების ზონაში. ოღონდ, ამავე დროს, თავი აარიდონ კონკრეტულ პასუხისმგებლობას და გარკვეული დისტანციაც შეინარჩუნონ კავკასიის ურთულეს, ფეთქებადსაშიშ რეგიონში მომწყვდეულ პოლიტიკოსთა მიმართ.

«მიმომხილველი», 15 ივნისი, 1995 წელი.