საერთაშორისო მიმოხილვა. 2 სექტემბერი. 2024 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა.  2 სექტემბერი. 2024 წელი

რუსეთის მასირებული შეტევის პასუხად, უკრაინამ 158 დრონი ესროლა რუსეთის ენერგოინფრასტრუქტურას.

საკმაოდ წარმატებულადაც.

მოსკოვის შემოგარენში, როსტოვში და სხვა რეგიონებშიც ნავთობბაზებზე ხანძრები გაჩნდა.

სხვა საკითხია, რომ ამგვარი შეტევები რუსეთს არ უქმნის ისეთ პრობლემებს, რასაც უკრაინას უქმნის რუსეთის ბარბაროსული დარტყმები ხარკოვზე და სხვა ქალაქებზე, სადაც ათეულობით ადამიანი იღუპება!

 ყველა ამგვარი ფაშისტური  შეტევის შემდეგ რუსები აცხადებენ, რომ „სამხედრო ობიექტებს ვუმიზნებდით, უკრაინულმა „საზენიტომ“ ჩამოაგდო და ამიტომ დაიღუპნენ სამოქალაქო პირებიო“.

უკრაინა, რომელსაც მჭიდრო სამოკავშირეო ვალდებულებები აქვს დასავლეთთან ანუ ცივილიზებულ სამყაროსთან, ვერ იქცევა „სარკისებრად“ და მერე არ ამბობს: „სამხედრო ობიექტებს ვუმიზნებდით, რუსულმა „საზენიტომ“ ჩამოაგდო და ამიტომ დაიღუპნენ სამოქალაქო პირებიო“.

. . . . . . . . . . . . . . . . .

გუშინ ვწერდით პუტინის ვიზიტზე მონღოლეთში, სადაც მას შეჰფიცეს, რომ საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს ორდერით არ დააპატიმრებდნენ მიუხედავად იმისა, რომ მონღოლეთი ICC-ს წევრია.

ეს იმდენად უნიკალური შემთხვევაა პუტინისთვის,  რომ საზღვარგარეთ ახერხებს წასვლას (არადა ლამის სომხეთშიც ვერ ჩადის, ვაითუ ICC-ს ორდერით დამაპატიმრონო), ახლა  ამ ვიზიტს ისე „ფუთავენ“, თითქოსდა რუსეთის ლიდერი ეწვევა XII საუკუნის ყველაზე გავლენიან ევრაზიულ სახელმწიფოს, როგორიც იმ დროს იყო ჩინგიზ-ყაენის მონღოლეთი.

ამგვარი  „შეფუთვის“ ნაწილია ვიზიტის წინ პუტინის დიდი ინტერვიუ მონღოლურ ოფიციოზს (გაზეთ „ონოოდორს“), რომელშიც პუტინმა მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა.

მან თქვა, რომ უკრაინას დასავლეთი განიხილავდა „ინსტრუმენტად“ რუსეთის დასასუსტებლად და რომ სწორედ ეს გახდაო 2022 წელს დაწყებული მისი აგრესიის მიზეზი.

როგორც ჩანს მხედველობაში ჰქონდა ზბიგნევ ბჟეზინსკის ისტორიული ფრაზა: „უკრაინის გარეშე რუსეთი ზესახელმწიფო ვერ იქნება, ხოლო უკრაინით - იქნება გლობალური ზესახელმწიფო“.

ბჟეზინსკი რა თქმა უნდა მართალია: უკრაინას ისეთი დემოგრაფიული, ეკონომიკური, ტექნოლოგიური, გეოპოლიტიკური პოტენციალი აქვს, მისი „შემატება“ რუსეთთან რასაკვირველია აქცევდა რუსეთს სულ სხვა გეოპოლიტიკური „წონის“ სახელმწიფოდ.

თუმცა დასავლეთს რა უნდა ექნა?

უკრაინელი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ „შეეჩურთა“ უკრაინა რუსეთის შემადგენლობაში?

აქვე  ვაღიაროთ: გარკვეული ძალები დასავლეთში ამას ცდილობდნენ კიდეც: 1991 წელს, როცა სსრკ-ს ამერიკის პრეზიდენტი ჯორჯ ბუშ-უფროსი ეწვია, იგი კიევში ჩავიდა გორბაჩოვთან შეთანხმებით და აბსოლუტურად ამაზრზენი განცხადება გააკეთა უკრაინის უმაღლეს საბჭოში (დღეს „ვერხოვნა რადა“ ეწოდება) გამოსვლისას: საბჭოთა კავშირიდან არ გახვიდეთ, დამოუკიდებლობას ნუ გამოაცხადებთ, ახალ სამოკავშირეო ხელშეკრულებას ხელი მოაწერეთო.

1994 წელს, უკვე პრეზიდენტ ბილ კლინტონის ადმინისტრაციამ კი უკრაინის ხელისუფლება აიძულა (ლეონიდ კუჩმა იყო იმ დროს პრეზიდენტი. ავტორი წიგნისა «Украина – не Россия») გაეფორმებინა დეკემბერში ე.წ. „ბუდაპეშტის მემორანდუმი“, რომლის ძალითაც კიევმა მოსკოვს გადასცა ბირთვული იარაღი და რაც არანაკლებ არსებითია, გადასცა ბალისტიკური რაკეტები, მათ შორის სარაკეტო ტექნოლოგიებიც.

სინამდვილეში განმსაზღვრელი უკრაინის სახელმწიფოს წარმოშობისას იყო თვით უკრაინელი ერის ნება, მისი ისტორიული მისწრაფება, რასაც საუკუნოვანი ტრადიცია აქვს და განსაკუთრებით გამძაფრდა საბჭოთა პერიოდში ჯერ სტალინის მოწყობილი შიმშილის („ჰოლოდომორის“) მიზეზით, რასაც 10 მილიონამდე (!!!) უკრაინელი შეეწირა და შემდეგ 1986 წლის ჩერნობილის კატასტროფით, რაც „ბოლო წვეთი“ აღმოჩნდა.

თუმცა პუტინი ამ „პროგრამულ“ ინტერვიუში არც სტალინს სწყალობს და ამბობს, რომ იოსებ სტალინმა უკრაინას  რუსეთის დასავლეთ რეგიონი, დონბასი აჩუქაო, შემდეგ კი, მეორე მსოფლიო ომის შედეგად აღმოსავლეთ ევროპის მიწები არგუნაო უკრაინას, რაც ახლა „დასავლეთ უკრაინაა“.

იქვე პუტინი აღიარებს: „თუმცა რა მნიშვნელობა აქვს დონბასი რუსეთის ფედერაციის ნაწილი იქნებოდა იმ დროს თუ უკრაინის - ერთიანი საბჭოთა კავშირის არსებობის შემთხვევაშიო“, თუმცა უმალვე  „აკრიტიკებს“ ნიკიტა ხრუშჩოვს, რომელმაც ყირიმი 1954 წელს „აჩუქაო“ უკრაინას.

 

აი ეს „ყირიმის“ ეპიზოდი რუსი ნაციონალისტებისა და იმპერიალისტებისთვის განსაკუთრებით მტკივნეული აღმოჩნდა ისტორიულად.

თუმცა ნიკიტა ხრუშჩოვს იმ დროს ის ამოძრავებდა, რომ რაკი ყირიმის ხიდი არ არსებობდა მაშინ (ვერ ააშენეს ვერც სტალინმა და ვერც ხრუშჩოვმა ტექნოლოგიური ჩამორჩენილობის გამო-დ.) ერჩივნათ ყირიმი უკრაინის სსრ შემადგენლობაში ყოფილიყო, რაკი ადმინისტრაციულად (!) კიევიდან უფრო მოხერხებულად იმართებოდა.

ზოგადად კი, პუტინის ნარატივი არის სუფთად, პირწმინდად, 100%-ით XIX საუკუნის რუსული იმპერიალისტური,  ცარისტული ნარატივი უკრაინის მიმართ: „არ არსებობს არავითარი უკრაინა....არ არსებობს არავითარი უკრაინელი ერი......უკრაინა შემთხვევითი, ხელოვნურიო წარმონაქმნია....უკრაინა სინამდვილეში რუსეთის სახელმწიფოს განუყოფელი ნაწილი იყო და იქნება........“

 

მაშინ ლოგიკურია კითხვა: ამ ნარატივის ავტორი ოდესმე შეურიგდება (რა „სამშვიდობო დროებით საზავო შეთანხმებასაც“ არ უნდა მიაღწიოს ახლა დასავლეთმა მოსკოვთან) უკრაინის არსებობას?!!!

თანაც ეს ხომ პუტინის პერსონალური განწყობა არ არის - მთელი რუსული ელიტები ასე არიან განწყობილნი.

მათ შორის პუტინის შესაძლო „მემკვიდრე“ მედვედევი.

ამ ლოთ მანიაკთან შედარებით პუტინიც კი უფრო „ზომიერად“ გამოიყურება.

სინამდვილეში, უკრაინის პრობლემის გრძელვადიანად გადაჭრის ერთადერთი საშუალებაა პუტინის რეჟიმის დამხობა და შეცვლა რუსეთში.

სხვა ნებისმიერი გადაწყვეტა მხოლოდ და მხოლოდ დროებითი იქნება. რამდენი ხანიც არ უნდა გაგრძელდეს ეს „დროებითობა“.

ბევრი დასავლელი ანალიტიკოსი წერს კიდეც, რომ თუ არ მოხდა რუსეთის „დეიმპერიალიზაცია“, როგორც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მოხდა გერმანიის „დენაციზაცია“, ეს ქვეყანა მუდმივად შექმნის საფრთხეს საზღვრებზე.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . .

პუტინის სისხლიანმა ჩაფარმა, ჩეჩნურ ბატალიონ „ახმატ“-ის მეთაურმა ალაუტდინოვმა, კრემლის დავალებით, გააჟღერა განცხადება, რომ თურმე....... კურსკში უკრაინულმა არმიამ გამოიყენა ქიმიური იარაღი, რომელიც „ახმატს“ გადაასხეს უკრაინული დრონიდანო.

ეს ფეიკი შესაძლოა იმას ნიშნავდეს, რომ პუტინი ემზადება კურსკში მასობრივი განადგურების იარაღის გამოსაყენებლად, - იმავე ქიმიური იარაღისა, რაკი სხვა საშუალება კურსკის ოლქიდან უკრაინული ძალების განდევნისა არ გააჩნია.

. . . . . . . . . . . . . . . . . .

ირანი ადასტურებს, რომ პრეზიდენტ იბრაჰიმ რაისის სიკვდილი ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად „კლიმატური პირობებით“ იყო გამოწვეული. და არა ისრაელის მოწყობილი ტერაქტით.

ირანული ოფიციოზის ეს აღიარება „ილუსტრაციაა“ თეირანის პოზიციისა, -  არ შეუტიოს პირდაპირ (დიდი მუქარისა და ბაქი-ბუქის მიუხედავად) ისრაელს ისმაილ ჰანიას ლიკვიდაციის გამო.

შესაძლოა აქ ის გარემოებაც ასრულებს როლს, რომ ისრაელში ახლა ძალიან მძიმე შიდა-პოლიტიკური ვითარებაა: ქვეყანა საყოველთაო გაფიცვამ მოიცვა მას შემდეგ, რაც 6 მძევალი იპოვეს მკვდარი (ზოგიერთი ცნობით, დახვრეტილი) ღაზაში, სადაც ეს ომი გრძელდება....გრძელდება.....გრძელდება და ბოლო არ უჩანს.

რაც  საზოგადოების „გადაღლას“ იწვევს, - რაოდენ „პასსიონარული“ ან „შეგნებულიც“ არ უნდა იყოს ისრაელის საზოგადოება, ყველაფერს აქვს თავისი „რესურსი“.

ისრაელის მტრები ამას ხედავენ და იმედი აქვთ,  სიტუაცია იმდენად დაიძაბება, შესაძლოა მოხდეს სასწაული და ისრაელში დაიწყოს შიდა ომი პრემიერ ნეთანიაჰუს გადადგომის მოთხოვნით, რითაც ებრაული სახელმწიფოს მტრები ისარგებლებენ.

. . . . . . . . . . . . . . . . . .

კატასტროფულია გერმანიის ლოკალური ანუ ადგილობრივი, რეგიონული არჩევნების შედეგი.

წინასწარი მონაცემებით, იგებს უკიდურესად მემარჯვენე „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ანუ (გერმ) Alternative für Deutschland –(ინგლ) Alternative for Germany (AfD)

პირველად მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გერმანიაში (!) უკიდურესად მემარჯვენე პარტია აღწევს ასეთ წარმატებას.

ჯერ რეგიონულ არჩევნებში, მაგრამ გაისად გერმანიაში ბუნდესტაგის არჩევნებია.

აღმოსავლეთ გერმანულ ტიურინგიაში, მაგალითად, AfD ექსით-პოლებით იღებს ხმების 33,5% მაშინ როდესაც მმართველი ქრისტიანულ-დემოკრატიული პარტია - 24.5%.

გერმანიის თავისებურებათა გათვალისწინებით, ეს კოლოსალური უპირატესობაა.

2013 წელს არის დაარსებული AfD.

 ბევრი მას „პუტინის პროექტად“ თვლიდა და თვლის.

მოსალოდნელიც იყო ასეთი შედეგი.

განსაკუთრებით აღმოსავლეთ გერმანიაში (!) და ამაზეც უახლოეს მომავალში აუცილებლად დავწერთ.